№ას-842-806-2014 17 ნოემბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ. ბ-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. ხ-ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
წარმომადგენელი - დ. გ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების უარყოფა, ბოდიშის მოხდის დავალება და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. ხ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში გ. ბ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა გ. ბ-ის მიერ 2010 წლის იანვარში გაზეთ „მენორაში“ მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობებია უარყოფის დავალდებულების მოთხოვნით.
გ. ბ-მა სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა და მოითხოვა ჯ. ხ-ისათვის გ. ბ-ის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა „საზოგადოებრივი არხის“, „რუსთავი 2-ის“, გაზეთების „ალია“, „კვირის პალიტრა“, „ჟამი ერთობისა“, „ობიექტივი“ მეშვეობით, ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის შეგებებული სარჩელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ბ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან მხარემ დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში არ ჩაიბარა, გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაიწყო და 19 ივნისს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, 20 ივნისსაა შეტანილი.
აღნიშნული განჩინება გ. ბ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო საჩივრის შტანისათვის დადგენილი ვადის ათვლა იწყება არა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე, არამედ მომდევნო დღიდან, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ვადაშია შეტანილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „კ. 99-ის“ წარმომადგენელ გ. ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადებულა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. კერძო საჩივარი მხოლოდ იმ დასაბუთებას ემყარება, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა არა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე, არამედ მომდევნო დღიდან იწყება, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ვადაშია შეტანილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია; ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი ზოგადი ნორმაა, რომელიც მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც ამავე კოდექსის სპეციალური ნორმა განსხვავებულ ქცევის წესს არ ადგენს. მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლი სპეციალური ნორმაა, რომელიც გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენის დაწყების მომენტად მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს განსაზღვრავს, თუ მხარე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს, ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა სასამართლოში არ გამოცხადდება გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა დაიწყება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე კალენდარულ დღეს (იხ. მაგ. სუსგ №ას-724-692-2014).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2014 წლის 7 მაისს გამოცხადდა, რის შესახებაც მოპასუხის წარმომადგენლისათვის ცნობილი იყო. გ. ბ-ს კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის დენა 6 ივნისიდან დაიწყო და 19 ივნისს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, 20 ივნისსაა შეტანილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გ. ბ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე