№ას-847-811-2014 7 ნოემბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ქ-ე, მ. ქ-ე, მ. ს-ე (მოპასუხეები)
წარმომადგენელი - დ. ჭ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს „პ. ბ-ი“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ც. ქ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „პ. ბ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ნ. ქ-ის, მ. ქ-ის და მ. ს-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3342,23 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით სს „პ. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ქ-ს, მ. ქ-სა და მ. ს-ს სოლიდარულად დაეკისრათ კრედიტის ძირი თანხის - 2583,46 აშშ დოლარის, პროცენტის - 589,48 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს 169,29 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხეებს ასევე დაეკისრათ სს „პ. ბ-ის“ მიერ გაღებული სასამართლოს გარეშე ხარჯებისა და სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა პროცენტის, პირგასამტეხლოს და პროცესის ხარჯების გადახდის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განჩინებით ნ. ქ-ის, მ. ქ-ის და მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატებოდა.
აღნიშნული განჩინება მოპასუხეებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს. მათი მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია არა მარტო პროცენტისა და პირგასამტეხლოს, არამედ სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლოს გარეშე ხარჯების დაკისრების ნაწილშიც, მათი ჯამი კი 1000 ლარს აღემატება. ვინაიდან სააპელაციო საჩივარში რამდენიმე მოთხოვნაა წამოჭრილი, მათი ღირებულება უნდა შეიკრიბოს, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ. ქ-ის, მ. ქ-ის და მ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, იმავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებას, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1000 ლარს აღემატება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პროცენტის, პირგასამტეხლოს და პროცესის ხარჯების გადახდის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრეს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებას, რომ სახელმწიფო ბაჟი და სასამართლოს გარეშე ხარჯები ასევე შედის სააპელაციო საჩივრის ღირებულებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის ღირებულება დავის საგნის ღირებულებით განისაზღვრება, იმ მოცულობით, რა ფარგლებშიც მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. „დავის საგანში“, რაზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი მიუთითებს, იგულისხმება სარჩელის დავის საგანი და არა ამ სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასამართლო და სასამართლოს გარშე ხარჯები (ასევე იხ. სუსგ Nას-1528-1442-2012).
საქმის მასალების თანახმად, აპელანტებმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებაში დააზუსტეს, რომ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ 288 აშშ დოლარის, როგორც მიუღებელი შემოსავლის და პირგასამტეხლოს - 169,29 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, ასევე დავის საგნის ღირებულებაში აპელანტები ანგარიშობდნენ სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯებს.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება 457,29 აშშ დოლარს შეადგენდა, ანუ, 1000 ლარს არ აღემატებოდა და სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ქ-ის, მ. ქ-ის და მ. ს-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ქ-ის, მ. ქ-ის და მ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე