Facebook Twitter

№ას-850-814-2014 7 ნოემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ს.ა. ჯ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს“ა. ც-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ა. ც-მა“ („ს. ც-ი“) თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ს.ა. ჯ-ის“ წინააღმდეგ სარჩელით მიმართა და მოითხოვა მოპასუხისათვის 2013 წლის აგვისტოში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების 44182,80 ლარის, გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს, ყოველდღიურად 44,20 ლარის გადახდის დაკისრება, ასევე სსიპ „სამედიცინო მედიაციის სამსახურში“ 2013 წლის აგვისტოში მოპასუხის მიერ დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებიდან წარმოშობილი დავის განხილვისათვის გადახდილი ბაჟის - 500 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით „ს. ც-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, „ა. ჯ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის აგვისტოში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების 44182,80 ლარის გადახდა, პირგასამტეხლოს - დავალიანების 2013 წლის 2 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის გადახდა, ასევე სსიპ „სამედიცინო მედიაციის სამსახურში“ 2013 წლის აგვისტოში მოპასუხის მიერ დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებიდან წარმოშობილი დავის განხილვისათვის გადახდილი ბაჟის - 500 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება „ა. ჯ-მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივნისის განჩინებით „ა. ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან მხარე კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში არ გამოცხადდა, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღიდან დაიწყო და 2014 წლის 23 მაისს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარ კი წარდგენილია 29 მაისს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება „ა. ჯ-მა“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, მხარემ კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილება ვერ ჩაიბარა, ვინაიდან მზად არ იყო. გადაწყვეტილების ჩაბარება 15 მაისს მოახერხეს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ვადაშია შეტანილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ „ა. ჯ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასმართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი (იხ. მაგ. სუსგ №ას-184-173-2014, ას-372-350-2014).

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ „ა. ჯ-ის“ წარმომადგენელმა მისი გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით. მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ რამდენჯერმე მიმართა სასამართლოს, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო, სასამართლო ვერ გაიზიარებს.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2014 წლის 10 აპრილს გამოცხადდა. კერძო საჩივრის ავტორისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, რასაც არც თავად უარყოფს, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარი არა უადრეს 30 აპრილისა და (დასვენების დღის გათვალისწინებით) არა უგვიანეს 13 მაისის სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად უნდა გამოცხადებულიყო. ვინაიდან მხარე ამ ვადაში არ გამოცხადდა, გასაჩივრების ვადის ათვლა 10 მაისიდან დაიწყო და 23 მაისს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 29 მაისსაა შეტანილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ა. ჯ-ის“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს.ა. ჯ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე