Facebook Twitter

№ას-876-838-2014 10 ნოემბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „დ. დ. ო-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „დ. დ. ო-ის“ წინააღმდეგ სარჩელით მიმართა და მოითხოვა ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის - 4632 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „დ. დ. ო-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 4632 ლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინებით შპს „დ. დ. ო-ს“ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 185,28 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.

იმავე სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის განჩინებით შპს „დ. დ. ო-ის“ სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, განუხილველად დარჩა.

აღნიშნული განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაშია გადახდილი, რასაც საბანკო ქვითარი ადასტურებს. ვინაიდან სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში ნამდვილად ჩაირიცხა, ხარვეზი შევსებულად უნდა იქნეს მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „დ. დ. ო-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, იმავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინებით შპს „დ. დ. ო-ს“ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 185,28 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტს ამ ვადაში სასამართლოსათვის არც ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგენია და არც რაიმე განცხადებით მიუმართავს.

კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაშია გადახდილი. ვინაიდან სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში ნამდვილად ჩაირიცხა, ხარვეზი შევსებულად უნდა იქნეს მიჩნეული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს ზუსტ მითითებას იმ მოქმედების შესახებ, რომლის განხორციელების შემდეგ, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები აღარ იარსებებს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ნათლადაა მითითებული, რომ მხარეს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სააპელაციო სასამართლოში უნდა წარედგინა. ხარვეზის შევსების დამდასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაშია გადახდილი, ამასთან იგი სათანადო მტკიცებულებებით არ ადასტურებს და ზოგადადაც არ მიუთითებს, რომ ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ფოსტის მეშვეობით გააგზავნა სასამართლოში, მაგრამ გზავნილი ადრესატს არ ჩაბარდა ან პირადად წარადგინა სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ მომხსენებელი მოსამართლისათვის გადაცემული არ ყოფილა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეს ბაჟის გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტი სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სრულად შევსებული არ იყო და სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. 374.3 მუხლის თანახმად კი, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ვინაიდან შპს „დ. დ. ო-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, მხარეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „დ. დ. ო-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის განჩინება;

3. შპს „დ. დ. ო-ს“ დაუბრუნდეს 01/07/2014 წლის N478563 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 185,28 ლარი შემდეგი ანგარიშიდან ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე