№ას-879-841-2014 21 ნოემბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი- ა. ღ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამუშაოდან დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაცემის ადმინისტრაციის ბრალით დაყოვნებისა და შრომის წიგნაკში დათხოვნის მიზეზთან დაკავშირებული სათანადო ჩანაწერის შეუსრულებლობისათვის კომპენსაციის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2014 წლის 23 აპრილს ა. ღ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების განცხადებით მიმართა, იმავე სასამართლოს 2011 წლის 1 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება განუხილველად დარჩა.
აღნიშნული განჩინება ა. ღ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, წლების მანძილზე სასამართლო სისტემა ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რის გამოც, საკუთარი ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს. სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის დადგენის გარეშე დატოვა მისი განცხადება განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო აღნიშნულ საქმეზე ა.ღ-ის მიერ სასამართლოში სამომავლოდ შემოტანილი ყველა განცხადება თუ საჩივარი უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას და ამ მიზნით გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილებები ზემდგომ ინსტანციაში.
მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბარწილად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება (ბოროტად გამოყენება) პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს, თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია, გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაუსვას მას საბოლოო წერტილი. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარის დაუსრულებელი განცხადებებით თუ საჩივრებით ამ შედეგის მიღწევა სცილდება სასამართლოს შესაძლებლობებს. შესაბამისად, ილახება მეორე მხარის ინტერესები.
ზემოაღნიშნულის გამო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც კი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე _ იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ) დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას.
სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა ა. ღ-მა სრულად ისარგებლა სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, კერძოდ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მისი სარჩელი სს „თ-ის“ მიმართ. აღნიშნულის შემდგომ მოსარჩელე განუწყვეტლივ მიმართავდა სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
ა.ღ-მა დღემდე არა ერთი განცხადება შეიტანა მოცემული საქმის წარმოების განახლების შესახებ. სასამართლოს მიერ სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით მისი განცხადებების განუხილველად დატოვების შემდეგ მხარემ შეიტანა კერძო საჩივრები, რომელთა დაუკმაყოფილებლობის თაობაზე სასამართლო განჩინებებს ა.ღ-ი კვლავ ასაჩივრებდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებების შეტანის გზით.
ა. ღ-ის ასეთი სახის მოქმედებები ემსახურება არა მართლმსაჯულების განხორციელების ამოცანას, არამედ იგი მიმართულია მისი მოწინააღმდეგე მხარისა და სასამართლო ორგანოების მიმართ აგრესიული დამოკიდებულების წარმოსაჩენად. ამასთან, სასამართლოსათვის მიმართული მისი განცხადებები შინაარსობრივად ერთგვაროვანია და თითოეული მათგანი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ დავის გაგრძელებისა და საქმის სასამართლოს წარმოებაში ყოფნის გახანგრძლივების მცდელობას. აღნიშნული ქმედება კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სცილდება მართლმსაჯულებისა და მით უმეტეს, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ფარგლებს.
რაც შეეხება განსახილველ კერძო საჩივარს, პალატა, ისევე როგორც არაერთხელ, ამ შემთხვევაშიც განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.
მოცემულ შემთხვევაში ა. ღ-ი თავის განცხადებაში აკრიტიკებდა სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 1 სექტემბრის განჩინებას და უკმაყოფილებას გამოთქვამდა მის დასაბუთებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ზემოხსენებული ნორმები კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების ასეთ საფუძველს არ შეიცავს.
რაც შეეხება კერძო საჩივარს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იგი უნდა ემყარებოდეს იმ საპროცესოსამართლებრივ დარღვევებზე მითითებას, რაც მხარის მოსაზრებით, კონკრეტული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ დაუშვა. ა. ღ-ი კი ზოგადად მიმოიხილავს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და უკმაყოფილებას გამოხატავს სასამართლო სისტემის მიმართ.
ა.ღ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე და კერძო საჩივარი, ისევე, როგორც უკვე განხილულ წინა შემთხვევებში, დაფუძნებულია მის სუბიექტურ შეხედულებებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების თაობაზე და არ გამომდინარეობს საპროცესო სამართლებრივი შეფასებებიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ღ-ი ბოროტად იყენებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, რადგან მისი განცხადებები და საჩივრები, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მიზნად არ ისახავს მხარის კანონიერი უფლების დაცვას და ლახავს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ა. ღ-ი აწარმოებს არა ერთ დავას სასამართლოში, სადაც ანალოგიურად მიმართავს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს საქმის წარმოების განახლების თაობაზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილი და მართებულია ა. ღ-ის მიმართ განსახილველ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით მინიჭებული უფლების შეზღუდვა, ნიშნავს რომ ა. ღ-ის მიერ სასამართლოში მოცემულ დავაზე შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპონდენცია (განცხადება, საჩივარი) დარჩება რეაგირების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე, მე-2 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს,
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინება;
3. ა. ღ-ის მიერ სასამართლოში შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპონდენცია (განცხადება, საჩივარი) სამოქალაქო საქმეზე - ა. ღ-ის სარჩელის გამო სს „თ-ის“ მიმართ სამუშაოდან დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაცემის ადმინისტრაციის ბრალით დაყოვნებისა და შრომის წიგნაკში დათხოვნის მიზეზთან დაკავშირებული სათანადო ჩანაწერის შეუსრულებლობისათვის კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ - დარჩეს რეაგირების გარეშე.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე