№ას-911-873-2014 20 ნოემბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ. შ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს. ბ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „ს. ბ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში გ. შ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის 2635,85 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა სესხის ძირი თანხის 1380,11 აშშ დოლარის, პროცენტის - 250.37 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს ნაწილის - 400 აშშ დოლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გ. შ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ივნისის განჩინებით გ. შ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
აღნიშნული განჩინება გ. შ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინებით გ. შ-ს განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა დაევალა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს 2014 წლის 8 ოქტომბერს ჩაბარდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 9 ოქტომბრიდან დაიწყო და (დასვენების დღის გათვალისწინებით) 13 ოქტომბერს ამოიწურა. კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, შესაბამისად, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. შ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ვ. როინიშვილი