Facebook Twitter

№ას-995-956-2014 14 ნოემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ლ. შ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“

მოპასუხე - სს „დ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – კრების ოქმებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში ლ. შ-ისა და სს „დ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა კრების ოქმების ბათილად ცნობისა და მოპასუხეებს შორის 2013 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენოტს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სს „დ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2013 წლის 19 დეკემბრის კრების N17 და 2013 წლის 26 დეკემბრის N18 ოქმები, ასევე ბათილად იქნა ცნობილი სს „დ-სა“ და ლ. შ-ს შორის 2013 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. შ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივლისის განჩინებით ლ. შ-ს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.

იმავე სასამართლოს 2014 წლის 31 ივლისის განჩინებით ლ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეეძლო, რის გამოც, ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა, სააპელაციო სასამართლომ კი, ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ლ. შ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში, ლ. შ-ის სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დარჩა განუხილველად. კერძო საჩივარს ერთვის ლ. შ-ის საპენსიო მოწმობა, რომლის თანახმადაც, ეს უკანასკნელი მე-2 ჯგუფის ინვალიდია.

„სახელმწიფო ბაჟის“ შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო – საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ყველა სარჩელზე თავისუფლდებიან, შესაბამისად, ლ. შ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ლ. შ-მ თავის კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლი ითვალისწინებს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესაძლებლობას. ვინაიდან ლ. შ-ე ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, კერძო საჩივარზე გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე, 42-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ შ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 ივლისის განჩინება და საქმე ლ. შ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. ლ. შ-ს დაუბრუნდეს 12/09/2014 წლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე