№ა-2740-ა-18-2014 5 ნოემბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: ვასილ რიონიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რეგისტრირებულ კოოპერატივ „ქ. ქ-ის“ დირექტორ ა. ხ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
იმავე კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ:
ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია;
ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება;
გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება;
დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა;
ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ;
ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;
ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
ზემოაღნიშნული ნორმა ამომწურავად ჩამოთვლის იმ საფუძვლებს, რასაც საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება შეიძლება ემყარებოდეს.
განსახილველი განცხადების საფუძველზე კოოპერატივ „ქ. ქ-ის“ დირექტორი ა. ხ-ი საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით ითხოვს, რომ ა. პ-ე საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გარდაცვლილი იყო, ხოლო ნ. ბ-ე- შემდგომში გარდაიცვალა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოების განახლების საფუძველს არ წარმოადგენს, შესაბამისად, წარმოდგენილი განცხადება კანონით დადგენილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის მხიედვით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი, ხოლო 399-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374.3 მუხლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ვინაიდან რეგისტრირებულ კოოპერატივ „ქ. ქ-ის“ დირექტორ ა. ხ-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, განმცხადებელს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რეგისტრირებულ კოოპერატივ „ქ. ქ-ის“ დირექტორ ა. ხ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. განმცხადებელს დაუბრუნდეს 13/08/2014 წლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი- 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ვ. როინიშვილი