Facebook Twitter

საქმე №ა-522-ბ-2-2014 3 ნოემბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – შ. ნ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ზ-ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - მ. ნ-ი

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საკასაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ზ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. და მ. ნ-ების მიმართ ქ.თბილისში, ბ-ის ქ№15-ში მდებარე სახლთმფლობელობის მეორე სართულზე არსებული 16.81 კვ.მ საცხოვრებელი ოთახის საბაზრო ღირებულების 25%-ის – 3437 ლარის მოპასუხეებისათვის გადახდის სანაცვლოდ, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის, ხოლო დამხმარე ფართის თანასაკუთრებად დატოვების მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ზ-ს საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ბ-ის ქ№15-ში მდებარე სახლთმფლობელობის მეორე სართულზე არსებული 16,81 კვ.მ საცხოვრებელი ოთახი მოპასუხეებისათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის – 3437 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ხოლო დამხმარე ფართი დარჩა საზიარო საკუთრებად.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შ. და მ. ნ-ებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო, საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შ. ნ-მა, მოითხოვა ამავე სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განჩინების ბათილად ცნობა და მისი საკასაციო საჩივრის განხილვა შემდეგი საფუძვლებით:

განმცხადებელმა 2013 წლის 1 აგვისტოს შეიტანა საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის განჩინებაზე. საკასაციო სასამარლოს 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით კი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული. განმცხადებელმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვადა განსაზღვრულია სამი თვით, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ვადის დარღვევა ამ მოქმედების შესრულების გაქარწყლებას იწვევს. განმცხადებელმა მიუთითა ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ ვინაიდან საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო მისი შეტანიდან ხუთი თვისა და ოცდაშვიდი დღის შემდეგ (სასამართლომ დაარღვია სსსკ 401.3 და 63-ე მუხლების მოთხოვნა), მიიჩნია, რომ საქმის განმხილველ მოსამართლეებს: ბესარიონ ალავიძეს, თეიმურაზ თოდრიასა და პაატა ქათამაძეს არ ჰქონდათ უფლება მონაწილეობა მიეღოთ საქმის განხილვასა და განჩინების გამოტანაში.

მოცემული საქმე საკასაციო სასამართლოს განსახილველად გადაეცა 2014 წლის 21 თებერვალს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებით შ.ნ-ის განცხადება განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დასაშვებად იქნა მიჩნეული და განცხადების განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შ. ნ-ის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, მხარის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა შ. და მ. ნ-ების საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები.

განმცხადებელი ამ განჩინების ბათილად ცნობას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ საქმის განმხილველ მოსამართლეებს არ ჰქონდათ უფლებამოსილება, მონაწილეობა მიეღოთ მოცემული საქმის განხილვასა და განჩინების გამოტანაში, მითითებულ გარემოებას კი, შ.ნ-ი ამყარებს შემდეგზე:

საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი განიხილა საკასაციო საჩივრის შეტანიდან ხუთი თვისა და ოცდაშვიდი დღის დარღვევით, რის შედეგადაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა. საპროცესო ვადის დარღვევის გამო საკასაციო სასამართლოს აღარ გააჩნდა უფლებამოსილება, დაუშვებლად ეცნო საკასაციო საჩივარი, თანახმად ამავე კოდექსის 63-ე მუხლისა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს განმცხადებლის ამ მოსაზრებას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველ ნაწილზე, სადაც ამომწურავადაა განსაზღვრული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობები. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მხარე ყოველთვის უნდა მიუთითებდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის IV თავით გათვალისწინებული წინაპირობების დარღვევით გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

საპროცესო კოდექსის 29-31 მუხლებით კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საქმის განხილვისაგან მოსამართლის ჩამოცილება აუცილებელია. ამ წესის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება, კანონიერ ძალაში შესვლამდე სავალდებულო გაუქმებას ექვემდებარება (სსსკ 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), ხოლო საგამონაკლისო შემთხვევაში, როდესაც საქმის განხილვის დასრულებამდე მხარისათვის ობიექტურად იყო უცნობი სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის თაობაზე (თანახმად ამავე კოდექსის 422.2 მუხლისა), გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გზით დასაშვებია საქმის წარმოების განახლება.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი საკასაციო სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობას სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მოითხოვს, თუმცა მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებს საკასაციო პალატის მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ვადის დარღვევას და თვლის, რომ ამ ვადის გასვლის გამო პალატას არსებული შემადგენლობით აღარ გააჩნდა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, თანახმად ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 63-ე მუხლისა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების საპროცესო ვადის დარღვევის ფაქტი სასამართლო შემადგენლობის არაკანონიერად მიჩნევის საფუძველს არ წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევით საქმის განხილვის თაობაზე მხარის პრეტენზია ყოველთვის უნდა ემყარებოდეს საქმის განმხილველი მოსამართლის ამ საქმის განხილვაში მონაწილეობის ამკრძალავ საფუძველს (სსსკ 29-31-ე მუხლებს), რაც, მოცემულ შემთხვევაში, შ.ნ-ის განცხადებაში მითითებული არ არის. გარდა აღნიშნულისა, განმცხადებლის შეფასება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის დისპოზიციასთან დაკავშირებით არ გამომდინარეობს კანონის სწორი განმარტებიდან. მითითებული ნორმის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. 63-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ იგი არეგულირებს არა სასამართლოს მიერ საქმის განხილვის, არამედ მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულების წესს, კანონის დათქმა, საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენილი საბუთების განუხილველად დატოვების თაობაზე არ შეიძლება გაგებულ იქნას სასამართლოს მიერ ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების განხორციელების შემზღუდავ დანაწესად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ. ნ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე