№ა-2848-შ-87-2014 18 ნოემბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი - 1. ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე ე. რიაშინა, 2. რუსეთის ფედერაციაში საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების სახელმწიფო კორპორაცია
მოწინააღმდეგე მხარე - G. L-C
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით G. L-C-ის დაეკისრა რუსეთის ფედერაციაში საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების სახელმწიფო კორპორაციის სასარგებლოდ 6911,65 რუსული რუბლისა და სახელმწიფო ბაჟის - 2000 რუსული რუბლის გადახდა.
რუსეთის ფედერაციაში საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების სახელმწიფო კორპორაციამ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მოთხოვნით მიმართა.
ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე ე. რიაშინამ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების თაობაზე შუამდგომლობით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მომართა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინებით არ აკმაყოფილებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო: რუსეთის ფედერაციაში საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების სახელმწიფო კორპორაციას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა:
· იმ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;
· დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მოპასუხე დროულად იქნა გამოძახებული სასამართლოში და ჩაბარდა სარჩელი თანდართული მასალებით;
· შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხისათვის გადასაცემად.
შპს „სკს-ს“ აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის განჩინება შუამდგომლობის ავტორს 2014 წლის 10 ოქტომბერს ჩაბარდა.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე ასევე მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები (შემდგომში – იუსტიციის დაწესებულებები), შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტის ყველა ეტაპზე საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. იმავე კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან ხარვეზის განჩინება მხარეს 10 ოქტომბერს ჩაბარდა, აღნიშნული ნორმების საფუძველზე, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 11 ოქტომბრიდან დაიწყო და 20 ოქტომბერს ამოიწურა. რუსეთის ფედერაციაში საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების სახელმწიფო კორპორაციის განცხადებაზე დართული კონვერტით დასტურდება, რომ მასალები ფოსტას 22 ოქტომბერს, ანუ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ ჩაბარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ვინაიდან რუსეთის ფედერაციაში საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების სახელმწიფო კორპორაციამ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა მისი შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენასმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 60-61, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუსეთის ფედერაციაში საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების სახელმწიფო კორპორაციისა და ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე ე. რიაშინას შუამდგომლობა ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
მოსამართლე: ვ. როინიშვილი