№ა-3219-შ-93-2014 19 ნოემბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი - ვ. ა-ი
წარმომადგენელი - რ. რ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - საბერძნეთის ქ. სალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბერძნეთის ქ. სალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით მოხდა ვ. გ. ძე ა-ის ა. დ. ძე ტ-ის მიერ შვილად აყვანა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ვ. ა-ის წარმომადგენელმა რ. რ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული და მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ვ. ა-ის წარმომადგენელ რ. რ-ს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სამოქალაქო სამართლის მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ან ვ. ა-ის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობის წარმოდგენა დაევალა.
განჩინების პასუხად, რ. რ-მა შუამდგომლობის განუხილველად დატოვება და დართული მასალების დაბრუნება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტის ყველა ეტაპზე საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში, მხარე არ აპირებს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორებას, არამედ შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას ითხოვს.
იმავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები, ხოლო 139-ე მუხლის მიხედვით კი, საქმეში არსებული დედანი საბუთები სასამართლოში ერთად ინახება. ასეთი საბუთები, მათი წარმდგენის თხოვნით, შეიძლება დაუბრუნდეს მასვე, მაგრამ საქმეში უნდა დარჩეს მოსამართლის მიერ შემოწმებული დედანი საბუთების ასლები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ა-ის წარმომადგენელ რ. რ-ის შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს და მხარეს, მისი მოთხოვნის შესაბამისად, დაუბრუნდეს შუამდგომლობა, ასევე თანდართული მასალების დედნები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 187-ე 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ა-ის წარმომადგენელ რ. რ-ის შუამდგომლობა დარჩეს განუხილველად;
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტების დედნები;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
მოსამართლე: ვ. როინიშვილი