№ა-428-შ-13-2014 20 ნოემბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი - შპს „მ-ო“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „პ-ა“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „პ-ას“ შპს „მ-ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის 81 492,32 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს 26810,97 აშშ დოლარის ასევე სახელმწიფო ბაჟის - 39244,52 რუსული რუბლის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „მ-ომ“ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.
განცხადებაზე თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 23 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და შპს „პ-ა“ ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. ამ უკანასკნელმა სარჩელი ცნო.
შპს „პ-ამ“ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსაზრება წარმოადგინა და მიუთითა, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. სასამართლომ დავის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენა, განსახილველი საქმე კი, სამოქალაქო სამართლებრივი კატეგორიის იყო. სასამართლომ დაარღვია სამართალწარმოების ძირითადი პრინციპები და სხვა დარგის სამართლის ნორმებით იხელმძღვანელა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. იგი ასევე შეიძლება წარედგინოს სასამართლოში, სადაც გამოტანილ იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ეს სასამართლო შუამდგომლობას გადასცემს სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე.
იმავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არსებობს.
კონვენციის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ-ოს“ შუამდგომლობა ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს შპს „პ-ას“ მტკიცებას, რომ რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. მხარე მიუთითებს, რომ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენა, განსახილველი საქმე კი, სამოქალაქო სამართლებრივი კატეგორიას განეკუთვნებოდა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68.2 (ზ) მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შუამდგომლობის განხილვის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეფასების საგანი არ არის, სწორად გამოიყენა თუ არა უცხო ქვეყნის სასამართლომ სამართლის ნორმები, არამედ, ზემოაღნიშნული ნორმის მიზნებისათვის, არსებითია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ან გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
მხარე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კიდევ ერთ საფუძვლად „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 45-ე მუხლს ასახელებს და მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლო, დასახლების მიუხედავად, კერძო არბიტრაჟი არ არის, არამედ რუსეთის ფედერაციის საერთო სასამართლოთა სისტემაში შედის, შესაბამისად, „არბიტრაჟის შესახებ“ კანონი მოცემულ შუამდგომლობაზე არ ვრცელდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენასმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ-ოს“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შპს „პ-ას“ შპს „მ-ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის 81 492,32 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს 26810,97 აშშ დოლარის ასევე სახელმწიფო ბაჟის - 39244,52 რუსული რუბლის გადახდა და მიექცეს აღსასრულებლად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე