საქმე №ას-1137-1083-2014 25 ნოემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ი. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ო. თ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. თ-ის სარჩელი რ. თ-ისა და ი. ჩ-ის მიმართ 2011 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაზედაც სააპელაციო საჩივარი წარადგინა ო. თ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინებით ო. თ-ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გორის რაიონის სოფელ ა-ში მდებარე, ი. ჩ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების (N.....) 1/3 ნაწილს დაედო ყადაღა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ივლისის განჩინებით ო. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ი. ჩ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აგვისტოს განჩინებით ი. ჩ-ის საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად საჩივრის ავტორს დაევალა, ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ი. ჩ-ის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო და საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის საფუძველზე.
2014 წლის 6 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ო. თ-მა მომართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა საჩივართან ერთად საქმის არსებითად განხილვა, კერძოდ, გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჩ-ის საჩივარი დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინებაზე ი. ჩ-ის მიერ წარდგენილი საჩივრის დაუშვებლად ცნობის კანონიერების შემოწმების მიზნით საკასაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინებით ო. თ-ის სარჩელის უზრუნველსაყოფად გორის რაიონის სოფელ ა-ში მდებარე, ი. ჩ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების (N....) 1/3 ნაწილს ყადაღა დაედო, რაზედაც საჩივარი წარადგინა ი. ჩ-მ (ტომი მე-2, ს.ფ. 119-121, 141-142);
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აგვისტოს განჩინებით ი. ჩ-ის საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად საჩივრის ავტორს დაევალა, ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ტომი მე-2, ს.ფ. 153-154);
ხარვეზის დადგენის შესახებ 2014 წლის 4 აგვისტოს განჩინება ი. ჩ-ს გაეგზავნა 2014 წლის 25 სექტემბერს მის მიერ საჩივარში მითითებულ მისამართზე - გორის რაიონის სოფელ ა-ში (ტომი მე-2, ს.ფ. 141, 157), თუმცა ვერ ჩაბარდა. გზავნილის თაობაზე შეტყობინების ბარათიდან ირკვევა, რომ ადრესატი არ იმყოფებოდა საქართველოში (ტომი მე-2, ს.ფ. 158). ხარვეზის შესახებ 2014 წლის 4 აგვისტოს განჩინების ი. ჩ-ისათვის საჯარო შტყობინებით ჩაბარების მიზნით სააპელაციო სასამართლომ დასახელებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა 2014 წლის 8 ოქტომბერს (ტომი მე-2, ს.ფ. 161), ხოლო აღნიშნული თარიღიდან 7 დღის შემდეგ განჩინება ი. ჩ-ისათვის ჩაბარებულად მიიჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე (ტომი მე-2, ს.ფ. 162-164);
ი. ჩ-ს საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია, რის გამოც სასამართლომ 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი დაუშვებლად ცნო (ტომი მე-2, ს.ფ. 162-164).
ზემოაღნიშნული გარემოებების შესაბამისად, ი. ჩ-ის საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძვლის არსებობის დასადგენად მნიშვნელოვანია, წარმოეშვა თუ არა მას საპროცესო ვალდებულება, კონკრეტულ ვადაში გამოესწორებინა საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. გამომდინარე იქედან, რომ ხარვეზის გამოსწორების ვალდებულება განსაზღვრულია სასამართლოს 2014 წლის 4 აგვისტოს განჩინებით, მისი შესრულების ვადის დინება იწყება შესაბამისი განჩინების მხარისათვის ჩაბარების დროიდან. ამდენად, ამ ვადის ამოწურვასა და, მისგან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მსჯელობა შესაძლებელია ხარვეზის შესახებ განჩინების მხარისათვის ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველზე.
განჩინების მხარისათვის ჩაბარების საპროცესო ნორმებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს კორესპონდენცია ეგზავნება მხარეს ან მის წარმომადგენელს და იგი მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ მიიღო ერთ-ერთმა მათგანმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულმა სუბიექტებმა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ,სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
ზემოაღნიშნული ნორმების მიხედვით, სასამართლო მხარისათვის გზავნილის ჩაბარების საშუალების შერჩევისას ვალდებულია, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩაბარების მიზანს. ჩაბარების ინტერესის შესაბამისად კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების სასამართლოს მიერ შესრულება მნიშვნელოვანია ისეთი პირობების არსებობისას, როდესაც მხარეები კეთისინდისიერნი არიან თავიანთი და მოწინააღმდეგე მხარის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებისას და ამგვარად, ასრულებენ კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. როდესაც მხარე ან/და მისი წარმომადგენელი არ ასრულებს ვალდებულებას, სწორად მიუთითოს საკუთარი მისამართი ან, მისი შეცვლის შემთხვევაში, აცნობოს სასამართლოს ახალი მისამართი, კანონი ათავისუფლებს სასამართლოს ჩაბარების უზრუნველსაყოფად საჭირო დამატებითი გზების ძიების ვალდებულებისაგან (მეორედ გაგზავნა, საჯარო შეტყობინების გამოყენება და სხვა) და ადგენს გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევის შესაძლებლობას სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე გზავნილის გაგზავნის შედეგად, მიუხედავად ამ მისამართზე ადრესატის მოძიებისა და მისთვის გზავნილის გადაცემისა.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ი. ჩ-ს სასამართლოსთან ბოლო კომუნიკაცია ჰქონდა 2014 წლის 28 ივლისს სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის განჩინებაზე საჩივრის წარდგენით, რომელსაც უშუალოდ აწერს ხელს. საჩივარში აღნიშნულია, რომ მისი ავტორი ცხოვრობს გორის რაიონის სოფელ ა-ში (ტომი მე-2, ს.ფ. 141).
საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმის არსებითად განხილვის პერიოდში, 2014 წლის 28 ივლისამდე, გორის რაიონის სოფელ ა-ში ი. ჩ-ის მისამართზე არაერთხელ გააგზავნა უწყება, რომლის ჩაბარებაც ვერცერთხელ ვერ მოხერხდა აღნიშნულ მისამართზე ადრესატის მოუძიებლობის გამო (ტომი მე-2, ს.ფ. 26, 55, 63). თუმცა თვით ი. ჩ-მ 2014 წლის 28 ივლისს სასამართლოში წარდგენილ საჩივარში საკუთარ მისამართად კვლავ გორის რაიონი, სოფელი ა-ა მიუთითა. აღნიშნულ მისამართზე სასამართლოს მიერ გაგზავნილი გზავნილი ი. ჩ-ს კვლავ ვერ ჩაბარდა, რის მიზეზადაც საფოსტო შეტყობინების ბარათზე კურიერმა დააფიქსირა, რომ ადრესატი იმყოფებოდა საზღვარგარეთ (ტომი მე-2, ს.ფ. 157-158).
საქმეში არსებული, ი. ჩ-ის მიერ ლ. თ-ზე გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობდან ირკვევა, რომ 2014 წლის 23 მაისს, მინდობილობის გაცემის დღეს ი. ჩ-ე ასევე იმყოფებოდა საზღვარგარეთ (ტომი მე-2, ს.ფ. 85-87).
ი. ჩ-ის წარმომადგენელმა ლ. თ-მა ჩაიბარა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის გასაჩივრებული განჩინება (ტომი მე-2, ს.ფ. 124, 86), თუმცა მას სასამართლოსათვის არ მიუთითებია არც საკუთარი მისამართი და არ უცნობებია არც ი. ჩ-ის მისამართის შეცვლის ან საზღვარგარეთ ყოფნის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ მისთვის ცნობილ მისამართზე - გორის რაიონის სოფელ ა-ში ხარვეზის შესახებ განჩინების 2014 წლის 25 სექტემბერს გაგზავნა უკვე წარმოადგენდა საფუძველს გზავნილის მხარისათვის ჩაბარებულად მიჩნევისათვის.
მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ დამატებითი ღონისძიების სახით განახორციელა საჯარო შეტყობინებით უწყების ჩაბარება. შესაბამისად, საჩივრის ავტორს საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების 5 დღიანის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 16 ოქტომბრიდან და ამოეწურა 2014 წლის 20 ოქტომბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსამარჩელემ არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი. აღნიშნული წესი მოქმედებს ასევე სააპელაციო საჩივრებთან, კერძო საჩივრებთან და საჩივრებთან მიმართებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 420-ე და 1971 მუხლების შესაბამისად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მართლზომიერად მიიჩნია ი. ჩ-ის საჩივარი დაუშვებლად.
ო. თ-ის მიერ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან იგი არც მოცემულ ეტაპზე განსახილველ საკითხს - ი. ჩ-ის საჩივრის დასაშვებობას ეხება, და არც რაიმე იმგვარ მოთხოვნას აყენებს, რომლის საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვის შესაძლებლობასაც კანონი ითვალისწინებს. კერძოდ, განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, ო. თ-ი ითხოვს, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე არსებითად იქნას განხილული უზენაესი სასამართლოს მიერ. საქმის მასალების შესაბამისად, გორის რაიონული საამართლოს გადაწყვეტილება გაუქმებულია სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 22 ივლისის განჩინებით, რომლითაც საქმე დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად. სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) განსაზღვრულ საკითხებზე მხარეთა პრეტენზიების განხილვა და შეფასება ზემდგომი სასამართლოს მიერ შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების (განჩინების) სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრების გზით. ამდენად, საქმის განხილვის ფორმაზე მხარის მოსაზრება შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო 2014 წლის 22 ივლისის განჩინებაზე საკასაციო საჩივრის საფუძვლად მხოლოდ ამ განჩინებაზე პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში. ამგვარი პრეტენზიის არარსებობის პირობებში ო .თ-ის განცხადება არ შეიცავს საპროცესო ნორმებით გათვალსწინებულ იმგვარ მოთხოვნას, რომლის განხილვაც საკასაციო სასამართლოს შეუძლია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ჩ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.თავმჯდომარე ნინო ბაქაქური
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
თეიმურაზ თოდრია