№ას-1220-1161-2014 27 ნოემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი – მ. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები - მ. ხ-ი, თ. ჩ-ე, დ. ჩ-ე, გ. ჩ-ე
განცხადების ავტორის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი – სამკვიდროს მოწმობის ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და თანამესაკუთრედ აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება.
2014 წლის 26 ნოემბერს მ. ჩ-მ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით უძრავ ნივთზე (რომლის საკადასტრო კოდია #.........) მოპასუხისათვის მისი კუთვნილი წილის გასხვისების აკრძალვა.
განმცხადებლის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი უძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, რომელსაც არ ეთანხმება და აპირებს საკასაციო საჩივრით გასაჩივრებას. განმცხადებლის მითითებით, არსებობს იმის ალბათობა, რომ მოპასუხემ გაასხვისოს სადავო უძრავი ქონება, რაც სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით (ტ. I. ს.ფ. 136-143; ტ. II. ს.ფ. 60-75). დადგენილია ასევე, რომ 2014 წლის 26 ნოემბერს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მ. ჩ-მ და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით უძრავ ნივთზე (რომლის საკადასტრო კოდია #.......) მოპასუხისათვის მისი კუთვნილი წილის გასხვისების აკრძალვა (იხ. ტ. II. ს.ფ. 78). ანალოგიური განცხადებით მ. ჩ-მ იმავე დღეს, 2014 წლის 26 ნოემბერს, მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა საკასაციო პალატას (იხ. ტ. II. ს.ფ. 106).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ინსტიტუტი თავისი არსით ემსახურება მოსარჩელის უფლებების დაცვას და მისი გამოყენების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა, შესაბამისად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შეიძლება შეიტანოს მოსარჩელემ, ასევე მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის შესაბამისად, განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის განმხილველი სასამართლო განცხადების შეტანიდან ერთი დღის ვადაში, მოპასუხისთვის შეუტყობინებლად.
საქმის მასალების შესაბამისად დადგენილია, რომ მოცემული საქმის განმხილველი სასამართლოა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, რომელმაც იმსჯელა მ. ჩ-ის განცხადების საფუძვლიანობაზე და უარი უთხრა განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (იხ. II. ს.ფ. 97-99).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო ინსტანციის სასამართლო (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა საკასაციო პალატა) ამ ეტაპზე არ წარმოადგენს საქმის განმხილველ სასამართლოს, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის რეალიზებით ვერ განხორციელდება განმცხადებლის კანონიერი უფლებების დაცვა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის შესაბამისად, განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. ჩ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძების გამოყენების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ნინო ბაქაქური