Facebook Twitter
საქმე №ას-1748-1729-2011 13 თებერვალი, 2012 წელი

საქმე №ას-1028-986-2014 22 დეკემბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ-ო გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ-ო გ-ის მიმართ და მოითხოვა ქარელის რაიონის სოფელ ხ-ში მდებარე მისი სახლისა და მიწის ნაკვეთით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს აქვს ორი საუბნო მისასვლელი გზა. სამხრეთიდან მისასვლელი გზა უერთდება სოფლის ცენტრალურ გზას, რომელსაც იყენებენ სატრანსპორტო საშუალებების, სასმელი წყლისა და სავაჭრო ობიექტებთან დასაკავშირებლად, ხოლო დასავლეთიდან მიმავალ გზას - სასაფლაოსთან მისასვლელად. ორივე გზა მეზობელმა ნ-ო გ-მა თვითნებურად გადაკეტა და არ აძლევს მოსარჩელეს საშუალებას, გამოიყენოს ის გზები, რომლებიც სოფლის დაარსებიდან არის საუბნო გზები და არ ირიცხება არავის საკუთრებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე იძულებულია, თავის საკუთრებაში შევიდეს შემოვლითი გზით, მეზობლის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის გავლით. შესაბამისად, ნ. გ-მა მოითხოვა, ნ-ო გ-ს დაევალოს მოსარჩელის სახლთან მისასვლელი გზების გათავისუფლება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო გზა არ არის საუბნო გზა, ის ნ-ო გ-ის მამა-პაპისეული საკუთრებაა. მან 9-10 წლის წინ გადაკეტა შემოსასვლელი ვინაიდან წუხდებოდა ზედმეტი ხალხისა და საქონლისაგან. მოსარჩელეს სახლამდე მისასვლელი გზა ჩრდილოეთიდანაც აქვს და სასაფლაოს მხრიდანაც.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ-ო გ-ს დაევალა ქარელის რაიონის სოფელ ხ-ში მდებარე ნ. გ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოს ჭიშკრიდან სამხრეთ-დასავლეთით გამავალი გზის ბოლოს არსებული მავთულბადისა და ამავე ჭიშკრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით გამავალ გზაზე არსებული ხის კონსტრუქციის მოშლა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივლისის განჩინებით ნ-ო გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება რომ, ქარელის მუნიციპალიტეტის ზემო ხვედურეთის საკრებულოს სოფ.ხ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და 2363 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ნ. გ-ის საკუთრებას. ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივისა და საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით, მოპასუხის მამის - -გ. კ. ძე გ-ის სახელზე რეგისტრირებულია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ.ხ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, განთავსებული 457 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. გ. გ-ი გარდაიცვალა და ქონებით სარგებლობს მემკვიდრე ნ-ო გ-ი. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.

აპელანტმა სადავო გახადა ის გარემოება, რომ უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ იყო ნ-ო გ-ის სახელზე, აღნიშნული გარემოება კი, აპელანტის მოსაზრებით, წარმოადგენდა ამ დავაში მის არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის საფუძველს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, ვინაიდან 2014 წლის 2 ივლისის სხდომაზე, აპელანტმა დაადასტურა ის გარემოება რომ იგი იყო გ. გ-ის პირველი რიგის მემკვიდრე, რომელსაც მიღებული ქონდა სამკვიდრო, თუმცა ჯერჯერობით არ იყო მის სახელზე რეგისტრირებული, აპირებდა უდავო წარმოების წესით მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენას და შემდგომ მისი წილის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, ეს კი არ წარმოადგენს მხარის არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს, გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელის მოთხოვნა მიმართულია სწორედ მეზობელი ნაკვეთის გარდაცვლილი მესაკუთრის მემკვიდრის (პოტენციური მესაკუთრის) მიმართ. ამასთან, სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დავის საგანს წარმოადგენს უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და არა მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენა, რაც არც ერთ და არც მეორე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

ტექბიუროს ჩანაწერების მიხედვით ნ-ო გ-ის მამის სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარეობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ, სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს.

მოსარჩელის მიწის ნაკვეთს სამხრეთ-აღმოსავლთით მოპასუხის ეზოსთან ახლოს, აქვს რკინის დიდი ჭიშკარი, რომელიც, მხარეთა განმარტებით, გაკეთებულია 1980-იან წლებში. ამ ჭიშკრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით დაახლოებით 4 მეტრის სიგანის გზა გადის მოპასუხის ეზოსა და მისივე მიწის ნაკვეთს შორის. სადავო გზა გრძელდება მოპასუხის და მის მომიჯნავედ მცხოვრები ა. გ-ის მიწის ნაკვეთებს შორის და უერთდება სოფლის ცენტრალურ გზას. ეს გზა მოპასუხის მიწის ნაკვეთისა და ა. გ-ის მიწის ნაკვეთს შორის საზღვართან ახლოს, ნ-ო გ-მა გადაკეტა ხის კონსტრუქციით.

ნ. გ-ის ეზოს ჭიშკრიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით დაახლოებით 4 მეტრი სიგანის გზა მოსარჩელისა და მოპასუხის მიწის ნაკვეთებს შორის, ნაკვეთების დასრულების ადგილას, მოპასუხე ნ-ო გ-ის მიერ მავთულბადით არის გადაკეტილი.

მხარეებს შორის სადავოდ გამხდარი ტერიტორია არ წარმოადგენს ნ-ო გ-ის საკუთრებას და არის საერთო სარგებლობის ტერიტორია. ამის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება აპელანტის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო ზეპირი განმარტება სააპელაციო პალატამ საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნია.

ის გარემოება რომ, ზემოაღნიშნული გზები არ წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას და იგი თვითნებურად აქვს გადაკეტილი ნ-ო გ-ს, დადასტურებულია ზემო ხვედურეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობით. აღნიშნულს ადასტურებს, ასევე, ის გარემოება, რომ მოსარჩელის ეზოს ჭიშკარი, რომელიც გამოსადეგია სატრანსპორტო საშუალების შესვლისთვისაც, 1980-იან წლებშია გაკეთებული და მისი მესაკუთრე სარგებლობდა სადავო გზებით ამ დროიდან. ჭიშკრიდან სადავო გზების გაუვლელად საერთო გზასთან დაკავშირება შეუძლებელია, ხოლო ჭიშკრის გაკეთების ფაქტი სადავოდ არასოდეს გამხდარა.

პალატამ ასევე არ გაიზიარა ის გარემოება, რომ არ დგინდება, თუ რაში ეზღუდება მოსარჩელეს სარგებლობის უფლება, კერძოდ, როგორც ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, ჩრდილოეთის მხარეს გამავალი გზიდან მოსარჩელის ეზოში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ პატარა კარით და რამდენიმესაფეხურიანი კიბით, რომელიც განკუთვნილია ფეხით მოსიარულეთათვის და სატრანსპორტო საშუალებისათვის მისი გამოყენება შეუძლებელია, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით კი, ნათელია, რომ მოსარჩელის საკუთრებით სრულყოფილად სარგებლობა ჩრდილოეთის მხარეს გამავალი გზით შეუძლებელია.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 174-ე მუხლით, 953-ე მუხლითა და 955-ე მუხლის მე-2 ნაწილით და დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო გზა საერთო (სახელმწიფო) გზას წარმოადგენს და, შესაბამისად, ორივე მხარეს თანაბრად აქვს უფლება, ისარგებლონ ამ გზით. ამასთან, ნ-ი გ-ის ქმედების შედეგად ნ. გ-ს უკანონოდ ეშლება ხელი საკუთრებით სარგებლობაში.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ-ო გ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. არასწორად არ გაიზიარა ნ-ო გ-ის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ქონება მოსარჩელეს აქვს დარეგისტრირებული.

სასამართლომ არასწორად მიიღო მტკიცებულებად ქარელის მუნიციპალიტეტის ზემო ხვედურეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობა, რომლის თანახმადაც, სადავო გზა წარმოადგენს საუბნო გზას, რადგან ის ყალბი დოკუმენტია და სინამდვილეში მოპასუხის საკუთრებაა. ასევე, მისი საკუთრებაა დასავლეთისაკენ მიმავალი გზა და ჭიშკრის გარეთ პატარა - 19,5 მეტრის გზა რომელიც ორდერით მისი მამის – გ. გ-ის სახელზე ირიცხებოდა.

საკასაციო საჩივრის ავტორმა სასაფლაოსაკენ გაიყვანა გზა, რომელიც შედის მის ნაკვეთში. წლების მანძილზე მოსარჩელე იყენებდა ნ-ო გ-ის საკუთრებას, 2004 წელს კი, მოპასუხემ შემოღობა თავისი საზღვრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ნ-ო გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ-ო გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ-ო გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ-ო გ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 13 ოქტომბერს №4760850 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

რაც შეეხება ნაზო გოგიჩაშვილის მიერ განცხადებებზე დართულ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს მის წარმომდგენს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ეს მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული რაც საკასაციო პალატის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-ო გ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 16 ოქტომბერს წარმოდგენილ Nა-3208-14 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 24 (ოცდაოთხი) ფურცლად და 2014 წლის 29 ოქტომბრის №ვ-984-14 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 7 (შვიდი) ფურცლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ-ო გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ნ-ო გ-ს (პ/№......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 13 ოქტომბერს №4760850 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. ნ-ო გ-ს დაუბრუნდეს 2014 წლის 16 ოქტომბერს წარმოდგენილ Nა-3208-14 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 24 (ოცდაოთხი) ფურცლად და 2014 წლის 29 ოქტომბრის №ვ-984-14 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 7 (შვიდი) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე