საქმე №ას-1034-992-2014 24 დეკემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ჯ. მ-ის უფლებამონაცვლე ნ. მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ-ი, მ. დ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობებისა და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. მ-ისა და მ. დ-ის მიმართ და მოითხოვა შემდეგი:
1. ჯ. მ-ი ცნობილ იქნეს მამის, თ. მ-ის სამკვიდროს - ქალაქ სიღნაღში, ბ-ის ქუჩა N1-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2-ის ფაქტობრივი დაუფლების გზით მიმღებ მემკვიდრედ და მესაკუთრედ;
2. ჯ. მ-ი ცნობილ იქნეს დედის, ს. მ-ის სამკვიდრო ქონების - ქალაქ სიღნაღში, ბ-ის ქუჩა N1-ში მდებარე უძრავი ქონების 1/4-ის ფაქტობრივი დაუფლების გზით მიმღებ მემკვიდრედ და მესაკუთრედ;
3. ბათილად იქნას ცნობილი სამკვიდრო მოწმობა სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილში (თ. მ-ის კანონისმიერი მემკვიდრეობა);
4. ბათილად იქნას ცნობილი სამკვიდრო ქონების 1/4 ნაწილში (ს. მ-ის ანდერძისმიერი მემკვიდრეობა);
5. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი ლ. მ-სა და მ. დ-ს შორის ქ.სიღნაღში, ბ-ის ქN1-ში მდებარე უძრავ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულება;
6. ლ. მ-ს დაეკისროს მამკვიდრებელ ს. მ-ის დაკრძალვაზე გაწეული ხარჯის - 1 000 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1. ჯ. მ-ი ცნობილ იქნა მამის - თ. მ-ის სამკვიდრო აქტივის - ქალაქ სიღნაღში, ბ-ის ქუჩა N1-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2-ის ფაქტობრივი დაუფლების გზით მიმღებ მემკვიდრედ და მესაკუთრედ, ასევე დედის - ს. მ-ის სამკვიდროს (ამავე მისამართზე მდებარე უძრავი ქონების) 1/4-ის ფაქტობრივი დაუფლების გზით მიმღებ მემკვიდრედ და მესაკუთრედ;
2. 1/2 ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს გ. ლ-ის მიერ 2009 წლის 15 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს გ. ლ-ის მიერ 2009 წლის 15 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა სამკვიდროს 1/4 ნაწილში;
3. ნაწილობრივ (3/8 ნაწილზე) ბათილად იქნა ცნობილი ლ. მ-სა და მ. დ-ს შორის დადებული, 2010 წლის 16 ივლისს სანოტარო წესით დამოწმებული სადავო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. მ-ისა და მ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ნ. მ-მა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ითხოვა, ამასთანავე, განმარტა, რომ გარდაიცვალა მოსარჩელე ჯ. მ-ი და იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სამოქალაქო საქმის წარმოება ჯ. მ-ის სარჩელის გამო, მ. დ-ისა და ლ. მ-ის მიმართ, შეჩერდა ჯ. მ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე ნ მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე.
2014 წლის 15 დეკემბერს ნ. მ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა ნოტარიუს ი.ნ-ის მიერ 2014 წლის 8 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა. წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნ. მ-ი და ი. მ-ი არიან 2014 წლის 1 ივნისს გარდაცვლილი ჯ. მ-ის კანონისმიერი მემკვიდრეები პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან, კერძოდ, ნ. მ-ი არის შვილი, ხოლო ი. მ-ი - მეუღლე. ამავე სანოტარო აქტის თანახმად, ჯ.მ-ის სამკვიდროს მიღების თხოვნით სხვა პირს დადგენილ ვადაში არ მიუმართავს, ხოლო მემკვიდრეთა განცხადებით, მამკვიდრებელს სხვა პირველი რიგის მემკვიდრე არ ჰყავდა. ამდენად, წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ ჯ.მ-ის სამკვიდრო მიიღო მისი პირველი რიგის ორმა მემკვიდრემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა განახლდეს, ჯ. მ-ის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ უნდა იქნას ნ. მ-ი, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის ასლით უდავოდ დასტურდება, რომ ჯ. მ-ი გარდაიცვალა 2014 წლის 1 ივნისს;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, სამოქალაქო საქმის წარმოება ჯ. მ-ის სარჩელის გამო, მ. დ-ისა და ლ. მ-ის მიმართ, შეჩერდა ჯ. მ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე;
2014 წლის 15 დეკემბერს ნ. მ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა ნოტარიუს ი.ნ-ის მიერ 2014 წლის 8 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა;
წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნ. მ-ი და ი. მ-ი არიან 2014 წლის 1 ივნისს გარდაცვლილი ჯ. მ-ის კანონისმიერი მემკვიდრეები პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან, კერძოდ, ნ. მ-ი არის შვილი, ხოლო ი. მ-ი - მეუღლე. ამავე სანოტარო აქტის თანახმად, ჯ.მ-ის სამკვიდროს მიღების თხოვნით სხვა პირს დადგენილ ვადაში ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს, ხოლო მემკვიდრეთა განცხადებით, მამკვიდრებელს სხვა პირველი რიგის მემკვიდრე არ ჰყავდა. ამდენად, წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ ჯ.მ-ის სამკვიდრო მიიღო მისი პირველი რიგის ორმა მემკვიდრემ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება. წარმოების განახლების შემდეგ საქმის განხილვა ხდება საერთო წესით.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო განაახლებს შეჩერებული საქმის წარმოებას მას შემდეგ, რაც დაადგენს, რომ აღარ არსებობს ის გარემოება, რომელიც საქმის წარმოების შეჩერებას დაედო საფუძვლად, ამასთანავე, საქმის განხილვა განახლდება სწორედ იმ ეტაპიდან, რომელ ეტაპზეც გამოიკვეთა წარმოების შეჩერების საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში, დასტურდება რა ნ. მ-ის მიერ მამის სამკვიდროს მიღება, ეს გარემოება ჯ. მ-ის უფლებამონაცვლედ ნ. მ-ის მიჩნევისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით წინამდებარე სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, შესაბამისად, განახლების შემდგომ, საკასაციო სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს ჯ. მ-ის უფლებამონაცვლე ნ. მ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესაბამისობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებთან.
ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს უფლებამონაცვლეობის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველზე:
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. რაც შეეხება სამკვიდროზე საკუთრების უფლების წარმოშობას, 1433-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონით დადგენილი წესით სამკვიდროს მიღების დროის მიუხედავად (იქნება ეს სანოტარო წესით თუ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების დადასტურებით), მემკვიდრე ქონების მესაკუთრედ და გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლედ მიიჩნევა სამკვიდროს გახსნის დღიდან, რომელიც, მამკვიდრებლის გარდაცვალების დღეს უკავშირდება, შესაბამისად, მას, როგორც პირის უფლებამონაცვლეს, უფლება-მოვალეობები სწორედ ამ დროიდან წარმოეშობა. ამ თვალსაზრისით საპროცესო უფლებების თაობაზე რაიმე გამონაკლისს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
მოცემულ შემთხვევაში კი, მიუხედავად სამკვიდრო მოწმობის 2014 წლის 8 დეკემბერს გაცემისა, სადავო სამართალურთიერთობაში ნ. მ-ი ჯ. მ-ის ქონების მესაკუთრედ (თანამესაკუთრედ) და უფლებამონაცვლედ მიიჩნევა 2014 წლის 1 ივნისიდან (იხ. გარდაცვალების მოწმობა).
წინამდებარე საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის სასამართლო მხედველობაში იღებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ გარემოებებს:
გარდაცვლილი ჯ.მ-ს უვადოდ ჰქონდა დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვა, რის გამოც იგი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს წარმოადგენდა;
მართალია, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროისათვის აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე გარდაცვლილი იყო, თუმცა, უდავოა, რომ ეს გარემოება სააპელაციო სასამართლოსათვის ცნობილი არ ყოფილა;
სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება ფოსტით გაუგზავნა ჯ.მ-ს საქმეში მითითებულ მისამართზე და კორესპოდენცია 2014 წლის 18 ივლისს ჩაბარდა ადრესატის მეუღლე ი. მ-ს;
უდავოა, რომ ი. მ-მა ნოტარიუსისათვის მიმართვის გზით ასევე მიიღო ჯ. მ-ის სამკვიდრო;
საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის თანახმად, ნ. მ-მა იგი სასამართლოში წარადგინა 2014 წლის 14 აგვისტოს (საკასაციო საჩივარი არ არის წარდგენილი ფოსტით, ამასთანავე, სასამართლოს სარეგისტრაციო შტამპზე მითითებული თარიღი ემთხვევა საკასაციო საჩივარში მხარის მიერვე მითითებულ მის შედგენის თარიღს).
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლით დადგენილია დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის წესი და ამ ნორმის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია, ხოლო მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ ჯ. მ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული იყო (სსსკ 46.2 და სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის 5.1 მუხლების შესაბამისად), სასამართლომ მას სავსებით მართებულად გაუგზავნა გადაწყვეტილება ფოსტის მეშვეობით.
დადასტურებულია, რომ როგორც გადაწყვეტილების გამოტანის, ისე მისი გაგზავნისა თუ ჩაბარების დროისათვის ჯ. მ-ი გარდაცვლილი იყო. გარდაცვალების ფაქტი სააპელაციო სასამართლოს ნ. მ-მა 2014 წლის 22 ივლისს აცნობა (იხ N2/6285 განცხადება და 01.08.2014 განჩინება), მიუხედავად ამისა, სასამართლო შეტყობინების 2014 წლის 18 ივლისს ი. მ-ისათვის ჩაბარება ადრესატისათვის ჩაბარებად განიხილება, ვინაიდან როგორც აღინიშნა, ნ. მ-ი (ასევე ი. მ-ი) ჯ. მ-ის უფლებამონაცვლეებსა და ქონების მესაკუთრეებს წარმოადგენენ პირის გარდაცვალების დღიდან, რის შედეგადაც მათ სამკვიდროს ფარგლებში წარმოეშვათ მამკვიდრებლის უფლება-მოვალეობები, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სასამართლო შეტყობინებას ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს როგორც უშუალოდ მისთვის, ისე მისი ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის ჩაბარების შემთხვევაში (სსსკ 70-ე და 74-ე მუხლები), ამასთანავე ის გარემოება, რომ საკასაციო საჩივრის წარმდგენი პირი იმავე მისამართზე ცხოვრობს, სადაც ჯ.მ-ი ცხოვრობდა, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი განცხადებებითა და საკასაციო საჩივარში მითითებული ნ.მ-ის მისამართით.
ამდენად, საკასაციო საჩივრის წარდგენის 21-დღიანი ვადის დენა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაიწყო 2014 წლის 19 ივლისს და ამოიწურა სამუშაო დღეს, პარასკევს - 8 აგვისტოს. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის თანახმად კი, ის სააპელაციო სასამართლოს წარედგინა 2014 წლის 14 აგვისტოს, რაც მისი განუხილველად დატოვების უპირობო საფუძველია, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, იგი განუხილველად დარჩება. თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განახლდეს სამოქალაქო საქმის წარმოება ჯ. მ-ის სარჩელის გამო, მ. დ-ისა და ლ. მ-ის მიმართ სამკვიდრო მოწმობებისა და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის, ასევე დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
2. ჯ. მ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნას ნ. მ-ი.
3. ჯ. მ-ის უფლებამონაცვლე ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე