Facebook Twitter

საქმე №ას-1147-1093-2014 15 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შ. ხ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. მ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - საცხოვრებელ ფართზე უფლებადაკარგულად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შ. ხ-მ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მ. მ-ის მიმართ აღძრა სარჩელი და მოითხოვა შ. ხ-სა და მ. მ-ს შორის 1988 წლის 24 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობა და ბათუმში, ა-ის (მ-ის) ქუჩა N9-ში მდებარე N17 ბინაზე მ. მ-ის უფლებადაკარგულად ცნობა შემდეგი საფუძვლით: შ. ხ-ისა და მ. მ-ის ქორწინება მმაჩის ბათუმის განყოფილებაში 1988 წლის 24 თებერვალს დარეგისტრირდა. 1988 წლის 25 აგვისტოს ბათუმის სახლსაშენი კომბინატის პროფკომიტეტის გადაწყვეტილებით შ. ხ-ის ოჯახს გამოეყო ოროთახიანი ბინა მდებარე ბათუმში, მ-ის ქუჩა N9-17-ში. 1988 წლის 24 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინების გათვალისწინებით, ბათუმის აღმასკომმა გასცა ორდერი მ. მ-ე, როგორც შ. ხ-ის ოჯახის წევრზე. როგორც აღმოჩნდა, მ. მ-მ შ. ხ-სთან იქორწინა კანონის დარღვევით, კერძოდ, იმგვარად, რომ იმავდროულად იმყოფებოდა ქორწინებაში ც მ-სთან. ამდენად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ შ. ხ-ისა და მ. მ-ის ქორწინება იყო ბათილი, ქორწინების ბათილობის პირობებში კი საფუძველი ეცლებოდა მ. მ-ის უფლებას ბათუმში, მ-ის ქუჩა N9-17-ში მდებარე ბინაზე.

მ. მ-მ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაგებლის მიხედვით, მ. მ-ე და შ. ხ-ე დაქორწინდნენ 1988 წლის 24 თებერვალს და ერთად ცხოვრობდნენ 2010 წლამდე. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ქორწინების ფიქტიურ ხასიათს. 2012 წლის 25 მაისიდან შ. ხ-ე და მ. მ-ე განქორწინდნენ, რის გამოც ქორწინება ბათილად ვერ იქნებოდა ცნობილი. ბათუმში, მ-ის ქუჩა N9-17-ში მდებარე ბინაზე მ. მ-ს უფლება მინიჭებული ჰქონდა ადმინისტრაციული აქტით - აღმასკომის გადაწყვეტილებით. მ. მ-ე, როგორც სადავო ბინით მოსარგებლეზე, გაცემულია ორდერი. ამდენად, მ. მ-ე წლების განმავლობაში წარმოადგენდა სადავო ბინის კანონიერ მოსარგებლეს და არ არსებობდა მისი უფლების გაუქმების საფუძველი.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შ. ხ-ის სარჩელი ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო ბინაზე მ. მ-ის უფლებადაკარგულად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ. ხ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებით შ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის N271 გადაწყვეტილებით შ. ხ-ის ორსულიან ოჯახს (თვითონ და მეუღლე - მ. მ-ე) გამოეყო 27 კვ.მ ფართის ბინა მდებარე ბათუმში, მ-ის ქუჩა N9-17-ში. ორდერის გაწერის დროისთვის შ. ხ-ე და მ. მ-ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში;

სადავო ბინაზე ორდერის მიღების დროისთვის მ. მ-ის სახელზე აღარ ირიცხებოდა რაიმე უძრავი ქონება სოფელ ფ-ში. საარქივო სამმართველოს შუახევის არქივის 2013 წლის 24 ოქტომბრის N01/19-108 ცნობის მიხედვით, კომლის უფროსი მ. მ-ე გადავიდა ქალაქ ბათუმში;

სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2011 წლის 1 სექტემბრის N01/222614/გ გადაწყვეტილების მიხედვით, შ. ხ-მ მიმართა სამოქალაქო რეესტრს სადავო ბინაში მ. მ-ის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით იმაზე მითითებით, რომ მ. მ-ე ამ ბინაში 2009 წლის 20 იანვრამდე ცხოვრობდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ-მ სადავო ბინის ფლობის უფლება მოიპოვა საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის საფუძველზე და ამ უფლებით იგი 2009 წლის 20 იანვრამდე სარგებლობდა. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. მ-ე საბინაო კოდექსის ძალადაკაგულად ცნობისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდგომაც ახორციელებდა სადავო ბინის ფლობას. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდგომ - 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ ვერ იქნებოდა გამოყენებული საბინაო კოდექსი, რის გამოც მ. მ-ის მიერ სადავო ბინის მფლობელობის შეწყვეტა ვერ წარმოშობდა საბინაო კოდექსის 69-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგს - საცხოვრებელ სადგომზე უფლების დაკარგვას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლით დაცულია მართლზომიერი მფლობელის უფლება და დაუშვებელია მისგან ნივთის გამოთხოვა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულების საფუძველზე საცხოვრებელი სადგომის მართლზომიერ მფლობელებს მიეცათ უფლება, მოითხოვონ და მიიღონ საკუთრებაში მათ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. მ-სა და შ. ხ-ს შორის არსებული ქორწინების ბათილობა არ წარმოადგენდა სადავო ბინაზე მ. მ-ის უფლების გაუქმების საფუძველს. სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 1146-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირთა ქონებრივი ურთიერთობები, რომელთა ქორწინებაც ბათილად იქნა ცნობილი, წესრიგდება საერთო საკუთრების შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნული ნორმის მიხედვით, სასამართლოს შეხედულებით, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულების საფუძველზე ტრანსფორმირდება საკუთრების უფლებად, ყოფილმა მეუღლეებმა შეიძინეს რა ერთობლივად, წარმოადგენს მათ საერთო უფლებას სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში საცხოვრებელი სადგომის ფართობის ნორმა დადგენილი იყო ერთ სულ მოსახლეზე 12 კვ.მ-ის ოდენობით. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, შ. ხ-ე მ. მ-ის გარეშე ვერ შეძლებდა, სახელმწიფოსაგან ორდერით მიეღო ოროთახიანი, 27 კვ.მ ფართის ბინა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შ. ხ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ბათუმში, ა-ის (მ-ის) ქუჩა N9-17-ში მდებარე ბინაზე მ. მ-ის უფლებადაკარგულად ცნობა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ შ. ხ-ე და მ. მ-ე ბინის მიღების დროისთვის წარმოადგენდნენ ოჯახის წევრებს. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით შ. ხ-ისა და მ. მ-ის ქორწინება ბათილად იქნა ცნობილი და აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ქორწინების ბათილად ცნობა საფუძველია ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობისათვის საქართველოს სსრ საბინაო კოდექსისა და სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმებიდან გამომდინარე.

ბათუმში, ა-ის (მ-ის) ქუჩა N9-17-ში მდებარე ბინის მიღების დროისთვის მ. მ-ე რეგისტრირებული იყო შუახევის რაიონის სოფელ ფ-ში კომლის უფროსად. იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელი იყო ადამიანის ორ მისამართზე ჩაწერა, მით უმეტეს, შესაბამისი ქონების საკუთრებაში მიღება.

სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მ. მ-ე რეგისტრირებულია ბათუმში, ა-ის (მ-ის) ქუჩა N9-17-ში მდებარე ბინაში. საქმის მასალების შესაბამისად, შ. ხ-ის განცხადების საფუძველზე, მ. მ-ე მოხსნილია რეგისტრაციიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ნოემბრის განჩინებით შ.ხ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად შეამოწმა შ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ზემოაღნიშნული არცერთი საფუძვლით, კერძოდ:

1. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და ვერც კასატორი უთითებს ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე

კასატორის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც კასატორის განცხადებით არასწორად დაადგინა სააპელაციო სასამართლომ, არ აქვთ მნიშვნელობა საქმისათვის, შესაბამისად, მათ არასწორად დადგენას, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რის დასადასტურებლადაც კასატორი ვერ უთითებს უზენაესი სასამართლოს ვერცერთ გადაწყვეტილებაზე.

3. საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. იმავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იურიდიული ინტერესის მიუთითებლობა სასამართლოს მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.

კასატორმა შ. ხ-მ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის საცხოვრებელ ფართზე უფლებადაკარგულად აღიარება, არ მიუთითა იმ იურიდიულ ინტერესზე, რაც ამ აღიარების მიმართ მას გააჩნდა. აღნიშნული იურიდიული ინტერესი არც სასამართლოში საქმის განხილვის შედეგად გამოკვეთილა. შესაბამისად, არ არსებობდა აღნიშნული მოთხოვნით სარჩელის მიღებისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოპასუხის უფლება სადავო ფართზე წარმოიშვა არა ბათილი ქორწინების რეგისტრაციით, არამედ ამ რეგისტრაციის შედეგად ბათუმის სახლსაშენი კომბინატის ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის 1988 წლის 25 აგვისტოს გაფართოებული სხდომის #19 ოქმითა და მის საფუძველზე ბათუმის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 1989 წელის 22 იანვარს გაცემული #06846 ორდერით. მოსარჩელეს (კასატორს) კი სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული ოქმისა და ორდერის კანონიერება, რაც სასამართლოს არ აძლევს საშუალებას იმსჯელოს ამ საკითხზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;

2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ1“ პუნქტის საფუძველზე, კასატორი შ. ხ-ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

თ. თოდრია