Facebook Twitter

№ას-1151-1097-2014 29 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. დ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ-ე დ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – არასრულწლოვანი შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ-ე დ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. დ-ას მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა შემდეგი დასაბუთებით: მოპასუხე გ. დ-ასთან თანაცხოვრების პერიოდში .... წლის ... ივნისს მათ შეეძინათ შვილი, ლ. დ-ა, რომელიც ამჟამად იმყოფებოდა მოპასუხესთან, რომელიც არ აძლევდა დედას შვილის ნახვის უფლებას. მოსარჩელემ მოითხოვა შვილის ნახვისა და ყოველ უქმე დღეს მის საცხოვრებელ სახლში დასარჩენად წაყვანის უფლება.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით:

მოსარჩელესთან თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი - ვ. (ბ.) და ლ. დ-ები. ლ. დ-ა ცხოვრობს მამასთან და მის აღზღდაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ ბებია, მამიდა და ბიძა. ოჯახის წევრები არასოდეს ყოფილან წინააღმდეგი იმისა, რომ ბავშვი შეხვედროდა დედას, მაგრამ 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ, ბავშვი დედასთან შეხვედრის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და აღნიშნულის მცდელობა მასში იწვევდა სტრესს და უარყოფით რეაქციას. 2009 წლის მაისის თვეში, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, გ. დ-ა და მისი შვილები გამოსახლებულ იქნენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართიდან მდებარე, ქ. ბათუმი, ... მ. ქ. 58. ბ. 29.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით გ-ე დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გ-ე დ-ას შვილის, .... წლის .... ივნისს დაბადებული ლ. დ-ას ნახვის დღეები განესაზღვრა შემდეგი წესით: ნება დაერთო დედას - გ-ე დ-ას ინახულოს შვილი - ლ. დ-ა ყოველი კვირის შაბათს დილის 11 საათიდან კვირის 15 საათამდე სახლში წაყვანის უფლებით. ასევე, ნება დაერთოს დედას - გ-ე დ-ას ინახულოს შვილი - ლ. დ-ა ყოველი წლის ზაფხულის არდადეგების პერიოდში ივლისის თვის განმავლობაში სახლში წაყვანის უფლებით და ზამთრის არდადეგებზე 10 დღით - 05 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით სახლში წაყვანის უფლებით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის განჩინებით გ. დ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

გ-ე დ-ა და გ. დ-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1993 წლიდან.

გ-ე დ-ას და გ. დ-ას თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ვ. დ-ა (დაბ...... წ.) და ლ. დ-ა (დაბ....... წ.).

გ-ე და გ. დ-ები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მათი საერთო შვილები - ვ. და ლ. დ-ები ცხოვრობენ მამასთან - გ. დ-ასთან.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ, 2014 წლის 6 თებერვალს მომზადებული დასკვნით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ როგორც დედის - გ-ე დ-ას, ასევე, მამის - გ. დ-ას ოჯახებში შექმნილია სათანადო პირობები ბავშვის ფიზიკური და სულიერი განვითარებისათვის. აღნიშნულ დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ არასრულწლოვანი ბავშვის, ლ. დ-ას ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, მშობლებს შორის არსებული წინააღმდეგობები და უთანხმოება არ უნდა ზღუდავდეს ბიოლოგიურ მშობლებთან ურთიერთობას, რაც შემდგომში შესაძლოა უარყოფითად აისახოს მის ფიზიკურ, კოგნიტურ თუ ფსიქოლოგიური განვითარების პროცესზე და შექმნას საფრთხე მისი საზოგადოების სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებისა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები გააჩნიათ და თანაბარი მოვალეობებიც ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება უპირატესობა.

ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მშობლებს უფლება აქვთ განსაზღვრონ, თუ ვისთან ან სად უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის შესაბამისად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განმარტა, რომ მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ ერთად თუ ცალ-ცალკე. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

პალატამ მიუთითა ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

აღნიშნულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მსგავსი ტიპის დავების განხილვისას და შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას სასამართლოსათვის უპირველესად სახელმძღვანელოა ბავშვის კეთილდღეობა, მისი ჭეშმარიტი ინტერესები და მისი უფლებების დაცვა. აღნიშნული უპირატესი ინტერესი არ შეიძლება იქნეს უგულებელყოფილი.

სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ სოციალური სამსახურის დასკვნაზე, რომელშიც ცალსახად არის მითითებული, რომ არასრულწლოვანი ბავშვის, ლაშა დანელიას ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, მშობლებს შორის არსებული წინააღმდეგობები და უთანხმოება არ უნდა ზღუდავდეს ბიოლოგიურ მშობლებთან ურთიერთობას, რაც შემდგომში შესაძლოა უარყოფითად აისახოს მის ფიზიკურ, კოგნიტურ თუ ფსიქოლოგიურ განვითარებაზე და შექმნას საფრთხე მისი საზოგადოების სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებისა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გონივრულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ-ე დ-ასთვის განსაზღვრული წესი შვილთან ურთიერთობისთვის, რომელიც გამოიხატება შემდეგნაირად: ნება დაერთოს დედას - გ-ე დ-ას ინახულოს შვილი - ლ. დ-ა ყოველი კვირის შაბათს დილის 11 საათიდან კვირის 15 საათამდე სახლში წაყვანის უფლებით. ასევე, ნება დაერთოს დედას - გ-ე დ-ას ინახულოს შვილი - ლ. დ-ა ყოველი წლის ზაფხულის არდადეგების პერიოდში ივლისის თვის განმავლობაში სახლში წაყვანის უფლებით და ზამთრის არდადეგებზე 10 დღით - 05 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით სახლში წაყვანის უფლებით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. დ-ას მიერ ვერ იქნა მითითებული და დამტკიცებული გარემოებები, რაც გახდებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-ამ შემდეგი დასაბუთებით: კასატორის განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ 2014 წლის 06 თებერვალს მომზადებული დასკვნის საფუძველზე არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ დედის, გ-ე დ-ას ოჯახში შექმნილია სათანადო პირობები ბავშის ფიზიკური და სულიერი განვითარებისთვის მაშინ, როცა ლ. დ-ა, რომელიც ცხოვრობს მამასთან და მის აღზრდაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ მამიდა და ბიძა, 2013 წლის ოქტომბრის თვიდან დედასთან შეხვედრის კატეგორიული წინააღმდეგია. საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს მასზედ, რომ გ-ე დ-ა წელიწადნახევარია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება და ცხოვრობს ბ. ყ-თან. ამდენად, ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე არასწორად განიმარტა „ოჯახი“-ს ცნება. ამასთან, არ იქნა მხედველობაში მიღებული სოციალური მომსახურების ცენტრის დასკვნაშო მოცემული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბავშვს არ სურს დედაზე საუბარი, ცდილობს გადაიტანოს თემა სხვა საკითხზე. კასატორის განმარტებით, ლ დ-ა იზრდება ფუნქციონირებად ოჯახში, სადაც ოჯახის წევრებს კარგად აქვთ გადანაწილებული ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული მოვალეობები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ნოემბრის განჩინებით გ. დ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. დ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. დ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. დ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ გ. დ-ას დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 18 ნოემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

თ. თოდრია