საქმე №ას-1152-1098-2014 4 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ქ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ქ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ქ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ქ-ის მიმართ ქორწინების შეწყვეტის შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა მათ შორის საოჯახო ურთიერთობის შენარჩუნება შეუძლებელი გახდა დაძაბული ურთიერთობის გამო.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მეუღლეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, შეინარჩუნონ ქორწინება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყდა მ. და ნ. ქ-ებს შორის 2002 წლის 4 აგვისტოს №0001913 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინებით მ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ქ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და მიაჩნია, რომ მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა მ. ქ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, 4 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით და საქმეში წარმოდგენილი გზავნილით დასტურდება, რომ იგი ჩაბარდა ადრესატს პირადად 2014 წლის 17 ნოემბერს.
ამდენად, მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, ხარვეზი შეევსო 4 დღის განმავლობაში, რომლის ათვლა დაიწყო 2014 წლის 18 ნოემბრიდან და ამოიწურა 21 ნოემბერს.
აღნიშნულის მიუხედავად, კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარეობს, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა და მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზ. ძლიერიშვილი