Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1154-1100-2014 4 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. გ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ც. გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-ის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეები არიან ნათესავები და ბ-ში გააჩნიათ მეზობლად მდებარე უძრავი ქონება. მოპასუხემ აწარმოა მშენებლობა, რითაც ც. გ-ს გადაეკეტა თავისი სახლისაკენ მიმავალი გზა და მნიშვნელოვნად შემცირდა მოსარჩელის ბინის ორი ფანჯრიდან შემავალი განათება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო მშენებლობა განხორციელდა შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ც. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნ. გ-ის სახელზე რიცხული ქონების საჯარო რეესტრის ამონაწერში და ც. გ-ს მიეცა სახლთან მისასვლელი გზა, ასევე დადგინდა აღნიშნული უფლების დარეგისტრირება საჯარო რეესტრის ამონაწერში.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. გ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯების დაკისრების ნაწილში და ნ. გ-ს ც. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 160 ლარის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში კი, გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. გ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და მიაჩნია, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა ნ. გ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, 5 დღის ვადაში წარმოედგინა 300 ლარის სახელმწიფო ბაჟის სახით ჩარიცხვის ქვითრის დედანი.

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინება ამავე წლის 7 ნოემბერს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელ დ. კ-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით. წარმომადგენლის უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მასალებში (ს.ფ. 144) არსებული რწმუნებულებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

ამდენად, სასამართლო შეტყობინების წარმომადგენლისათვის ჩაბარება აღნიშნული საპროცესო დოკუმენტის თავად მხარის მიერ მიღებას უთანაბრდება. შესაბამისად, მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, ხარვეზი შეევსო 5 დღის განმავლობაში, რომლის ათვლა დაიწყო 2014 წლის 8 ნოემბრიდან და ამოიწურა 12 ნოემბერს.

აღნიშნულის მიუხედავად, კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარეობს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ზ. ძლიერიშვილი