საქმე №ას-1168-1113-2014 29 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „ე. ჯ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „წ.-კ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „წ. კ-მა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სს „ე. ჯ-ა“-ს მიმართ აღძრა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის 14 599,96 ლარის დაკისრება. სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: სს „ე. ჯ-ა“ საცალო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის გადასაცემად იყენებს სს „წ. კ-ის“ კუთვნილ 10 კვტ სიმძლავრის ხაზს და არ იხდის სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით ქსელით სარგებლობისათვის გათვალისწინებულ საფასურს. კერძოდ, სს „ე. ჯ-ა“-ს მიერ არ ყოფილა ანაზღაურებული 2011 წლის 4 დეკემბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე 7 299 800 კვტ ელ. ენერგიის გატარების ღირებულება. სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, 1 კვტ.სთ გატარების საფასური შეადგენს 0,2 თეთრს.
სს „ე. ჯ-ა“-მ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაგებელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელე არასწორად უთითებს ინფორმაციას კუთვნილი ელექტროხაზით გატარებული ელ. ენერგიის ოდენობასთან დაკავშირებით. ასევე, არასწორია, ელექტროხაზით გატარებული ყოველი კვტ-თვის მოპასუხეს დაეკისროს 0,2 თეთრი. სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით დამტკიცდა მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი, რომლის ნაცვლად მოსარჩელე წარსულში არსებულ პრაქტიკაზე უთითებს. დასახელებული ნორმატიული აქტის ძალაში შესვლამდე ელ. ენერგიის გატარების საფასურს ადგენდა არა ნორმატიული აქტი, არამედ სასამართლო. ბუნებრივია, ნორმატიული აქტით განსაზღრული წესის საწინააღმდეგო პრაქტიკას სასამართლო ვერ დაეყდრნობა. მოქმედი წესის მიხედვით, გატარების საფასურის ოდენობის დადგენისათვის სავალდებულოა მასში მონაწილე ქონების ღირებულების განსაზღვრა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის კუთვნილ ხაზს მოპასუხე კვლავაც ექსპლუატაციას უწევს, რაც შესაბამის ხარჯებთანაა დაკავშირებული, რის გამოც გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხი დაყენებულ უნდა იქნეს ელექტროენერგიის გატარების საფასურის ანაზღაურების საკითხთან ერთად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სს „წ. კ-ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სს „ე. ჯ-ა“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13561,62 ლარის გადახდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ე. ჯ-ა“-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სს „ე. ჯ-ა“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო საამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
სს ,,წ. კ-ს’’ საკუთრებაში გააჩნია 10 კილოვოლტი სიმძლავრის 2670 გრძივი მეტრი სიგრძის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი (სარეგისტრაციო ზონა - წალენჯიხა, ხაზობრივი ნაგებობის კოდი - 00, რეგისტრაციის რიგითი ნომერი - 007, გავრცელების ზონა - წალენჯიხა).
სს ,,ე. ჯ-ა”, როგორც ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი, 2011 წლის 4 დეკემბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საცალო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფდა სს “წ. კ-ის’’ კუთვნილი 10 კვტ სიმძლავრის ელექტროგამანაწილებელი ქსელის გამოყენებით.
სს ,,ე. ჯ-ა’’-ს 2014 წლის 27 იანვრის წერილით მოსარჩელე მხარეს გაეგზავნა ინფორმაცია 2011 წლის 4 დეკემბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე 35/10 ქ/ს ,,წ-ის’’ №3 ფიდერით სს ,,ე. ჯ-ა’’-ს აბონენტებისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობის შესახებ. დასახელებულ პერიოდში გატარებული ელექტროენერგიის ოდენობაა 6 780 811 კვტ/სთ. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლომ მიუთითა სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მე-15 მუხლზე, რომლის თანახმად: 1. პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიანტი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია. 2. ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაციის გაცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად ხდება. 3. განაწილების ლიცენზიანტსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს საცალო მომხმარებლის ელენერგიის მომარაგების გაუარესება, მათ შორის ელ. eნერგიის საფასურის გადიდება. 4. განაწილების ლიცენზიანტს უფლება არა აქვს სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სემეკის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის ბ.ბ. პუნქტის თანახმად, სს `ე. ჯ-ა"-ს მიერ კვალიფიციური საწარმოებისათვის ელექტროენერგიის გატარების ზღვრული ტარიფი 6-10 კილოვატიანი ხაზებისათვის 2,59 თეთრია. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულ ნორმაში მითითებულია ის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა, რომლის ზემოთაც საფასურის დაწესება კანონშეუსაბამო იქნება, კერძოდ, მოპასუხეს არა აქვს უფლება ქსელის მფლობელს გადაუხადოს 2.59 თეთრზე მეტი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სს „წ. კ-ი”-ს კუთვნილი ელექტროგამანაწილებელი ხაზის შესატყვისი ტექნიკური მონაცემებისა და ძაბვის გამანაწილებელი ქსელით სარგებლობისათვის ელექტროენერგიის გატარების საფასური დადგინდა სემეკის 2001 წლის 11 ივლისის №57 და იმავე წლის №64-ე გადაწყვეტილებებით და ის განისაზღვრა 0.2 თეთრით 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის გატარებისათვის.
სასამართლოს განმარტებით, 2011 წლის 4 დეკემბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ელქტროენერგიის კონკრეტული ხაზით გატარების ღირებულება ვერ იქნებოდა განსაზღვრული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2013 წლის 30 დეკემბერს მიღებული №15დადგენილებით გათვალისწინებული წესით, ვინაიდან დასახელებული დადგენილება ძალაში შევიდა 2014 წლის 1 იანვრიდან და არ მოქმედებდა მანამდელ პერიოდში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სს „ე. ჯ-ა“-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად განმარტა სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“. დასახელებული ნორმატიული აქტის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია. იგივე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, განაწილების ლიცენზიატსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების გაუარესება, მათ შორის ელექტროენერგიის საფასურის გაძვირება, ასევე, განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს, სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას იგივე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის. სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარეთა შეთანხმებისათვის ნორმატიულად დადგენილი ზედა ზღვარი. სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქსელის მესაკუთრეს გააჩნია კომპენსაციის მოთხოვნის უფლება (შეთანხმებული ოდენობით), რომლის ოდენობასაც მკაცრად ზღუდავს კანონი, ამ შეზღუდვებს არეგულირებს იგივე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები და სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით იქნა მიღებული სემეკის მიერ 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილება, რომელმაც მკაცრად განსაზღვრა მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენეგიის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი. ცხადია, სწორედ ეს არის თანხა, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას იგივე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენეგიის გატარების მომსახურებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაურკვეველია, რატომ იტვირთვს თავს სასამართლო გატარების საფასურის ოდენობის გონივრულობის განსაზღვრით მაშინ, როცა გადაწყვეტილების მიღების დროს უკვე არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც ზუსტაც განსაზღვრავს ტარიფის გაანგარიშების წესს. ამასთან, სასამართლომ არც კი იმსჯელა, თუ რატომ მიიჩნია გონივნულ კომპენსაციად არა კომპეტენტური ორგანოს მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ოდენობა, არამედ სულ სხვა, ოდესღაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული ფასი, რომელსაც არანაირი კავშირი აქვს დავის მხარეებთან.
სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენეგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი“. დასახელებული ნორმატიული აქტით დადგინდა სპეციალური ფორმულა, რომლის მიხედვითაც გატარების მომსახურების საფასურის ოდენობის დაანგარიშება უნდა მოხდეს მომსახურებაში მონაწილე აქტივების (ამ შემთხვევაში ქსელის) ღირებულებასთან, რის შესახებაც ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება გააჩნია თავად მოსარჩელეს. 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილების გამოყენება მანამდე არსებულ ურთიერთობებთან მიმართებით უნდა განხორციელდეს, ვინაიდან ამ დადგენილებით არ შეცვლილა მანამდე მოქმედი ნორმები, არამედ კანონმა დაარეგულირა ურთიერთობა, რომელსაც მანამდე სასამართლო პრაქტიკა არეგულირებდა. გამომდინარე იქედან, რომ ნორმატიული აქტი ადგენს ტარიფის გაანგარიშების მეთოდს, აღარ არსებობს გონივრული ტარიფის განსაზღვრის საჭიროება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სს „ე. ჯ-ა“-ს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ე. ჯ-ა“-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან გასაჩივრებული განჩინების შესაბამისობის თვალსაზრისით საკასაციო პალატა კასატორს უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის #ას-803-762-2013 განჩინებზე.
აღნიშნულ განჩინებაში, 2014 წლის 1 იანვრამდე (სანამ ამოქმედდებოდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილება „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარეიშების წესების დამტკიცების შესახებ“) ლიცენზიანტისა და არალიცენზიანტი მფლობელის ელქსელით სარგებლობასთან დაკავშირებით არსებული განსხვავებების შესახებ უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი:
ლიცენზიანტისა და არალიცენზიანტი მფლობელის ელქსელით სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობა განსხვავდება იმით, რომ ლიცენზიანტი მფლობელისათვის ტარიფს ადგენს სემეკი, ხოლო არალიცენზიანტის საკუთრებაში არსებული ელქსელით სხვა პირის სარგებლობის შემთხვევაში წარმოიშობა საკომპენსაციო თანხის გადახდის მოთხოვნა, რომელიც რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით.
სასამართლომ მიუთითა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ანდა წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N 20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-15 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველი წესები ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაციის განსაზღვრისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე მიუთითებენ.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს, სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იმავე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის, და დაასკვნა, რომ საკომპენსაციო თანხა ქსელის არალიცენზიანტი მფლობელისათვის შეიძლება იყოს იმავე ოდენობის ან იმაზე ნაკლები, რაც ტარიფის სახით სემეკის მიერ დადგენილია ლიცენზიანტებს შორის ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის.
სასამართლომ კანონის ანალოგიით გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზეც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.
სასამართლომ განმარტა, რომ „თმენის ვალდებულება“ წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს, რაც განსხვავდება ზიანის ინტიტუტისაგან. ზიანის ანაზღაურება ემსახურება იმ მდგომარეობის აღდგენას, რომელიც იარსებებდა, ამ ქმედებას რომ არ გამოეწვია პირის ინტერესების დაუშვებელი ხელყოფა. ამასთან ერთად, როგორც წესი, ამ ხელყოფის გამომწვევია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ხოლო აუცილებელი გზით სარგებლობის თმენის ვალდებულება უკავშირდება მართლზომიერ ქმედებას, რაც კანონით არის დადგენილი და მესაკუთრეს საკუთრებაში არსებულ მიწაზე სხვა პირის მიერ აუცილებელი გზით სარგებლობისათვის აკისრებს „თმენის ვალდებულებას“. ამდენად, კომპენსაციას ექვემდებარება ისეთი ქონებრივი დანაკლისი, რომლის მიზეზიც არის საკუთრების უფლების ან მფლობელობის შეზღუდვა, რაც განპირობებულია ობიექტური აუცილებლობით. შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს ამ შეზღუდვის ფარგლები და ის ინტერესი, რაც მესაკუთრეს ან მფლობელს ექნებოდა ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია არა კონკრეტული მესაკუთრის ინტერესის სუბიექტური აღქმა, არამედ შესაბამისი მიწის ნაკვეთის საშუალო მესაკუთრის ინტერესი.
განხილული საქმის თავისებურების გათვალისწინებით სასამართლომ განმარტა, რომ მნიშვნელოვანია, გაირკვეს ელქსელების საშუალო მესაკუთრის ინტერესი (იგივე სიგრძისა და სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის სარგებლობისას გატარებული ელექტროენერგიის მოცულობის გათვალისწინებით).
მითითებული საკითხის გარკვევისათვის სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N 33 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ წესები.
სასამართლომ განმარტა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს წესები არეგულირებს ლიცენზიანტებს შორის არსებულ სატარიფო სისტემას, მათი გამოყენება ატარებს სახელმძღვანელო ხასიათს, რომელიც გვეხმარება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრაში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით დადგენილი საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება მესაკუთრის ინტერესის დაკმაყოფილებას, სხვის მიერ მისი საკუთრების შეზღუდვის გამო, თმენის ვალდებულებისათვის, მაგრამ განსახილველი ურთიერთობის თავისებურება ვლინდება იმაში, რომ არალიცენზიანტი მფლობელის საკუთრებას წარმოადგენს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელსაც ეს უკანასკნელი ვერ გამოიყენებს სხვა დანიშნულებით გარდა იმისა, რომ გაატაროს ელექტროენერგია. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, უნდა გაირკვეს არა ზოგადად მითითებული ნორმით გათვალისწინებული შემთხვევის წინაპირობები (რომელშიც ივარაუდება ის შემთხვევები, როდესაც მესაკუთრეს შეხედულებისამებრ შეეძლო გამოეყენებინა მიწის ნაკვეთი თუ არა აუცილებელი გზასთან დაკავშირებული თმენის ვალდებულება), არამედ ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარებაზე თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე, საშუალო მესაკუთრის ინტერესი ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში.
მის მიერ განსახილველი დავის სპეციფიკის თანახმად, სასამართლომ საშუალო მესაკუთრის ინტერესის დაკმაყოფილების ერთგვარ ნიმუშად მიიჩნია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N 33 დადგენილებით დამტკიცებული წესები. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი დავა ეხებოდა არალიცენზიანტი მესაკუთრის უფლებებს, სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოთ მითითებული სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოვიყენოთ არა როგორც პირდაპირი გამოყენების წყარო, არამედ - სახელმძღვანელო, რადგან სემეკის მიერ ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის წესისა და პრინციპების განსაზღვრა გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, გატარების, იმპორტის, მოხმარების, სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების, გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებისა და გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დადგენისას.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N 33 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით სს „ე. ჯ-სათვის” 6-10 კილოვოლტისათვის გატარების ტარიფია 0,580 თეთრი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არალიცენტიზნტი მფლობელის ელქსელით სარგებლობისათვის ამ უკანასკნელის თმენის ვალდებულებისათვის საკომპენსაციო თანხა 1 კვ.სთ-ზე არ უნდა ყოფილიყო 0,580 თეთრზე მეტი.
ამავე დროს, სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული წესით დადგენილი ტარიფი ლიცენზიანტებს შორის მიუთითებს ერთგვარ პრეზუმფციაზე, რომ სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეულია იმ ოდენობის მომსახურება, რაც ტარიფის სახით ამ სახის მომსახურეობისთვის არის დადგენილი (ამ შემთხვევაში 0,580 თეთრი/კვტ.სთ), მაგრამ, როდესაც საკითხი ეხება არალიცენზიანტ მესაკუთრეს, მას ყოველთვის შეუძლია მიუთითოს იმ ეკონომიკურ ინტერესზე, რომელიც შეესაბამება ანალოგიურ პირობებში სხვა საშუალო მესაკუთრის ინტერესს (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N 33 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბერი N 20 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”-ს მე-15 მუხლის მე-4 ნაწილი). ამ უკანასკნელ შემთხვევაში, განსხვავებით ლიცენზიანტებს შორის წარმოშობილ ურთიერთობისაგან, არალიცენზიანტი მესაკუთრის ეკონომიკური ინტერესი შეიძლება იყოს სემეკის მიერ დადგენილ ტარიფზე ნაკლები, რაც იმ მხარის დასადასტურებელია ვის სასარგებლოდაც შეიძლება მიუთითებდეს ნაკლები საფასურის გადახდის განმაპირობებელი ფაქტები.
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ ნორმატიულ აქტს (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის დადგენილება #15), რომელიც ამოქმედდა 2014 წლის 1 იანვრიდან, 2014 წლის 1 იანვრამდე ურთიერთობებისათვის ტარიფის განსაზღვრის თვალსაზრისით შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ სახელმძღვანელო ხასიათი. ამავე დროს, საკასაციო საჩივრის ავტორი არ უთითებს, რომ ამ ნორმატიული აქტის შესაბამისად ტარიფის განსაზღვრის შემთხვევაში ის აღმოჩნდებოდა იმისგან განსხვავებული, რაც მოითხოვა არალიცენზიანტმა მესაკუთრემ; ხოლო მესაკუთრის მიერ მოთხოვნილი 0,2 თეთრი არის იმაზე ნაკლები, რაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N 33 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით სს „ე. ჯ-ასათვის” 6-10 კილოვოლტისათვის გატარების ტარიფია (0,580 თეთრი).
ამრიგად, კასატორმა ვერ დაადასტურა მისი საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ე. ჯ-ა“-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრისათვის სს „ე. ჯ-ას“ მიერ 2014 წლის 4 ნოემბერს N863 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 678 ლარის ოდენობით. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს 678 ლარის 70% – 474,6 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ე. ჯ-ა“-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. კასატორ სს „ე. ჯ-ას“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 4 ნოემბერს N863 საგადახდო დავალებით გადახდილი 678 ლარის 70% – 474,6 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
თ. თოდრია