საქმე №ას-1266-1206-2014 22 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – რ. ნ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ. ბ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „თ. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ნ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სს „თ. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, რ. ნ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 27139,30 ლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2014 წლის 4 ივნისის განჩინებით რ.ნ-ის საჩივარს ეთქვა უარი, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით რ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების თაობაზე დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება რ. ნ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობა და მიაჩნია, რომ რ. ნ-ის საკასაციო საჩივაბი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. მხარის მიერ კანონით დადგენილი ზემოაღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვალა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს იმის მიუხედავად, ჩაიბარა თუ არა მოგვიანებით მხარემ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ სააპელაციო პალატის მიერ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტ რ. ნ-ის წარმომადგენელი მ. თ-ი, რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მასალებში წარმოდგენილი მინდობილობით (ტომი 1, ს.ფ. 81).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ნ-სათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, შესაბამისად, მის მიმართ მოქმედებს სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე იყო 2014 წლის 8 ნოემბერი, ხოლო რ. ნ-ის წარმომადგენლემა მ. თ-მა გასაჩივრებული განჩინება ჩაიბარა 2014 წლის 11 ნოემბერს (ტომი 2, ს.ფ. 44). სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე რ. ნ-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა 2014 წლის 5 დეკემბერს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ნ-მ საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 21-დღიანი ვადა დაარღვია აღნიშნული ვადის არა მხოლოდ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღიდან, არამედ აპელანტის წარმომადგენლის მიერ განჩინების ჩაბარების მომენტიდან მისი ათვლის შემთხვევაშიც.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ამდენად, კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზ. ძლიერიშვილი