Facebook Twitter

საქმე №ას-215-200-2014 9 დეკემბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ი. პ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ................. (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ................... აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომის ოქმისა და სარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი N1 ოქმის ბათილად ცნობა (სარჩელის მიხედვით), ............................ რექტორის 2012 წლის 9 აგვისტოს არჩევნების ბათილად ცნობა (შეგებებული სარჩელის მიხედვით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ი. პ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ................... მიმართ წარადგინა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მოპასუხე ორგანიზაციის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომის ოქმისა და სარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი N1 ოქმის ბათილად ცნობა. სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: 2012 წლის 9 აგვისტოს ..................... აკადემიურმა საბჭომ ი. პ-ი ერთხმად აირჩია აკადემიის რექტორის თანამდებობაზე. 2012 წლის 13 ნოემბერს ი. პ-სათვის შეუტყობინებლად .................. ჩატარდა აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელმაც ბათილად ცნო 2012 წლის 9 აგვისტოს რექტორის არჩევნების შედეგები, ი. პ-ს შეუწყვიტა უფლებამოსილება და გაათავისუფლა სამსახურიდან. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება აისახა 2012 წლის 13 ნოემბრის ოქმში, სადაც მოსარჩელის გათავისუფლების მიზეზად მითითებულია, რომ რექტორ ი. პ-ის მიერ ....... ერთპიროვნული მართვის პოლიტიკამ, მცირე ბიუჯეტის პირობებში ფინანსების არამიზნობრივმა ხარჯვამ, აკადემიურ პერსონალთან კომუნიკაციის პრობლემებმა, პედაგოგთა კონკურსის ჩატარებამ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების საფუძველზე დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიების მეშვეობით და გამჭვირვალე კრიტერიუმების გარეშე, რაც გამოცდილი პედაგოგების აკადემიის მიღმა დარჩენის მიზეზი გახდა, გამოიწვია სასწავლო პროცესის შეფერხება, პედაგოგიური კოლექტივის უკმაყოფილება და მზარდი დაძაბულობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აკადემიურმა საბჭომ ბათილად ცნო 2012 წლის 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების შედეგი და შეუწყვიტა ი. პ-ს რექტორის უფლებამოსილება. სადავო გადაწყვეტილების მიღებისას აკადემიის საბჭოს მიერ დაირღვა აკადემიის წესდების მე-7 მუხლის მოთხოვნა, რაზეც მეტყველებს ის გარემოება, რომ აკადემიური საბჭოს წევრმა - პროფესორმა თ. ვ-მ უშუალოდ სხდომაზე შეიტყო სხდომის დღის წესრიგში შეტანილ საკითხთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, აკადემიური საბჭოს წევრი დ. თ-ი სხდომაზე არ იმყოფებოდა, ხოლო სხდომის ოქმი წინასწარ იყო შედგენილი. აღნიშნულ ფაქტზე პროტესტი განაცხადა თ. ვ-მ, რაც არ ყოფილა საბჭოს სხვა წევრების მიერ გაზიარებული. მოსარჩელის განმარტებით, აკადემიური საბჭოს არც ერთი ის მოსაზრება, რომელიც საფუძვლად დაედო მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას, არ არის დასაბუთებული და არ შეესაბამება სინამდვილეს. აკადემიის წევრების მოსაზრებების უსაფუძვლობაზე მეტყველებს აკადემიის პროფესორ-მაწავლებლებისა და სტუდენტების მიმართვა (98 ხელმოწერით), რომლითაც ისინი მოითხოვენ რექტორის თანამდებობაზე ი. პ-ის აღდგენას. რექტორად მუშაობის პერიოდში ი. პ-ი ყველა ღონეს ხმარობდა, რათა სტუდენტებისათვის შეექმნა განათლების თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული ბაზა და ხელი შეეწყო აკადემიის საერთაშორისო სარბიელზე წარდგენაში. სწორედ ამის თაობაზეა საუბარი გ-ს ინსტიტუტის დირექტორის, დოქტორ შ. ვ-ის მიერ ..... აკადემიისადმი გაგზავნილ წერილში. მოსარჩელის მითითებით, სარჩელის დაკმაყოფილებას შედეგად მოყვება აკადემიური საბჭოს 2012 წლის 9 აგვისტოს იმ ოქმის მოქმედების აღდგენა, რომლითაც ის არჩეულ იქნა ..... აკადემიის რექტორის თანამდებობაზე, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ის აღდგენილ იქნება თანამდებობაზე და შესაძლებლობა ექნება, მოითხოვოს განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

............................ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სარჩელში არ არის მითითებული სადავო ოქმის ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. სხდომა მოწვეულ იქნა და ჩატარდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ..... წესდებით დადგენილი წესით, აკადემიური საბჭოს წევრთა ნება გამოვლენილია და მას გააჩნია სათანადო არგუმენტაცია. სადავო გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველია მცირე ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა, რაზეც მეტყველებს რექტორის კაბინეტში განსათავსებლად გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე სამეულის შეძენა 15 500 ლარად, 2012 წლის 27 სექტემბერს დამტკიცებული საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო, რომლის შესაბამისად რექტორის ხელფასი 2000 ლარიდან 5250 ლარამდე გაიზარდა, მისი შემდგომი თანამდებობების ხელფასი კი უცვლელი დარჩა, ამასთან, ი. პ-მა რექტორად მუშაობის რამდენიმე თვიან პერიოდში პრემიის სახით 28 500 ლარი მიიღო, ასევე, ი. პ-ის მოთხოვნით ი. დ-ს გაუფორმდა შრომითი ხელშეკრულება „ეიჩ-არ“-ის თანამდებობაზე თვეში 3750 ლარის ოდენობით თანამდებობრვი სარგოს განსაზღვრით, ხოლო ნ. ჩ-სა და ა. ჩ-ს გაუფორმდათ შრომითი ხელშეკრულებები „მოდის ისტორიაში საავტორო ლექციების კურსის“ ჩასატარებლად ყოველთვიურად 1250 და 375 ლარის ანაზღურებით, რაც არ შეესაბამება აკადემიაში არსებულ ხელფასებს. 2012 წლის 26 დეკემბერს სამხატვრო აკადემიის მოვალეობის შემსრულებელსა და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს ჯგუფური განცხადებით მიმართეს დ-ის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტებმა, რომლითაც მიუთითეს კონკურსის შედეგად შერჩეული ახალი პედაგოგის მიმართ უკმაყოფილლებაზე და მოითხოვეს მისი შეცვლა კონკურსის შედეგად გათავისუფლებული ძველი პედაგოგით. დასახელებული გარემოება მეტყველებს ი პ-ის ხელმძღვანელობით ჩატარებული კონკურსის გამო სასწავლო პროცესის შეფერხებაზე. სადავო გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველია კონკურსის ჩატარება ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიების მეშვეობით გამჭირვალე კრიტერიუმების გარეშე, რაც გახდა გამოცდილი პედაგოგების აკადემიის მიღმა დარჩენისა და სწავლის პროცესის შეფერხების საფუძველი. მოსარჩელის მიერ მითითებულ მიმართვას ხელს აწერენ ადამიანები, რომელთაც კავშირი არ აქვთ ..... აკადემიასთან. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ აკადემიაში სწავლობს 1500 სტუდენტი და ასწავლის 300-ზე მეტი პედაგოგი. ამდენად, ხელმომწერთა მცირე ჯგუფის მიერ ხელმოწერილი მიმართვა ვერ დაადასტურებს აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სიმცდარეს.

ი. პ-ის მიმართ ....................... წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა 2012 წლის 9 აგვისტოს ჩატარებული ................... რექტორის თანამდებობის დასაკავებელი არჩევნების შედეგის ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: 2012 წლის 9 აგვისტოს ჩატარებულ რექტორის თანამდებობის დასაკავებელ არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ ავტონომიურ პროცესებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მისი ხელმძღვანელობის ჩარევა უხეშად არღვევდა უნივერსიტეტის ავტონომიურობის ძირითად პრინციპს. არჩევნები წარიმართა არამართლზომიერი ძალდატანების, იძულებისა და ზეწოლის პირობებში, რისი მიზანიც იყო სამინისტროს ხელმძღვანელობის სასურველი კანდიდატის - ი. პ-ის რექტორად არჩევა. საბჭოს წევრთა იძულების მიუხედავად, 2012 წლის 16 თებერვალს ჩატარდა არჩევნები, რომელშიც ნ. ლ-მ მოიპოვა ხმათა უმრავლესობა, ი. პ-ს კი არცერთი ხმა არ მოუპოვებია. მუქარის შესაბამისად, სამინისტრომ გამოითხოვა საარჩევნო დოკუმენტაცია და მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის N3/60 ბრძანებით არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი. აღნიშნული ბრძანება გამოიცა კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით, თუმცა გასაჩივრებული არ ყოფილა, ვინაიდან აკადემიას ამ უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლის რესურსი არ გააჩნდა. აკადემიური საბჭოს წევრებზე განხორციელებული მუქარა ...... აკადემიის გაუქმების, მისი სხვა სასწავლებელთან მიერთების, ასევე, მოქმედი ”აკადემიური საბჭოს” დაშლისა თუ დათხოვნის მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა ეს მუქარა არ იყო მიმართული უშუალოდ საბჭოს თითოეული წევრის სიცოცხლისა და თუ ქონების მისამართით, აუცილებლად უნდა შეფასდეს, როგორც ”იძულება”, რომელსაც თავისი ხასიათით შეეძლო გავლენა მოეხდინა პირზე და აფიქრებინა, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. რექტორის არჩევნებისათვის კანონით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას. არჩევნები არ იყო ”თავისუფალი”, იგი არ იყო ”თანასწორი”. ი. პ-ი, აკადემიურ საბჭოს ერთი წლის უფლებამოსილების გაუთვალისწინებლად, 4 წლის უფლებამოსილების ვადით იქნა არჩეული, რაც ეწინააღმდეგება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტს.

ი. პ-მა შეგებებული სარჩელი არ ცნო, მიიჩნია ის უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად, რის გამოც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით: 2012 წლის 9 აგვისტოს თბილისის ......... აკადემიურმა საბჭომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ფარული კენჭისყრით ჩაატარა ....................... რექტორის თანამდებობის დასაკავებელი არჩევნები. აკადემიური საბჭოს ხუთივე წევრმა თავისი დადებითი ხმა ი. პ-ის კანდიდატურას მისცა. ამჟამად ................. ასაჩივრებს აკადემიური საბჭოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ აკადემიური საბჭო არის ............ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, ცხადი გახდება, რომ წინამდებარე შეგებებული სარჩელით .................... რეალურად უჩივის საკუთარ თავს იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც მისმა უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ სრულიად კანონიერად მიიღო 2012 წლის 9 აგვისტოს. ი. პ-ი არ წარმოადგენს მოცემული შეგებებული სარჩელის რეალურ მოპასუხეს. შეგებებული სარჩელის ავტორს არ გააჩნია მოთხოვნის იურიდიული ინტერესი. ამასთან, შეგებებული სარჩელის ავტორი მოითხოვს ............... აკადემიური საბჭოს იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომელიც 2012 წლის 13 ნოემბერს თავისი გადაწყვეტილებით უკვე ცნო ბათილად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ი. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ................... შეგებებული სარჩელი კი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ .................. 2012 წლის 9 აგვისტოს ჩატარებული ა(ა)იპ .................. რექტორის თანამდებობის დასაკავებელი არჩევნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ი. პ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით ი. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო საასმართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

რექტორ გ. ბ-ის .................... რექტორის თანამდებობაზე ყოფნის კანონით დადგენილი ზღვრული ვადის 2012 წლის 13 თებერვალს ამოწურვის გამო, 2011 წლის 28 დეკემბერს ...... აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რექტორის თანამდებობის დასაკავებელი არჩევნების გამოცხადების თაობაზე. ...... აკადემიური საბჭოს სხდომა დაინიშნა 2012 წლის 14 თებერვალს;

არჩევნების გამოცხადების შემდეგ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ მოხდა .... აკადემიური საბჭოს წევრთა მიწვევა მინისტრ ნ. რ-სთან არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც მან საბჭოს წევრებს წარუდგინა მისი მეგობარი, ქალბატონი ი. პ-ი. შეხვედრაზე ითქვა, რომ ..... რექტორის მომავალ კონკურსში მინისტრი მხარს უჭერდა ი. პ-ის კანდიდატურას, რის შემდგომაც მინისტრმა საბჭოს წევრებს შესთავაზა, მხარი დაეჭირათ მისი კანდიდატურისათვის. ამ შეთავაზებას თან ახლდა დაპირება, რომლის მიხედვით, აკადემიური საბჭოს მიერ რექტორად ი. პ-ის არჩევის შემთხვევაში სამინისტრო იზრუნებდა თბილისში, გ-ის ქ.№22-ში მდებარე ............... ისტორიული შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხების მოძიებაზე, ამის გარდა, .................... საბიუჯეტო დაფინანსება აუცილებლად გაიზრდებოდა (2013 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმი, მოწმედ დაკითხული აკადემიური საბჭოს წევრების - დ. თ-ის, თ. ვ-ის, თ. ბ-ას, ლ. ჩ-ის ჩვენებები);

არჩევნების პერიოდში, სახელდობრ, კენჭისყრისათვის 2012 წლის 16 თებერვალს დანიშნულ საბჭოს სხდომამდე, რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი ნ. ღ-ე და .... კანცლერი, ბატონი კ. ტ-ე მიიწვიეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელსაც სამინისტროს მხრიდან დაესწრო მინისტრის სამი მოადგილე: დ. ც-ე, გ. ყ-ი და მ. ჭ-ი. შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან ითქვა, რომ მინისტრის კანდიდატურის - ი. პ-ის არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, გამოითხოვდა საარჩევნო დოკუმენტაციას და ნებისმიერი ფორმალური საფუძვლით გააუქმებდა ….. აკადემიის რექტორის არჩევნების შედეგებს, მინისტრის პოზიციის გაუთვალისწინებლობის, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სამინისტრო გამოაცხადებდა …… აკადემიის სრულ რეორგანიზაციას, შეუცვლიდა მას ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, თუნდაც, გააერთიანებდა მის დაქვემდებარებაში მყოფ სხვა სახელოვნებო უნივერსიტეტთან, რის შემდეგაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ერთპიროვნულად დანიშნავდა მათთვის სასურველ კანდიდატურას. ამასთან, ორივე მიწვეულ პირს დაავალეს მათი ნათქვამი გადაეცათ არა მარტო საბჭოს წევრებისათვის, არამედ მთელი პედაგოგიური კოლექტივისათვის (2013 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმი, მოწმედ დაკითხული ნ. ღ-ის და კ. ტ-ის ჩვენებები);

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაღალი თანამდებობის პირები - მინისტრის სამი მოადგილე ზემოაღნიშნულ არაფორმალურ შეხვედრაზე ნ. ღ-ს აიძულებდნენ, უარი ეთქვა რექტორის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე. მიუხედავად ამისა, ნ. ღ-ს თავისი კანდიდატურა არ მოუხსნია (2013 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმი, მოწმედ დაკითხული ნ. ღ-ისა და კ. ტ-ის ჩვენებები);

….. აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრს - თ. ბ-ას ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე - დ. ქ-ა, რომელმაც განუცხადა მას, რომ სამინისტროს გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში პრობლემები შეექმნებოდა (2013 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმი, მოწმედ დაკითხული თ. ბ-ას ჩვენება);

თსსა აკადემიური საბჭოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, რექტორის არჩევნებთან დაკავშირებული აკადემიური საბჭოს სხდომა ჩატარდა 2012 წლის 14 თებერვალს. აკადემიურმა საბჭომ დაადასტურა გ. ბ-ის, როგორც …. რექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტა. ამის შემდეგ დაიწყო არჩევნების პროცედურული საკითხების გავლა, რა დროსაც საბჭოს წევრმა, ბატონმა გ. ი-მა განაცხადა, რომ სასურველი იქნებოდა კენჭისყრამდე დამატებითი კონსულტაციების გავლა ფაკულტეტთან, კოლეგებთან, კანდიდატების მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმების სიღრმისეული შესწავლა. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, …. რექტორის არჩევნების თაობაზე გამართული სხდომის გაგრძელება დადგინდა 16 თებერვალს, 1200 საათზე;

2012 წლის 16 თებერვალს ჩატარებულ ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო აკადემიური საბჭოს ოთხმა წევრმა: დ. თ-მა, თ. ვ-მ, ლ. ჩ-მ და თ. ბ-ამ. საბჭოს მეხუთე წევრმა - გ. ი-მა, ვისი თხოვნითაც გადაიდო საბჭოს სხდომა, სასამართლოსათვის უცნობი მიზეზით, უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე და გადადგა აკადემიური საბჭოს წევრობიდან. ფარული კენჭისყრის შედეგად ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: 1. გ. გ-ი - 0 ხმა; 2. ნ. ღ-ე - 4 ხმა; 3. ნ. ბ-ა - 0 ხმა; 4. ი. პ-ი - 0 ხმა. არჩევნების შედეგად .... რექტორად, აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არჩეულ იქნა ნ. ღ-ე;

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2012 წლის 20 თებერვლის №22/13/553 წერილით .... აკადემიიდან გაითხოვა საარჩევნო დოკუმენტაცია;

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა 2012 წლის 21 თებერვალს გამოსცა №N3/60 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ...... რექტორის არჩევნების ბათილად ცნობის თაობაზე“, სახელდობრ, ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ...... აკადემიის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 14 თებერვლის N1 სხდომის ოქმი და 2012 წლის 16 თებერვლის N2 ფარული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი. ბრძანებაში არჩევნების ბათილად ცნობის საფუძვლად მიეთითა ..... წესდების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობა - აკადემიის წესდებით რექტორის არჩევნების ჩასატარებლად დადგენილი ვადების დარღვევა. ასეთი დარღვევის არსებობა სამინისტროს მხრიდან დასაბუთებული არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლომ აქვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, როგორც ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ (სახელდობრ, მინისტრმა ზემოაღნიშნული ბრძანებით) საჩივრის არქონის გარეშე ცნო ბათილად სსიპ ..... აკადემიური საბჭოს ზემოდასახელებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რა დროსაც უგულებელყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო;

მიუხედავად იმისა, რომ .................. (და მისი აკადემიური საბჭო) არ ეთანხმებოდა მინისტრის ბრძანებას, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ურთიერთობის მეტად გამწვავების თავიდან ასაცილებლად ....... აკადემიურმა საბჭომ 2012 წლის 2 მარტს მოწვეულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება მინისტრის ბრძანების გასაჩივრებაზე უარის თქმისა და რექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად აკადემიური საბჭოს წევრის - თ. ვ-ის დანიშვნის თაობაზე;

................... მხოლოდ 2012 წლის 5 მარტს გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ 2012 წლის 29 თებერვალს საქართველოს მთავრობამ მიიღო№N75 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ......................... რეორგანიზაციის შესახებ“, რომლის 1.1 მუხლის თანახმად, სსიპ ................................... 2012 წლის 20 მარტამდე რეორგანიზებულ უნდა ყოფილიყო არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად - ............................... მოხმობილი დადგენილების 1.3 მუხლის თანახმად, ა(ა)იპ ............................. რექტორის მოვალეობის შესრულება დაევალა ი. პ-ს, რომლის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა კანონმდებლობით დადგენილი წესით რექტორის არჩევამდე;

...................... რეორგანიზაცია (ისევე, როგორც რექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის დანიშვნა), მოხდა აკადემიისათვის ამ მნიშვნელოვან საკითხებზე წინასწარ ინფორმაციის მიწოდების, აკადემიაში მათი განხილვის და შესაბამისად, მათზე აკადემიის პოზიციის გაცნობის და გათვალისწინების გარეშე (2013 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმი, მოწმეთა ჩვენება);

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2012 წლის 20 მარტის №11/13/965 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ა(ა)იპ ..................... აკადემიის რეგისტრაციაში გატარების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა;

.................. აკადემიის რეორგანიზაციის დაწყების შემდგომ, აკადემიური საბჭოს წევრი - თ. ვ-ე და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი - დ. ა-ე საკუთარი ინიციატივით შეხვდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს - ნ. რ-ას. განვლილ არჩევნებზე საუბრისას თ. ვ-მ განაცხადა, რომ აკადემიურ საბჭოს სურდა მინისტრთან დაძაბული ურთიერთობების გამოსწორება, რა მიზნითაც საბჭო მზად იყო თანამშრომლობისათვის. აღნიშნულის პასუხად, მინისტრმა არ დამალა თავისი განზრახვა აკადემიური საბჭოს დათხოვნისა და ახალი საბჭოს ფორმირების თაობაზე, თუმცა, აკადემიური საბჭოს წევრისაგან ასეთი დაპირების გათვალისწინებით, მან გამოთქვა მზადყოფნა არსებულ აკადემიურ საბჭოსთან თანამშრომლობის გაგრძელების და ვადის ამოწურვამდე საბჭოს ხელუხლებლად დატოვების თაობაზე (2013 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმი, მოწმეთა ჩვენება);

ი. პ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შემდგომ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ძალისხმევით (იმ დაპირების შესაბამისად, რაც მინისტრმა განუცხადა მასთან მიწვეულ აკადემიური საბჭოს წევრებს, მოსარჩელის რექტორად არჩევის შემთხვევაში, შენობის გადარჩენისათვის ზრუნვასთან დაკავშირებით), მოხდა შენობის პირველადი გამაგრებითი სამუშაოებისათვის 1 მილიონი ლარის გამოყოფა. აღნიშნული სახსრები გამოიყო საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №N797 განკარგულების საფუძველზე, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განხორციელებული პროექტების ფონდიდან;

2012 წლის 25 ივნისს, რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ი პ-ის ინიციატივით, .... აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რექტორის თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის გამოცხადების შესახებ. აკადემიური საბჭოს სხდომა (არჩევნები) დაინიშნა 2012 წლის 9 აგვისტოს;

2012 წლის 9 აგვისტოს დანიშნული .............. აკადემიის რექტორის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია არცერთ სხვა კანდიდატს, გარდა ი. პ-ისა. არჩევნებში მონაწილე ერთადერთ კანდიდატს ხმა მისცა აკადემიური საბჭოს ხუთივე წევრმა;

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე დადგენილი ზემოდასახელებული ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან საკმარის საფუძველს იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ 2012 წლის 9 აგვისტოს არჩევნები არ გამოხატავდა ..... აკადემიური საბჭოს, მის წევრთა ნამდვილ, რეალურ ნებას, არამედ არჩევნების დამდგარი შედეგი განაპირობა მესამე პირის მხრიდან, თვეების განმავლობაში, მათ მიმართ განხორციელებულმა მუქარამ და იძულებამ.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, .................. აკადემიის უმაღლესი ორგანოს - აკადემიური საბჭოს მიერ 2012 წლის 9 აგვისტოს ჩატარებული ..... რექტორის არჩევნები წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებას, რომელშიც გამოვლინდა მხარეთა ნება, მიმართული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ. სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

დადგენილი გარემოებების შესაბამისად სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლით, რომლის მიხედვით, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან.

2012 წლის 9 აგვისტოს ჩატარებული ..... რექტორის თანამდებობის დასაკავებელი არჩევნების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა(ა)იპ ................... აკადემია წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს, ი. პ-ი კი - სათანადო მოპასუხეს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იძულებით დადებული გარიგება ბათილი გარიგებაა, რომელიც პირის ნების საწინააღმდეგოდ იდება და იძულება შეიძლება მომდინარეობდეს როგორც გარიგების მონაწილე მხარისაგან, ასევე მესამე პირებისაგანაც. სასამართლოს განმარტებით, იძულებით დადებული გარიგების შეცილების უფლება გარიგების მეორე მხარის მიმართ აქვს იმ მხარეს, რომლის მიმართაც განხორციელდა იძულება, რაც შეეხება მესამე პირებს, რომელთა მხრიდანაც იძულება მომდინარეობდა, აღნიშნული ფაქტი გარიგების ბათილობის საფუძველია და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, რაც საქმეშია წარმოდგენილი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა(ა)იპ ........................ აკადემია, როგორც გარიგების ერთი მხარე, საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მართლზომიერად ახორციელებს შეცილებას გარიგების მეორე მხარის - ი. პ-ის მიმართ. სასამართლომ აქვე შენიშნა, რომ ა(ა)იპ ............. აკადემიის სარჩელი 2012 წლის 9 აგვისტოს ჩატარებული ...... რექტორის თანამდებობის დასაკავებელი არჩევნების ბათილად ცნობის თაობაზე, განეკუთვნება აღიარებით სარჩელთა კატეგორიას და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში აშკარად გამოკვეთილია შეგებებული სარჩელის ავტორის - ა(ა)იპ ................. აკადემიის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, მიმართული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაკენ.

გარიგების ნამდვილობასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ: მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას, გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ამდენად, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არამხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისაგან.

სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ნების ფორმირების დროს ........... აკადემიის გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ პირთა მიმართ მესამე პირის (მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების) მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რის შედეგადაც შეგებებული სარჩელის ავტორი იძულებული გახდა, ............... აკადემიის რექტორად 4 წლის ვადით აერჩია ქალბატონი ი. პ-ი.

სასამართლომ იხელმძღვანელა, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლით, რომლის მიხედვით, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.

კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირთა მუქარა, რომ 2012 წლის 9 აგვისტოს არჩევნებში ი. პ-ის აურჩევლობის შემთხვევაში, ....... აკადემია გაუქმდებოდა - სხვა სასწავლებელს მიუერთდებოდა, რაც ფაქტობრივად ნიშნავდა აკადემიის პერსონალის სტაბილური შემოსავლის, არსებობისთვის აუცილებელ ხელფასის გარეშე დარჩენას, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის იმ დანაწესის რეგულირების ფარგლებში, სადაც საუბარია ქონების დაკარგვის მუქარაზე. სასამართლოს განმარტებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში ყველა სახის აქტივი, იმ მოთხოვნების ჩათვლით, რომელთან მიმართებითაც პირს გააჩნია სულ მცირე ლეგიტიმური მოლოდინი (რომელიც უნდა იყოს უფრო კონკრეტული, ვიდრე მხოლოდ უბრალო სურვილი/იმედი), რომ რეალურად განხორციელდება, კვალიფიცირდება ქონებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მიმართ განხორციელდა ისეთი სახის იძულება, რომელიც მას აფიქრებინებდა, რომ მის ქონებას რეალური საფრთხე ემუქრებოდა, რაც 2012 წლის 9 აგვისტოს ჩატარებული ..... რექტორის თანამდებობის დასაკავებელი არჩევნების ბათილად ცნობის საფუძველია. გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სახელოვნებო-საგანმანათლებლო სფეროს მცირე მასშტაბის გათვალისწინებით, ........... აკადემიის გაუქმების მუქარა დაკავშირებულია, ასევე, მისი თითოეული თანამშრომლის, მათ შორის აკადემიური საბჭოს წევრების, პროფესიული თვითრეალიზაციის და სოციალური სტატუსის დაკარგვასთან.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რამდენადაც 2012 წლის 9 აგვისტოს ჩატარებული ........... რექტორის თანამდებობის დასაკავებელი არჩევნების ბათილად ცნობა გამორიცხავს ამ არჩევნების შედეგად არჩეული რექტორის - ი. პ-ის სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობას, საფუძველს მოკლებულია პირვანდელი სასარჩელო მოთხოვნის - ი. პ-სათვის ვადაზე ადრე რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ...... აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. პ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და სასამართლოს პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას იმის შესახებ, ირღვევა თუ არა კანონმდებლობა იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულ პირს ერთმევა უფლება, წინასწარ მიიღოს შეტყობინება დასაქმების შეწყვეტის შესახებ. ამ მხრივ განჩინებაში ჩამოყალიბებული პოზიცია განსხვავდება უზენაესი სასამართლოს მიერ იმავე კატეგორიის საქმეებზე მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (მაგალითისათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ას-838-889-2011);

სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს შეკითხვას იმის შესახებ, არის თუ არა სათანადო მოსარჩელე კერძო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-86 მუხლების დარღვევის საფუძვლით სარჩელის აღძვრისას, მაშინ, როდესაც ფიზიკური პირები (აღნიშნული იურიდიული პირების თანამშრომლები) უშუალოდ არ მიმართავენ სასამართლოს და არ ასაჩივრებენ იმ გარიგებას, რომელიც კერძო სამართლის იურიდიული პირის თვალსაზრისით, დაიდო აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე თითქოსდა განხორციელებული იძულების შედეგად;

ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის ასევე მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს, არის თუ არა სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებული იმ შემთხვევაში, თუ მასში საერთოდ არ არის ნამსჯელი სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ პოზიციასა და იმ მტკიცებულებებზე, რომლებითაც გამყარებულია აღნიშნული პოზიცია;

ევროპის სოციალური ქარტია 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე დაუსაბუთებლად, საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანწესიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობაზე (წარმომადგენლობაზე) უფლებამოსილ პირთა ურთიერთობა არ შეიძლება განმარტებულ იქნეს, როგორც აადემიური საბჭოსათვის ცალმხრივი უფლების მიმნიჭებელი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაათავისუფლოს დასაქმებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებით, მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი სამოქალაქო უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ი. პ-ის სამუშაოდან გათავისუფლების მართლზომიერებაზე, რითაც დაარღვიაზ ემოაღნიშნული ნორმები.

სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანა აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებებზე მსჯელობის გარეშე არღვევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მოთხოვნას;

იმ შემთხვევაში, როდესაც ........... აკადემიის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომა ჩატარდა აკადემიის რექტორის, ი. პ-ის სხდომაზე მოწვევის გარეშე, დაირღვა „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით (№ას-838-889-2011 საქმეზე) დადგენილი პრაქტიკა;

იმ შემთხვევაში, როდესაც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2012 წლის 09 აგვისტოს აკადემიიის რექტორის არჩევნები ჩატარდა აკადემიურის საბჭოს წევრებზე განხორციელებული იძულების შედეგად, მის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-86-ე მუხლების, აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მოთხოვნები;

სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში არცერთი სიტყვით არ არის ნამსჯელი ჩვენს სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა თანახმად, თსს აკადემიის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე განხილული იქნა საკითხი 2012 წლის 9 აგვისტოს რექტორის არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ. აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომის ოქმში არსად არის მითითებული, რომ 2012 წლის 9 აგვისტოს ი. პ-ის რექტორად არჩევა განხორციელდა კანონდარღვევით. არც სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რატომ ეყარა კენჭი აკადემიიის საბჭოს 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე 9 აგვისტოს ჩატარებული რექტორის არჩევნების ბათილად ცნობას ან საერთოდ რატომ დადგა აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში სრულიად დაუსაბუთებლად იქნა მითითებული, რომ 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომის ოქმში დაშვებული იქნა ტექნიკური ხარვეზი და სინამდვილეში კენჭი ეყარა არა 2012 წლის 9 აგვისტოს რექტორის არჩევნების ბათილად ცნობას, არამედ ი. პ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებას რექტორის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო;

სააპელაციო საჩივრის პირველ ფაქტობრივ უსწორობაში აღნიშნული იყო შემდეგი: „სასარჩელო განცხადებაში, №3 ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 2012 წლის 13 ნოემბერს, ი. პ-სათვის შეუტყობინებლად, ..... აკადემიაში ჩატარდა აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელმაც ბათილად ცნო 2012 წლის 9 აგვისტოს ი. პ-ის რექტორად არჩევის შედეგები, შეუწყვიტა მას უფლებამოსილება და გაათავისუფლა სამსახურიდან. აღნიშნულ ოქმს საფუძვლად დაედო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №1“. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად სასამართლოს წარედგინა აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომის ოქმი და საარჩევნო კომისიის მიერ 2012 წლის 13 ნოემბერს შედგენილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №1. მოპასუხემ თავის შესაგებელში აღნიშნა, რომ ი. პ-ის სარჩელში მითითებულ №3 ფაქტობრივ გარემოებას იგი მთლიანად ეთანხმება, ანუ მან დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 2012 წლის 13 ნოემბერს, ი. პ-სათვის შეუტყობინებლად, ..... აკადემიაში ჩატარდა აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელმაც ფარული კენჭისყრით ბათილად სცნო 2012 წლის 9 აგვისტოს ი. პ-ის რექტორად არჩევის შედეგები, შეუწყვიტა უფლებამოსილება და გაათავისუფლა სამსახურიდან. ამავე დროს აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომის ოქმში არსად არის მითითებული, რომ 2012 წლის 9 აგვისტოს ი. პ-ის რექტორად არჩევა განხორციელდა კანონდარღვევით. შესაბამისად, გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რატომ ეყარა კენჭი აკადემიიის საბჭოს 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე 9 აგვისტოს ჩატარებული რექტორის არჩევნების ბათილად ცნობას ან საერთოდ რატომ დადგა აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე .... აკადემიიის წარმომადგენელი შეეცადა, რომ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომის ოქმის დღის წესრიგში მითითებული საკითხი იმის შესახებ, რომ აღნიშნულ სხდომაზე იხილებოდა 2012 წლის 9 აგვისტოს რექტორის არჩევნების ბათილად ცნობა, აგრეთვე კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირებული ფორმულირება იმის თაობაზე, რომ კენჭი ეყარა .... აკადემიიის 2012 წლის 9 აგვისტოს რექტორის არჩევნების ბათილად ცნობას, წარმოადგენდა ტექნიკურ ხარვეზს. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით მთლიანად იქნა დადგენილი ის გარემოება, რომ არავითარ ტექნიკურ ხარვეზს ადგილი არ ჰქონია და 2012 წლის 13 ნოემბერს აკადემიური საბჭოს მიერ ნამდვილად ეყარა კენჭი 2012 წლის 9 აგვისტოს ჩატარებული რექტორის არჩევნების ბათილად ცნობას, კერძოდ, სასამართლო პროცესზე დაკითხულმა ..... აკადემიური საბჭოს წევრმა ლ. ჩ-მ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ კრების დღის წესრიგი შედგენილი იქნა აკადემიური საბჭოს 3 წევრის - ლ. ჩ-ის, თ. ბ-ასა და ქ. ქ-ის მიერ. მანვე განმარტა, რომ ოქმის შედგენის დროს კონსულტაციისათვის მიმართეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიის იურისტებს. ლ. ჩ-ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ იგი არ იყო კმაყოფილი 2012 წლის 9 აგვისტოს ჩატარებული რექტორის არჩევნების შედეგებით. იგივე დაადასტურეს მოწმეებმა თ. ბ-ამ, ქ. ქ-მ და დ. თ-მა. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ აკადემიურმა საბჭოს წევრმა დ. თ-მა 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომის ოქმზე ხელის მოწერის დროს გააკეთა მინაწერი, სადაც აღნიშნა შემდეგი: „ვთვლი, რომ 2012 წლის 9 აგვისტოს არჩევნები ულოგიკოა და მისი გაუქმება იურიდიულად გამართულ მდგომარეობაში დაგვაბრუნებს“. ხმის დამთვლელი კომისიის წევრების - თ. გ-ას, ბ. ნ-ისა და ნ. გ-ის მიერ, მათი მოწმის სახით დაკითხვის დროს დადასტურებული იქნა, რომ მათ მიერ დადგინდა ბიულეტენები, რომლითაც უნდა გარკვეულიყო, ბათილად იქნებოდა თუ არა ცნობილი აკადემიიის 2012 წლის 9 აგვისტოს რექტორის არჩევნების შედეგები. აქედან გამომდინარე, სრულიად ნათელია, რომ აკადემიური საბჭოს წევრების მიერ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგში შეგნებულად იქნა შეტანილი საკითხი 2012 წლის 9 აგვისტოს რექტორის არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ, რასაც იმავე დღეს ეყარა კენჭი;

აკადემიური საბჭოს წევრმა თ. ვ-მ მისივე განცხადებით უშუალოდ სხდომაზე შეიტყო სხდომის დღის წესრიგში შეტანილი საკითხების შესახებ, მისივე განმარტებით, აკადემიური საბჭოს წევრი დ. თ-ი სხდომაზე საერთოდ არ იმყოფებოდა, ხოლო სხდომის ოქმი წინასწარ იყო შედგენილი და დაბეჭდილი. მასში წინასწარვე იყო ასახული კენჭისყრის შედეგებიც, რის გამოც პროფესორმა თ. ვ-მ პროტესტი განაცხადა და მოითხოვა ბიულეტენის უკან დაბრუნება, რათა საერთოდ არ მიეღო მონაწილეობა კენჭისყრაში, თუმცა უარი მიიღო. სასამართლო პროცესზე თ. ვ-მ დაადასტურა, რომ მას 2012 წლის 13 ნოემბრის აკადემიური საბჭოს სხდომის შესახებ შეატყობინეს სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე. მანვე განაცხადა, რომ 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომა ფაქტობრივად წარმოადგენდა აკადემიური საბჭოს რამდენიმე წევრის შეთქმულებას ი. პ-ის წინააღმდეგ, რასაც თ. ვ-მ მხარი არ დაუჭირა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ .... აკადემიიის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე განხილული იქნა საკითხი 2012 წლის 9 აგვისტოს რექტორის არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ, რომელსაც იმავე დღეს ეყარა კენჭი. ამავე დროს აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომის ოქმში არსად არის მითითებული, რომ 2012 წლის 9 აგვისტოს ი. პ-ის რექტორად არჩევა განხორციელდა კანონდარღვევით. შესაბამისად, გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რატომ ეყარა კენჭი აკადემიის საბჭოს 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე 9 აგვისტოს ჩატარებული რექტორის არჩევნების ბათილად ცნობას ან საერთოდ რატომ დადგა აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში სრულიად დაუსაბუთებლად მითითებულია, რომ 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომის ოქმში დაშვებული იქნა ტექნიკური ხარვეზი და სინამდვილეში კენჭი ეყარა არა 2012 წლის 9 აგვისტოს რექტორის არჩევნების ბათილად ცნობას, არამედ ი. პ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებას რექტორის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო;

ზემოაღნიშნული გარემოებები დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება; ბ) .... აკადემიიის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომით ოქმი; გ) .... აკადემიიის აკადემიური საბჭოს საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №1; დ) მოწმეების - ლ. ჩ-ის, თ. ბ-ას, ქ. ქ-ის, თ. გ-ას, ბ. ნ-ისა და ნ. გ-ის სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებები; ე) .... აკადემიური საბოს 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომის ოქმის დანართი (აკადემიური საბჭოს წევრის – დ.თ-ის პოზიცია); ვ) თ. ვ-ის წერილობითი განცხადება, აგრეთვე სასამართლო პროცესზე თ. ვ-ის მიერ მიცემული ჩვენება; ზ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 09 იანვრის განჩინება. სამწუხაროდ, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში საერთოდ არ არის ნამსჯელი აღნიშნულ დარღვევებზე და ამ დარღვევების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამ ნაწილში იურიდიულად დასაბუთებული არ არის;

არც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში და არც სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი ჩვენი სააპელაციო საჩივრის იმ პოზიციაზე, რომლის თანახმად, ი. ო-ის არმიწევევა .... აკადემიიის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე წარმოადგენდა კანონის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას. .... აკადემიიის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომა ჩატარდა აკადემიიის რექტორის, ი. პ-ის სხდომაზე მოწვევის გარეშე, რათა, როგორც ოქმშია მითითებული, თავიდან აეცილებინათ მოსალოდნელი დაპირისპირება და ზეწოლა. სხდომის ოქმის აღნიშნული ჩანაწერი პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აკადემიურმა საბჭომ ი. პ-ს წაართვა უფლება, დასაბუთებული პასუხი გაეცა აკადემიური საბჭოს წევრებისათვის საინტერესო ყველა საკითხზე. ამავე დროს „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით აღიარებულია თითოეული მუშაკის მიერ მისი დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება, რაც მოსარჩელის მიმართ აშკარად და უხეშად იქნა დარღვეული;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის განმარტებით, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო აქტები, რომლებიც იცავს დასაქმებულს სამუშაოდან წინასწარი შეტყობინებისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გათავისუფლებისაგან. პალატამ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის 4.4 მუხლზე (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის 1876-რს დადგენილებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან), 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლზე (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) და განმარტა, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებასთან. ზემოაღნიშნული საერთაშორისო ნორმები იძლევა დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებული სოციალური სახელმწფიოს დამკვიდრების სახელმწიფოებრივი ნება პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან, რაც მოიცავს დასაქმებულის უფლების დაცვას;

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ........... აკადემიიის წესდების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აკადემიიის რექტორი წარმოადგენს აკადემიური საბჭოს წევრს და აქედან გამომდინარე, ი. პ-ი აკადემიური საბჭოს სხდომის მოწვევის თაობაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ინფორმირებული, რაც არ გაკეთებულა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისათვის განსაზღვრულია წესები“. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან) ურთიერთობა რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-71 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება, თუ მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა განცხადება რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ქ-ნი თ. კ-ის განცხადება .... აკადემიიის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა სხდომის მეორე დღეს, 2012 წლის 14 ნოემბერს, ცხადია, რომ 2012 წლის 13 ნოემბერს აკადემიური საბჭოს მიმდინარეობის დროს და მის შემდეგაც, მანამდე ვიდრე საჯარო რეესტრში არ იქნებოდა წარდგენილი უფლებამოსილი პირის განცხადება ი.პ-ის გათავისუფლების თაობაზე, იგი კვლავ რჩებოდა აკადემიის რექტორად და აკადემიურ საბჭოს არავითარი უფლება არ ჰქონდა აერჩია რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. შესაბამისად, აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი არჩეული უნდა ყოფილიყო აკადემიური საბჭოს მომდევნო სხდომაზე, მას შემდეგ, რაც მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინებოდა უფლებამოსილი პირის განცხადება. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში როდესაც აკადემიური საბჭოს მიერ 2012 წლის 13 ნოემბერს რექტორის მოვალეობის შესრულება დაევალა თ. კ-ს, დარღვეული იქნა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პრიმა პუნქტის მოთხოვნა. ჩვენი პოზიცია დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით: ა) .... აკადემიიის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომის ოქმი; ბ) ი. პ-ის სასარჩელო განცხადება; გ) ი. პ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ახსნა-განმარტება; დ) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება; ე) თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის განჩინება. არც პირველი ინსტანციასა და არც სააპელაციო სასამართლოში მოპასუხეს არავითარი პასუხი არ გაუცია ჩვენს პოზიციაზე. სამწუხაროდ, არც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში და არც სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი ჩვენს ზემოაღნიშნულ პოზიციის თაობაზე, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს პოზიცია აღნიშნულ ნაწილშიც იურიდიულად დაუსაბუთებელია;

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არ არის ნამსჯელი სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ მტკიცებულებებზე, რომლებითაც დასტურდება, რომ ი. პ-ის რექტორობის პერიოდში აკადემიის საბიუჯეტო ასიგნებების ხარჯვა ხორციელდებოდა კულტურის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად და ი. პ-ს კანონი არ დაურღვევია. სააპელაციო საჩივარში, ისევე როგორც სასარჩელო განცხადებაში მითითებულია, რომ ი. პ-ის რექტორობის პერიოდში აკადემიიის საბიუჯეტო ასიგნებების ხარჯვა ხორციელდებოდა კულტურის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად და ყოველი კვარტლის ბოლოს ხარჯვის ანგარიში ეგზავნებოდა კულტურის სამინისტროს. შემოსავლებიდან 30% ხმარდებოდა ადმინისტრაციას, დანარჩენი 70% კი - ფაკულტეტებს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ...... აკადემიის ფინანსური სამსახურის უფროსის, ა. ა-ის მოხსენებითი ბარათი;

2012 წლის 4 სექტემბერს აკადემიაში ჩატარდა აკადემიური საბჭოს სხდომა, რა დროსაც დადგინდა მოწვეულ პედაგოგთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ხუთი საფაკულტეტო დარგობრივი კომისიიის დაკომპლექტება 5 წევრის შემადგენლობით, მათ შორის იყო თავმჯდომარე, 2 მოწვეული წევრი და 2 წევრი აკადემიის ფაკულტეტიდან, ანუ აკადემიურმა საბჭომ განსაზღვრა საკონკურსო კომისიათა ფორმირებისა და მისი ჩატარების წესი. 2012 წლის 4-6 და 9-10 ოქტომბერს ..... აკადემიის შენობაში გაიმართა აკადემიის შტატგარეშე პედაგოგთა ვაკანტური ადგილების დასაკავებელი კონკურსი, გაფორმდა შესაბამისი ოქმები, რომლის შემდგომ 2012 წლის 10 ოქტომბერს შედგა შემაჯამებელი ოქმი, სადაც აისახა არჩევნების შედეგები, საარჩევნო კომისიებში აკადემიიის სხვა თანამშრომლებთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ თვით აკადემიური საბჭოს წევრები და აწერენ ხელს კომისიის ოქმებზე. კომისიის ოქმებში მითითებულია, რომ კომისიის წევრები მუშაობის დაწყებამდე გაეცნენ ...... აკადემიური საბჭოს 2012 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიიის მუშაობის პროცედურასთან დაკავშირებით;

სასარჩელო განცხადებაში და სასამართლო პროცესზე მიცემული ახსნა-განმარტების დროს ი. პ-მა განმარტა, რომ არ შეესაბამება სიმართლეს აკადემიურ საბჭოს სხდომის ოქმში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ თითქოს მას კომუნიკაციის პრობლემა გააჩნდა აკადემიიის პერსონალთან, რის გამოც შეფერხდა სასწავლო პროცესი და აკადემიაში ადგილი ჰქონდა დაძაბულობას;

ი. პ-ი ასევე აღნიშნავდა, რომ რექტორად მუშაობის პერიოდში მას არ დაუშურებია ძალისხმევა, რათა აკადემიის სტუდენტებისათვის შეექმნა განათლების თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული ბაზა და ხელი შეეწყო აკადემიიის საერთაშორისო სარბიელზე წარდგენაში;

პირველი ინსტანციის სასამართლოში, პროცესზე დაკითხულმა აკადემიური საბჭოს წევრებმა, ასევე აკადემიის კანცლერმა კ. ტ-მ, განმარტეს, რომ არავითარი პიროვნული პრობლემა ი. პ-ს მათთან არ ჰქონია და, ასევე, არ ჰქონია ადგილი ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვას. სასამართლო სხდომაზე ასევე დადასტურდა, რომ ...... აკადემიის წევრებს არ უხელმძღვანელიათ არც აუდიტის დასკვნით და არც სხვა დოკუმენტით, რომლითაც დადასტურდებოდა ი. პ-ის მიერ ფინანსური დარღვევის ფაქტები. მოსამართლე ა. კოხრეიძემ თავის გადაწყვეტილებაში ყოველგვარი ანალიზისა და დასაბუთების გარეშე, ფაქტობრივად, სიტყვა-სიტყვით გადაწერა მოპასუხის ყოვლად დაუსაბუთებელი პრეტენზიები იმის შესახებ, რომ თითქოს ..... აკადემია ი. პ-ის მიერ იმართებოდა ერთპიროვნულად, არამიზნობრივად ხდებოდა ფინანსების ხარჯვა და არსებობდა კომუნიკაციის პრობლემები ი. პ-ის მხრიდან;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მიჩნეული იქნა, რომ 2012 წლის 16 თებერვალს ჩატარებული, ..... აკადემიის რექტორის არჩევნების წინა პერიოდში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მესვეურთა მხრიდან განხორციელდა ზემოქმედება .... აკადემიის რამდენიმე თანამშრომელზე, რათა აკადემიის რექტორად არჩეული ყოფილიყო კულტურის სამინისტროსათვის სასურველი კანდიდატურა. 2012 წლის 16 თებერვალს ჩატარდა აკადემიის რექტორის არჩევნები და რექტორად არჩეული იქნა ნ. ღ-ე, თუმცა კულტურის მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის №3/60 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 16 თებერვლის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. კულტურის მინისტრის აღნიშნული ბრძანება გასაჩივრებული არ ყოფილა. 2012 წლის 9 აგვისტოს ჩატარდა ..... აკადემიის რექტორის არჩევნები, რომელზეც ფარული კენჭისყრის შედეგად აკადემიის საბჭოს ყველა წევრის მიერ აკადემიის რექტორად არჩეული იქნა ი. პ-ი. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ავტორთა მიერ სრულიად დაუსაბუთებლად, გადაუმოწმებლად და მიკერძოებით მიჩნეული იქნა, რომ 2012 წლის 16 თებერვალს ჩატარებული რექტორის არჩევნების წინა პერიოდში კულტურის სამინისტროში შემდგარი საუბარი მინისტრის მოადგილეებსა და აკადემიიის წარმომადგენლებს შორის წარმოადგენდა მუქარასა და იძულებას, რამაც გავლენა იქონია 2012 წლის 9 აგვისტოს ჩატარებული რექტორის არჩევნების შედეგებზე. სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო ..... აკადემიის აკადემიური საბჭოს წვრების მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებებზე, საიდანაც ნათლად დადასტურდა, რომ 2012 წლის 9 აგვისტოს გამართული არჩევნების დროს მათზე არავითარი ზემოქმედება არ განხორციელებულა. კერძოდ, ასეთი ჩვენება მისცეს ლ. ჩ-მ, დ. თ-მა, თ. ბ-ამ, ქ. ქ-მ, თ. ვ-მ. სამწუხაროდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არავითარი შეფასება არა აქვს მიცემული სააპელაციო საჩივარსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმში ზემოთ მითითებულ გარემოებებს, რის გამოც განჩინების ეს ნაწილიც მიკერძოებული და დაუსაბუთებელია;

შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნაზე .... აკადემია წარმოადგენს არასათანადო მოსარჩელეს შემდეგ გარემოებათა გამო: შეგებებული სარჩელით .... აკადემიის წარმომადგენელმა მოითხოვა 2012 წლის 9 აგვისტოს ჩატარებული ..... აკადემიიის რექტორის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ 2012 წლის თებერვალში ჩატარებული აკადემიიის რექტორის არჩევნების პერიოდში, კულტურის სამინისტროს თანამდებობის პირების მხრიდან ზემოქმედება განხორციელდა აკადემიური საბჭოს ცალკეულ წევრებზე, რამაც ასევე იქონია გავლენა 2012 წლის 9 აგვისტოს ჩატარებული აკადემიიის რექტორის არჩევნების ობიექტურობაზე. აღნიშნულ მოთხოვნას ...... აკადემიის წარმომადგენელმა სამართლებრივ საფუძვლად დაუდო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე და 86-ე მუხლები, რომელთა თანახმად, გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლება პირს აქვს მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან, ხოლო გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. სააპელაციო სასამართლოში, ისევე როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოხატულ პოზიციაში ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლების სუბიექტს წარმოადგენს ფიზიკური პირი – ჩვეულებრივი, გონივრული, ნორმალური ადამიანი და არა განსაკუთრებული ნებისყოფით დაჯილდოებული ანდა დაბალი ნებისყოფის მქონე პირი. იმის გამო, რომ თვით შეგებებული სარჩელის ავტორის მტკიცებით, 2012 წლის თებერვალში, ზემოქმედება განხორციელდა ფიზიკურ პირებზე, ხოლო აღნიშნულ პირებს ..... აკადემიისათვის არ მიუნიჭებიათ უფლებამოსილება, რათა აკადემიას წარმოედგინა სასამართლოში მათი ინტერესები, მოცემულ შემთხვევაში ...... აკადემია არ წარმოადგენდა სათანადო მოსარჩელეს, რის გამოც მოსამართლე ვალდებული იყო დაედგინა აღნიშნული გარემოება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლით განსაზღვრული წესით მოსარჩელის თანხმობით, საქმის შეუწყვეტლად შეეცვალა თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით (მოსარჩელეებით), რაც მოსამართლემ არ გააკეთა და განიხილა არა უფლებამოსილი პირის შეგებებული სარჩელი, რის გამოც ასევე უნდა იქნეს გაუქმებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ..... აკადემიის აკადემიურ საბჭოს არცერთ წევრს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რექტორის 2012 წლის 9 აგვისტოს არჩევნებში, ინდივიდუალურად არ გაუსაჩივრებია არჩევნების შედეგები;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მარტის განჩინებით ირინა პოპიაშვილის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ი. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ი. პ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრისათვის ი. პ-ის მიერ 2014 წლის 18 თებერვალს N1 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეთ 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. პ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. კასატორ ი. პ-ს (პირადი ნომერი .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150)დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 18 თებერვალს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე