№ ას-227-212-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ვ. ჯ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. ჯ-ა“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ა. ჯ-ამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ვ. ჯ-ას“ მიმართ წარადგინა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის 24418 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: 2012 წლის 24 სექტემბერს გაფორმებული N116 ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ვ. ჯ-ამ“ იკისრა შპს „ა. ჯ-ას“ კუთვნილი ტვირთის ზუგდიდიდან ქალაქ ოდესის პორტში გადაზიდვის ვალდებულება. ხელშეკრულების N1 ოქმის შესაბამისად, გადასაზიდი იყო 40 კილოგრამიან ტომრებში დაფასოებული თხილის გული, რომლის წონაც ტომრების წონის ჩათვლით შეადგენდა 24048 კგ-ს, ხოლო სუფთა წონა - 24 000 კგ-ს; 2012 წლის 24 სექტემბერის ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ვ. ჯ-ას“ ტვირთი ჩაბარდა 2012 წლის 7 დეკემბერს, შესაბამისად, გამოწერილ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის N419984039 დეკლარაცია, ტვირთის მიმღებს (მყიდველს) კი გაეგზავნა ინვოისები და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა 24 000 კგ (600 ტომარა) თხილის ვარგისიანობის თაობაზე. დეკლარაციისა და ინვოისების შესაბამისად, ექსპორტზე გატანილი 24 000 კგ თხილის გულის ღირებულება 132 000 აშშ დოლარია. ამასთან, 2012 წლის 7 დეკემბერს გადამზიდავი კომპანიის მიერ გაცემულ იქნა კონოსამენტი, რაც ადასტურებს გადამზიდველის მიერ 24 000 კგ ტვირთის მიღებას; შპს „ვ. ჯ-ამ“ დანიშნულების ადგილზე ჩაიტანა შპს „ა.ჯ-ას“ კუთვნილი ტვირთის ნაწილი - 504 ტომარა, ნაცვლად 600 ტომარისა, რაც გამოვლენილ იქნა მყიდველის დავალებით შპს „ვ. ს-ის“ მიერ ჩატარებული ინსპექტირებით. 96 ტომარა თხილის გულის წონა შეადგენდა 3840 კგ-ს, რის შესაბამისად შპს „ა.ჯ-ას“ მიადგა ზიანი 21 120 აშშ დოლარის ოდენობით (1 კგ თხილის გულის ფასი 5,5 აშშ დოლარს შეადგენს). აღნიშნულის გარდა, მყიდველმა გასწია ხარჯი 3298 აშშ დოლარის ოდენობით ტვირთის ინსპექტირებასთან დაკავშირებით, რისი ანაზღურებაც მოსარჩელეს მოსთხოვა 2013 წლის 4 თებერვლის N12 წერილით.
შპს „ვ. ჯ-ამ“ სარჩელი არ ცნო. შესაგებლის მიხედვით: შპს „ვ. ჯ-ასა“ და შპს „ა.ჯ-ას“ შორის 2012 წლის 24 სექტემბერს გაფორმდა არა გადაზიდვის, არამედ სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულებისა და თანდართული ოქმების შესაბამისად, მომსახურება იწყება შემკვეთისათვის ცარიელი კონტეინერის მიწოდებით და გრძელდება დატვირთული და დალუქული კონტეინერის გადატანით დანიშნულების ადგილამდე. მოპასუხემ გადასაზიდად მიიღო კონტეინერი და არა მასში არსებული კონკრეტული ტვირთი. ტვირთის შესახებ ინფორმაცია შემკვეთის მიერ მოპასუხეს მიეწოდა უსაფრთხოების წესების დაცვისა და საგადასახადო-სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების მიზნით. ხელშეკრულების 4.2.3 პუნქტის შესაბამისად, ექსპედიტორი პასუხს არ აგებს მიწოდების ადგილზე მიწოდებული ტვირთის და/ან მისი შეფუთვის რაოდენობისა და ხარისხისათის, თუ არ არის დაზიანებული პლომბები, რომლებითაც იქნა დაპლომბილი ვაგონები, კონტეინერები და/ან სატრანსპორტო საშუალებები ტვირთის დატვირთვის/საბაჟო გაფორმების ადგილზე. მოცემულ შემთხვევაში კონტეინერები მიმღებთან ჩავიდა პლომბების დაზიანების გარეშე, რის გამოც მოპასუხე არ არის პასუხისმგებელი ტვირთის დანაკლისთან დაკავშირებით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში გადასაზიდი ტვირთის რაოდენობა დაფიქსირებულია თვითონ მოსარჩელის მითითების საფუძველზე. საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს მოპასუხის ბრალის არსებობას კონტეინეტში არსებული ტვირტის დანაკლისთან მიმართებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ა. ჯ-ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზედაც სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ა. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „ა. ჯ-ას“ სარჩელი და შპს „ვ. ჯ-ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 24418 აშშ დოლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
2012 წლის 24 სექტემბერს ერთი მხრივ, შპს „ა ჯ-ას“, როგორც „შემკვეთსა“ და მეორე მხრივ, შპს „ვ. ჯ-ას“, როგორც „ექსპედიტორს“ შორის დაიდო სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების შესახებ №116 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ექსპედიტორის ვალდებულება შემკვეთის სახელითა და ხარჯზე შემკვეთის საექსპორტო-საიმპორტო და სატრანზიტო ტვირთებთან დაკავშირებული სატრანსპორტო-საექსპორტო მომსახურების განხორციელება ან მომსახურების ორგანიზების გაწევა, აგრეთვე ტვირთების მიწოდებისათვის აუცილებელი დამატებითი მომსახურება. ხელშეკრულების მეორე მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, ექსპედიტორს უფლება მიენიჭა დაედო ხელშეკრულებები და შეთანხმებები გადამზიდველებთან, ნავსადგურთან, საწყობებთან, გემთმფლობელ კომპანიებთან, როგორც თავისი ასევე მოსარჩელის სახელითა და ხარჯზე (2.1.1. პუნქტი), მასვე მიენიჭა უფლებამოსილება შემკვეთის ინტერესების შესაბამისად შეერჩია ან შეეცვალა ტრანსპორტის სახე, გადაზიდვის მარშრუტი, ტვირთის გადაზიდვის წესი, და ასევე სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების გაწევის წესი (2.1.5 პუნქტი). ექსპედიტორს დაეკისრა ვალდებულება უზრუნველეყო ხარისხიანი სატრანსპორტო მომსახურება, ასევე მოსარჩელის ტვირთების შენახვისა და გადაზიდვის ორგანიზება სხვადასხვა სახის ტრანსპორტით საქართველოსა და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, ხელშეკრულების დანართების შესაბამისად (2.2.1 პუნქტი). თავის მხრივ, შემკვეთი ვალდებული იყო დრულად მოეწოდებინა მოპასუხისთვის სრული, ზუსტი და სარწმუნო ინფორმაცია ტვირთის დასახელების, რაოდენობის, ხარისხის და მახასიათებლების შესახებ, მარშრუტის შესახებ. უზრუნველყო ტვირთის სათანადო შეფუთვა და მარკირება, განეთავსებინა ტვირთი კონტეინერში/სატრანსპორტო საშუალებაში, დაემაგრებინა იგი ისე, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული: ტვირთის თვითნებური გადაადგილება, დაზიანება. ამასთან, შემკვეთი ვალდებული იყო აენაზღაურებინა მოპასუხის მომსახურება, წარდგენილი ანგარიშების მიხედვით. ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. გადაზიდვის დროს ტვირთზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა გადამზიდველს, გადამზიდველის წესებისა და პირობების შესაბამისად, რაც მოცემული იყო კონოსამენტში, ან სხვა წესებში (4.1.4 პუნქტი). ხელშეკრულების 4.2.4 პუნქტის შესაბამისად, ექსპედიტორი არ აგებს პასუხს მიწოდების ადგილზე მიწოდებული ტვირთის და/ან მისი შეფუთვის რაოდენობისა და ხარისხისათვის, თუ არ არის დაზიანებული პლომბები, რომლითაც იქნა დაპლომბილი ვაგონები, კონტეინერები და/ან სატრანსპორტო საშუალებები ტვირთის დატვირთის/საბაჟო გაფორმების ადგილზე. ხელშეკრულების 4.2.3 პუნქტის შესაბამისად კი, თუ გადამზიდველი შერჩეული იქნება „შემკვეთის“ მიერ ექსპედიტორი არ აგებს პასუხს ტვირთის ხელშეუხებლობაზე;
მხარეებს შორის გაფორმებული 2012 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში 2012 წლის 6 დეკემბერს მოსარჩელე შპს „ა. ჯ-ას“ ქარხანაში, ქ. ზუგდიდში დაიტვირთა მოპასუხე შპს „ვ. ჯ-ას“ სატვირთო კონტეინერი. ტვირთს წარმოადგენდა 24 000 კგ თხილის გული დაფასოებული 40 კგ-იან ტომრებში (ტომრების წონის ჩათვლით 24 048 კგ), რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 132 000 აშშ დოლარს. ამასთან, კონტეინერის დალუქვა განხორციელდა გადამზიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლის (მძღოლის) მიერ მოსარჩელის თანდასწრებით;
2012 წლის 22 დეკემბერს ტვირთის მიმღების დავალებით განხორციელდა პლომბირებების, ტვირთის შეფუთვის და მარკირებების შემოწმება, ასევე ტვირთის რაოდენობის დათვლა, ტვირთის მდგომარეობის ვიზუალური კონტროლი, აწონვის ზედამხედველობა, რა დროსაც მიმღებს კონოსამენტის მიხედვით უნდა მიეღო 600 ტომარა თხილის გული საერთო წონით 24 048 კვ.მ, განთავსებული კონტეინერში. კონტეინერის შემოწმებისას ყველა პლომბი (ლუქი) იყო დაუზიანებელ მდგომარეობაში, კონტეინერის კარები, კი, დახურული. ამასთან ტვირთისადმი წვდომა არ იყო აღმოჩენილი. დათვლის შედეგად ტომრების რაოდენობა შეადგენდა 504 ცალს, რაც 96 ერთეულით (3 840კგ-ით) ნაკლებია ინვოისში მითითებულ რაოდენობაზე. დადგენილია, რომ ტვირთის ინსპექტირებაზე შპს „ა. ჯ-ას“ მიერ გაწული იქნა ხარჯი 3 298 აშშ დოლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის შემდეგ მუხლებზე:
730-ე მუხლის შესაბამისად, ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია. ექსპედიციის მიმართ შესაბამისად გამოიყენება დავალების წესები, თუ ამ თავიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს;
731-ე მუხლის თანახმად, ექსპედიტორმა კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერებით უნდა გაგზავნოს ტვირთი,შეარჩიოს გადაზიდვაში მონაწილე პირები;ამასთან, მან უნდა დაიცვას გამგზავნის ინტერესები და შეასრულოს მისი მითითებები;
740-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას ექსპედიტორის პასუხისმგებლობის შესახებ, რომლის თანახმად, ექსპედიტორი ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებისათვის, ჩვეულებრივ, მაშინ აგებს პასუხს, თუ მას ან მის დამხმარეს მიუძღვის რაიმე ბრალი;
742-ე მუხლის თანახმად, ექსპედიტორი არ შეიძლება დაეყრდნოს იმ წესებს, რომლებიც გამორიცხავენ ან ზღუდავენ მის პასუხისმგებლობას, ან გადააქვთ მტკიცების ტვირთი, თუ მან ზიანი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიაყენა. იგივე წესი მოქმედებს დამხმარის არასახელშეკრულებო პასუხისმგებლობის მიმართაც, თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მას შეერაცხა ბრალი;
739-ე მუხლის შესაბამისად, თუ სხვა შეთანხმება არ არსებობს, ექსპედიტორს უფლება აქვს საკუთარი ძალებით გადაზიდოს ტვირთი. ამ უფლების განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს შემკვეთის უფლებებსა და ინტერესებს. თუ ექსპედიტორი იყენებს ამ უფლებას, მაშინ მას იმავდროულად აქვს ტვირთის გადამზიდველის უფლება-მოვალეობებიც;
668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე;
669-ე მუხლის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუკი ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ან თვით მგზავრის მიერ, ანდა მისი ბარგით. გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით. 686-ე მუხლის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე - მიტანის ვადის გადაცილებისათვის. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი შეიცავს გადამზიდავის პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებებს და ამ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრება გადამზიდავს (687-ე მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი კონოსამენტის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიაჩნია, რომ 2012 წლის 6 დეკემბერს ტვირთი ქ. ფოთში ჩაიბარა მოპასუხე შპს „ვ. ჯ-ამ“, როგორც გადამზიდველის „ლ. ლ-ის“ აგენტმა და გასცა კონოსამენტი - #LAZTBS071212051 2012 წლის 7 დეკემბერს, დამოწმებული „ლ. ლ-ისა“ და შპს „ვ. ჯ-ას“ ერთობლივი ბეჭდით. პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 677-ე მუხლის შესაბამისად, საპირისპიროს დამტკიცებამდე ზედნადები (კონოსამენტი ან გადაზიდვებში მიღებული სხვა ფორმები) არის მტკიცებულება იმისა, რომ დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება, განსაზღვრულია მისი შინაარსი და ტვირთი გადამზიდველს მიღებული აქვს. თუ ზედნადებში არ არის აღნიშნული გადაზიდვის პირობები, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებისას ტვირთი და მისი შეფუთვა გარეგნულად კარგ მდგომარეობაში იყო და რომ ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მისი აღნიშვნები და ნომრები ემთხვევა ზედნადებში ჩაწერილ მონაცემებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარის კომპანიის ბეჭდით დამოწმებული კონოსამენტი შეიცავს მონაცემებს, რომლის მიხედვით, გადასაზიდია 600 ტომარა თხილის გული, რომლის წონა ტომრების ჩათვლით 24 048 კგ-ს შეადგენს. სასამართლოს მითითებით, ტვირთზე იდენტურ მონაცემებს შეიცავს აგრეთვე 2012 წლის 24 სექტემბერს ხელშეკრულებების ოქმი #1, რაც ასევე დადასტურებულია კომპანიის ბეჭდით. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ არ გაიზიარა შპს „ვ. ჯ-ას“ პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ გადასაზიდად მიიღო კონტეინერი და არა კონტეინერში არსებული ტვირთი, ხოლო ტვირთის შესახებ ინფორმაცია ჩვეულებრივ გამიზნულია უსაფრთხოების წესების დაცვისა და საგადასახდო სამართლებრივი ვალდებულებებისათვის. პალატის შეხედულებით, განსახილველ შემთხვევაში, გადაზიდვის ხელშეკრულების დადების მტკიცებულებაა საზღვაო კონოსამენტი და არსებობს კონოსამენტში მითითებული ტვირთის მონაცემების სისწორის ვარაუდი საპირისპიროს დამტკიცებამდე, რაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მტკიცების ტვირთს შეადგენდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის კუთვნილი ტვირთის დანაკლისით (36 ტომარა - 3840 კგ) მიწოდების ფაქტი.
მითითებული ნორმების საფუძველზე პალატამ შეაფასა რა 2012 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულება, ამავე ხელშეკრულების ოქმი #1, 2012 წლის 7 დეკემბერს გაცემული საზღვაო კონოსამენტი, აგრეთვე, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე შპს „ვ. ჯ-ას“ წარმომადგენლის განმარტება (სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 დეკემბრის ოქმი), მიაჩნია, რომ მხარეებს შორის ერთდროულად წარმოიშვა, როგორც ექსპედიციის, ისე ტვირთის გადაზიდვის სამართლებრივი ურთიერთობა, რაც ურთიერთობის ორივე მხარეს აკისრებდა ურთიერთშემხვედრ ვალდებულებებს, მათ შორის, ექსპედიტორის/გადამზიდველის მხრიდან დანიშნულების ადგილზე ტვირთის დანაკლისის გარეშე მიწოდების ვალდებულებას. პალატამ აღნიშნა, რომ იმგვარ გარემოებებსა ან/და მტკიცებულებებზე, რომელიც გამორიცხავდა გადამზიდავის პასუხისმგებლობას, შპს „ვ. ჯ-ას“ არ მიუთითებია. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, რომ შპს „ვ. ჯ-ას“ უნდა დაეკისროს იმ სხვაობის ანაზღაურება, რაც ტვირთის მიწოდების ადგილზე აღმოჩნდა, კერძოდ, 3840 კგ თხილის გულის ღირებულება 21 120 აშშ დოლარის ოდენობით (1 კგ თხილის გულის ღირებულება - 5,5 აშშ დოლარი). სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ვ. ჯ-ა“ ვალდებულია, შპს „ა. ჯ-ას“ აუნაზღუროს ტვირთის ინსპექტირებაზე გაწული ხარჯი 3 298 აშშ დოლარის ოდენობით სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს „ვ. ჯ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თმა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე შედგენილი დოკუმენტების მხედველობაში მიღებით მიიჩნია, რომ კონოსამეტსა და ხელშეკრულების თანდართულ ოქმში დაფიქსირებული ინფორმაციის უზუსტობასთან დაკავშირებული გარემოება შპს „ვ. ჯ-ას“ უნდა ემტკიცებინა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ წარმოადგენდა სათანადო მტკიცებულებებს სადავო გარემოებების დასადგენად;
სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 730-ე, 731-ე, 739-ე, 740-ე და 742-ე მუხლები, არასწორად განმარტა ისინი, რის გამოც არასწორად იქნა შეფასებული საქმის გარემოებები. სადავო არ არის, რომ დალუქული კონტეინერი ხელშეუხებლად ჩავიდა დანიშნულების ადგილზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ექსპედიტორმა სათანადოდ შეასრულა ვალდებულება. მიუხედავად ამისა, სასამართლომ კონტეინერში არსებული ტვირთის დანაკლისზე პასუხისმგებელ პირად, შესაბამისი ბრალის არსებობის მიუხედავად, შპს „ვ. ჯ-ა“ მიიჩნია;
სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა გადაზიდვის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები;
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებისას სასამართლო შეეხო მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებასა და მის პირობებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ისინი. მაგალითად, სასამართლო შეეხო ხელშეკრულების 4.2.3 პუნქტს, რომლის მიხედვით, ექსპედიტორი პასუხს არ აგებს მიწოდების ადგილზე მიწოდებული ტვირთის და/ან მისი შეფუთვის რაოდენობისა და ხარისხისათვის, თუ არ არის დაზიანებული პლომბები, რომლებითაც იქნა დაპლომბილი ვაგონები, კონტეინერები და/ან სატრანსპორტო საშუალებები ტვირთის დატვირთვის/საბაჟო გაფორმების ადგილზე. მოცემულ შემთხვევაში კონტეინერები მიმღებთან ჩავიდა პლომბების დაზიანების გარეშე, რის გამოც მოპასუხე არ არის პასუხისმგებელი ტვირთის დანაკლისთან დაკავშირებით. ამავე დროს სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 22 დეკემბერს ტვირთის მიმღების დავალებით განხორციელდა პლომბირებების, ტვირთის შეფუთვის დ მარკირების შემოწმება, ასევე სასამართლომ დაადგინა, რომ კონტეინერის შემოწმებისას ყველა პლომბი (ლუქი) იყო დაუზიანებელ მდგომარეობაში, კონტეინერის კარები იყო დახურული და ტვირთისადმი წვდომა არ იყო აღმოჩენილი. მიუხედავად დასახელებული გარემოებებისა სასამართლომ მიიჩნია, რომ ტვირთის დანაკლისზე პასუხისმგებელი პირს ექსპედიტორი წარმოადგენდა;
სასამართლომ უსაფუძვლოდ დაადგინა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული N116 ხელშეკრულების ფარგლებში 2012 წლის 6 დეკემბერს მოსარჩელე შპს „ა. ჯ-ას“ ქარხანაში, ქ. ზუგდიდში დაიტვირთა მოპასუხე შპს „ვ. ჯ-ას“ სატვირთო კონტეინერი, ტვირთს წარმოადგენდა 24 000 კგ თხილის გული დაფასოებული 40 კგ-იან ტომრებში (ტომრების წონის ჩათვლით 24 048 კგ), რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 132 000 აშშ დოლარს, ამასთან, კონტეინერის დალუქვა განხორციელდა გადამზიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლის (მძღოლის) მიერ მოსარჩელის თანდასწრებით. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ კონტეინერის დალუქვა მოახდინა გადამზიდველი ორგანიზაციის წარმომადგენელმა - მძღოლმა მოსარჩელის თანდასწრებით. ლუქი, როგორც წესი, გამოიყენება არასანქცირებული შეღწევის შეზღუდვის მიზნით და მას, იყენებს პირი, ვინც აგზავნის ტვირთს მესამე პირის მეშვეობით იმ მიზნით, რომ გამორიცხოს ამ უკანასკნელის ტვირთზე წვდომა. სასამართლოს ლოგიკის მიხედვით, მძღოლმა, რომელსაც კონტეინერი უნდა გადაეტანა ზუგდიდიდან ფოთში, ლუქით საკუთარ თავს დაულუქა კონტეინერი. მტკიცებას არ უნდა საჭიროებდეს ის გარემოება, რომ კონტეინერი დალუქა ტვირთის გამგზავნმა. საქმეში ფორმალურადაც არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას. მაგალითად, საქმეში არ არსებობს მძღოლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება;
სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სათანადო მტკიცებულებად კონოსამენტი და ზედნადები გადამზიდველის მიერ მიღებული ტვირთის ოდენობის დასადგენად. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მიხედვით, სატრანსპორტო ზედნადებსა და კონოსამენტში მითითებულ ინფორმაიიის სისწორეზე პასუხს აგებდა შპს „ა. ჯ-ა“. აღნიშნულ გარემოებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ტვირთის დატვირთვა, შეფუთვა, მარკირება, კონტეინერში დაწყობა და ა.შ შემკვეთის მოვალეობა იყო. ხელშეკრულების მიხედვით, თუ კონოსამენტში არსებულ ინფორმაციასა და რეალურად არსებულ ტვირთს შორის ცდომილება აღმოჩნდებოდა, დამდგარი ზიანისათვის პასუხს აგებდა შემკვეთი;
სასამართლოს უნდა გაეზიარებინა შპს „ვ. ჯ-ას“ მითითება, რომლის მიხედვით, მან გადასაზიდად მიიღო კონტეინერი და არა მასში არსებული ტვირთი. საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მსჯელობა, რომლის მიხედვით, მხარეთა შორის გადაზიდვის ხელშეკრულების დადების მტკიცებულებაა საზღვაო კონოსამენტი. სასამართლოს მოსაზრებით, საპირისპიროს დამტკიცებამდე ითვლება, რომ კონოსამენტში მითითებული ტვირთი გადამზიდველმა მიიღო, საპირისპიროს მტკიცება კი მოპასუხეს ეკისრება. აღნიშნული მსჯელობისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომელთა შესაბამისად, მოპასუხეს ტვირთი წონით არ ჩაუბარებია, მას არ აუწონია გადასაზიდი საქონელი და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პირობები განსაზღვრულია მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში. დასახელებული გარემოების გათვალისწინების გარეშე სასამართლო არასწორად მიიჩნევს ასევე, რომ მხარეთა შორის ექსპედიციასთან ერთად წარმოიშვა ასევე გადაზიდვის სამართლებრივი ურთიერთობა. არსებითი შეცდომა კი, რასაც სასამართლო უშვებს, მოპასუხის პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრაა, როცა სასამართლო აცხადებს, რომ მოპასუხემ დაარღვია ტვირთის დანაკლისის გარეშე მიწოდების ვალდებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის განჩინებით შპს „ვ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ვ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს „ვ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრისათვის შპს „ვ. ჯ-ას“ მიერ 2013 წლის 7 თებერვალს N335 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 2161,35 ლარის ოდენობით (ტომი მე-2, ს.ფ. 118). აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ვ. ჯ-ას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2161,35 ლარის 70%, რაც შეადგენს 1512,94 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ვ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს - შპს „ვ. ჯ-ას“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2014 წლის 7 თებერვალს N335 საგადახდო დავალებით გადახდილი 2161,35 ლარის 70% - 1512,94 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე