Facebook Twitter

საქმე №ას-250-234-2014 9 დეკემბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ს-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა. შ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კასატორის დავალდებულება 2011 წლის 9 აგვისტოდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელისათვის საბუღალტრო დოკუმენტების გაცნობის თაობაზე

დავის საგანი - საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. შ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ის“ მიმართ და მოითხოვა შპს „ს-სგან“ საზოგადოების საქმიანობის შესახებ შემდეგი ინფორმაციის მიღება:

2006-2011 წლების მოგების გადასახადის წლიური დოკუმენტები (წლიური მოგების დეკლარაციები, დაზუსტებული);

2006-2011 წლების ყოველთვიური მემორიალური ორდერები თანდართული პირველადი დოკუმენტებით;

2006-2011 წლებში ჩატარებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები და შესრულების აქტები, ხელშეკრულებები;

დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა ჩამონათვალი 2006 წლის პირველი იანვრისა და 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ცალ-ცალკე;

2011 წლის 9 აგვისტოდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით საბუღალტრო აღრიცხვის დოკუმენტებისა და ჩანაწერების ქსეროასლები: ა) №1 ორდერები (სალაროს მოძრაობა) თანდართული დოკუმენტებით; ბ) №2 ორდერები თანდართული დოკუმენტებით; გ) დარიცხული ხელფასების უწყისები; დ) ყოველწლიური და ყოველთვიური დეკლარაციები, როგორც პირველადი, ისე დაზუსტებული; ე) შესყიდვის აქტები, ჩატარებული მიმდინარე, კაპიტალური რემონტებისა და ახალი მშენებლობების შესრულების აქტები და დადებული ხელშეკრულებები; ვ) დებიტორ-კრედიტორების სია თანხის ჩვენებით; ზ) მცირეფასიანი მასალებისა და ინვენტარის ნაშთები; თ) საქონლის, სამშენებლო, საწვავსაცხები მასალების შეძენა-გახარჯვის საბუთები; ი) ძირითადი ქონების ინვენტარიზაცია, ჩამონათვალი: რაოდენობრივი და თანხის ჩვენებით; კ) საბანკო ამონაწერები, ცნობა საგადასახადოდან თუ რომელ ბანკებში აქვს შპს „ს-ს“ გახსნილი ანგარიში; ლ) ანგარიშსწორების აღრიცხვის დავთარი, მთავარი წიგნი, სხვა ხარჯების გაშიფვრა და გამომუშავებული ელექტროენერგიის მიწოდებაზე დადებული ხელშეკრულებები; მ) წლიური საანგარიშო კრების ამონაწერები; ნ) აუდიტორ ჯ. გ-ას მიერ ჩატარებული რევიზიის აქტი (2006-2011).

მოსარჩელის განმარტებით, წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სარჩელი შპს „ს-ის“ მიმართ და საზოგადოების დირექტორს დაევალა, მოსარჩელისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის თაობაზე, ასევე დაერთო ნება, გასცნობოდა საბუღალტრო წიგნებს.

გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების მიზნით მოვალეს მიეცა წინადადება, თუმცა მან წარადგინა არა საჭირო დოკუმენტები, არამედ სხვა ინფორმაცია, ხოლო აღმასრულებელმა არ დააკმაყოფილა კრედიტორის მოთხოვნა კონკრეტული დოკუმენტების გადაცემის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილებასა და სააღსრულებლო ფურცელში მოთხოვნილი დოკუმენტები მითითებული არ ყოფილა.

მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თანახმაა მოსარჩელეს გადასცეს საწარმოს საქმიანობის შესახებ საბუღალტრო დოკუმენტები 2011 წლის 9 აგვისტოდან, რაც შეეხება 2006-2011 წლების დოკუმენტების გადაცემის მოთხოვნას, ამ ნაწილში არსებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც აღსრულებულია და ამ ნაწილში არ არსებობდა საქმის განხილვის საფუძველი, ამასთანავე, სარჩელი უსაფუძვლოა და ამავე დროს ხანდაზმული.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. შ-ას სარჩელი შპს „ს-ის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შპს „ს-ს“ დაევალა, მოსარჩელეს გააცნოს 2011 წლის 9 აგვისტოდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით შპს „ს-ის“ საბუღალტრო დოკუმენტაცია ჩამონათვალის მიხედვით, ხოლო თუკი ჩამონათვალში მითითებული ინფორმაცია განსაკუთრებულ (სპეციალურ) დამუშავებას მოითხოვს, მიუთითოს მის მიერ წარდგენილი რომელი საბუღალტრო დოკუმენტი შეიცავს ამ ინფორმაციას:

- მოგების გადასახადის წლიური დეკლარაცია;

- ქონებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის აქტი;

- ყოველთვიური №2 მემორიალური ორდერები;

- სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები, შესრულებული აქტები, ხელშეკრულებები;

- სალაროს შემოსავლის ორდერები;

- დარიცხული ხელფასის უწყისი;

- ყოველთვიური დეკლარაციები;

- ნებისმიერი შესყიდვის, მიმდინარე, კაპიტალური, რემონტებისა და ახალი მშენებლობის შესრულების აქტები და ხელშეკრულებები;

- დებიტორ-კრედიტორების სია;

- მცირეფასიანი მასალებისა და ინვენტარების ნაშთები;

- ცნობა, რომელ საბანკო დაწესებულებაში აქვს ანგარიში;

- საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები;

- ანგარიშსწორების აღრიცხვის დავთარი, მთავარი წიგნი, სხვა ხარჯების გაშიფვრა, ელ.ენერგიის მიწოდებაზე დადებული ხელშეკრულებები;

- წლიური საანგარიშო კრების ოქმები;

- რევიზიის აქტი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს-მა“, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 2011 წლის 9 აგვისტოდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით საბუღალტრო დოკუმენტაციის მოწინააღმდეგე მხარისათვის გაცნობის დავალდებულების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 იანვრის განჩინებით შპს „ს-ის“ შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა შპს „ს-ის“ სააპელაციო საჩივარი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: წალენჯიხის რაიონულმა სასამართლომ 2011 წლის 9 აგვისტოს განიხილა ა. შ-ას სარჩელი შპს „ს-ის“ მიმართ. დააკმაყოფილა იგი და თავისი გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა, გადაეცა მოსარჩელისათვის ინფორმაცია შპს „ს-ის“ საქმიანობის შესახებ და მიეცა ნება, გაცნობოდა საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს 2006 წლიდან დღემდე. გადაწყვეტილებაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საჭირო გახდა მისი განმარტება. წალენჯიხის რაიონულმა სასამართლომ 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინებით განმარტა, რომ 2011 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი „შპს „ს-ის“ დირექტორს დაევალა გადაეცეს მოსარჩელე ა. შ-ას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და მისცეს ნება გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს 2006 წლიდან დღემდე“, ნიშნავდა ინფორმაციისა და ჩანაწერების გაცნობა-გადაცემას, ასლის გადაღება-გადაცემას 2006 წლიდან გადაწყვეტილების მიღების თარიღამდე, 2011 წლის 9 აგვისტომდე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ა შ-ას სარჩელთან დაკავშირებით შპს „ს-ის“ მიმართ 2006-2011 წლის 9 აგვისტომდე საბუღალტრო დოკუმენტაციის წარდგენის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება და ამ ნაწილში იგი არც გასაჩივრებულა.

ა. შ-ა არის შპს „ს-ის“ პარტნიორი და იგი ვერ იღებს საწარმოს საქმიანობის შესახებ სრულყოფილ დოკუმენტაციას.

შპს „ს-ის“ წესდების მე-2 მუხლის 2.3. პუნქტის „დ“ პუნქტის თანახმად, პარტნიორს უფლება აქვს, მოითხოვოს საზოგადოების სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები, გაეცნოს მათ პირადად ან დამოუკიდებელი ექსპერტის მეშვეობით, გააკეთოს დოკუმენტების პირები.

ა. შ-ა ითხოვს იმ დოკუმენტაციის გაცნობას, რომელიც საზოგადოებაში იქმნება და ინახება.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე ა. შ-ა, ხოლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველ, მე-2 ნაწილებზე და მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება მაშინ იქნება მიღებული თუკი მომჩივნის მოთხოვნა ანუ აპელანტის მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულია.

მოცემულ შემთხვევაში, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტისა და ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აპელანტის მოთხოვნა იურიდიულად გაუმართლებლად იქნა მიჩნეული, ამიტომ შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

პალატამ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე, 46-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე და არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა უფლება, გაცნობოდა საზოგადოების საბუღალტრო საქმიანობის შესახებ იმ დოკუმენტაციას, რომელიც საზოგადოებაში იქმნებოდა და ინახებოდა. ასევე არასწორად იქნა მიჩნეული აპელანტის მსჯელობა, რომ პარტნიორს არ აქვს უფლება საზოგადოების ყველა პუბლიკაციას გაეცნოს წლიური ანგარიშის დამტკიცებამდე, იმავე „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, პარტნიორს ყოველთვის შეუძლია მოითხოვოს წლიური ანგარიშისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღება ანგარიშის დამტკიცებამდე და შემდეგაც, მაგრამ მას განმარტებები შეუძლია მოითხოვოს წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. რადგანაც მოსარჩელე ა. შ-ა ითხოვდა შპს „ს-სგან“ საზოგადოების საბუღალტრო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღებას, სასამართლომ მისი მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს-მა“, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კასატორის დავალდებულება, 2011 წლის 9 აგვისტოდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელისათვის საბუღალტრო დოკუმენტების გაცნობის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის მითითებით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია მისი იურიდიულად დაუსაბუთებლობა, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. პალატამ გასაჩივრებული განჩინებით არასწორად განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი და 46-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რადგანაც ზოგადი ნორმის თანახმად, პარტნიორს აქვს საზოგადოების დოკუმენტაციის გაცნობის უფლება, ხოლო სპეციალური ნორმით პარტნიორს აქვს საზოგადოების წიგნებისა და ჩანაწერების გაცნობის უფლება. სააპელაციო სასამართლომ ერთმანეთისაგან არ გამიჯნა საზოგადოების დოკუმენტაციისა და საზოგადოების წიგნებისა და ჩანაწერების გაცნობის უფლება. საზოგადოების წიგნებისა და ჩანაწერების ცნებაში არ შედის საზოგადოების პირველადი დოკუმენტაცია, არამედ მოიაზრება მხოლოდ წიგნები, ჟურნალები და მათში არსებული ჩანაწერები, რომლებიც პირველადი დოკუმენტების საფუძველზეა შედგენილი, შესაბამისად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 საფუძველზე პარტნიორს საზოგადოების დოკუმენტაციის გაცნობის უფლება წლიური ანგარიშის დამტკიცებამდე აქვს, ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, პარტნიორს ნებისმიერ დროს აქვს საზოგადოების წიგნებისა და ჩანაწერების გაცნობის უფლება. სააპელაციო პალატას, ზემოაღნიშნული პრინციპის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული დოკუმენტებიდან უნდა გაემიჯნა და პარტნიორისათვის უფლება მიეცა, გასცნობოდა საზოგადოების მხოლოდ წიგნებსა და ჩანაწერებს. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორი მოითხოვდა ძირითად საბუღალტრო დოკუმენტებს, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც საბუღალტრო დოკუმენტაცია იყოფა ორ ნაწილად: ა) პირველად დოკუმენტებად და ბ) საბუღალტრო რეგისტრებად. ამ ნორმებიდან გამომდინარე კი, სასამართლოს მოსარჩელისათვის ნება მხოლოდ ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრების გაცნობაზე უნდა მიენიჭებინა, ვინაიდან ინფორმაცია მოთხოვნილი იყო წლიური ანგარიშის დამტკიცების შემდეგ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის განჩინებით შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 28 თებერვლის N6 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ს-ს“ (ს/N.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 28 თებერვლის N6 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე