№ას-257-241-2014 5 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „მ. ჯ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჯ-ი, ზ. ქ-ი, ო. (დ.) ფ-ი, გ. ქ-ი, გ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „მ. ს-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ჯ-ის, ზ. ქ-ის, ო. ფ-ის, გ. ქ-ისა და გ. გ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის, მის სასარგებლოდ, სოლიდარულად ზიანის – 26 364.97 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:
სარჩელის თანახმად, შპს "მ. ს-ო", საინვესტიციო ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს სხვადასხვა სამშენებლო კეთილმოწყობით სამუშაოებს სოფელ წ-ის მიმდებარედ, რისთვისაც საჭიროა ელექტროენერგია. მათ მიმართეს სს „თელასსა“ და სხვა შესაბამის დაწესებულებებს, მიიღეს ელექტრო სადენის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვა, პროექტი და 2012 წლის 11 დეკემბერს შესაბამისმა სამსახურმა დაიწყო სადენის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოების შესრულება. პირველ ეტაპზე უნდა მოწყობილიყო მიწისქვეშა ჭრილი. 2011 წლის 11 დეკემბერს, როდესაც მუშაობდა ტრაქტორი ზემოაღნიშნული სამუშაოს შესასრულებლად, სოფელ წ-ში მცხოვრები პირების: გ. ჯ-ის, ზ. ქ-ის, ო. ფ-ის, გ. ქ-ისა და გ. გ-ის მუქარითა და ძალადობით შეჩერდა მუშაობა. საპატრულო პოლიციისა და შესაბამისი ზედამხედველობის სამსახურის განმარტებების მიუხედავად, რომ მშენებლობა კანონის დაცვით ხორციელდებოდა, მუქარა და იძულება არ შეწყვეტილა, რის შედეგადაც საბოლოოდ შეჩერდა სამუშაოები.
2013 წლის იანვარში მოპასუხეები გაფრთხილებულნი იქნენ, რომ თუ არ შეწყვეტდნენ თვითნებობას და იძულებას, კომპანიის ზარალი გაიზრდებოდა და იგი მომავალში სრული მოცულობით მოითხოვდა მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მიუხედავად გაფრთხილებისა, 2013 წლის 29 იანვარს, როდესაც შესაბამისმა სამსახურებმა განაახლეს სამუშაოები, მოპასუხეებმა აგრესიული მუქარით აიძულეს მშენებლები შეეწყვიტათ იგი. მუქარისა და იძულების აღკვეთა, მიუხედავად დაცვის სამსახურის ძალისხმევისა, ვერ აღმოიფხვრა, ხოლო მოპასუხეთა ერთობლივი კანონსაწინააღმდეგო ქმედებით შპს "მ. ს-ს" მიადგა 26364 ლარისა და 97 თეთრის მატერიალური ზიანი, რაც წარმოადგენს საწვავის ხარჯს, რომელიც კომპანიამ გაიღო ელექტროენერგიის უქონლობის გამო.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ შპს "მ. ს-ო" მათ კერძო საკუთრებაში აწარმოებდა ელექტრო სადენის მშენებლობისთვის მიწაჭრილის გაკეთებას. აღნიშნული პროექტი მათთან არ შეთანხმებულა და როდესაც მოითხოვეს სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტა და გარკვევა რამდენად კანონიერად მიმდინარეობდა თავიანთ საკუთრებაზე აღნიშნული სამუშაოები, თელასის წარმომადგენლებმა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს არსებული პროექტის მშენებლობის გაგრძელება. ასევე აღნიშნეს, რომ რაიმე მუქარა მუშებთან მიმართებით არ განხორციელებულა და გამოიძახეს პოლიცია სიტუაციის გასარკვევად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „მ. ჯ-ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ. ჯ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2013 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით შპს „მ. ს-ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „მ. ჯ-ა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით შპს „მ. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 7 დეკემბრის №QN195044 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „თელასის“ მოთხოვნა შეთანხმებულ პროექტში კორექტირების შეტანის შესახებ და გაიცა თანხმობა ქ. თბილისში, სოფელ შ-ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით, საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების საწარმოებლად N1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, N2 დანართში განსაზღვრული პირობების დაცვით; დანართ N2-ის მე-3 პუნქტში მითითებულია, რომ პროექტი საჭიროების შემთხვევაში უნდა შეთანხმებულიყო მიწის ყველა იმ მფლობელთან, სადაც უნდა გაევლო ხაზოვან ნაგებობას.(ტ. I, ს.ფ. 12-14)
ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 3 იანვრის №QN1101115 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „თელასის“ მოთხოვნა შეთანხმებულ პროექტში კორექტირების შეტანის შესახებ და გაიცა თანხმობა ქ. თბილისში, სოფელ შ-ის მიმდებარედ ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების განსახორციელებლად N1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, N2 დანართში განსაზღვრული პირობების დაცვით; დანართ N2-ის მე-3 პუნქტში მითითებულია, რომ პროექტი საჭიროების შემთხვევაში უნდა შეთანხმებულიყო მიწის ყველა იმ მფლობელთან, სადაც უნდა გაევლო ხაზოვან ნაგებობას (ტ. I, ს.ფ. 68-70).
ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების N1 დანართებით, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებითა და საკადასტრო გეგმებით დასტურდება, რომ შპს „მ. ჯ-ას“ მიერ დაკვეთილი ელექტროსადენის ხაზის მშენებლობას უნდა გაევლო ვ. ლ-ის, გ. ქ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ასევე წ-ის სხვა მაცხოვრებელთა კუთვნილი უძრავი ნივთების მიჯნაზე (ტ. I, ს.ფ. 69, 165-183, 244-246).
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ ვინაიდან პროექტი დამტკიცებული იყო ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ და, შესაბამისად, მასში ცვლილების შეტანაც სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნებოდა, პროექტის კორექტირება უნდა განხორციელებულიყო უშუალოდ ელ. სადენის გაყვანის პროცესში. ამდენად, სს „თელასს“ და მისი კონტრაქტორ სამშენებლო ფირმას, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს, არ გააჩნდათ უფლებამოსილება თვითნებურად შეეცვალათ ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროექტი.
შპს „მ. ჯ-ასა“ და სს „თელასს“ მიწის მესაკუთრეებისგან მათ უძრავ ქონებაზე ელ. სადენის გაყვანის ნებართვა არ გააჩნდათ.
ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებებით განისაზღვრა, რომ ელ. სადენის მშენებლობის პროექტი უნდა შეთანხმებულიყო იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებთან, რომელთა უძრავ ქონებაზეც უნდა გაევლო ელ. სადენს. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ ანდა სს „თელასმა“ ელ. სადენის მშენებლობის პროექტი შეათანხმა იმ უძრავი ქონების მესაკუთრეებთან, რომელთა მიწის ნაკვეთებზეც, პროექტის თანახმად, უნდა გაევლო მაღალი ძაბვის ელ. სადენს, შესაბამისად, დაირღვა პროექტის განხორციელების წინაპირობა.
მოსარჩელის განმარტებითა და მოწმე ვ. ტ-ის ჩვენებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეშლაში სხვა მოპასუხეებთან ერთად მონაწილეობდნენ გ. ჯ-ი და გ. გ-ი (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი).
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 170.1-ე, 172.2-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მაღალი ძაბვის ელ. სადენის მშენებლობის პროექტით, მოწმე ვ. ტ-ის ჩვენებითა და მოპასუხეთა განმარტებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებმა სამშენებლო კომპანიას არ მისცეს საშუალება მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ეწარმოებინა ელ. სადენის მშენებლობა, რისი უფლებამოსილებაც, ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე, მათ გააჩნდათ. ამდენად, სააპელაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეთა ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის სახით ითხოვს დიზელ-გენერატორის საწვავის შეძენის ღირებულების - 26364.97 ლარის ანაზღაურებას მოპასუხეებისგან იმაზე მითითებით, რომ ელ. სადენის გაყვანის შემთხვევაში მას არ მოუწევდა აღნიშნული ხარჯის გაღება.
პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები (სამართალდარღვევის შემადგენლობა), კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი.
პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელეზე ზიანის მიყენების ფაქტი. ზიანი სხვა არაფერია თუ არა პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით მიყენებული ქონებრივი დანაკლისი. მოსარჩელის მიერ სათანადო წესით არ იქნა დადასტურებული, რომ მის მიერ შეძენილი საწვავი სწორედ იმ ამოცანების შესრულებას მოხმარდა, რაც სადავო ელ. სადენის მეშვეობით მიღებული ელექტროენერგიის მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო. ამასთან, დაუდგენელია, თუ რა პერიოდით გრძელდებოდა გენერატორის მუშაობა და, შესაბამისად, საწვავის ხარჯვა, რა რაოდენობის საწვავს მოიხმარდა ის დროის გარკვეულ მონაკვეთში და კონკრეტულად რა სამუშაოების შესრულებას მოხმარდა გამომუშავებული ელ. ენერგია. გარდა ამისა, რომც ჩაითვალოს, რომ შეძენილი საწვავი მოხმარდა ელექტროენერგიით შეუსრულებელ სამუშაოებს, შპს „მ. ჯ-ას“ იგივე სამუშაოების ელექტროენერგიის საშუალებით შესრულებისას მოუწევდა გახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. მოსარჩელე მხარემ კი, ვერ დაადასტურა, რომ დიზელ-გენერატორის საწვავის ხარჯი აღემატება სადავო ელ. სადენით მისაღებ ელექტრო ენერგიის საფასურს. ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ზიანის არსებობის ფაქტი, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 04 ივნისის საოქმო განჩინების უსწორობასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე მხარემ ბ. ც-ისა და კ. ს-ის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ამასთან, ვერ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი, თუ რატომ ვერ შეძლო აღნიშნული შუამდგომლობის მოსამზადებელ ეტაპზე დაყენება, რის გამოც, სააპელაციო პალატის აზრით, გასაჩივრებული საოქმო განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია ელ. დისკის საქმეზე დართვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 აპრილის საოქმო განჩინების უკანონობასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი, აღნიშნულ მტკიცებულებას მნიშვნელობა არ აქვს საქმისთვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ. ჯ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაადგინა და შეაფასა არარსებული ფაქტები და მათ დასადასტურებლად მიუთითა ისეთ გარემოებებზე, რასაც მხარეები არ მიუთითებდნენ და სადავოდ არ ხდიდნენ, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები.
კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლზე, ვინაიდან ელ.სადენის მშენებლობა არანაირ ზიანს არ აყენებდა მოპასუხეთა საკუთრების უფლებას, მეტიც, გადაწყვეტლებაში მითითებულიც კი არ არის, კონკრეტული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი და საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა მიმართაც შეილახა საკუთრების უფლება. ო. ფ-ი და ზ. ქ-ი თავადვე ადასტურებენ, რომ მშენებლობის მიმდებარედ საკუთრებას არ ფლობენ და ისინი იცავდნენ „მესამე“ პირის უფლებებს, რომლის პოზიციაც სასამართლოზე წარმოადგენილი არ ყოფილა, ხოლო ო. ფ-სა და ზ. ქ-ის რაიმე დოკუმენტი, თუ რის საფუძველზე იცავდნენ სხვის უფლებას, არ წარმოუდგენიათ.
კასატორის მითითებით, სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, ვინაიდან მოპასუხეთა მიერ განხორციელებულმა მართლსაწინააღმდეგო და განზრახ ქმედებებმა მიაყენა მას 26 364.97 ლარის ზიანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის განჩინებით შპს „მ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „მ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1318 ლარის) 70% –922.6 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს კ. ჯ-ის მიერ 2014 წლის 24 მარტს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1318 ლარის) 70% – 922.6 ლარი. შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური