Facebook Twitter

№ას-262-246-2014 26 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. რ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ც-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 იანვრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ც-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. რ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, 2010 წლის 19 ივლისს სალომბარდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხის - 2000 აშშ დოლარისა და ამ თანხაზე დღეის მდგომარეობით დარიცხული 28 თვის პროცენტის - 8400 აშშ დოლარის, სულ – 10 400 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 19 ივლისს ი/მ ლ. ც-სა და მოქალაქე გ. რ-ს შორის გაფორმდა №45 სალომბარდე ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოგირავნე ლ. ც-მ გ. რ-ის სახელზე გასცა 2000 აშშ დოლარი, 15-პროცენტიანი სარგებელით. გ. რ-ს ყოველთვიურად უნდა ეხადა 300 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის სანაცვლოდ, გ. რ-მ გირაოს საგნის სახით ჩადო 1 ცალი ცისფერი ე.წ. ”სერვის” ვაზა. გ. რ-ს ხელშეკრულების დადების დღიდან დღემდე არ გაუხდია არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა და არც ერთი თვის პროცენტი. მოგვიანებით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ლ.ც-ის დაკავებით, ისარგებლეს კ.-რ-ებმა და ლ. ც-ის პარტნიორისგან, ნ. ა-სგან, წამოიღეს ხელშეკრულების საფუძველზე, დაგირავებული ნივთი - ვაზა ლ. ც-ის ნებართვის გარეშე. დაგირავებული ვაზა ინახებოდა ნ. ა-ის სახლში, რომელმაც 2010 წლის 14 ივლისს გაფორმებული ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე, მიითვისა აღნიშნული ნივთი, რის გამოც, იგი თაღლითობისთვის დაისაჯა და მის მიმართ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, შესაბამისად, მოპასუხე გ. რ-მ ძირითადი თანხის 2000 აშშ დოლარისა და დარიცხული პროცენტის გადახდის გარეშე სალომბარდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გირაოს საგანი - ვაზა, ლ.ც-ის ნებართვის გარეშე, წაიღო საცავიდან. ლ. ც-ე და მისი ადვოკატები მუდმივად სთხოვდნენ გ. რ-სა და მისი ოჯახის წევრებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდას ან ვაზის დაბრუნებას, მაგრამ ისინი დღემდე უარს აცხადებენ. სესხის ხელშეკრულებით, ძირ თანხას წარმოადგენდა 2000 აშშ დოლარი, პროცენტი 300 აშშ დოლარი. 2010 წლის 19 ივლისიდან დღემდე 2012 წლის 20 ნოემბრამდე გასულია 28 თვე და გ. რ-ს გადასახდელი აქვს ერთი თვის პროცენტი, რაც შეადგენს 300 აშშ დოლარს, ხოლო მიუღებელი შემოსავალი 8 100 აშშ დოლარს, რადგან ლ. ც-ს მიადგა მატერიალური ზიანი, ვინაიდან მოპასუხეს დროზე რომ დაებრუნებინა თანხა, ის მიიღებდა სარგებელს.

მოპასუხე გ. რ-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმდა სალომბარდე ხელშეკრულება მხოლოდ 30 დღის ვადაში, რისთვისაც დადგინდა 15% სარგებელი 300 აშშ დოლარის ოდენობით. არსად არ არის მითითებული, რომ მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა ეხადა 300 აშშ დოლარი თანხის სრულ დაფარვამდე. თანხა გაცემული იყო მხოლოდ 30 დღით და დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენდა 2300 აშშ დოლარს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გირავნობის საგანი – ვაზა იყო ანტიკვარული და მისი ღირებულება შეადგენს 40 000 აშშ დოლარს. მოპასუხე გ. რ-ს ვაზა არ წამოუღია საცავიდან, ვინაიდან მისი წამოღება საცავიდან საჭიროებდა ლ.ც-ის ნებართვას და მოპასუხის მიერ გირავნობის საგანი დაბრუნებული არ ყოფილა. ამასთან, ხელშეკრულების მეორე მუხლის თანახმად, თუ სარგებლის გადახდა დაგვიანდა სამ დღეზე მეტი ხნით კლიენტი კარგავს საკუთრების უფლებას წინამდებარე ხელშეკრულების დანართში ჩამოთვლილ გირაოზე. ასე ჩათვალა კიდეც ლ. ც-მ და დააგვიანა რა გ. რ-მ თანხის გადახდა, მოსარჩელემ გაასხვისა დაგირავებული ნივთი, ე.წ. ცისფერი ”სერვის” ვაზა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ც-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. რ-მ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 იანვრის განჩინებით გ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

დადგენილია და არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ 2010 წლის 19 ივლისს ლ. ც-სა და გ. რ-ს შორის დაიდო სალომბარდე ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ლ. ც-მ გ. რ-ს გადასცა 2000 აშშ დოლარი, 15%-ის (300 აშშ დოლარი) სარგებლით, 30 დღის ვადით (2010 წლის 19 აგვისტომდე) და კლიენტის მიერ დასაფარი მთლიანი თანხა შეადგენდა 2300 აშშ დოლარს. სესხის უზრუნველსაყოფად, მოვალემ წარმოადგინა გირავნობის საგანი - 1 ცალი ცისფერი „სერვის“ ვაზა.

დადგენილია ასევე და მხარეთა შორის არც ის გარემოება გამხდარა სადავოდ, რომ 2010 წლის 19 ივლისის სალომბარდე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გ. რ-ს არც ძირი თანხა (2000 აშშ დოლარი) და არც მასზე დარიცხული ერთი თვის პროცენტი (300 აშშ დოლარი) არ გადაუხდია.

გირავნობის საგანი - ცისფერი „სერვის“ ვაზა, 2011 წლის 16 სექტემბერს საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, დაუბრუნდა მის მესაკუთრეს, მოპასუხის დედას - ნ. კ-ას.

სადავო გარემოების დასადასტურებლად, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია 2011 წლის 16 სექტემბრის ნოტარიულად დადასტურებული შეთანხმება გ. კ-სა (ნ. ა-ის მეუღლე) და ნ. კ-ას შორის ცისფერი „სერვის“ ვაზის მესაკუთრისთვის დაბრუნების თაობაზე (ტ. I. ს.ფ. 86-90) და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და ბრალდებულ „ნ“ „ა“-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის დადგენის შესახებ (ტ. I. ს.ფ. 137-140). საქმეში წარმოდგენილი დაბადების აქტის ჩანაწერით დადასტურებულია ასევე ის გარემოება, რომ ნ. კ-ა არის მოპასუხე გ. რ-ის დედა (ტ. I. ს.ფ. 150). გარდა ამისა, ზემოაღნიშნული სადავო ფაქტობრივი გარემოების გამოსარკვევად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმედ დაიკითხა გ. კ-ი, რომლის ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2011 წლის 16 სექტემბრის შეთანხმების ფარგლებში ნ. კ-სთვის გადაცემული ცისფერი „სერვის“ ვაზა სწორედ ის ვაზაა, რომელიც 2010 წლის 19 ივლისის სალომბარდე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მოპასუხე გ. რ-მ (ნ. კ-ას შვილი) მოსარჩელე ლ. ც-ს გადასცა. გ. კ-ი ასევე ადასტურებს, რომ მოპასუხე მხარეს მისთვის ან მისი მეუღლისთვის, ლ. ც-სთვის გადასაცემად, არ მიუცია სალომბარდე ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა - 2300 აშშ დოლარი ან მისი ნაწილი (16.05.2013წ. სხდომის ოქმი). ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საწინააღმდეგო გარემოების მტკიცების ტვირთი, კერძოდ, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ გირავნობის საგანი - ცისფერი „სერვის“ ვაზა არ დაბრუნებია მის მესაკუთრეს, მოპასუხის დედას - ნ. კ-ას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ეკისრება მოპასუხეს, რომლის მიერაც ზემოდასახელებული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოების გასაბათილებლად, რაიმე საპირისპირო მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ, წარმოუდგენელია აპელანტი დათანხმებულიყო 2300 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაეთმო 40 000 აშშ დოლარის ღირებულების (როგორც თავად მოპასუხე მიუთითებს) ლარნაკი და თავად არ გამოეთქვა მოსარჩელის მიმართ პრეტენზია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ გირავნობის საგანი - ცისფერი „სერვის“ ვაზა, 2011 წლის 16 სექტემბერს საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, დაუბრუნდა მის მესაკუთრეს, მოპასუხის დედას - ნ. კ-ას.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317.1-ე მუხლებით და განსახილველ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა.

პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ 2010 წლის 19 ივლისის ხელშეკრულების თანახმად, ლ. ც-მ გ. რ-ს გადასცა 2000 აშშ დოლარი, 15% (300 აშშ დოლარი) სარგებლით, 30 დღის ვადით (2010 წლის 19 აგვისტომდე) და კლიენტის მიერ დასაფარი მთლიანი თანხა შეადგენდა 2300 აშშ დოლარს.

დასახელებული ნორმებისა და იმ დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ დადასტურებულია მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის უდავო ფაქტობრივი და დასაბუთებული სამართლებრივი წინამძღვრები, ასევე, სესხის უზრუნველსაყოფად გადაცემული გირავნობის საგანი - ცისფერი „სერვის“ ვაზა დაბრუნებულია მესაკუთრისთვის, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. რ-ს ლ. ც-ის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 2300 აშშ დოლარის გადახდა.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 404-ე, 394.1-ე, 411-ე, 412-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა აუნაზღაურდეს თანხა, რასაც იგი მიიღებდა გასესხებული თანხის საბანკო ანაბარზე განთავსების შემთხვევაში დარიცხული სარგებლის სახით. ასეთი სახის ზიანი წარმოადგენს ზიანს, რომლის მიუღებლობა მოვალეს შეეძლო ევარაუდა, როგორც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგი, რადგან სადავო ფულადი ვალდებულება წარმოშობილია სასესხო ურთიერთობიდან. ფულადი თანხის საბანკო ანაბარზე განთავსება კი, წარმოადგენს ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად ფულადი თანხიდან მიღებულ სარგებელს. აღნიშნული შემოსავალი მოსარჩელემ ვერ მიიღო იმის გამო, რომ მოპასუხემ დროულად არ დააბრუნა ნასესხები თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი, სულ 2300 აშშ დოლარი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის დღიდან სარჩელით სასამართლოსთვის მომართვის პერიოდის გათვალისწინებით, გ. რ-ს ლ. ც-ის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 380 აშშ დოლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქალაქო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა სესხის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა უფლება-მოვალეობები, სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. რ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ „მოსარჩელე ლ. ც-მ გ. რ-ის მიერ დაგირავებული ნივთი ცისფერი „სერვის“ ვაზა გადასცა მის პარტნიორს – ნ. ა-ს. კასატორის მითითებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სადავო ვაზა ლ. ც-მ ნ. ა-ს უსასყიდლოდ კი არ გადასცა, არამედ მიჰყიდა, რის სანაცვლოდაც, აიღო სოლიდური თანხა. მან ვაზა ხელშეკრულების ამოწურვამდე გაასხვისა. მართალია ნ. ა-ი დააკავეს თაღლითობის გამო, მაგრამ აღნიშნული ფაქტი სწორედ მისი მეუღლის, გ. კ-ის დაკითხვისას გაირკვა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა, რაც ცხადყოფს, რომ ლ. ც-მ ვაზა დროზე ადრე გაასხვისა.

კასატორის მითითებით, სადავო განჩინებაში დადგენილად მითითებული გარემოება, რომ სესხის უზრუნველსაყოფად გადაცემული გირავნობის საგანი – ცისფერი „სერვის“ ვაზა დაუბრუნდა მესაკუთრეს, არასწორია, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დგინდება.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის განჩინებით გ. რ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. რ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% –210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. რ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 2 აპრილს საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% –210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური