№ას-266-250-2014 5 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ც. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ე. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – სესხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ც. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისთვის, მის სასარგებლოდ, სესხის – 3000 აშშ დოლარის, 2013 წლის 15 მარტიდან იძულებით აღსრულებამდე პერიოდში 3000 აშშ დოლარის 5 %-ის - 1050 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 3000 აშშ დოლარის 0,2%-ის -1158 აშშ დოლარის, საერთო ჯამში 5208 აშშ დოლარის დაკისრება. ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში კი, იპოთეკით უზრუნველყოფილი უძრავი ქონების რეალიზაცია შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2012 წლის 15 ნოემბერს მხარეებს შორის სამი თვის ვადით დაიდო და 20 ნოემბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც სესხის თანხად განისაზღვრა 3000 აშშ დოლარი ყოველთვიური 5 %-ის სარგებლით. ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლო შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,2%-ს. აღნიშნული ხელშეკრულების უზურნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ტყიბულის რაიონის სოფელ კ-ში მდებარე ც. მ-ის უძრავი ქონება. სარჩელის თანახმად, ც. მ-მა პერიოდულად გადაიხადა 4 თვის პროცენტი. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლისა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოსარჩელეს არც ძირითადი თანხა და არც ყოველთვიური სარგებელი არ გადაუხადა, რის გამოც ე. გ-მ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ სესხად გადასცა 3000 აშშ დოლარი, რომლის პროცენტსაც იხდიდა პირნათლად, მაგრამ 2013 წლის 11 მარტს მისმა შვილმა ავარიის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რომლის მკურნალობისთვისაც დასჭირდა სოლიდური თანხა, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ ვეღარ შეძლო პროცენტის გადახდა. მოპასუხის განმარტებით, მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია და მოითხოვა, დაეკისროს მხოლოდ ძირითადი თანხა და მისი განწილვადებით გადახდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. გ-ის სარჩელი ც. მ-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რაელიზაციის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ც. მ-ს ე. გ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 3000 აშშ დოლარი, 3000 აშშ დოლარის 5% - 1050 აშშ დოლარი, შემცირდა პირასამტეხლო 0.1 პროცენტამდე და ც. მ-ს ე. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 579 აშშ დოლარის გადახდა. თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში დადგინდა დაკისრებული თანხის გადახდა იპოთეკით უზრუნველყოფილი უძრავი ქონების რეალიზაციით მდებარე ტყიბულის რაიონის სოფელ კ-ში ს/კ .............
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. მ-ა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპლაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმთა პალატის 2014 წლის 4 თებერვლის განჩინებით ც. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ საქმზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის 15 ნოემბერს ც. მ-მა ე. გ-საგან ისესხა 3000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5% სარგებლით. ხელშეკრულება დაიდო 3 თვის ვადით;
ხელშეკრულების 3.1.2. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, აპელანტს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის 0,2%-ის ოდენობით.
ხელშეკრულების 5.4. მუხლის თანახმად, ვადაგადაცილების შემთხვევაში, კრედიტორს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის საფუძველზე, უფლება ჰქონდა მოეთხოვა პროცენტი და პროცენტის პროცენტი.
აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს გადაუხადა მხოლოდ 4 თვის სარგებელი.
პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება პირგასამტეხლოს გადახდას ითვლისწინებდა. ამ ხელშეკრულებას ც. მ-მა ხელი მოაწერა და იგი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმის მტკიცების ტვირთი, რომ, სინამდვილეში, მხარეები პირგასამტეხლოს გადახდაზე არ შეთანხმებულან, ეკისრებოდა აპელანტს, თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები კი მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
ც. მ-მა ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა და, ამიტომ, მან პირგასამტეხლო უნდა გადაიხადოს.
პალატის განმარტებით, მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტისათვის დაკისრებული ჯარიმა, 579 აშშ დოლარი, დაახლოებით, მის მიერ ორი თვის განმავლობაში გადასახდელი საპროცენტო სარგებლის ტოლია. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ აპელანტს ეს თანხა ერთჯერადად გადასახდელად დააკისრა, პალატის აზრით, პირგასამტეხლოს ოდენობა შესასრულებელ ვალდებულებასთან შედარებით, შეუსაბამოდ მაღალი არ არის და მისი კიდევ უფრო მეტად შემცირების საფუძვლები არ არსებობს.
პალატამ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403.1-ე მუხლზე მითითებით, აღნიშნა, რომ ვინაიდან ც. მ-მა ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილა და ხელშეკრულების 5.4. მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ, ამ შემთხვევაში, იგი გადაიხდიდა პროცენტს, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება საპროცენტო სარგებლის დაკისრების ნაწილშიც, კანონიერი იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. მ-მა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის ნაწილში და ახალი გადაწყევტილების მიღებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, მართალია მოწინააღმდეგე მხარესთან სესხის ხელშეკრულება დაიდო სამი თვით და სესხი იყო პროცენტიანი, მაგრამ ვინაიდან სამი თვის განმავლობაში იგი იხდიდა პროცენტს და ხელშეკრულება არ გაგრძელებულა, სასამართლოს მისთვის პროცენტი არ უნდა დაეკისრებინა, რადგან ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული ის გარემოება, რომ პროცენტის დარიცხვა ხელშეკრულების დამთავრების შემდგომაც გაგრძელდებოდა. ამასთან, ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას მან არ იცოდა, ხელშეკრულების დარღვევისას პირგასამტეხლო თუ დაეკისრებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინებით ც. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ც. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ც. მ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური