№ას-270-254-2014 26 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. პ-ა, ქ. ჩ-ი, ნ. ნ-ი, ე. ზ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 იანვრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. პ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. პ-ას, ქ. ჩ-ის, ნ. ნ-ისა და ე. ზ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: დ. პ-სა და მოპასუხეებს: გ. პ-ას, ქ. ჩ-სა და ე. ზ-ს შორის 2012 წლის 16 აპრილს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების პირველი ნაწილის მე-6 პუნქტით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გადასახდელი თანხის 0.03%-ით და პირგასამტეხლოს ანგარიშში გადახდილად ჩაეთვალოს გ. პ-ასთვის გადახდილი 490 აშშ დოლარი, ქ. ჩ-ისთვის – 210 აშშ დოლარი, ე. ზ-ისთვის – 70 აშშ დოლარი; ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ე. შ-ას 2012 წლის 8 ნოემბრის გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეესტრის ნომერი №121213027) მითითებული კრედიტორ ნ. ნ-ის განცხადებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის ნაწილში მოვალე დ პ-ისათვის პირგასამტეხლოს სახით 2012 წლის 27 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 9 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით დ. პ-ის ვალდებულება კრედიტორ ნ. ნ-ის წინაშე განისაზღვროს 2012 წლის 27 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, აღსრულებამდე სესხის ძირითადი თანხის 3000 აშშ დოლარის 0.03%-ით. ამასთან, დარიცხული პირგასამტეხლოს ანგარიშში მოვალეს გადახდილად ჩაეთვალოს კრედიტორ ნ. ნ-ის სასარგებლოდ გადახდილი 105 აშშ დოლარი; სარჩელის თანახმად, 2012 წლის 26 აპრილს დ. პ-სა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, დ. პ-მა გ. პ-ასაგან ისესხა 14 000 აშშ დოლარი, ქ ჩ-ისაგან 6000 აშშ დოლარი, ნ. ნ-ისაგან 3000 აშშ დოლარი, ე. ზ-ისაგან 2000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა სამი თვის ვადით და მისი დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 26 ივლისამდე. სესხი გაიცა სარგებლით სესხის ძირითად თანხაზე ყოველთვიურად 3.5%-ის დარიცხვით; მხარეები, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, სესხს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო -გადასახადი თანხის 0.3% ყოველ გადაცილებული დღისათვის. კრედიტორ ნ. ნ-ის განცხადების საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც დადგინდა მხარეებს შორის გაფორმებული ზემოაღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, შეუსრულებელი ვალდებულების (სესხის ძირითადი თანხის 3000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 9 აშშ დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2012 წლის 27 ივლისიდან აღსრულებამდე) თანხის ამოღების მიზნით, მსესხებელ დ. პ-ის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ყოველდღიურად გადასახდელი პირგასამტეხლო 0.3%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია ძირითადი დავალიანების თანხასთან და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დარიცხულ პროცენტთან მიმართებაში. ასეთ პირგასამტეხლოზე შეთანხმება ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესს. მსესხებლის მიერ კრედიტორებისათვის გადახდილ იქნა მე-4 თვის პროცენტი. რადგან ხელშეკრულება გაფორმებული იყო 3 თვის ვადით და ამ ვადის გასვლის შემდეგ სესხის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა პროცენტის გადახდევინებას, აღნიშნული თანხა მსესხებელს უნდა ჩაეთვალოს პირგასამტეხლოს ანგარიშში გადახდილად.
მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელის მოთხოვნები არ ცნეს. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხეები დაეთანხმნენ პირგასამტეხლოს შემცირებას 0.1%-ით. მათ არ ცნეს სარჩელის მოთხოვნა მე-4 თვის პროცენტის სახით გადახდილი თანხის პირგასამტეხლოს ანგარიშში ჩათვლის შესახებ იმ საფუძვლით, რომ თანხის გადახდით მხარეებს შორის სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით დ. პ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. პ-სა და მოპასუხეებს: გ. პ-ას, ქ. ჩ-სა და ე. ზ-ს შორის 2012 წლის 16 აპრილს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების პირველი ნაწილის მე-6 პუნქტით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა გადასახდელი თანხის 0.1%-ით და პირგასამტეხლოს ანგარიშში გადახდილად ჩაეთვალა გ. პ-ას გადახდილი 490 აშშ დოლარი, ქ. ჩ-ს 210 აშშ დოლარი, ე. ზ-ს 70 აშშ დოლარი; ცვლილება შევიდა ნოტარიუს ე. შ-ას 2012 წლის 08 ნოემბრის გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეესტრის ნომერი №121213027) მითითებული კრედიტორ ნ. ნ-ის განცხადებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის ნაწილში მოვალე დ. პ-ისათვის პირგასამტეხლოს სახით 2012 წლის 27 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 9 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით დ პ-ის ვალდებულება კრედიტორ ნ. ნ-ის წინაშე განისაზღვრა 2012 წლის 27 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე სესხის ძირითადი თანხის - 3000 აშშ დოლარის 0.1%-ით, რაც შეადგენს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 3 აშშ დოლარს (0.1%). ამასთან, დარიცხული პირგასამტეხლოს ანგარიშში მოვალეს გადახდილად ჩაეთვალა კრედიტორ ნ. ნ-ის სასარგებლოდ გადახდილი 105 აშშ დოლარი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. პ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა სრულად და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 იანვრის განჩინებით დ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის 26 აპრილს დ. პ-სა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, დ. პ-მა გ. პ-ასაგან ისესხა 14 000 აშშ დოლარი, ქ. ჩ-ისაგან 6000 აშშ დოლარი, ნ. ნ-ისაგან 3000 აშშ დოლარი, ე. ზ-ისაგან 2000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა სამი თვის ვადით და მისი დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 26 ივლისამდე. სესხი გაიცა სარგებლით სესხის ძირითად თანხაზე, ყოველთვიურად 3.5%-ის დარიცხვით;
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო გადასახადი თანხის 0,3%, ყოველ გადაცილებულ დღეზე.
პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. პ-ს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გ. პ-ასთვის გადახდილი ჰქონდა 490 აშშ დოლარი, ქ. ჩ-ისთვის – 210 აშშ დოლარი, ე. ზ-ისთვის – 70 აშშ დოლარი, ნ ნ-ისთვის – 105 აშშ დოლარი.
კრედიტორ ნ. ნ-ის განცხადების საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც დადგინდა მხარეებს შორის გაფორმებული ზემოაღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, შეუსრულებელი ვალდებულების (სესხის ძირითადი თანხის – 3000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 9 აშშ დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2012 წლის 27 ივლისიდან აღსრულებამდე) თანხის ამოღების მიზნით მსესხებელ დ. პ-ის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით დ. პ-სა და მოპასუხეებს: გ. პ-ას, ქ. ჩ-სა და ე. ზ-ს შორის 2012 წლის 16 აპრილს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების პირველი ნაწილის მე-6 პუნქტით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა გადასახდელი თანხის 0.1%-ით და პირგასამტეხლოს ანგარიშში გადახდილად ჩაეთვალა გ. პ-ას გადახდილი 490 აშშ დოლარი, ქ. ჩ-ს 210 აშშ დოლარი, ე .ზ-ს 70 აშშ დოლარი; ცვლილება შევიდა ნოტარიუს ე. შ-ას 2012 წლის 08 ნოემბრის გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეესტრის ნომერი №121213027) მითითებული კრედიტორის ნ. ნ-ის განცხადებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის ნაწილში მოვალე დ. პ-ისათვის პირგასამტეხლოს სახით 2012 წლის 27 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 9 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით დ. პ-ის ვალდებულება კრედიტორ ნ .ნ-ის წინაშე განისაზღვრა 2012 წლის 27 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე სესხის ძირითადი თანხის 3000 აშშ დოლარის 0.1%-ით, რაც შეადგენს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 3 აშშ დოლარს (0.1%). ამასთან, დარიცხული პირგასამტეხლოს ანგარიშში მოვალეს გადახდილად ჩაეთვალა კრედიტორ ნ. ნ-ის სასარგებლოდ გადახდილი 105 აშშ დოლარი.
აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთის კიდევ სამჯერ შემცირება;
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს შესრულებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
განსახილველ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით და არ არსებობდა დაკისრებული პირგასამტეხლოს დამატებითი შემცირების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. პ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება – პირგასამტეხლოს 0,03%-მდე შემცირება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, განსაზღვრული პირგასამტეხლო იყო არაგონივრული და თვიურ სარგებელს სამჯერ აღემატებოდა, ვინაიდან ყოველთვიურად გამოდიოდა ძირითადი თანხის 9%, შესაბამისად, მოთხოვნა მდგომარეობდა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე – 0,03%-მდე შემცირებაში, თუმცა მოსამართლემ, მიუხედავად იმისა, რომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, არ გაითვალისწინა მხარის ქონებრივი მდგომარეობა, კერძოდ, ის, რომ არის უმუშევარი და ოჯახი განიცდის ეკონომიურ გაჭირვებას და პირგასამტეხლო შეამცირა იმ ოდენობამდე, რაზეც მოპასუხე იყო თანხმა, კერძოდ, 0,1 პროცენტამდე, რაც თვეში გამოდის 3%, ხოლო წლიურად – 36%. აღნიშნული კი, ბანკთაშორის ბირჟებზე გაცვლის მონაცემების გათვალისწინებით, შეადგენს 9-10%-ს, რაც არაგონივრულია. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა სასამართლო პრაქტიკა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მარტის განჩინებით დ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. პ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (529 ლარის) 70% –370.3 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. პ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 13 მარტს №444 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (529 ლარის) 70% –370.3 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური