Facebook Twitter

№ას-275-259-2014 5 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომიდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ლ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. კ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა: მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, 2009 წლის 25 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის – 31 500 აშშ დოლარის, პროცენტის 1 575 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 15 985 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; ასევე, მოპასუხისათვის, დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, ქ.თბილისში, თ-ის ქ. №17ა, ბინა №39–ში მდებარე თ. კ-ას საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 25 სექტემბერს, ლ. ლ-ასა და თ. კ-ას შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ლ. ლ-ამ თ. კ-ას ასესხა 31 500 აშშ დოლარი, ერთი თვის ვადით, სარგებლის - თვიური 5%-ს დარიცხვით. მხარეთა მიერ ასევე შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3%-ს ოდენობით.

2009 წლის 25 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ქ.თბილისში, თ-ის ქ. №17ა-ში მდებარე თ. კ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – ბინა №39, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...............

მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში თანხა არ დააბრუნა. მან ასევე არ გადაიხადა საპროცენტო სარგებელი. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო სესხის თანხის დავალიანების 0,3%-ს ოდენობით, რაც შეადგენს 94,5 აშშ დოლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამასთან ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა შეადგენს 1 095 დღეს, შესაბამისად, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 103 477,5 აშშ დოლარს. მოპასუხეს დავის განხილვის დროისთვისაც არ დაუბრუნებია სესხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის სესხის – 31 500 აშშ დოლარისა და ერთი თვის საპროცენტო სარგებლის დავალიანების – 1 575 აშშ დოლარის დაკისრება. მოსარჩელემ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ, მოითხოვა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 15 985 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

თ. კ-ამ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა მას და ლ. ლ-ას შორის 2009 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 დეკემბრის განჩინებით არ იქნა მიღებული წარმოებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ. ლ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე თ. კ-ას ლ. ლ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2009 წლის 25 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის დავალიანების - 31 500 აშშ დოლარის, პროცენტის - 1 575 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 3 000 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილებით მოპასუხე თ. კ-ასათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით დადგინდა ქ. თბილისში, თ-ის ქ. №17ა, ბინა №39–ში მდებარე, თ. კ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 12 985 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ლ-ამ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დასტურდება, რომ ლ. ლ-ამ შეიცვალა გვარი და გახდა ლ. ბ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 და 1.5 პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გასაჩივრებულ ნაწილში ლ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე თ. კ-ას ლ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 6300 აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა აპელანტის პოზიცია პირგასამტეხლოს შემცირების ოდენობის ნაწილში და მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო სესხის ძირითადი თანხის 1/5 ნაწილის ოდენობით, რაც შეადგენს 6300 აშშ დოლარს.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით და კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 25 სექტემბერს, ლ. ლ-ასა და თ. კ-ას შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის თანხის 0.3 %-ით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ თ. კ-ას დღემდე ნასესხები თანხა მოსარჩელისთვის არ დაუბრუნებია, შესაბამისად, ვადაგადაცილება სარჩელის არძვრამდე შეადგენს 1095 დღეს, რა პერიოდზეც თ. კ-ას ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.

პალატის განმარტებით, მართალია, მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, თუმცა ეს თავისუფლება გარკვეული ფასეულობებითაა შეზღუდული, რომლის მიზანიცაა, სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა. პირგასამტეხლოს მიზანს არ წარმოადგენს კრედიტორის გამდიდრება, მისი ოდენობა ადეკვატური უნდა იყოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობისა. აღნიშნულის მიუხედავად, შესაძლებელია მხარეები იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. ამიტომაც განსაზღვრავს კანონი სასამართლოს უფლებამოსილებას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა ეს შემცირება სამართლიანი და ადეკვატური უნდა იყოს და არსებითად არ უნდა ლახავდეს კრედიტორის ინტერესებს.

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და მოთხოვნილი 15 985 აშშ დოლარიდან შეამცირა 3000 აშშ დოლარამდე, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დავალიანების ოდენობის (31 500 აშშ დოლარი) და ამ დავალიანების გადახდის ვადაგადაცილების ხანგრძლივობის (1095 დღე) გათვალისწინებით, არ არის ადეკვატური შემცირება და შეუსაბამოდ აზარალებს კრედიტორის ინტერესებს. პირგასამტეხლოს სამართლიანი ოდენობის განსაზღვრისას, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოთხოვნის წარმოშობიდან 2 წლისა და 364 დღის შემდეგ, ანუ ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის გასვლამდე 1 დღით ადრე, რითაც მნიშვნელოვნად გაზარდა მოსათხოვი პირგასამტეხლოს ოდენობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნია სესხის - 31 500 აშშ დოლარის 1/5 ნაწილის ოდენობა, რაც შეადგენს 6300 აშშ დოლარს, შესაბამისად, პალატის აზრით, თ. კ-ას ლ. ბ-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაკისრებოდა 6300 აშშ დოლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: 2009 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, სარჩელი აღიძრა მხოლოდ სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე რამოდენიმე თვით ადრე. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ კრედიტორმა გააფრთხილა მოვალე ან განახორციელა რაიმე ღონისძიება ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, მან წარმოადგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ იპოთეკის საგანზე, რომელიც ამჟამად თ. კ-ას სახელზეა აღრიცხული, დაფიქსირებული იყო ლ. ლ-ას (ბ-ის) იპოთეკა. მან ჯერ კიდევ სასამართლოში საქმის შემოსვლამდე შეიტანა პროკურატურაში განცხადება იმის თაობაზე, რომ ლ. ლ-ამ (ბ-მა) ბოროტად ისარგებლა მისი ნდობით, ჯერ შეაძენინა ბინა, ხოლო შემდეგ იპოთეკით დაატვირთვინა, რის საფასურადაც, მას გადასცა მხოლოდ 2000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხა თავად ლ.ლ-ამ (ბ-მა) მოიხმარა, მოგვიანებით კი, ვალის გადაუხდელობის გამო, მისი ბინა ისევ ლ. ლ-ას (ბ-ის) იპოთეკის ქვეშ აღმოჩნდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით თ. კ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. კ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% –210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. კ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 7 აპრილს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი. შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური