№ას-284-266-2014 5 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს. ც. კ. კ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია – ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 იანვრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სალიცენზიო შეთანხმების გარეშე მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით ხელახალი გადაცემის აკრძალვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია – ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. ც. კ. კ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა: მოპასუხეს აეკრძალოს მოსარჩელე ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით ხელახალი გადაცემა მოსარჩელე ასოციაციასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ იგი არის არა საავტორო, არამედ მომიჯნავე უფლებებით მოსარგებლე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია-ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შპს „ს. ც. კ. კ-ას“ აეკრძალა მოსარჩელე ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით ხელახალი გადაცემა მოსარჩელე ასოციაციასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. ც. კ. კ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 იანვრის განჩინებით შპს „ს. ც. კ. კ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია არის საქართველოში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია;
შპს ,,ს. ც. კ. კ-ა’’ არის მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელი ავტორიზებული პირი;
შპს ,,ს. ც. კ. კ-ას’’ არ გააჩნია მოსარჩელესთან სალიცენზიო შეთანხმება საავტორო უფლების გამოყენებისათვის, კერძოდ, მუსიკალურ ნაწარმოებების კაბელით ხელახალი გადაცემის დროს.
ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მოთხოვნის მიუხედავად, შპს ,,ს. ც. კ. კ-ა’’ მასთან არ აფორმებს სალიცენზიო შეთანხმებას.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოების დაცვის ბერნის კონვენციის 11 (ბისი) მუხლისა და ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4, მე-18, მე-40, 65-ე მუხლების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და შპს „ს. ც. კ. კ-ას” უნდა აკრძალვოდა ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის რეპერტუარში შემავალი მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით ხელახალი გადაცემა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე, კერძოდ: ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის 11 (ბისი) მუხლის თანახმად, ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორებს განსაკუთრებული უფლება აქვთ, გასცენ ნებართვა, რომ სადენებითა და უსადენოდ კავშირგაბმულობის საშუალებით, ეთერში განმეორებით გადაიცეს ყოველგვარი საჯარო გადაცემა, თუ ამას აკეთებს სხვა და არა თავდაპირველი ორგანიზაცია. ბერნის კონვენციის აღნიშნულ რეგულირებას შეესაბამება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროსა და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ს. ც. კ. კ-ა’’ ახორციელებს მაუწყებელის მიერ გავრცელებული მუსიკალური ნაწარმოებების კაბელის მეშვეობით ხელახალ გადაცემას თავის აბონენტებამდე (მომხმარებლებამდე).
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის თანახმად, „კაბელით ხელახალი გადაცემა” განსაზღვრულია, როგორც სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით.
ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, „საჯარო გადაცემა” გულისხმობს ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემას ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა), ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ შპს „ს. ც. კ. კ-ის” მიერ მაუწყებლობის გადაცემების, კერძოდ, მუსიკალური ნაწარმოების კაბელით ტრანზიტი წარმოადგენდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით დაცვის ობიექტს.
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რომელშიც იგულისხმება ნაწარმოების ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გამოყენება. კაბელით გადაცემა წარმოადგენს ნაწარმოების გამოყენების ერთ-ერთ სახეს. მოცემულ შემთხვევაში კი, სიგნალის ტრანზიტი კაბელის მეშვეობით, რომლითაც ფაქტობრივად ხდება ნაწარმოების გადაცემა (მიწოდება ტელემაყურებლამდე), მიუთითებს ამ ნაწარმოების გამოყენების თავისებურ სახეზე, რაც დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტით. ამდენად, სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ნაწარმოების სადენით გადაცემისა და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით (მათ შორის, ეთერით ან კაბელით) ნაწარმოების გამოყენებაზე უფლება წარმოადგენდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ დაცვის ობიექტებს;
პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სწორად მიუთითა, რომ შპს „ს. ც. კ. კ-ა” ტექნიკური საშუალების გამოყენებით შეუცვლელად ახორციელებდა მიღებული გადაცემების ტრანზიტს, რითაც ახორციელებდა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას, რაც არ გამორიცხავდა ნაწარმოების გამოყენების ფაქტს. აღნიშნული გარემოება კი, მიუთითებდა მხოლოდ შპს „ს. ც. კ. კ-ის” მიერ მიღებული პროგრამების (რომლებშიც მოცემულია საავტორო ნაწარმოებები) კაბელის მეშვეობით გამოყენების წესზე. ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის მიერ უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ნაწარმოების გამოყენებაზე უფლება არ ნიშნავდა მისი სადენით გადაცემაზე უფლების ავტომატურად მინიჭებასაც. შპს „ს. ც. კ. კ-ა” იყო სხვა ორგანიზაცია და არა პირვანდელი, რომელსაც შეიძლებოდა მიკუთვნებოდა საკაბელო არხი, რომლითაც ხდება შემდგომი გადაცემა. შპს „ს. ც. კ. კ-ის” მიერ კაბელით ნაწარმოების გადაცემა მიუთითებდა ამ ნაწარმოების გამოყენების ცალკე ფორმაზე - კაბელის მეშვეობით, რომლის დაცვის უფლება გააჩნდა მოსარჩელეს, როგორც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას.
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დადებულიყო კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში შემავალ ნაწარმოებებზე, ხოლო თუ რომელმე ნაწარმოები არ შედიოდა აღნიშნულ რეპერტუარში, ამის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს.
ამდენად, პალატის აზრით, სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ შპს „ს. ც. კ. კ-ას” უნდა აკრძალვოდა ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის რეპერტუარში შემავალი მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით ხელახალი გადაცემის უფლება საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ს. ც. კ. კ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. ც. კ. კ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორი ითხოვს, სასამართლომ იმსჯელოს სასამართლო პრაქტიკის შეცვლაზე, ვინაიდან, მისი აზრით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტი არაკონსტიტუციურია, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
კასატორის მითითებით, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა და, შესაბამისად, პალატას არ უმსჯელია, რომელ სალიცენზიო შეთანხმებაზეა საუბარი და გაურკვეველია, რა სახისა და შინაარსის სალიცენზიო შეთანხმების გარეშე აეკრძალათ ფაქტობრივად საქმიანობა და რა მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს ეს სალიცენზიო შეთანხმება.
კასატორის განმარტებით, სასამართლო ადასტურებს, რომ მისი კომპანია ახორციელებს მაუწყებლობის გადაცემების ტრანზიტს, მაგრამ ამავე დროს სასამართლო აიგივებს ამ მოქმედებას მაუწყებლობის გადაცემის შემადგენელ ნაწილთან – მუსიკალური ნაწარმოების ტრანზიტთან. ამასთან, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მის პოზიციაზე მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინებით შპს „ს. ც. კ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. ც. კ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს. ც. კ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% –210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს. ც. კ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 18 მარტს საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% –210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური