Facebook Twitter

№ას-302-284-2014 5 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მერია

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ნ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. თბილისის მერიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ნ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ქირის დავალიანების – 95 290.63 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: 2007 წლის 1 აგვისტოს ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა №14-ში მდებარე №....-ე ბაგა-ბაღის №2 შენობაში არსებული 433,57 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და შესაბამისი წილობრივი მიწის ნაკვეთი მოპასუხე ლ ნ-ს გადაეცა ქირით. ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 6 წელი. ხელშეკრულების თანახმად, ყოველწლიურად ქირის ოდენობა განისაზღვრა 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ქირა უნდა გადახდილიყო თანაბარწილად 3 (სამ) თვეში ერთხელ 3 750 აშშ დოლარის ოდენობით.

2011 წლის 21 მარტს ქ.თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ ლ. ნ-ს გაუგზავნა წერილი (№12-8/2509), რომლითაც aცნობა, რომ ქ.თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-5 გადაწყვეტილების თანახმად, ქ.თბილისის თვითმმართველ ერთეულსა და ლ. ნ-ს შორის 2007 წლი 01 აგვისტოს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების იჯარის საგნის - ქ. თბილისში, ფ-ის ქ №14 -ში მდებარე №....-ე ბაგა-ბაღის №2 შენობაში არსებული 433,57 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართისა და შესაბამისი წილი მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი (№) საბაზრო ქირის ღირებულების დადგენის მიზნით, წერილის მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში წარმოედგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” მიერ გაცემული დასკვნა სარგებლობის უფლების ქირის ღირებულების დადგენის შესახებ. ლ.ნ-ს ამავე წერილით ეცნობა, რომ აუდიტორული დასკვნის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ქ. თბილისის თვითმმართველ ერთეულს უფლება ჰქონდა ცალმხრივად შეეწყვიტა 2007 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება.

ლ. ნ-ს ქ.თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 21 მარტის წერილის ჩაბარებიდან 2 თვის ვადაში არ წარუდგენია აუდიტორული დასკვნა. ქ.თბილისის მთავრობის 2011 წლის 11 ოქტომბრის №28.24.1127 დადგენილების თანახმად, მასთან ცალმხრივად შეწყდა 2007 წლის 1 აგვისტოს დადებული ხელშეკრულება.

მოპასუხე ლ. ნ-მ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის, დაუსაბუთებლობისა და ხანდაზმულობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გამოთქმულ სამართლებრივ დასკვნებს და არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია მასზე, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება მოქმედებდა 2011 წლის 11 ოქტომბრამდე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ ყურადღება გაამახვილა განსახილველ საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ: ლ. ჩ-ი (ბაგა-ბაღის საქმისმწარმოებელი, სადავო პერიოდისათვის ბუღალტერი) და თ. თ-ლი (ბაგა-ბაღის დირექტორი). მათ დაადასტურეს, რომ ლ. ნ-ს ნამდვილად დაქირავებული ჰქონდა №....-ე ბაგა-ბაღში ფართი, სადაც ფუნქციონირებდა კერძო სკოლა. 2008 წლის აგვისტოში (არდადეგების დროს) №...-ე ბაგა-ბაღში დარეკეს გამგეობიდან და აცნობეს, რომ შექმნილი საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა მიეღოთ დევნილები. ამ მიზეზის გამო, ლ. ნ-მ 2008 წლის 08 აგვისტოდან გამოათავისუფლა დაქირავებულ ფართი, წაიღო სკოლის ინვენტარი და მითითებული პერიოდიდან დღემდე ამ ფართში კერძო სკოლა აღარ ფუნქციონირებს, რადგან იქ შეასახლებულ იქნენ დევნილები.(იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმი).

საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის რ. კ-ის 2013 წლის 25 ნოემბრის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ათასობით ოჯახი გახდა დევნილი საკუთარი სახლებიდან, რომელთა დიდმა ნაწილმა დედაქალაქს შეაფარა თავი. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა იმყოფებოდა ფორსმაჟორულ მდგომარეობაში და ამავე დროს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღამის გასათევი თავშესაფარი, სახელმწიფოს მხრიდან ხდებოდა დროებით მათი სკოლის, ბაღისა და სხვადასხვა ტიპის შენობებში გადანაწილება. დროებით დაკავებული შენობების უმრავლესობა გამოთავისუფლებულ იქნა 2010-2011 წლებში, მათ შორის №... საბავშვო ბაგა-ბაღი(ტ. I, ს.ფ 110)

საქმეში ასევე წარმოდგენილია ააიპ თბილისის №... ბაგა-ბაღის 17 თანამშრომლის წერილი, რომელშიც ისინი განმარტავენ, რომ კერძო სკოლამ (დირექტორი ლ. ნ-ე) ბაგა-ბაღის შენობა დატოვა 2008 წლის აგვისტოში საომარი მდგომარეობის დროს, აღნიშნულ პერიოდში შენობაში დროებით შემოსახლებულ იქნენ დევნილები კონფლიქტის ზონიდან, რომელთაც ასევე ეკავათ სკოლის ტერიტორია. დევნილების საბოლოო გადაყვანა მოხდა 2008 წლის დეკემბრის ბოლოს (ტ. I, ს.ფ 111).

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 541-ე, 399.1-ე მუხლებით და განმარტა, რომ პატივსადები მიზეზი ყოველი კონკრეტული შემთხვევის შეფასების საგანია, თუმცა, პატივსადები მიზეზი აუცილებელია წარმოიშვას გარემოებათა შეცვლის შედეგად, რომელსაც მხარეები ხელშეკრულების დადებისას ვერ გაითვალისწინებდნენ. გარემოების შეცვლა მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ის გავლენას ახდენს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ამ საფუძვლით ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გონივრული ვარაუდის შედეგად არ არის მოსალოდნელი, რომ ხელშეკრულების გაგრძელება და მისი შეთანხმებულ ვადაში შესრულება შესაძლებელი იქნება. პატივსადები მიზეზით ხელშეკრულების მოშლა შესაძლებელია, როგორც კრედიტორის, ისე მოვალის ინიციატივით. სამოქალაქო კოდექსი ამ თვალსაზრისით ცდილობს, დააბალანსოს ორივე მხარის ინტერესი, რათა მოვალეს მიეცეს შესაძლებლობა, ვითარების მისთვის საუარესოდ შეცვლის შემთხვევაში მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება და თავიდან აირიდოს ის ნეგატიური შედეგი, რაც შეიძლება მოჰყვეს ვითარების შეცვლას.

მოცემულ შემთხვევაში პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან 2008 წლის აგვისტოში დაქირავებული ფართის დაცლით, მან მოშალა ქირავნობის ხელშეკრულება მოსარჩელესთან, რისი პატივსადები საფუძველიც მას გააჩნდა. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულება შეწყდა 2008 წლის 8 აგვისტოდან, როდესაც ლ. ნ-მ გამოათავისუფლა დაქირავებულ ფართი და წაიღო სკოლის ინვენტარი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ ქ. თბილისი მერიის მხრიდან არ განხორციელებულა დაქირავებული ფართით სარგებლობის უფლების წართმევა მოპასუხეზე, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, ლ. ნ-ის მიერ დაქირავებული ფართი გამოთავისუფლდა ქ.თბილისის მერიის სისტემაში შემავალი ერთეულის - გამგეობის მოთხოვნით.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ ლ. ნ-ს ქ.თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს №12-8/2509 წერილი არ ჩაბარებია. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული წერილი მოპასუხეს ჩაბარდა. ამდენად, ლ. ნ-ისათვის უცნობი იყო ამ წერილისა და მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. გარდა ამისა, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს არ მიუმართავს მოპასუხისათვის ვალდებულების შესრულების - ქირის თანხის გადახდის მოთხოვნით. მოსარჩელეს არც მოპასუხის გაფრთხილება განუხორციელებია, რაც როგორც ხელშეკრულებით, ასევე მოქმედი კანონმდებლობით ევალეობდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვტელების გამოტანისას არ უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 541-ე მუხლით, ვინაიდან სადავო შემთხვევაში ქ. თბილისის მერიას დაქირავებულ ნივთზე სარგებლობის უფლება ლ. ნ-ისთვის არ წაურთმევია იმდენად, რამდენადაც ლ. ნ-სთან ხელშეკრულების დადების დროს, 2007 წლის პირველ აგვისტოს, როგორც დამქირავებელს, დაქირავებული ნივთის სარგებლობის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება ჰქონდა. ასევე, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ დამქირავებელს, კერძოდ, ლ. ნ-ს ქ. თბილისის მერიისთვის არ მიუმართავს რაიმე სახის პრეტენზიით იმსათან დაკავშირებით, რომ ვერ სარგებლობდა დაქირავებული ფართით. მხოლოდ იმაზე ზეპირად მითითება კი, რომ მის მიერ დაქირავებულ ფართში ქ. თბილისის მერიამ შეასახლა იძულებით გადაადგილებული პირები და მას ფართი დაატოვებინა, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

კასატორის აზრით, სასამართლოს მითითება გადაწყვეტილებაში, რომ 2007 წლის პირველ აგვისტოს დადებული ქირავნობის ხელშკერულება მოიშალა 2008 წლის 8 აგვისტოს, არის სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. 2007 წლის პირველ აგვისტოს მხარეებს შორის ხელშეკრულება დადებულია წერილობითი ფორმით, შესაბამისად, მსგავსი ხელშეკრულების შეცვლა ან მოშლა უნდა გაფორმდეს წერილობით, რაც მხარეებს შორის მოცემულ შემთხვევაში არ გახორციელებულა. ამდენად, ალოგიკურია სასამართლოს მითითება სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ ლ. ნ-ს პატივსადები საფუძველი ჰქონდა, როგორც სასამართლო განმარტავს, მას როგორც ხელშეკრულების მხარეს, უნდა მიმართა განცხადებით გამქირავებლისათვის – ქ. თბილისის მერიისთვის. საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად დგინდება, რომ მხარეს არ მიუმართავს ქ. თბილისის მერიისთვის რაიმე სახით, სადაც შეიძლებოდა დაფიქსირებულიყო, რომ ის ვერ სარგებლობდა დაქირავებული ფართით გარკვეუილ მიზეზებიდან გამომდინარე.

ზემოაღნიშნულიდან გამომიდნარე, კასატორიმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაქილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური