Facebook Twitter

№ას-315-297-2014 5 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ვ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ვ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ქ. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: ა) მოპასუხის მიმართ ვალდებულება შესრულებულად ჩაეთვალოს 1720 აშშ დოლარის ნაწილში; ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.3 პროცენტიდან 0.01 პროცენტამდე; გ) ცვლილება შევიდეს ნოტარიუსის მიერ 2013 წლის 24 იანვარს გამოცემულ სააღსრულებო ფურცელში და 2460 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 740 აშშ დოლარი.

მოპასუხე ქ. მ-მ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ვ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნოტარიუს ე. შ-ის შემცვლელი პირის თ. კ-ის მიერ გაცემული №130057690 სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტი ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი და პირგასამტეხლოს ოდენობა 2650 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვრა 1022 აშშ დოლარით; პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა 5-ჯერ და განისაზღვრა გადაუხდელი ძირითადი თანხის 0,05%-ით ყოველ გადაცილებულ დღეზე, დანარჩენ ნაწილში მ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ვ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 თებერვლის განჩინებით მ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2011 წლის 15 ოქტომბერს მ. ვ-სა და ქ. მ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მ. ვ-მ ქ მ-ისაგან ისესხა 3180 აშშ დოლარი ორი თვის ვადით, უპროცენტოდ;

გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მ. ვ-ის საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება: 1) დუშეთის რაიონში მდებარე 500.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: .....) და 2) ქ. თბილისში, სოფელ ფ-ში მდებარე 1000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ......) (ტ.I, ს.ფ. 77-81);

ხელშეკრულებით პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საერთო თანხის 0.3 % -ის ოდენობით;

16.12.2011 წლის შეთახმებით მ. ვ-სა და ქ. მ-ს შორის 15.10.2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა ორი თვით, 2012 წლის 15 თებერვლამდე (ტ.I, ს.ფ.82);

მ. ვ-ის მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულების მიზნით გადახდილი თანხა შეადგენს 720 აშშ დოლარს;

საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ მ. ვ-მ ქ. მ-ს 16.12.2011 წელს გადასცა 180 აშშ დოლარი, 17.01.2012 წელს - 180 აშშ დოლარი, ხოლო 15.03.2012 წელს - 360 აშშ დოლარი (ტ.I, ს.ფ.82);

მ. ვ-ის მითითებით, მან ქ. მ-ს ჯამში გადაუხადა 1720 აშშ დოლარი. ამდენად, სადავოა დამატებით 1000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

პალატამ აღნიშნა, რომ თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, შესაბამისი მტკიცებულება კი, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განსახილველ შემთხვევაში, რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მ. ვ-ის მიერ ხელწერილში მითითებული 720 აშშ დოლარის გარდა დამატებით 1000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი არ არის;

24.01.2013 წელს ნოტარიუს ე. შ-ის შემცვლელმა თ. კ-მა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა: ა) ძირითადი თანხა 2460 ლარის ოდენობით; ბ) პირგასამტეხლო 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე- 2650 აშშ დოლარი, ჯამში -5110 აშშ დოლარი (ტ.I, ს.ფ.106-108).

ის გარემოება, რომ, მხარეთა შეთანხმებით, პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა მომხდარიყო პირგასამტეხლოს დარიცხვის მომენტში გადაუხდელი თანხის პროპორციულად და, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელში პირგასატმეხლო დაანგარიშდა პირგასამტეხლოს დარიცხვისას გადაუხდელი თანხის 0.3%-ის ოდენობით, დადასტურებულია კრედიტორი მხარის მიერ, რომელმაც სასამართლოში თავად წარადგინა პირგასატეხლოს დაანგარიშების აღნიშნული სქემა (ტ.I, ს.ფ.156). მითითებული გარემოება არც სააპელაციო საჩივრით გამხდარა სადავოდ. მხარეთა შორის უდავოა, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული 2650 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლო წარმოადგენს სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე - 24.01.2012 წლის მდგომარეობით დაანგარიშებულ პირგასამტეხლოს.

მხარეები არ დავობენ და ადასტურებენ, რომ სააღსრულებო ფურცელი შინაარსობრივად გულისხმობდა როგორც მისი გაცემის მომენტისათვის დაგროვილ პირგასამტეხლოს, ისე მომავალში მის დაანგარიშებას 0,3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სხდომის ოქმი ჩD დისკზე, 16:07.46 – 16:08:15). აპელანტი (მოსარჩელე) არ ეთანხმება მის ოდენობას და ითხოვს შემცირებას.

პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხევაში ხელშეკრულების საერთო თანხის, ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გაცემული სესხი არ იყო სარგებლიანი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული გასული პერიოდის პირგასამტეხლო - 1022 აშშ დოლარი და შემდგომში კი, გადაუხდელი ძირითადი თანხის 0,05% ყოველ გადაცილებულ დღეზე, ერთობლივად წარმოადგენდა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ, გონივრულ ოდენობას და არ არსებობდა დაკისრებული პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების საფუძველი.

რაც შეეხება აპელანტის მსჯელობას მასზე, რომ სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა შეთანხმებული პირგასამტეხლოს 5-ჯერ შემცირებაზე 0,05%-მდე, აღნიშნული კი რეალურად გულისმობს მის შემცირებას 6-ჯერ, პალატის განმარტებთ, გადაწყვეტილებაში უსწორობის ან არითმეტიკული შეცდომის დაშვება არ წარმოადგენს მისი გაუქმების საფუძველს. როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დგინდება, სასამართლომ პირგასამტეხლოს თანაზომიერ და გონივრულ ოდენობად მიიჩნია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%, რაც შეეხება მითითებას პირგასამტეხლოს 5 ჯერ შემცირების თაობაზე, აღნიშნული წარმოადგენს გადაწყვეტილებაში დაშვებულ ტექნიკური ხასიათის უსწორობას (0,05%-მდე შემცირება რეალურად გულისხმოს დაკისრებული პირგასამტეხლოს 6-ჯერ შემცირებას), რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად შესაძლოა გასწორდეს მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით უშუალოდ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317.1-ე, 623-ე, 361.2-ე მუხლებით, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით და იმის გათვალისწინებით, რომ სესხი გაცემული იყო 3180 აშშ დოლარის ოდენობით და დადგენილია მ. ვ-ის მიერ 720 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, მიიჩნია, რომ ნოტარიუსმა 24.01.2013 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში გადასახდელ ძირ თანხად მართებულად განსაზღვრა 2460 დოლარი.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებზე მითითებით, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხელშეკრულების საერთო თანხის, ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გაცემული სესხი არ იყო სარგებლიანი, პირგასამტეხლო განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით და არ არსებობდა დაკისრებული პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ვ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მას და ქ. მ-ს შორის ხელშეკრულების დადების დროისთვის არსებული გარემოებები მასზე, რომ მან ქ. მ-ისგან მიიღო 2460 აშშ დოლარი და არა 3180 აშშ დოლარი, რაც აღიარებულია ქ. მ-ის განცხადებით, რის საფუძველზეც ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც აღნიშნულია, რომ სესხის ძირითად თანხას შეადგენს 2460 აშშ დოლარი. ხელშეკრულების გასვლის შემდეგ კი, იგი ქ. მ-ს უხდიდა მის მიერ მოთხოვნილ თანხას, რაც საბუთდება მის მიერ შედგენილი ხელწერილით.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მისი დასდაბუთება პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე და სამართლიანად მიიჩნია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,05%, რაც ფაქტობრივად უმართებულოა, ვინაიდან პირგასამტეხლოს მიზნობრიობიდან გამომდინარე, ვერც 0,05%-იანი პირგასამტეხლო ვერ ამართლებს მისი არსებობის მიზანს და უსაფუძვლოდ ამდიდრებს კრედიტორ მხარეს.

ამასთან, კასატორის აზრით, გაურკვეველია რა არითმეტიკული გამოთვლით შეამცირა სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა 5-ჯერ და საბოლოოდ დააკისრა 1022 აშშ დოლარი, მაშინ, როდესაც ნოტარიუსის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის 2650 აშშ დოლარის 5-ჯერ შემცირება შეადგენს 530 აშშ დოლარს და არა 1022 აშშ დოლარს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინებით მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% –210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 25 მარტს №7 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (51 ლარისა) და 2014 წლის 29 აპრილს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი (249 ლარის) სულ 300 ლარის 70% – 210 ლარი. შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური