Facebook Twitter

№ას-321-302-2014 22 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ფ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. მ-მ (კანონიერი წარმომადგენელი ა. მ-ე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დედის – ი. ფ-ის წინააღმდეგ მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით:

სარჩელის თანახმად, ა. მ-ე და ი. ფ-ი დაქორწინდნენ 1989 წლის ზამთარში, 1990 წლის თებერვლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2007 წლამდე. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ....წლის .... ოქტომბერს დაბადებული ნ. მ-ე და ... წლის ...აპრილს დაბადებული ვ. მ-ე.

ი. ფ-სა და ა. მ-ს შორის ურთიერთობა თავიდანვე დაძაბული იყო. ი. მეუღლის და ოჯახის წევრების გარდა ცუდად ექცეოდა ბავშვებსაც და სასტიკად სჯიდა, რის გამოც ბავშვებს პაპის, ი-ს მამის, ვ. ფ-ის ოჯახში უხდებოდათ ღამის ან რამოდენიმე დღის გატარება. ი. ბავშვებს უკრძალავდა მამასთან და მის ნათესავებთან ურთიერთობას. ი. ფ-მა მისი შვილი ნ. მ-ც მე-5 კლასში სასტიკად სცემა და შემდეგ სახლიდან გააგდო მამის ოჯახში.

ვ. მ-ე 1998 წლიდან 2011 წლამდე ცხოვრობდა ი. ფ-თან, ამ დროის განმავლობაში დედას ბავშვებთან კვლავ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ა. მ-ე შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარებოდა ვ-ს. დროის უმეტეს ნაწილს ვ. მ-ე ატარებდა პაპის - ვ. ფ-ის სახლში, სადაც ბავშვზე ზრუნავდა პაპა, დეიდა ი. ფ-ი და ბებია.

2010 წელს ვ. ფ-ის გარდაცვალების შემდეგ, ი-ს დაეძაბა ურთიერთობა დასთან და დედასთან, ხოლო ვ. სახლიდან გამოაგდო, დედისგან გამოგდების შემდეგ ვ. მ-ე რამოდენიმე თვით პაპისეულ სახლში იმყოფებოდა, ხოლო ი-ს გაქეზებით და ვ-ის ბებიის მოთხოვნით ვ. მამასთან ა. მ-სთან გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დღემდე ცხოვრობს. ამ ხნის მანძილზე ი. ფ-ს არც უნახავს და არც რაიმე ყურადღება გამოუხატავს ვ-ის მიმართ.

მოპასუხე ი. ფ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არანაირი დაძაბულობა არ ჰქონია არც ა. მ-სთან, არც მის ოჯახთან და არც ბავშვების ნახვა აუკრძალავს მათთვის.

ი. ფ-ის განცხადებით მას არ გაუგდია თავისი შვილი სახლიდან და არც სახლში დაბრუნება აუკრძალავს.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის განჩინებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1206-ე მუხლით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ვ. მ-ე მოპასუხის მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი დედა - ი. ფ-ი მშობლის მოვალეობის შესრულებას სისტემატურად თავს არიდებდა და მშობლის უფლებას არაჯეროვნად იყენებდა, კერძოდ, სცემდა და ძალადობდა მასზე;

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ მოპასუხე სისტემატურად სცემდა და ძალადობდა ვ. მ-ზე;

ბებიის - ნ. მ-ის ჩვენებით დასტურდება, რომ მას ვ. მ-ისათვის არ შეუნიშნავს ძალადობის ნიშნები (იხ. თელავის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმი);

საქმეზე მოწმის სახით დაკითხული მ. ბ-ის ჩვენებით დასტურდება, რომ ის არის ი. ფ-ის კარის მეზობელი და მას არასდროს არ გაუგია, რომ ეს უკანასკნელი ძალადობდა შვილზე (იხ. თელავის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმი);

საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკის 2013 წლის 28 იანვრის დასკვნის თანახმად, თელავის №1 საჯარო სკოლის მასწავლებლების, მათ შორის დაწყებითი კლასის მასწავლებლებისა და უბნის ექიმის გადმოცემით ვ მ-ისათვის არასოდეს შეუნიშნავთ ფიზიკური ძალადობის ნიშნები.

სააპელაციო პალატამ, იმის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ ი. ფ-ი უხეშად ექცეოდა და სისტემატურად სცემდა შვილს - ვ. მ-ს, არ გაიზიარა ნ. მ-ის, ი. ფ-ის, ნ. მ-ისა და ნ. ა-ის ჩვენებები გამომდინარე იქიდან, რომ როგორც მითითებული მოწმეთა ჩვენებებიდან დგინდება, ისინი უშუალოდ არ შესწრებიან დედის მხრიდან შვილის - ვ. მ-ის მიმართ უხეშად მოქცევის ფაქტებს.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ ი. ფ-ი მშობლის მოვალეობის შესრულებას სისტემატურად თავს არიდებდა.

სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, ვ. მ-ის სკოლის მასწავლებლები ი. ფ-ს ახასიათებენ, როგორც მზრუნველ და ყურადღებიან დედას. ვ. მ-ის დაწყებითი კლასის მასწავლებლის გადმოცემით, ვ. იყო ხალისიანი, კონტაქტური, არ ამჟღავნედბდა აგრესიას, დედა ხშირად აკითხავდა სკოლაში, იჩენდა განსაკუთრებულ ყურადღებასა და მზრუნველობას შვილისადმი, დაჰყვებოდა ექსკურსიებზე, მათივე გადმოცემით არ შეუმჩნევიათ დედას უხეშად მიემართოს შვილისათვის. უბნის ექიმის ლ. ტ-ის გადმოცემით, ბავშვი აცრების ჩასატარებლად მიჰყავდა დედას. ვ. იყო ყოველთვის მოვლილი, მოწესრიგებული, დედა შესაბამის ყურადღებას იჩენდა შვილისადმი. ვ.მ-ის კლასის (მე-9 ბ კლასი) ხელმძღვანელის გადმოცემით, ვ. მ-ის აკადემიური მოსწრება 2011 წლამდე იყო მაღალი, ხოლო გასული სასწავლო წლიდან უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდა სასკოლო საგნების მომზადებას, რაც აისახა მის აკადემიურ მოსწრებაზე (ტ. I, ს.ფ. 65-97).

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რაც შეიძლება მშობლის მიმართ იქნას გამოყენებული და, შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიების გამოყენების წინაპირობები უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სათანადო მტკიცებულებებით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. გარდა ამისა, პალატამ მიიჩნია, რომ მშობლის უფლების ჩამორთმევას გარკვეული სიკეთე უნდა მოჰქონდეს ბავშვისთვის და უკეთეს სამართლებრივ პირობებში აყენებდეს მას. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ ვ. მ-ე 2012 წლის ივნისიდან დღემდე ცხოვრობს მამასთან ა. მ-სთან. ასევე დადგენილია, რომ ვ. მ-ს მიმდინარე წლის 23 აპრილს უსრულდება 16 წელი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მის ასაკში და იმ ვითარებაში, როდესაც ის ცხოვრობს მამის საცხოვრებელ ადგილას, დედისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევით თუ რა უპირატეს მდგომარეობაში და უკეთეს სამართლებრივ პირობებში აღმოჩნდება იგი.

ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია ი. ფ-ის მიმართ ისეთი უმკაცრესი ღონისძიების გამოყენება, როგორიც დედისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევაა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ ი. ფ-ი მზრუნველი დედაა და თავი არ აურიდებია მისი აღზრდისთვის. პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად არასწორად გაიზიარა მოწმე მ. ბ-ის ჩვენება.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გაიზიარა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნა, რომლის თანახმადაც, ი. ფ-ი მწვავედ განიცდის შვილის გაუცხოვებას და ურთიერთობის აღდგენის დიდი სურვილი აქვს. ასევე, არასწორად შეაფასა აკადემიური მოსწრების შესახებ გარემოება, რადგან ყოველივე მისი ოჯახიდან გამოგდებით იყო გამოწვეული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის განჩინებით ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ვ. მ-ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური