Facebook Twitter

№ას-328-309-2014 22 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ. ზ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – 1. შპს „ტ. I ს-ო“, 2. შპს „ტ. I ს-ს“ პარტნიორი ვ. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ზ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ტ. I ს-სა“ და შპს „ტ. I ს-ს“ პარტნიორ ვ. კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა 2013 წლის 9 იანვრის შპს „ტ. I ს-ს“ პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს ტ-ის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა, განაცდურისა და ასევე, მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, შპს „ტ. I ს-ს“ 2013 წლის 9 იანვრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინების აღსრულებისთვის ხელშეშლის მცდელობას მათი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილებითა და განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი შპს „ტ. I ს-ს“ 2012 წლის 18 მაისის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლითაც დ. ზ-ი უკანონოდ გათავისუფლდა ტ-ის დირექტორის თანამდებობიდან. შპს „ტ. I ს-ს“ 2013 წლის 9 იანვრის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებათა კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იგი აღდგენილ იქნება დირექტორის თანამდებობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ზ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის განჩინებით დ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, 30.12.2011 წლის მდგომარეობით შპს ”ტ. I ს-ს” დირექტორს წარმოადგენდა დ ზ-ი. საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორებს: დ. ზ-ი 22%-იანი წილით, მ. კ-ი 10%-იანი წილით, ლ. ს-ი 3%-იანი წილით და ვ. კ-ე 65% -იანი წილით (ტ. I, ს.ფ. 15-17);

შპს ”ტ. I ს-ს” 18.05.2012 წლის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დ. ზ-ი გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან და მის ნაცვლად დაინიშნა ვ. კ-ე. ცვლილება დარეგისტრირდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში (ტ. I, ს.ფ. 25,26; 27-29);

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.11.2012 წლის გადაწყვეტილებით დ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი შპს ”ტ. I ს-ს” პარტნიორთა 2012 წლის 18 მაისის კრების ოქმი. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს ”ტ. I ს-ს” პარტნიორთა 2012 წლის 18 მაისის კრების ოქმის ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო პარტნიორთა კრების მოწვევის პროცედურის დარღვევა;

საზოგადოების პარტნიორთა 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, 09.01.2013 წელს მოწვეულ იქნა შპს ”ტ. I ს-ს” პარტნიორთა კრება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა შპს ”ტ. I ს-ს” 2012 წლის 18 მაისის პარტნიორთა კრების ოქმი. 2013 წლის 9 იანვრიდან დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა დ. ზ-ი და შპს ”ტ. I ს-ს” დირექტორად დაინიშნა ზ. ა-ე (ტ. I, ს.ფ. 47). ცვლილება დარეგისტრრდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში (ტ. I, ს.ფ. 48-50);

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა, რომ შპს ”ტ. I ს-ს” პარტნიორებს ეცნობათ 2013 წლის 9 იანვრის პარტნიორთა კრების მოწვევისა და დღის წესრიგის თაობაზე. პარტნიორებს ასევე ეცნობათ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებისა და პარტნიორის რეკომენდაციების თაობაზე, კერძოდ, მითითებულ იქნა, რომ გაუქმებულიყო შპს ”ტ. I ს-ს” 2012 წლის 18 მაისის პარტნიორთა კრების ოქმი (გადაწყვეტილება), დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულიყო დ. ზ-ი და შპს ”ტ. I ს-ს” დირექტორად დანიშნულიყო ზ. ა-ე (იხ.: გადაწყვეტილება, ტ. I, ს.ფ. 170; სააპელაციო საჩივარი, ტ. I, ს.ფ. 175-184);

ამდენად, უდავოა, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო 2013 წლის 9 იანვრს პარტნიორთა კრების მოწვევისა და დღის წესრიგის თაობაზე. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის თავად კრების მოწვევის წესს, პროცედურას და დღის წესრიგს.

პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს გარიგებას და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებული ნორმები გარიგებათა შესახებ.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 47-ე, 91-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ დადგენილია, რომ შპს ”ტ. I ს-ს” 09.01.2013 წლის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით გაუქმდა შპს ”ტ. I ს-ს” 2012 წლის 18 მაისის პარტნიორთა კრების ოქმი. 2013 წლის 9 იანვრიდან დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა დ. ზ-ი და შპს ”ტ. I ს-ს” დირექტორად დაინიშნა ზ. ა-ე.

უდავოა, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო 2013 წლის 09 იანვრის პარტნიორთა კრების მოწვევის და დღის წესრიგის თაობაზე. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის თავად კრების მოწვევის წესს, პროცედურასა და დღის წესრიგს. ამასთან, დგინდება, რომ 09.01.2013 წლის პარტნიორთა კრებაზე გადაწყვეტილება მიღებულია დღის წესრიგით დადგენილი პროცედურების დაცვით, ხმების უმრავლესობის, 65% წილის მფლობელი პარტნიორის ნების გამოვლენით, შესაბამისად, პალატის აზრით, დაუსაბუთებელია მსჯელობა შპს ”ტ. I ს-ს” 09.01.2013 წლის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე.

პალატის შეხედულებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად ვერ მიიჩნევა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ შპს ”ტ. I ს-ს” 09.01.2013 წლის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით ხელი შეეშალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.11.2012 წლის გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლითაც დ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი შპს ”ტ. I ს-ს” პარტნიორთა 2012 წლის 18 მაისის კრების ოქმი. პალატის განმარტებით, კანონმდებლობა არ უკრძალავს საზოგადოების პარტნიორებს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების სადავოობისას, დავის წარმოების პროცესშივე თავად გააუქმონ საცილოდ გამხდარი გადაწყვეტილება. ის გარემოება, რომ კრების მოწვევის პროცედურის დარღვევის გამო, სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან დ. ზ-ის გათავისუფლების შესახებ, არ უზღუდავს საზოგადოების ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორს უფლებას, სასამართლოში დავის დასრულებამდე, უკვე კრების მოწვევის პროცედურების დაცვით მოიწვიოს კრება, თავადვე გააუქმოს სადავო პარტნიორთა გადაწყვეტილება და შემდგომ 65% წილის მფლობელი პარტნიორის ნების გამოვლენით მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგით გათვალისწინებულ იმავე საკითხზე (ამ შემთხვევაში, დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე). აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სასამართლოში სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილების გაუქმებით, მოსარჩელის უფლება არ იზღუდება და იგი ვერ შეცვლის იმ სამართლებრივ შედეგებს, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მისი ბათილად ცნობას უკავშირდება.

პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ 09.11.2013 წლის სხდომის ოქმი ქმნის იმგვარ სურათს, თითქოს საწარმოს დირექტორი არასოდეს ყოფილა ვ. კ-ე და აღნიშნული ემსახურება იმ კანონდარღვევების დამალვას, რომლებიც ამ უკანასკნელის მიერ იქნა ჩადენილი მისი საწარმოს დირექტორად საქმიანობის დროს 2012 წლის მაისიდან 2013 წლის 11 იანვრამდე დროის მონაკვეთში.

პალატის განმარტებით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების, მათ შორის წარმომადგენლობაზე-ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების მქონე პირის შესახებ მონაცემების მიმართ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, შესაბამისად, 2012 წლის მაისიდან საწარმოს დირექტორად რეგისტრირებული პირის მიერ განხორციელებული მოქმედება ძალაშია და 09.07.2013 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა დ. ზ-ის გათავისუფლების შესახებ 18.05.2012 წლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით იგი ხელახლა გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან, გავლენას ვერ მოახდენს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ განხორციელებული მოქმედებების კანონიერებაზე.

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა დ. ზ-ის სარჩელი შპს ”ტ. I ს-ს” 09.01.2013 წლის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ზ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 312-ე მუხლები, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი, „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები, რითაც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა.

კასატორის აზრით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ანუ რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე- 71 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილია, რომ საწარმოს ხელმღვანელობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება იმ შემთხვევაში, როდესაც მარეგისტრირებელ ორგანოებს წარედგინება უფლებამოსილი პირის განცხადება რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე ან რეგისტრირებული პირის განცხადება რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე. „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2009 წლის N241 ბრძანების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად კი, ამონაწერში სხვა მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს ინფორმაცია წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ, ასევე არსებობის შემთხვევაში მათი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მქონე პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების/ რეკვიზიტების შესახებ.

კასატორის განმარტებით, 2012 წლის 18 მაისამდე შპს „ტ. I ს-ს“ დირექტორი იყო დ. ზ-ი. 2012 წლის 18 მაისიდან 2013 წლის 11 იანვრამდე საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, საწარმოს დირექტორი იყო ვ. კ-ე. ამ ხნის განმავლობაში დ. ზ-ი არავის აღუდგენია საწარმოს დირექტორად. მისი მითითებით, ეს რომ განხორციელებულიყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სათანადო ცვლილება უნდა შესულიყო ამონაწერში, რაც არ განხორციელებულა. იგივე შეეხება ვ. კ-ის განთავისუფლებას დირექტორის თანამდებობიდან 2012 წლის 18 მაისიდან 2013 წლის 9 იანვრამდე პერიოდში. წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, 2012 წლის 18 მაისიდან 2013 წლის 11 იანვრამდე პერიოდში ვ. კ-ე ირიცხებოდა დირექტორად. 09.11.2013 წლის სხდომის ოქმზე დაყრდნობით მიიღება სურათი, რომლის თანახმადაც, გაურკვეველია, საერთოდ ირიცხებოდა თუ არა როდესმე საწარმოს დირექტორად ვ კ-ე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითებით, საწარმოს პარტნიორთა კრების ოქმის გადაწყვეტილებაში შეტანილი ჩანაწერი იმის შესახებ, რომ დ. ზ-ი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2013 წლის 9 იანვრიდან, არის სიცრუე და ემსახურება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.11.2011 წლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლას და იმ კანონდარღვევის დამალვას, რომელიც ჩაიდინა ვ. კ-მ მისი საწარმოს დირექტორად საქმიანობის დროს 2012 წლის 18 მაისიდან 2013 წლის 11 იანვრამდე პერიოდში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აპრილის განჩინებით დ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. ზ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% –210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ზ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მ. გ-ის მიერ 2014 წლის 27 მარტს №1 ეროვნული საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300ლარი) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური