№ას-362-341-2014 26 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ის №... საჯარო სკოლა
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ. ჯ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „დ. ჯ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ის №... საჯარო სკოლის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, შესრულებული სამუშაოს დარჩენილი ღირებულების – 59632.47 ლარისა და პირგასამტეხლოს – 171000 ლარის გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 20 ივნისის №24 ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „დ.-ჯ-მა“ განახორციელა საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოები, რომლის ღირებულება განისაზღვრა 309631.70 ლარით. აღნიშნული შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან განაღდებულია 249999.23 ლარი, დარჩა 59632.47 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაო სამი თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. ძირითადი სამუშაო შესრულდა დროულად, თუმცა ტექნიკური მიზეზებისა და ფინანსური პრობლემების გამო, ზოგიერთი დარჩა შეუსრულებელი, რომლის დასრულებისთვის საჭირო გახდა ვადის გადაწევა 2012 წლის 16 ოქტომბრიდან 2012 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით, საჯარიმო სანქციის გამოყენებით. ხელშეკრულების 10.2 პუნქტის საფუძველზე, დაეკისრათ ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების 0,3% -ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც 26 დღეზე შეადგინა 29640 ლარი.
იმის გამო, რომ შპს „დ. ჯ-ი“ არ დაეთანხმა ჯარიმის ოდენობას, სარჩელი წარადგინა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში. ისინი შეუთანხმდნენ დამკვეთს, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე დაეტოვებინათ აღნიშნული თანხა და დანარჩენი ჩემოერიცხათ, რაც მათ დღემდე არ განუხორციელებიათ. ამის გამო, შეექმნათ პრობლემები საგადასახადო ინსპექციასთან, უკვე ექვსი თვეა არ მონაწილეობენ ტენდერში, რის გამოც განიცდიან ფინანსურ დანაკარგებს.
ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, მათ უარი თქვეს სასარჩელო განცხადებაზე და ახალი სარჩელით ითხოვენ: ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნიდან ანგარიშსწორება მოეხდინა ათი დღის ვადაში. ხელშეკრულების 10.2 მუხლის თანახმად, ორივე მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ხელშეკრულების 0,3%-ის ოდენობით, ვინაიდან შილდის საჯარო სკოლა ვალდებული იყო ექსპერტების დასკვნიდან 10 დღეში მოეხდინა ანგარიშსწორება, რაც მათ არ განუხორციელებიათ, შპს „დ. ჯ-მა“ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოების დარჩენილი ღირებულების 59 632.47 ლარისა და ჯარიმის, ვადაგადაცილებულ 176 დღეზე 171000 ლარის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „დ. ჯ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „დ. ჯ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „დ. ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 11.09.2013 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „დ. ჯ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შის N... საჯარო სკოლას შპს „დ. ჯ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება 59 632,47 ლარისა და პირგასამტეხლოს 45 000 ლარის გადახდა.
პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
20.06.2012 წელს სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ის N... საჯარო სკოლასა (შემსყიდველი) და შპს ,,დ. ჯ-ს" (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №24 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ის N... საჯარო სკოლის ადმინისტრაციული შენობისა და ეზოს კეთილმოწყობის სარეაბილიტაციო სამუშაოები (ტ. I, ს.ფ. 13-17); ხელშეკრულების 3.1. მუხლით ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 379 998,45 ლარს (ტ.I, ს.ფ. 13).
ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა კონტრაჰენტებს შორის ანგარიშსწორების ფორმა და ვადები, კერძოდ, ხელშეკრულების 4.1 მუხლით დადგინდა, რომ ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. 4.2 მუხლის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება იწარმოებს ეტაპობრივად. სრული თანხის 50%-ის გადახდა მოხდება სამუშაოს დაწყებისას ამავე ოდენობის თანხაზე საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში. დარჩენილი 50% კი, გადახდილი იქნება სამუშაოს დასრულებისთანავე წარმოდგენილი ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დადებითი დასკვნისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის წარმოდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში (ტ.I, ს.ფ. 13,14).
ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, მიმწოდებელი შემსყიდველს ეტაპობრივად წარუდგენს მიღება-ჩაბარების აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს არანაკლებ შემდეგი მონაცემები: გაწეული სამუშაოს დასახელება, მოცულობა და ღირებულება (ტ.I, ს.ფ.14).
ხელშეკრულების 6.2 მუხლით სამუშაოს მიწოდება უნდა განხორციელებულიყო სამი თვის ვადაში, ანუ 2012 წლის 20 სექტემბრამდე (ტ.I, ს.ფ.14).
19.09.2012 წელს მხარეებს შორის გაფორმდა N24-1 შეთანხმება 20.06.2012 წლის №24 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლითაც განხორციელდა ცვლილება 20.06.2012 წლის №24 ხელშეკრულებაში და მიმწოდებელს სამუშაოების შესასრულებლად განესაზღვრა დამატებითი ვადა 2012 წლის 20 ივლისიდან 2012 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით საჯარიმო სანქციის გარეშე (ტ.I, ს.ფ.18).
16.10.2012 წელს მხარეებს შორის გაფორმდა N24-2 შეთანხმება 20.06.2012 წლის №24 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლითაც განხორციელდა ცვლილება 20.06.2012 წლის №24 ხელშეკრულებაში და მიმწოდებელს სამუშაოების შესასრულებლად განესაზღვრა დამატებითი ვადა 2012 წლის 16 ოქტომბრიდან 2012 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით საჯარიმო სანქციის გამოყენებით (ტ.I, ს.ფ.19).
ამდენად, მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, მაგრამ ვადის დამრღვევის მიმართ პირგასამტეხლოს დარიცხვის (საჯარიმო სანქციის) პირობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა, რომ ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, შპს „დ. ჯ-მა“ დამკვეთს წარუდგინა შესრულებული სამუშაოების აქტი, ფორმა №2, რომელშიც ასახული იყო შესრულებული სამუშაოს დასახელება, მოცულობა და ღირებულება (ტ. I, ს.ფ.133,134). ანუ მენარდემ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული მისი ვალდებულება შესრულებული სამუშაოს რეზულტატის გადაცემა-მიღების პროცესში - წარადგინა შესრულებული სამუშაოების აქტი ფორმა №2.
იმის გათვალისწინებით, რომ დარჩენილი თანხის გადახდა ხელშეკრულებით უკავშირდებოდა ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დადებით დასკვნას, მოსარჩელის მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტი, ფორმა №2 სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ის N... საჯარო სკოლამ, ანუ შემკვეთმა 06.12.2012 წელს გადაუგზავნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა ჩატარებულიყო ექსპერტიზა შპს „დ. ჯ-ის“ მიერ ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით (ტ. I, ს.ფ. 62,63).
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 28.12.2012წ. დასკვნის თანახმად, შპს ,,დ. ჯ-ის“ მიერ სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ის N... საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება შესრულებული სამუშაოს აქტის (ფორმა №2) მიხედვით შეადგენს 310 896,19 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 309 631,7 ლარი, რაც 1264,49 ლარით ნაკლებია სამუშაოს აქტში (ფორმა №2) მოცემულ ღირებულებაზე (ტ. I, ს.ფ.62,63). დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, ექსპერტმა ობიექტი შეისწავლა ადგილზე, მოახდინა ფოტოდასურათება, ხილულ სამუშაოებზე ჩაატარა აზომვები, ხოლო ის სამუშაოები, რომლებიც განეკუთვნებოდა ფარულ სამუშაოთა კატეგორიას, გათვალისწინებულ იქნა ფარული სამუშაოებისა და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. კვლევის დროს შესწავლილ იქნა ხელშეკრულება და შესრულებული სამუშაოების აქტი (ფორმაN2) (ტ. I, ს.ფ. 64).
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 28.12.2012წ. დასკვნით დადგინდა შპს ,,დ. ჯ-ის“ მიერ 309 631,7 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი. ამ სამუშაოების შესრულებას ექსპერტი აფასებს დადებითად. აღნიშნული ფაქტის საწინააღმდეგო არც შემკვეთს განუცხადებია რაიმე.
შპს „დ. ჯ-ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ის N... საჯარო სკოლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 59 632,47 ლარს (იხ.: სარჩელი, ტ. I, ს.ფ. 2,3; შესაგებელი, ტ.I, ს.ფ.43).
მხარეთა შორის სადავო არაა, რომ ხელშეკრულების 4.2. მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ხელშეკრულების ღირებულების სრული თანხის 50%-ის - 189 999,23 ლარის გადახდა მოხდა სამუშაოს დაწყებისთანავე, როდესაც მოსარჩელემ ამავე ოდენობის თანხაზე წარადგინა საბანკო გარანტია. 2012 წლის დეკემბერში მოპასუხემ შპს ,,დ. ჯ-ს“ გადაურიცხა 60 000 ლარი (ტ.I, ს.ფ. 2,3,42, 133).
სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ის N... საჯარო სკოლა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მის მიერ გადასახდელია შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილი - 59 632,47 ლარი, თუმცა აღნიშნავს, რომ მხოლოდ შპს „დ. ჯ-ის“ მიერ პირგასამტეხლოს გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის შემდგომ მოხდებოდა შპს „დ. ჯ-სათვის“ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში მითითებული შესრულებული სამუშაოს შესაბამისი თანხის სრულად გადახდა (ტ.I, ს.ფ 43). მოპასუხე სკოლა ასევე მიუთითებს, რომ ხელშეკრულების 4.2 პუნქტით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა შპს „დ. ჯ-ს“ და, ვინაიდან მას აღნიშნული აქტი არ წარუდგენია, მოპასუხეს არ წარმოშობია შესრულებული სამუშაოების ღირებულების დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება (ტ.I, ს.ფ.44).
პალატამ არ გაიზიარა ზემოაღნიშნული მსჯელობა და განმარტა, რომ, როგორც საქმის მასალებით დგინდება, მენარდემ შეასრულა მისთვის ხელშეკრულების მე-5 მუხლით დაკისრებული ვალდებულება და დამკვეთს წარუდგინა სამუშაოების აქტი ფორმა №2, რომელშიც ასახული იყო შესრულებული სამუშაოს დასახელება, მოცულობა და ღირებულება. მოპასუხემ აღნიშნული აქტი - ფორმა №2 ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად გადააგზავნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და მიიღო დადებითი დასკვნა შპს ,,დ. ჯ-ის“ მიერ სკოლის შენობის სარეაბილიტაციოდ 309 631,7 ლარის ოდენობით სამუშაოს ფაქტობრივად შესრულების თაობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების 4.2. პუნქტი მხარეთა შორის საბოლოო ანგარიშსწორებას უკავშირებდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დადებით დასკვნას და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას, პალატამ მიიჩნია, რომ ექსპერტიზის ბიუროდან დადებითი დასკვნის მიღების შემდგომ სწორედ შემკვეთის ვალდებულებას წარმოადგენდა შესრულებული სამუშაოების მიღების დასტურად გაეფორმებინა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი და დაუსაბუთებელია მოპასუხის მსჯელობა მასზე, რომ, ვინაიდან შპს „დ. ჯ-ს“ მიღება-ჩაბარების აქტი არ წარუდგენია, მას არ წარმოეშვა სადავო თანხის გადახდის ვალდებულება.
რაც შეეხება მოპასუხის მითითებას შპს „დ. ჯ-სათვის“ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო დარიცხულ პირგასამტეხლოზე, შპს „დ. ჯ-ი“ აღიარებს დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას და მისი გადაუხდელობის ფაქტს უკავშირებს შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადაუხდელობის გამო საბანკო ანგარიშებზე თანხის უქონლობას. შპს „დ. ჯ-ის“ მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წერილობით აღიარებასთან ერთად გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და სამუშაოები დასრულდა ამ ვადებში (ტ.I, ს.ფ.19).
სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ წარმოადგენს ორმხრივი ხელშეკრულებით (როცა თითოეულ მხარეს აქვს უფლება და ვალდებულება) განსაზღვრულ ისეთ ვალდებულებას, რის შესრულებამდეც ხელშეკრულების მეორე მხარეს შეიძლება მიენიჭოს პირველადი სახელშეკრულებო ვალდებულების (შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების) შესრულებისაგან თავის შეკავების უფლება.
საქმის მასალებით დასტურდება დამკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ის N.... საჯარო სკოლის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ შესრულებული სამუშაოს შედეგი ექსპლუატაციაში მიღებულია და გარემონტებულ სკოლაში ჩვეულებრივ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი (იხ.: 21.01.2014წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 15:07:44 – 15:07:59 ).
სააპელაციო პალატამ აქვე განმარტა, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არცერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლად მიჩნევას (სააპელაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.12.2011წ. განჩინება, N ას-323-307-2011).
იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების 4.2 მუხლით დამკვეთს შესრულებული სამუშაოს ღირებულება უნდა გადაეხადა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დადებითი დასკვნისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის წარმოდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში და პალატამ დადგენილად მიიჩნია ექსპერტიზის დადებითი დასკვნის მიღება და შესრულებული სამუშაოს ფაქტობრივად მიღება, დგინდება, რომ სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ის N... საჯარო სკოლას შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილის 59 632,47 ლარის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა 28.12.2012 წლის ექსპერტიზის დასკვნის მიღებიდან და შესრულებული სამუშაოს რეზულტატის ექსპლუატაციის დაწყებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, აღნიშნული ვალდებულება ითვლება დარღვულად.
20.06.2012წ. ხელშეკრულების 10.2 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში მხარეებს დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით (ტ.I, ს.ფ. 15).
ამდენად, როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მხარეთა ნებით დაწესდა პირგასამტეხლო მთელი ვალდებულების ღირებულების (ანუ ხელშეკრულების ღირებულების) 0,3%-ის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა, რომ დადგენილ ვადაში ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის გამო შპს ,,დ. ჯ-ს” სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №24 ხელშეკრულების 10.2 მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (379 998,45-ის 0.3% = 1139,99). ვინაიდან ვადაგადაცილებული იყო 25 სამუშაო დღე, მოსარჩელეს დაერიცხა პირგასატეხლოს გადახდა 28 499.88 ლარის ოდენობით (ტ. I, ს.ფ. 132).
სადავო არ არის გარემოება მასზე, რომ მიუხედავად შპს ,,დ. ჯ-ის” თხოვნისა, ჯარიმა გამოთვლილიყო შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებიდან, ჯარიმა ხელშეკრულებაში არსებული ორმხრივად შეთანხმებული პირობის შესაბამისად, გამოთვლილ იქნა ხელშეკრულების სრული ღირებულების 0,3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ანუ 25 სამუშაო დღეზე.
მხარეთა შორის სადავო არაა, რომ შპს ,,დ. ჯ-ს” დარიცხული პირგასამტეხლო 28 499.88 ლარის ოდენობით გადახდილი არა აქვს. შპს „დ. ჯ-ი“ აღიარებს დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული პირგასამტეხლოს გადახდა ვერ მოხდა ანგარიშზე თანხის უქონლობის გამო და შპს „დ. ჯ-მა“ მიმართა სკოლას კუთვნილი თანხის ჩარიცხვის მოთხოვნით, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა სკოლის დირექტორმა უგულებელყო (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ტ. I, ს.ფ.148,149).
პალატამ ასევე აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმეში მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში პალატა მსჯელობს მხოლოდ მოპასუხეზე თანხების დაკისრების მოთხოვნებზე (იხ.: სარჩელი). მოთხოვნის გაქვითვის თაობაზე მოსარჩელეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა არა აქვს. ის სარჩელშივე უთითებს, რომ მის სასარჩელო მოთხოვნაში არ შედის თავად მის მიერ გადასახდელი თანხა. სკოლას ამ საქმეში შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს, შესაბამისად, პალატამ არ მიიღო გადაწყვეტილება შპს „დ. ჯ-ის“ მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შეწყვეტაზე წინამდებარე გადაწყვეტილებით. პალატა მსჯელობს მხოლოდ შპს „დ. ჯ-ის“ მოთხოვნაზე პირგასამტეხლოს 171 000 ლარის ოდენობით დაკისრებაზე, თავად შპს „დ. ჯ-ის“ ვალდებულება კი რჩება დამოუკიდებლად.
მოპასუხისათვის 45 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობაა. რადგან დადგენილია შემკვეთის მიერ ვალდებულების (შესრულებული სამუშაოს ღირებულების სრულად გადახდის) დარღვევის ფაქტი, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო გონივრული ოდენობით.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით, ანუ თავად ხელშეკრულებით მხარეთა მიერ განსაზღვრული ოდენობით (იხ.: სარჩელი, ტ.I, ს.ფ.3).
სააპელაციო პალატის აზრით, 171 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. ხელშეკრულების საერთო ღირებულების, დარღვეული ვალდებულების მოცულობის (დარჩენილი გადასახდელი თანხის ოდენობის), მოვალის საქმიანობის სფეროსა და მიზნების (სკოლის ფუნქცია), ვალდებულების შესრულების მიმართ კრედიტორის ინტერესის გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ 45 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობაა.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317.1-ე, 629-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ის N.... საჯარო სკოლას შპს „დ. ჯ-ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისრებოდა 20.06.2012 წლის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის ანაზღაურება 59 632,47 ლარის ოდენობით.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სასამართლო უფლებამოსილია კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს არაგონივრული, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, კერძოდ, 45 000 ლარამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ის №... საჯარო სკოლამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი“. მხარეთა შეთანხმებით, კერძოდ, ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების წესი. აღნიშნული დანაწესი არ ეწინააღმდეგება კანონს, შესაბამისად, იგი უნდა დაცულიყო მხარეთა მიერ. ამგვარად, მოსარჩელე ვალდებული იყო, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, წარედგინა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდის ვალდებულების წარმოშობის საფუძველი გახდებოდა. პალატამ არაწორად დაადგინა ექეპერტიზის დადებითი დასკვნისა და შესრულებული სამუშაოს ფაქტობრივად მიღება და მას დაუკავშირა გადახდის ვალდებულების წარმოშობა. დასკვნაში მითითებული შესრულებული სამუშაოს ღირებულება განსხვავდება მხარის მიერ წარდგენილ ფორმა №2-ში მითითებული ღირებულებისაგან, შესაბამისად, გაურკვეველია, რით იხელმძღვანელა სასამართლომ, როდესაც განსაზღვრა გადასახდელი თანხის ოდენობა. ასევე, საფუძველს მოკლებულია გადახდის ვალდებულების წარმოშობის დაკავშირება 28.12.2012 წელთან. აღნიშნული თარიღი ემთხვევა ექსპერტიზის დასკვნის მომზადების თარიღს. ამასთან, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომ სკოლამ ამ დრეს ჩაიბარა დასკვნა, მით უმეტეს, არ არსებობს მტკიცებულება, თუ რა დღიდან შევიდა ექსპლუატაციაში შესრულებული სამუშაოს რეზულტატი, ან მისი ნაწილი.
კასატორის აზრით, საჯარო სკოლისთვის პირგასამტეხლოს 45000 ლარის დაკისრება შეუსაბამოდ მაღალია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინებით სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ის №... საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ის №... საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ის №.... საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ის №.... საჯარო სკოლა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ის №.... საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური