საქმე №ას-425-402-2014 31 დეკემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ა. და თ. ჭ-ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შესაგებლის წარდგენის ვადის აღდგენა
დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. და თ. ჭ-ების მიმართ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 3 500 აშშ დოლარის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული მოპასუხეების კუთვნილი უძრავი ქონების (მდებარე ქ.ს-ში, ტ-ის ქN10) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2010 წლის 22 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. გარიგება დამოწმებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ და ამ ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეებს 3 თვის ვადით, ყოველთვიურად 10%-ის დარიცხვით ასესხა 3 500 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფად კი, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
მსესხებლები სარგებელს იხდიდნენ 6 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, უარს აცხადებენ როგორც სარგებლის გადახდაზე, ისე ძირი თანხის დაბრუნებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, 2013 წლის 10 ივლისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, რომლითაც თ. და ა. ჭ-ებს ა. გ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3 500 აშშ დოლარის გადახდა, თანხის დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა თ. და ა. ჭ-ების თანასაკუთრებაში არსებული, ქ.ს-ში, ტ-ის ქN10-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. ამავე სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით კი, ა. და თ. ჭ-ების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის განჩინებით ა. და თ. ჭ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 19 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. გ-მა მოპასუხეების: ა. და თ. ჭ-ების მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2013 წლის 26 ივნისს ა. და თ. ჭ-ებს გაეგზავნათ ა. გ-ის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები და განესაზღვრათ 10-დღიანი საპროცესო ვადა შესაგებლის წარმოსადგენად. სასამართლო გზავნილით ადრესატებს განემარტათ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შედეგების შესახებ. სასამართლო გზავნილით დასტურდებოდა, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეებს გაეგზავნათ რეგისტრაციის მისამართზე, რომელიც ასევე მითითებული იყო მხარეთა შორის გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში.
გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათებით დასტურდებოდა, რომ ა. და თ. ჭ-ების სახელზე გზავნილები და შესაბამისად ა. გ-ის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები ჩაბარდა მათ პაპას, ა-ლ ჭ-ს: თ. ჭ-ის სახელზე გაგზავნილი შეტყობინება ა-ლ ჭ-ს ჩაბარდა 2013 წლის 27 ივნისს, ხოლო ა. ჭ-ის სახელზე გზავნილი - 28 ივნისს.
სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეტყობინება ადრესატისათვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნია და არ გაიზიარა აპელანტების მსჯელობა, რომ ა-ლ ჭ-ს გონებრივი პრობლემები გააჩნია, რის გამოც მან გზავნილი ვერ გადასცა ადრესატებს. რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა გზავნილის ჩამბარებელი პირის ქმედუუნარობას, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. რაც შეეხება ა-ლ ჭ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აპელანტების მიერ წარდგენილ ცნობას, აღნიშნული ცნობა გაცემული იყო 2012 წლის 12 ივნისს და ვერ დაადასტურებდა გზავნილის ჩაბარების მომენტში, 2013 წლის ივნისში, ჩამბარებელი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მით უფრო მის ქმედუუნარობას. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეებს გზავნილი ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით და მათ შეეძლოთ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარდგენა. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხეებს განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის. ამასთანავე, აპელანტები არც სააპელაციო საჩივარში უთითებდნენ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზებზე.
2013 წლის 10 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით ა. გ-ის სარჩელი დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების, 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის, ამავე ნორმის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და 241-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან დადგენილი იყო მოპასუხეების მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის ფაქტი, მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ვ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. შესაბამისად, არ არსებობდა ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასციო წესით გაასაჩივრეს ა. და თ. ჭ-ებმა, მისი გაუქმება და მოპასუხეებისათვის წერილობით პასუხის (შესაგებლის) წარდგენის ვადის აღდგენა მოითხოვეს შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც განსაზღვრულია მოპასუხის ვალდებულება, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების შემდგომ, დადგენილ ვადაში წარადგინოს შესაგებელი. მოპასუხეებმა, როგორც საჩივარში, ისე სააპელაციო საჩივარსა და სასამართლო სხდომებზე არაერთხელ აღნიშნეს, რომ სასამართლო მასალები მათთვის გადასაცემად ჩაბარდა მოპასუხეების ხანდაზმულ პაპას, რომელმაც ადრესატისათვის მათი გადაცემა ვერ უზრუნველყო. სასამართლო შეტყობინების მიმღები პირის ჯანმრთელობის მდგომაროების დამადასტურებელი მტკიცებულებით ირკვევა, რომ ა.ჭ-ს გადატანილი აქვს თავის ტვინის ინფარქტი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შესაგებლის წარუდგენლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული (მოპასუხეებისათვის საერთოდ უცნობი იყო დავის მიმდინარეობის თაობაზე) სასამართლომ ასევე არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინებით ა და თ ჭ-ების საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. და თ. ჭ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. და თ. ჭ-ების საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ნათია კელენჯერიძის მიერ 2014 წლის 5 მაისს გადახდილი 308,80 ლარის 70% – 216,16 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. და თ. ჭ-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს: ა. ჭ-სა (პ/№...) და თ. ჭ-ს (პ/N....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ნ. კ-ის მიერ 2014 წლის 5 მაისს გადახდილი 308,80 ლარის 70% – 216,16 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე