Facebook Twitter

№ას-521-494-2014 26 დეკემბერი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – რ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – გ. კ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. კ-მ მოპასუხე რ. კ-ის მიმართ.

სარჩელის მოთხოვნები:

1. გ. კ-სა და რ. კ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;

2. შემდეგი ქონებების:

ავტომანქანა „LEXUS GX 470-ის” (სახელმწიფო ნომრით – ..... );

ქ.თბილისში, მ-ის ქ.№19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის;

ქ.თბილისში, დ. ლ-ში, ვ-ის მეურნეობაში მდებარე 1500.00კვ.მ მიწის ნაკვეთის;

ოზურგეთის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე 816.00კვ.მ მიწის ნაკვეთისა და

სპს „კ. და კ-ში” რ. კ-ის კუთვნილი წილის, როგორც ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებების გაყოფა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:

I. გ. კ-სა და რ. კ-ს შორის 1979 წლის 24 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, ხოლო ქორწინების №625 ჩანაწერი გაუქმდა;

II. განქორწინების მოწმობის აღებისას 45 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრა მოსარჩელეს;

III. გ. კ-ე ცნობილ იქნა რ. კ-ის საკუთრებაში არსებული:

1. ავტომანქანა „LEXUS GX 470-ის” (სახელმწიფო ნომერი –.... , სარეგისტრაციო მოწმობა – AV..... , საიდენტიფიკაციო ნომერი – ......, გამოშვების წელი – 2006) ½ წილის მესაკუთრედ.

2. ქ.თბილისში, მ-ის ქ.№19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 22/94 წილის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №......) 1/2 წილის მესაკუთრედ;

3. ქ.თბილისში, დ. ლ-ში, ვ-ის მეურნეობაში მდებარე 1500.00კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი – №......) 1/2 წილის მესაკუთრედ;

4. ოზურგეთის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე 816.00კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი – №.....) 1/2 წილის მესაკუთრედ;

5. სპს „კ .და კ-ში” (საიდენტიფიკაციო კოდი – ...., სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი – 9/2-89) რ. კ-ის კუთვნილი 35% წილიდან 17.5% წილის მესაკუთრედ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. კ-მ.

აპელანტის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოწინააღმდეგე მხარისათვის სპს „კ. და კ-დან“ მისი კუთვნილი წილის მიკუთვნების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით რ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის (რომლითაც გ. კ-ე ცნობილ იქნა სპს „კ. და კ-ში“ რ. კ-ის კუთვნილი 35% წილიდან 17.5% წილის მესაკუთრედ) შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:

გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

მოპასუხე რ. კ-ს გ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სპს „კ. და კ-ში“ რ. კ-ის 35% წილის ღირებულების ნახევრის ანაზღაურება 19271.78 ლარის ოდენობით.

ამავე გადაწყვეტილებით რ. კ-ს გ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ხარჯის სახით გაწეული 1293 ლარის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ კი – 119.6 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

გ. კ-ე და რ. კ-ე დაქორწინდნენ 1979 წლის 24 ნოემბერს.

რ. კ-ე არის სპს „კ. და კ-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და 35% წილის მფლობელი.

სპს „კ. და კ-ა“ რეგისტრირებულია 1996 წლის 22 თებერვალს, ქ.რუსთავის სასამართლოს მიერ, რეგისტრაციის N9/2-89.

სპს „კ. და კ-ის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გადაღება და დაკვალვა, ტოპოგადაღება ნებისმიერ მაშტაბში და სხვა.

სპს „კ. და კ-ის“ პარტნიორებს წარმოადგენენ: რ. კ-ე, პროფესიით – გეოდეზისტი; ბ. ქ-ე, პროფესიით – გეოდეზისტი; ზ. ც-ე, პროფესიით – ტოპოგრაფი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რომ სპს „კ. და კ-ის“ პარტნიორები (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) – ბ. ქ-ე და ზ. ც-ე, არ აცხადებდნენ თანხმობას რ. კ-ის წილის გაყოფის შემთხვევაში ახალი პარტნიორის მიღებაზე.

სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის სხდომაზე მოსარჩელე (მოწინაარმდეგე მხარე) გ. კ-მ დააზუსტა სარჩელის მოთხოვნა და სპს „კ. და კ-ში“ რ. კ-ის 35%-იანი წილის ნახევრის, 17.5%-ის მიკუთვნების ნაცვლად მოითხოვა 17.5% წილის ღირებულების მიკუთვნება 19271.78 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პარტნიორის წილი საზოგადოებაში, მათ შორის სოლიდალური პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წარმოადგენს ქონებას, რომელიც ხასიათდება გარკვეული თავისებურებებით. კერძოდ, განსახილველი დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ სოლიდალური პასუხიმგებლობის საზოგადოება ემყარება სპეციალურ პირად და ქონებრივ დამოკიდებულებებს პარტნიორებს შორის, კანონი ადგენს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლითაც დაცულია დანარჩენი პარტნიორების ინტერესები ახალი პარტნიორის საზოგადოებაში შესვლასთან დაკავშირებით.

მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ რ. კ-ის წილი სპს „კ. და კ-ში“ წარმოადგენდა მეუღლეების თანასაკუთრებას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სპს „კ. და კ-ის“ დაფუძნების პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის თანახმად (ამოღებულია 14.03.2008 N5913), პარტნიორს შეუძლია გაასხვისოს თავისი წილი-კაპიტალი, თუ ყველა დანარჩენი პარტნიორი წინასწარ განაცხადებს თანხმობას, ან თუ საზოგადოების წესდებით დაშვებულია გასხვისება. წილი-კაპიტალის დათმობისას საჭიროა სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება. საბუთი უნდა შეიცავდეს სხვა პარტნიორების თანხმობასაც, უამისოდ დათმობის ხელშეკრულება ბათილია.

განსახილველი ნორმის მიზანია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ერთ–ერთი პარტნიორის მიერ წილი-კაპიტალის განსხვისებისას დანარჩენი პარტნიორების უფლებების დაცვა. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილის განსხვისება (მისი ყოველგვარი განკარგვა) არ არის შეუზღუდავი. წილის გადაცემით, პარტნიორი გადასცემს ახალ შემძენს საზოგადოებიდან გამომდინარე უფლება-ვალდებულებებს, რაც ნიშნავს იმას, რომ შემძენი ხდება საზოგადოების პარტნიორი. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება ემყარება სპეციალურ პირად და ქონებრივ დამოკიდებულებას პარტნიორებს შორის, კანონმა დაადგინა გარკვეული შეზღუდვები, რომლითაც დაცულია დანარჩენი პარტნიორების ინტერესები ახალი პარტნიორის საზოგადოებაში შესვლასთან დაკავშირებით.

სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტების (სარჩელის დაზუსტებული მოთხოვნა – თანასაკუთრებაში არსებული წილის ღირებულების ანაზღაურება, ხოლო სააპელაციო საჩივრის დაზუსტებული მოთხოვნით შედავებულ იქნა თანასაკუთრებაში არსებული წილის ღირებულება) გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებმა აღიარეს და სადავოს არ წარმოადგენდა რ. და გ. კ-ების თანასაკუთრებაში არსებულ სპს „კ. და კ-ში“ რ. კ-ის 35%-იანი წილიდან გ. კ-სათვის ნახევრის (1/2-ის) ღირებულების მიღების უფლება, შესაბამისად, საააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდა მხოლოდ რ. კ-ის 35%-იანი წილის ღირებულების დადგენა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განჩინებით სსიპ ლევან სამხარულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაევალა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში რ. კ-ის წილის 35%-ის ღირებულების განსაზღვრა, სარჩელის აღძვრის 2011 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, ასევე ექსპერტიზის ჩატარების მომენტისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტიზის მოთხოვნა დამატებითი მასალების წარდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა, მხოლოდ საქმეში არსებული მასალების მიხედვით ექსპერტიზის ბიურომ ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებლად მიიჩნია და საკითხი არ განიხილა. ექსპერტებმა, დამატებითი მასალების წადგენის შემდეგაც ვერ განხორციელეს სპს „კ. და კ-ის“ მიერ ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრა, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სპს „კ. და კ-ის“ ოფისში განთავსებული მოძრავი ქონების ინსპექტირების შედეგად იდენტიფიკაცია ვერ განხორციელდა დანართში მითითებული დასახელებებით.

სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 ივლისის განჩინებით, წილის ღირებულების საკითხის განსაზღვრა მხარეების შუამდგომლობის საფუძველზე დაევალა შპს „ჯ. ე. კ-ის“ აუდიტ ლ. ი-ს, რომელმაც ვალდებულების შესრულება ვერ განახორციელა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ კომპანიის დირექტორმა რ. კ-მ არ მისცა საწარმოს ქონების დათვალიერების საშუალება, ხოლო სააპელაციო პალატის 2013 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით აცილებულ იქნა შპს „ჯ. ე. კ-ის“ ექსპერტი ლ. ი-ი.

სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით რ. კ-ის წილის ღირებულების განსაზღვრის მიზნით ექსპერტიზის ჩატარება დაევალა შპს „პ. ა-ს“. ამავე განჩინებით შპს „პ. ა-ს“ დაევალა, განესაზღვრა სპს „კ. და კ-ში“ რ. კ-ის წილის (35%) ღირებულება საზოგადოების აქტივებისა და პასივების, აგრეთვე საზოგადოების საქმიანი რეპუტაციის, გამოცდილების, პერსპექტივების და მომავალში მისაღები სავარაუდო შემოსავლების გათვალისწინებით. შპს „პ. ა-ის“ დასკვნის საფუძველზე საწარმოში რ. კ-ის 35%-იანი წილის ღირებულებამ 2011 წლის 31 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 23.903 ლარი, ხოლო 2013 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით 15519 ლარი.

მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა წინამდებარე ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე წილის ღირებულების შეფასებას და წილის ღირებულების იმ ოდენობით განსაზღვრა მოითხოვა, რაც აპელანტმა რ. კ-მ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებაში მიუთითა. აღნიშნული განცხადების თანახმად, აპელანტმა წილის ღირებულება 38543 ლარით განსაზღვრა (ტომი 2, ს.ფ 5).

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია წილის ღირებულების დასადგენად შპს „პ. ა-ის“ დასკვნის გაზიარების თაობაზე და აღნიშნა, რომ დასკვნის შესაბამისად, საწარმოს ბალანსზე რიცხული აქტივების საბაზრო ღირებულება ექსპერტებმა 68295 ლარად განსაზღვრეს, რაც დასაბუთების გარეშე მიიჩნიეს საწარმოს 100%-იანი წილის ღირებულებად და შესაბამისად, აღნიშნული ღირებულებიდან მოახდინეს 35%-იანი წილის ღირებულების გაანგარიშება (შპს „პ. ა-ის“ დასკვნა) ამდენად, შპს „პ. ა-ის“ მიერ შედგენილი საშემფასებლო აუდიტორული დასკვნა არ ემყარებოდა სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაში წილის ღირებულების შეფასების მიზნებისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, წილის ღირებულების შეფასებისას არ გამოკვლეულა ის საკითხები, რის საფუძველზეც ექსპერტს წილის ღირებულების განსაზღვრა დაევალა (ექსპერტების განმარტება, სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმი, დასკვნა). გარდა ამისა, დასკვნა შედგენილ იქნა ადგილზე ინსპექტირების შედეგად მხოლოდ სპს „კ. და კ-ის“ ბალანსზე რიცხული გრძელვადიანი აქტივების დაახლოებით 40%-ის (საოფისე ინვენტარი, კომპიუტერული ტექნიკა, ავტომანქანები, ასაზომი ხელსაწყოები და ა.შ) შეფასების საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წილის ღირებულების შეფასების თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოცემული დასკვნის გაზიარება, რის გამოც დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სპს „კ. და კ-ში“ რ. კ-ის წილის ღირებულება განსაზღვრულიყო თავად აპელანტის მიერ საქმის მასალებში წარდგენილი 2010-2011 წლების მდგომარეობით საწარმოს ძირითადი საშუალებების ჩამონათვალში განსაზღვრული ღირებულებების, აგრეთვე, სააპელაციო საჩივარზე წარდგენილი წილის ღირებულების შეფასების მტკიცებულებებისა და იმ პოზიციის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისადაც, საწარმოს ძირითადი საშუალებების ღირებულება 2010-2011 წლების მდგომარეობით შეადგენდა 110124.48 ლარს, შესაბამისად, წილის 35%-ის ღირებულება განისაზღვრა 38543.56 ლარის ოდენობით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გ. კ-ს უნდა ანაზღაურებოდა სპს „კ. და კ-ში“ რ. კ-ის 35%-ი წილის ღირებულების, 38543.56 ლარის ნახევარი 19271.78 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. კ-მ.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სპს „კ. და კ-ში“ მისი წილი განისაზღვრება 15519 ლარის ოდენობით, ხოლო გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება 7760 ლარის ფარგლებში.

კონკრეტული დავის გადაწყვეტისას, საზოგადოების პარტნიორის წილი ქონების განსასაზღვრად, აუცილებლად მხედველობაში უნდა მიღებულიყო, დავამდე არსებული და სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ დროს არსებული წილი ქონება. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით განსაზღვრა აუდიტმა წილის ღირებულება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა იხელმძღვანელა არა მარტო მოპასუხის მიერ წარდგენილი 2010-2011 წლების მდგომარეობით საწარმოოს ძირითადი საშუალებების ღირებულებით, არამედ საქმეში არსებული ისეთი მტკიცებულებებით, როგორიცაა, საწარმოს საბუღალტრო-აუდიტორული დასკვნა, საწარმოს მიერ გაცემული ცნობა საწარმოს კრედიტორებისა და დებიტორული დავალიანების არსებობის თაობაზე, გრძელვადიანი საბაზრო აქტივების არსებობის შესახებ ინფორმაცია, საწარმოო ბალანსი და რაც მნიშვნელოვანია, საწარმოში არსებული წილი პარტნიორის ქონებაზე მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღის არსებობით. ამდენად, სასამართლოს დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, რომ წილის განსაზღვრისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს არა აუდიტის დასკვნას (რომლითაც პარტნიორის წილის ღირებულება დავამდე არსებული მდგომარეობით შეადგენდა 23903 ლარს – 2013 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით 15519 ლარს), არამედ სახელმწიფო ბაჟის გადახდისას სადავო ქონების ღირებულებაზე მოპასუხის მითითებას, არასწორია. მოპასუხის მიერ ფასის მითითება გამომდინარეობდა საწარმოოს ძირითადი საშუალებების ღირებულებიდან დავამდე არსებული მდგომარეობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას – საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასები. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებას: მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებდა იმ მიზეზით, რომ მოპასუხემ შეაჩერა საწარმოს საქმიანობა, აღარ იზრდებოდა საწარმოოს აქტივები; იგი ვერ აცნობიერებდა, რომ საწარმოს საქმიანობის შეფერხება გამოწვეული იყო პარტნიორის წილ ქონებაზე ყადაღის დადებით, ასეთ პირობებში საწარმო მონაწილეობას ვეღარ იღებდა ტენდერებში, რომელიც საწარმოოს დასაქმებისა და შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (576 ლარი) 70% – 403.2 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ რ. კ-ს (პირადი ნომერი – .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (576 ლარი, საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი – 2014 წლის 13 მაისი) 70% – 403.2 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე