Facebook Twitter

№ას-558-529-2014 26 დეკემბერი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ნ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სესხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

1. ლ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. შ. გ-ს ლ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 15 000 აშშ დოლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის განჩინებით შ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მხარეთა შორის 2011 წლიდან არსებობდა სესხის ზეპირი ხელშეკრულება. შ. გ-ე ლ. ნ-სგან პერიოდულად სესხულობდა თანხას სხვადასხვა ოდენობით. სესხი იყო სარგებლიანი.

პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზედ, რომ შ. გ-ის ვალი ლ. ნ-ის მიმართ შეადგენდა 15 000 აშშ დოლარს.

შ. გ-ე არ უარყოფდა სესხის არსებობას, თუმცა განმარტავდა, რომ ლ. ნ-სგან სესხის სახით მიღებული თანხა იყო 5 000 აშშ დოლარი, საიდანაც გადასახდელი დარჩა 1 500 აშშ დოლარი, თუმცა შ. გ-ის აღნიშნული განმარტება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.

საქმეში წარმოდგენილი იყო შ. გ-ის ხელწერილი, მხარეთა განმარტებით შესრულებული 2012 წლის დეკემბრის თვეში, რომლითაც შ. გ-ს აღიარებული ქონდა სესხის არსებობა 15 000 აშშ დოლარის ოდენობით.

საქმეში წარმოდგენილი იყო თანხის სესხად მიცემის და სარგებლის დაბრუნების აღნიშვნით ხელწერილები, რომლებიც შესრულებულია შ. გ-ის ხელმოწერით და ხელმოწერების ნამდვილობა დადასტურებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე. აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებდნენ შ. გ-სათვის, როგორც სესხად თანხის გადაცემის ფაქტს, ასევე პერიოდულად სარგებლის სახით გადახდილი თანხის ოდენობას. მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის განმარტებას შეთანხმებული სარგებლის გადახდის გაუქმებაზე საქმეში წარმოდგენილი არ იყო. ხოლო მოწმეთა ჩვენებებში აღნიშნული ოყო მოწმეების მიერ სხვადასხვა თანხების მოსარჩელისათვის გადაცემის ფაქტი, მაგრამ მოწმეები ვერ პასუხობენ სესხის კონკრეტული ოდენობის და მისი დაბრუნების პირობების ან სესხთან დაკავშირებული სხვა დეტალების შესახებ. შ. გ-ის განმარტებით, თანხა დაბრუნებული იქნა სესხის ძირი თანხის ნაწილში, ვინაიდან შეთანხმება სარგებლის თაობაზე გაუქმებულ იქნა.

შესაბამისად, სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა შ. გ-ის მოსაზრება გადახდილი თანხების სესხის ძირითად თანხაში ჩათვლის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შ. გ-მ.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოწმე თ. ჩ-ის განმარტება, სადაც ის აღწერდა, თუ რა ვითარებაში მოხდა მოპასუხის მიერ ვალის აღიარება. სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს მოწმეთა ჩვენებების შესახებ, სადაც ამბობს, რომ მოწმეებმა ვერ დაადასტურეს სესხის თანხის ოდენობა, რაც კასატორის მოსაზრებით არ შეესაბამება სინამდვილეს. ერთ-ერთმა მოწმემ ვ. თ-მ პირველ ინსტანციაში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2013 წლის მარტის თვეში იგი იმყოფებოდა შ. გ-ის სახლში, სადაც მოვიდა ლ. ნ-ე სესხთან დაკავშირებით სასაუბროდ, მოწმის განმარტებით ლ. ნ-ე შ. გ-ს სთხოვდა 5 000 აშშ დოლარის გადახდას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე