საქმე №ას-585-554-2014 31 დეკემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ა. ბ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „T-K T. K. I. ბათუმის ფილიალი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ბ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „T-K T. K I. ბათუმის ფილიალის“ მიმართ ფულადი კომპენსაციის - 920 ლარისა და 2013 წლის 24 ივნისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2013 წლის 5 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დასაქმდა მუშად შპს „T-K T. K. I. ბათუმის ფილიალში“. ხელშეკრულების 2.1 მუხლით განისაზღვრა დასაქმებულის ერთთვიანი გამოსაცდელი ვადა. ამ ვადის ამოწურვის შემდგომ დამსაქმებელმა გამოხატა შრომითი ურთიერთობის გაგრძელების ნება.
2013 წლის 23 ივნისს მოსარჩელეს, ასევე ერთ-ერთ თანამშრომელ ბ.ს-ას ჯგუფის უფროსმა განუცხადა, რომ უნდა გადასულიყვნენ დაცვის სამსახურში მცველის პოზიციაზე, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა. ჯგუფის უფროსის განმარტებით, დამსაქმებელი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ა.ბ-სთან აჩერებდა შრომით ურთიერთობას.
2013 წლის 24 ივნისს ა.ბ-ე სამუშაოზე არ დაუშვეს და საუბარში ჯგუფის უფროსმა განუმარტა მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.
2014 წლის 22 ივლისს მოსარჩელემ წერილობით მიმართა დამსაქმებელ კომპანიას გათავისუფლების საფუძვლის განმარტების მოთხოვნით. შპს „T-K T. K. I. ბათუმის ფილიალის“ მიერ გადაცემული ბრძანების თანახმად, ა.ბ-ის გათავისუფლების საფუძველი გახდა სამუშაოზე მისი არასაპატიოდ გამოუცხადებლობა, თუმცა ბრძანება სხვა სამართლებრივ საფუძველს ემყარება.
მოსარჩელის განმარტებით, გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებული გარემოება არასწორია, რადგანაც მისი სამუშაოზე არდაშვება განპირობებული იყო დამსაქმებლის ნებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი კი ითვალისწინებს ხელშეკრულების მოშლას სამუშაოს შესრულების გამო, რაც, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა.
არასწორია მოპასუხის არგუმენტი, რომ დასაქმებულმა მიზანმიმართულად არ ჩაიბარა გათავისუფლების ბრძანება, რადგანაც მოპასუხეს შეეძლო იგი ფოსტით გაეგზავნა ა.ბ-ის საცხოვრებელ ადგილას, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დასაქმებული დამსაქმებელს გათავისუფლების თაობაზე არ გაუფრთხილებია. ასეთ ვითარებაში, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს კომპენსაციას არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურებიას ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 დღის ვადაში.
შპს „T-K T. K. I. ბათუმის ფილიალმა“ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
მოპასუხის განმარტებით, 27 ივნისით დათარიღებული N3 ბრძანება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანებაა და არა გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რომლის მოსარჩელისათვის ჩაბარების ვალდებულება მოპასუხეს არ ეკისრებოდა. გარდა აღნიშნულისა, თავად მოსარჩელე ადასტურებს, რომ კომპანიამ მას ახალ სამუშაოზე გადაყვანა შესთავაზა, ანუ 2013 წლის 24 ივნისს მისთვის ცნობილი იყო კომპანიის შეთავაზების თაობაზე. მოსარჩელეს მუშის პოზიციაზე დარჩენა მოპასუხისათვის არ უთხოვია და არც სამსახურში გამოცხადებულა, რაც 2013 წლის 24 ივნისიდან შპს „T-K T. K. I. ბათუმის ფილიალმა“ სავსებით სამართლიანად მიიჩნია დასაქმებულის მიერ სამუშაო პირობების დარღვევად.
საყურადღებოა, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება მოსარჩელეს არაერთხელ გაეგზავნა კონტრაქტში მითითებულ მისამართზე, თუმცა ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ ამ მისამართზე ა.ბ-ე არ ცხოვრობდა.
2013 წლის 27 ივნისის ბრძანების გამოცემისას 2013 წლის 12 ივნისის კანონით შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ მოქმედებდა. ახალი რედაქციის ნორმები ძალაში შევიდა ამავე წლის 4 ივლისიდან და მათ უკუძალა არ გააჩნიათ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა ბ-ის სარჩელი შპს „T-K T. K. I. ბათუმის ფილიალის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება და ა. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი შპს „T-K T. K. I. ბათუმის ფილიალში“ დასაქმებული იყო მუშის თანამდებობაზე.
2013 წლის 24 ივნისიდან აპელანტი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადებულა სამშენებლო ობიექტზე, რის გამოც იმ დროისათვის მოქმედი რედაქციის შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და შრომითი კონტრაქტის 8.3. მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა), 2013 წლის 27 ივნისს დამსაქმებელმა აპელანტთან შრომითი ურთიერთობები შეწყვიტა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილით, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და, ვინაიდან, აპელანტი მოითხოვდა მოწინააღმდეგე მხარისათვის 920 ლარისა და ყოველდღიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამ თანხის 0,07%-ის დაკისრებას, მიიჩნია, რომ ა.ბ-ის სარჩელის საგნის ღირებულება 1625,18 ლარი იყო (920+920X0,07%X365X3), შესაბამისად, ამ საქმეზე სააპელაციო საჩივრის წარდგენა დაიშვებოდა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლისა.
სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა სამოტივაციო ნაწილი, რის გამოც ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელი იყო, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო თავად გადაეწყვიტა დავა.
ა.ბ-ე მოითხოვდა შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის დადგენილი კომპენსაციისა და მასზე დარიცხული პროცენტის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებას.
შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის დროისათვის მოქმედი რედაქციით შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დასაქმებულს კომპენსაცია მიეცემოდა მასთან დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში.
დამსაქმებელმა აპელანტთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა არა ხელშეკრულების მოშლის, არამედ მის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძვლით და ეს ბრძანება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, კი სასამართლო მხარის მოთხოვნის ფარგლებს ვერ გასცდებოდა, ანუ შეფასების საგნად ვერ აქცევდა შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის კანონიერებას. ამ საკითხის გამოკვლევის გარეშე კი, კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია. საწინააღმდეგო ვითარებაშიც კი, დასტურდებოდა, რომ აპელანტმა შრომითი ხელშეკრულების პირობები დაარღვია და 2013 წლის 24 ივნისიდან სამუშაოზე არ გამოცხადებულა. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სამუშაოზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო დამსაქმებლის მიზეზით, ეკისრებოდა აპელანტს, რომელსაც საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ წარუდგენია. შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმების შემთხვევაშიც, სასამართლოს შეფასებით, სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელი იქნებოდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა შრომის კოდექსის პირველი, 37-ე და 38-ე მუხლები მოქმედი რედაქციით და გამოიყენა იგივე ნორმები 2013 წლის 5 ივლისამდე არსებული რედაქციით, ამასთანავე, გადაწყვეტილების სამართლებრივი დაუსაბუთებლობის გამო მისი კანონიერების შემოწმება შეუძლებელია.
არასწორია სასამართლოს განმარტება, რომ შრომითი ურთიერთობა შეწყდა არა ხელშეკრულების მოშლის, არამედ დასაქმებულის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის მოტივით. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. რეალურად, ა.ბ-ის სამუშაოზე არდაშვება განხორციელდა დამსაქმებლის უფლებამოსილი პირის მიერ, ხოლო კასატორისათვის ბრძანების თაობაზე ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მან წერილობით მიმართა დამსაქმებელს.
გათავისუფლების შესახებ ბრძანება ა.ბ-ს ჩაბარდა ობიექტზე არდაშვებიდან ერთი თვის შემდეგ, რის გამოც, შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს ბრძანების ჩაბარების მომენტიდან.
ვინაიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ჩაბარების დროისათვის მოქმედებდა შრომის კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლების ახალი რედაქცია, სადავო ურთიერთობის მიმართ სწორედ ახალი რედაქციის ნორმები უნდა გამოეყენებინა სასამართლოს. ახალი რედაქციის ნორმებით, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება დამსაქმებელს წარმოეშობა მას შემდეგ, რაც წერილობით შეტყობინებას გაუგზავნის დასაქმებულს ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე. შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი იმ ურთიერთობათა რეგულირებისათვის, რაც ამ კოდექსით არ არის გათვალისწინებული, დასაშვებად მიიჩნევს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმების გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლი კი, ხელშეკრულებიდან გასვლას მეორე მხარისათვის შეტყობინების გზით მიიჩნევს დასაშვებად.
უსაფუძვლოა დამსაქმებლის არგუმენტი, რომ ა.ბ-მ ბრძანება მიზანმიმართულად არ ჩაიბარა, რადგანაც ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, ფოსტის მეშვეობით ჩაებარებინა იგი ადრესატისათვის, ამასთან, ამ გარემოებით უდავოდ დასტურდება, რომ შპს „T-K T. K. I. ბათუმის ფილიალს“ არც კი უცდია, ა.ბ-ისათვის განემარტა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პირობები. ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივნისის განჩინებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ა. ბ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ა. ბ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე