საქმე №ას-606-574-2014 31 დეკემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ს. კ. ა-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ. ს. დ-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „გ. ს. დ-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. კ. ა-ას“ მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ძირითადი თანხის - 19 563.88 ლარის, პირგასამტეხლოს ერთიანად გადასახდელი თანხის - 1308.33 ლარისა და სარჩელის წარმოდგენის დღიდან (2013 წლის 25 სექტემბრიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირითადი თანხის 0,1%-ის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
,,2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილების საფუძველზე შპს „გ. ს. დ-ა“ ხარაგაულში, ვანში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, დედოფლისწყაროში, ქარელში, ასპინძასა და ლენტეხში წარმოადგენს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოპერატორ კომპანიას. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი სადაზღვევო ორგანიზაცია უზრუნველყოფს თავის სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების თანადაფინანსებას, შესაბამის რაიონში ამ პროგრამის თვის ლიმიტის 50%-ით. ლანჩხუთსა და ჩოხატაურის რაიონებში ზემოაღნიშნული პროგრამის 50%-ით დაფინანსების ვალდებულება ეკისრება მოპასუხეს.
2013 წლის მაისი-ივნისში მოსარჩელემ განახორციელა მითითებული დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ბენეფიციარებს მიაწოდა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, რაზეც დადგენილი წესით ანგარიში წარუდგინა მოპასუხეს. გაწეული მომსახურების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა - 45 195.00 ლარი. მოპასუხემ დაარღვია მომსახურების ანგარიშსწორების ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელემ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიმართა სსიპ - სამედიცინო მედიაციის სამსახურს 2013 წლის 18 ივნისის და 15 ივლისის სარჩელებით. მედიაციის სამსახურმა განიხილა მხარეებს შორის არსებული დავა და მიიღო რეკომენდაცია თანხის დაკისრების თაობაზე. მოპასუხემ მოგვიანებით ნაწილობრივ განახორციელა ანგარიშსწორება და დაფარა დავალიანების ნაწილი. სარჩელის შემოტანის დღისათვის მოპასუხის დავალიანება შეადგენს - 19 563.88 ლარს. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის დადგენილების №177 თანახმად, მოპასუხეს ერიცხება პირგასამტეხლო ვადაგადაცილების ყოველ დღეზე დავალიანების თანხის 0.1%-ის ოდენობით, რაც წინამდებარე სარჩელის შეტანის დღისათვის შეადგენს 1 308.33 ლარს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
საქართველოს მთავრობის №218 დადგენილების №3 დანართით გათვალისწინებული წესის შესაბამისად კონკურსში მონაწილეობის მიღებისა და გამარჯვების საფუძველზე, „ს. კ. ა-ა“ გახდა №218 დადგენილებით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მონაწილე, რის შემდეგაც წარმოეშვა შესაბამის რაიონებში პირთა გარკვეული წრის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ვალდებულება. 2012 წლის სექტემბერში, სადაზღვევო კომპანია კონკურსის გარეშე გახდა №165-ე დადგენილებით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მონაწილე, რის საფუძველზეც აიღო ვალდებულება, დაეფინანსებინა სამედიცინო მომსახურება №218 დადგენილებით მიკუთვნებულ რაიონებში უკვე №165-ე დადგენილებით განსაზღვრულ პირთა წრისთვისაც. 2013 წლის 19 მაისს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე, სადაზღვევო კომპანია გავიდა №218 დადგენილებით განსაზღვრული პროგრამიდან და მისი ვალდებულებები სახელმწიფო პროგრამების მიმართულებით შემოიფარგლა №165 დადგენილებით. №165 დადგენილება პირდაპირ გამორიცხავს №218-ე დადგენილებით განსაზღვრულ ბენეფიციარებს. ორივე დადგენილება წარმოადგენს ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების პრაქტიკულად იდენტურ ჩამონათვალს, რომელიც ორივე შემთხვევაში მოიცავს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შესაბამისი დადგენილების ბენეფიციართათვის გაწეულ მომსახურებასა და საჭიროებისას პაციენტის ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფას, აქედან გამომდინარე, მზღვეველის მიერ 2013 წლის 19 მაისიდან №218 დადგენილებით განსაზღვრული პროგრამიდან გამოსვლის შემდგომ პერიოდში, მთავრობასთან გაფორმებული შეთანხმების პირობების შესაბამისად, მზღვეველს მოეხსნა ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულება ბენეფიციარების სასწრაფო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფასა და შესაბამის თანადაფინანსებასთან დაკავშირებით.
№165 დადგენილების მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე ცხადია, რომ მისი მიზანია კონკრეტული აქტით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ბენეფიციარების სასარგებლოდ გაწეული მომსახურების თანადაფინანსების რეგულირება. ეს ნორმები მოპასუხეს არ აკისრებს ზოგადი ხასიათის ვალდებულებას, რომელშიც იგულისხმებდა პირთა განუსაზღვრელი წრის, მათ შორის №218 დადგენილების მოსარგებლეთა მიმართ გაწეული მომსახურების თანადაფინანსება. №165 დადგენილება ეხება მხოლოდ კონკრეტული კატეგორიების და არა №218 დადგენილებით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის მომსახურების დაფინანსების ვალდებულებას. ამას განამტკიცებს №165 დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტიც, რომელიც გამორიცხავს ერთი და იგივე პირის ორივე დადგენილების მოსარგებლედ მიჩნევას. №218 დადგენილებით გათვალისწინებული პროგრამიდან გასვლის შემდეგ, მისი ბენეფიციარების სასარგებლოდ რაიმე მომსახურების დაფინანსების მოვალეობა ამ აქტიდან არ გამომდინარეობს, რაზეც ასევე მიანიშნებს საქართველოს მთავრობასა და მზღვეველს შორის დადებული შეთანხმება. ამ შეთანხმებით (რომელიც დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 მაისის №517 განკარგულებით), დადგინდა №218 დადგენილებით გათვალისწინებული სადაზღვევო პროგრამიდან „ს. კ. ა-ას“ გასვლის წესი და პირობები. შეთანხმებით განისაზღვრა მზღვეველის ვალდებულება, აენაზღაურებინა გასვლამდე, 2013 წლის 19 მაისამდე, განცხადებული ყველა შემთხვევა და №218 დადგენილების პირობებით დაეფინანსებინა 19 მაისამდე გეგმიური და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება.
№218 დადგენილებიდან გასვლის შემდეგ, შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებით, მოპასუხე დარჩა შებოჭილი მხოლოდ №165 დადგენილებიდან გამომდინარე ვალდებულებებით, რაც თავის მხრივ, მკაცრად შემოიფარგლა ამ დადგენილებით ამომწურავად განსაზღვრული ბენეფიციარებით. აღნიშნული დადგენილების სხვაგვარი ინტერპრეტაცია ალოგიკური და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. მას შემდგომ რაც სადაზღვევო კომპანია გავიდა №218 დადგენილებით განსაზღვრული სადაზღვევო პროგრამიდან და მისი სადაზღვევო პრემია განისაზღვრა მხოლოდ №165 დადგენილების შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპანიისთვის გადასახდელი სადაზღვევო პრემია. მოსარჩელის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი, რომ მზღვეველის მიერ გადასახდელი თანადაფინანსების წილი განისაზღვრება თანადაფინანსებელი პროგრამის ბიუჯეტის 50%-ის ოდენობით, მზღვეველის მიერ გადასახდელი თანადაფინანსების წილი მაისში უნდა განსაზღვრულიყო მიღებული ჯამური პრემიიდან 11%-ით, ხოლო შემდეგომ პერიოდში - 18%-ით.
მზღვეველს №165 დადგენილებით განსაზღვრული ვაუჩერის პირობების მე-8 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების თანადაფინანსების ვალდებულება აქვს მხოლოდ №165 დადგენილებით განსაზღვრული ბენეფიციარების მომსახურების უზრუნველყოფისთვის და ამ დადგენილებით დაზღვეული ბენეფიციარების რაოდენობის პროპორციულად. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2013 წლის მაისსა და ივნისში განახორციელა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სამედიცინო რაიონებში ბენეფიციარებისათვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა და გაწეული მომსახურების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 45 195.00 ლარი, რაც არ შეესაბამება რეალურ ვითარებას. მოსარჩელემ არასწორად განსაზღვრა მზღვეველის მიერ ნაკისრი ვალდებულების მოცულობა, რის გამოც აღნიშნული თანხის სრულად მოთხოვნა ხდება მზღვეველის მიმართ, ნაცვლად №165 დადგენილების ბენეფიციარების რაოდენობის პროპორციული თანხისა. რაც შეეხება მტკიცებულების სახით დართულ მიღება-ჩაბარების აქტებს, ეს ადასტურებს მხოლოდ დოკუმენტაციის გადაცემის ფაქტს. მოპასუხე სადავოდ არ ხდის მოსარჩელის მიერ მომსახურების გაწევის ფაქტს, არამედ არ ეთანხმება მასზე დაკისრებული ვალდებულების მოცულობას, რადგანც მას ეკისრება მხოლოდ №165 დადგენილებით გათვალიწინებული ბენეფიციარების სასარგებლოდ გაწეული მომსახურების თანადაფინანსების ვალდებულება. მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პროგრამის თანადაფინანსება №165 დადგენილებით გათვალიწინებული ბენეფიციარების რაოდენობის შესაბამისად და სწორედ თავისი ვალდებულების ფარგლებში განახორციელა მოსარჩელესთან ანგარიშსწორება, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელში დამატებით მოთხოვნილი თანხის გადახდის ვალდებულება. ვინაიდან მზღვეველს არ დაურღვევია №165 და №177 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებები, არ არსებობს №177 დადგენილების მე-3 მუხლის და მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველიც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „,გ. ს. დ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ს. კ. ა-ას“ შპს „გ. ს. დ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირითადი თანხის - 19563.88 ლარისა და პირგასამტეხლოს - 130.83 ლარის გადახდა, შპს „ს. კ. ა-ას“ შპს „გ. ს. დ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირითადი თანხის 0.01%-ის გადახდა სარჩელის წარდგენის დღიდან (2013 წლის 25 სექტემბრიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. კ. ა-მ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის განჩინებით შპს „ს. კ. ა-ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად ცნო, რომ ,,2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილების შესაბამისად, შპს „გ. ს. დ-ა“ წარმოადგენს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოპერატიულ კომპანიას საქართველოს ზოგიერთ სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონში.
„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვებს, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალებს და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცებს, სტუდენტებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების შესაბამისად, შპს „ს. კ. ა-ა“ უზრუნველყოფდა თავის სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების თანადაფინანსებას შესაბამის რაიონში ამ პროგრამის თვის ლიმიტის 50%-ით.
შპს „გ. ს. დ-მ“ 2013 წლის მაის-ივნისში სამედიცინო მომსახურება გაუწია ბენეფიციარებს. გაწეული მომსახურების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 45 195.00 ლარი. სადაზღვევო კომპანიამ დაარღვია მომსახურების საფასურის ანგარიშსწორების ვალდებულება, რის გამოც შპს „გ. ს. დ-მ“ მიმართა სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურს.
სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურის 2013 წლის 29 აგვისტოს №80084/170 რეკომენდაციის თანახმად, შპს „გ. ს. დ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ს. კ. ა-ას“ შპს „გ. ს. დ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების - 22 597.40 ლარის გადახდა.
სადაზღვევო კომპანიამ ნაწილობრივ განახორციელა ანგარიშსწორება. მოსარჩელემ მოითხოვა დარჩენილი დავალიანების - 19 563.88 ლარის ანაზღაურება.
არ იქნა გაზიარებული აპელანტის მსჯელობა, რომ რადგანაც შპს „ს. კ. ა-ა“ 2013 წლის 19 მაისს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე გავიდა №218 დადგენილებით განსაზღვრული პროგრამიდან და მისი ვალდებულებები სახელმწიფო პროგრამების მიმართულებით შემოიფარგლა №165 დადგენილებით, შესაბამისად, მას არ ეკისრება დარჩენილი თანხის გადახდის ვალდებულება. სასამართლომ მიუთითა „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვებს, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალებს და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცებს, სტუდენტებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაზე, რომლის შესაბამისადაც, შპს „ს. კ. ა-ა“ უზრუნველყოფს თავის სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების თანადაფინანსებას შესაბამის რაიონში ამ პროგრამის თვის ლიმიტის 50%-ით. ამავე დადგენილების 13.1 დანართის შესაბამისად, განისაზღვრა სასწრაფო დახმარების სამსახურის თვის ბიუჯეტი: ლანჩხუთის რაიონისათვის - 22 643 ლარი, ხოლო ჩოხატაურის რაიონისათვის - 22 552 ლარი, ანუ ორივე რაიონზე - 45 195 ლარის ოდენობით. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, სადაზღევო კომპანიის ვალდებულება თანხის ანაზღაურებაზე, განსახილველ შემთხვევაში, განისაზღვრა რაიონის ბიუჯეტის 50%-ით და აღნიშნული ვალდებულება ძალაში დარჩა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილებით განსაზღვრულ სახელმწიფო პროგრამაში აპელანტის მონაწილეობის შეწყვეტის მიუხედავად.
სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ სადაზღვევო კომპანიის ვალდებულება 2013 წლის 19 მაისის შემდგომ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ბენეფიციართა რაოდენობის პროპორციული თანხების ანაზღაურებით. ლანჩხუთსა და ჩოხატაურის სამედიცინო-სადაზღვევო რაიონებში მზღვეველი იყო აპელანტი, შესაბამისად, სწორედ მის ვალდებულებას წარმოადგენდა ბენეფიციარ რაიონებში სახელმწიფო დახმარების ღირებულების 50%-იანი თანამონაწილეობა საერთო თანხის - 45 195 ლარის 50%-ის ოდენობით. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების შესაბამისად, შპს „ს. კ. ა-ა“ ვალდებული იყო, უზრუნველეყო თავის სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების თანადაფინანსება შესაბამის რაიონში ამ პროგრამისთვის ლიმიტის 50%-ით.
სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 და მე-5 პუნქტებზე, რომლებითაც განსაზღვრულია ანგარიშსწორების წესი და პირობები და აღნიშნა, რომ შპს „გ ს დ-მ“ სამედიცინო მომსახურება გაუწია ბენეფიციარებს 2013 წლის მაის-ივნისში. შპს „ს. კ. ა-ას” გაწეული სამედიცინო მომსახურებისა და მისი ღირებულების შესახებ წარედგინა შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია 2013 წლის 4 ივლისს, ხოლო თანხა ანაზღაურებული არ არის სრულად.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადაზღვევო კომპანიამ ნაწილობრივ განახორციელა ანგარიშსწორება, პალატამ მიიჩნია, რომ მას უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დარჩენილი დავალიანების - 19 563.88 ლარის ანაზღაურება.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც ანგარიშსწორების ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის 0,1%-ის დაკისრების შესაძლბელობა. პირგასამტეხლოს გადახდა მზღვეველს არ ათავისუფლებს წარმოშობილი დავალიანების ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულებისაგან. პალატამ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით და აღნიშნა, რომ ვინაიდან ძირითადი თანხის ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტობრივი გარემოება დადგენილი იყო, სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც საფუძვლიანი იყო და არ არსებობდა არც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. კ. ა-მ“, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის მოსაზრებით, არსებობს გასაჩივრებული განჩინების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, რადგანაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვებს, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალებს და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცებს, სტუდენტებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ 2012 წლის 7 მაისის N165 დადგენილებით დამტკიცებული სადაზღვევო ვაუჩერის პირობების მე-8 მუხლის მე-10 პუნქტი, სადაც ნათლადაა მითითებული, რომ სადაზღვევო კომპანიის თანადაფინანსების მიზანი ამავე დადგენილებით დამტკიცებული ვაუჩერის პირობების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესრულებაა, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს მხოლოდ ამ დადგენილების (N165) ბენეფიციართა სასწრაფო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის ვალდებულებას. N165 დადგენილების მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის მიზანი კონკრეტული აქტით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ბენეფიციარების სასარგებლოდ გაწეული მომსახურების თანადაფინანსების რეგულირებაა. ეს ნორმა სადაზღვევო კომპანიას არ აკისრებს ზოგადი ხასიათის ვალდებულებას, რომლშიც მოიაზრებოდა პირთა განუსაზღვრელი წრის, მათ შორის N218 დადგენილებით გათვალისწინებულ ბენეფიციართა მომსახურების დაფინანსება. N165 დადგენილება ეხება კონკრეტული კატეგორიის პირებს და არა N218 დადგენილების სუბიექტებს. სააპელაციო პალატის მიერ ამ ნორმის არასწორი განმარტებით კასატორის ვალდებულებად განისაზღვრა სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება შესაბამისი რაიონის თვის ლიმიტის 50%-ით, ისე, რომ არ შეაფასა წინამდებარე ნორმა შინაარსობრივად და ყურადღება არ მიაქცია მის მიზნობრიობას.
სააპელაციო პალატამ არასწორად არ გამოიყენა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გატარებული ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილებით დამტკიცებული ვაუჩერის პირობების მე-8 მუხლის მე-10 პუნქტი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის), რომლის შინაარსიდანაც გამომდინარეობს, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების თანადაფინანსების მიზანი ამავე დადგენილების (N218) ბენეფიციართა სასწრაფო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფაა. N218 დადგენილება არ მოიცავს სხვა დადგენილების ბენეფიციართა მომსახურების თანადაფინანსებას და მკაცრად შემოიფარგლება მხოლოდ ამ დადგენილების მოსარგებლეებით. მას შემდეგ, რაც კასატორმა 2013 წლის 19 მაისიდან N218 დადგენილებით გათვალისწინებულ პროგრამაში მონაწილეობა შეწყვიტა, მას ამავე დადგენილების, ასევე „ს. კ. ა-სა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის 30 მაისის N517 განკარგულებით) საფუძველზე მოეხსნა ამ დადგენილების მოსარგებლეთა სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ვალდებულება.
სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ საქმე არსებითი საპროცესო დარღვევის გარეშე განიხილა და არსებითად სწორად გადაწყვიტა იგი, შესაბამისად, გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები, თუმცა ზემდგომმა სასამართლომ არ გაითვალისწინა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ის დასკვნები, სადაც სასამართლო დაეთანხმა მოპასუხის მსჯელობას, რომ მას ეკისრებოდა მხოლოდ N165 დადგენილებით განსაზღვრული ვაუჩერის პირობების მე-8 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული თანადაფინანსების ვალდებულება. მიუხედავად ზემდგომი სასამართლო განმარტებისა, რომ იზიარებდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების თაობაზე, მან ზემოაღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, სხვა გარემოებებზე დაყრდნობით გამოიტანა განჩინება. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ბუნდოვანია და არ ემყარება საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას.
სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა სადაზღვევო კომპანიის ვალდებულების მოცულობა, რადგანაც, მართალია, მოწინააღმდეგე მხარემ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება განახორციელა, თუმცა კასატორს N165 დადგენილებიდან გამომდინარე, მხოლოდ ამ დადგენილების ბენეფიციარების მიმართ აქვს თანადაფინანსების ვალდებულება ნაკისრი. კასატორის მიერ 2013 წლის მაისსა და ივნისში გაწეული მომსახურების გამო გადახდილი თანხა - 25 710,12 ლარი წარმოადგენს N165 დადგენილების ბენეფიციართა პროპორციის შესაბამისად გადახდილ თანხას, მოთხოვნილი თანხის დარჩენილი ნაწილის გადახდა კი არ წარმოადგენს კასატორის ვალდებულებას.
გამომდინარე იქიდან, რომ კასატორის ვალდებულებას წარმოადგენს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პროგრამის თანადაფინანსება N165 დადგენილებით გათვალისწინებული ბენეფიციარების რაოდენობის პროპორციულად და სწორედ თავის ვალდებულების ფარგლებში განახორციელა მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ანგარიშსწორება, არ არსებობს სარჩელით მოთხოვნილი თანხის დაკისრების, ასევე პირგასამტეხლოს ანაზღაურების წინაპირობა.
წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს შპს „ს. კ. ა-მ“ დაურთო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის განჩინების ასლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინებით შპს „ს. კ. ა-ას“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ს. კ. ა-ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს. კ. ა-ას“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „ს. კ. ა-ას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 27 მაისის N1401176136 საგადახდო დავალებით გადახდილი 1006,30 ლარისა და მის მიერვე 2014 წლის 19 ივნისის N1403158871 საგადახდო დავალებით გადახდილი 86 ლარის, სულ 1092,3 ლარის 70% – 764,61 ლარი.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე დართულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის N2ბ/239-14 განჩინებას, პალატა მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს. კ. ა-ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ს. კ. ა-ას“ (ს/№....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 27 მაისის N1401176136 საგადახდო დავალებით გადახდილი 1006,30 ლარისა და მის მიერვე 2014 წლის 19 ივნისის N1403158871 საგადახდო დავალებით გადახდილი 86 ლარის, სულ 1092,3 ლარის 70% – 764,61 ლარი.
3. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი, საკასაციო საჩივარზე დართულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის N2ბ/239-14 განჩინების ასლი (ტ.II, ს.ფ.101-115).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე