Facebook Twitter

№ას-617-585-2014 30 დეკემბერი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. ჩ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – კ. გ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ალიმენტის შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა კ. გ-მა მოპასუხე მ. ჩ-ის მიმართ და მოითხოვა ალიმენტის ოდენობის შემცირება.

მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მას მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 150 ლარის ოდენობით, შვილის - ლ. ჩ-ის რჩენა-აღზრდისათვის. ხსენებული გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე მუშაობდა ტელეკომპანია „მ. ა-ში“ ოპერატორად და ჰქონდა ხელფასი, 1000 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 19 აგვისტოდან იგი სამსახურის გარეშე დარჩა, რამაც უკიდურესად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩააგდო, შესაბამისად, მისთვის შეუძლებელი გახდა დაკისრებული ოდენობით ალიმენტის გადახდა. ამავდროულად, მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000 წლიდან კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდა ხ. გ-თან, რომელთანაც ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავდა და იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. ამასთან, სარჩელის შეტანის დროისათვის მოსარჩელე ოჯახთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, რაშიც საიჯარო ქირის სახით 150 ლარს იხდიდა. მოსარჩელის განმარტებით, ალიმენტის გადაუხდელი თანხის დასაფარად მან ისესხა 1000 ლარი, რომელიც მსესხებლისთვის ნაწილ-ნაწილ (თვეში 100 ლარის ოდენობით) უნდა დაებრუნებინა. გარდა ამისა, „ბ. რ-ში“ მას აღებული ჰქონდა სესხი 1500 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით მის მიმართ დაკისრებული ალიმენტის – 150 ლარის 20 ლარამდე შემცირება.

მოპასუხე მ. ჩ-მა სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შემცირდა ამავე სასამართლოს 2013 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და კ. გ-ს მოპასუხე მ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის – ....წლის ... აპრილს დაბადებული ლ. ჩ-ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 60 ლარის ოდენობით, 2013 წლის 21 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-მა. აპელანტი მოითხოვდა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით:

1. მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შემცირდა და კ. გ-ს მ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, ....წლის .... აპრილს დაბადებული ლ. გ-ის (ჩ-ის) რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 120 ლარის ოდენობით, 2013 წლის 21 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

კ. გ-ს და მ. ჩ-ს ჰყავთ საერთო შვილი, ... წლის ... აპრილს დაბადებული ლ. ჩ-ი;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით კ. გ-ს მ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის – ... წლის ... აპრილს დაბადებული ლ. ჩ-ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 150 ლარის ოდენობით, 2013 წლის 25 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;

გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის კ. გ-ი მუშაობდა შპს „მ. ა-ზე“ და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 1000 ლარს;

2013 წლის 19 აგვისტოდან კ. გ-ი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან;

კ. გ-ს ჰყავს კიდევ ორი არასრულწლოვანი შვილი: ... წლის ... თებერვალს დაბადებული ა. გ-ი და .... წლის .... დეკემბერს დაბადებული ა. გ-ი;

კ. გ-ი ცხოვრობს ქირით ქ.თელავში, ა. გ-ის №34-ში, ქირის ოდენობა თვეში შეადგენს 150 ლარს;

კ. გ-ის მეუღლის, ხ. გ-ის საკუთრებაში ირიცხება ქ.თელავში, ა. გ-ის №26-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, ხოლო შვილის, ა. გ-ის სახელზე – თელავში, სოფელ რ-ში მდებარე 3900კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი;

2013 წლის 20 აგვისტოს, კ. გ-მა კ. კ-ისგან აიღო 1000 ლარის ოდენობით სესხი, თანხის დასაფარად იგი ყოველთვიურად იხდის 100 ლარს. 2013 წლის 27 აგისტოს მდგომარეობით მას ასევე გააჩნია დავალიანება სს „ბ. რ-ის“ მიმართ;

დღეისათვის კ. გ-ი მუშაობს „ჰ-ს“ საქართველოს წარმომადგენლობაში გამნაღმველის პოზიციაზე და ხელფასის სახით ყოველთვიურად ხელზე იღებს 433 აშშ დოლარს. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, კ. გ-ი მუშაობდა ბრიტანეთის ჰუმანიტარულ ჰ. ტ-ის წარმომადგენლობა საქართველოში და მისი დარიცხული ხელფასი 2014 წლის იანვარში 1203.35 ლარს, ხოლო 2014 წლის თებერვლის მდგომარეობით 1187.48 ლარს შეადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის შეცვლა განპირობებული უნდა იყოს იმ გარემოებების სტაბილური ხასიათით, რომელიც საფუძვლად დაედო ალიმენტის თავდაპირველი ოდენობის განსაზღვრას. სასამართლო საკითხს ალიმენტის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით წყვეტს მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, ანუ მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელი პირის, როგორც მატერიალური, ისე ოჯახური მდგომარეობა.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური მდგომარეობის არსებითი გაუარესება, რის გამოც სასამართლოს მნიშვნელოვნად უნდა შეემცირებინა ალიმენტის ოდენობა, თუმცა მხედველობაში იყო მისაღები კ. გ-ის მიერ 2013 წლის 20 აგვისტოს კ. კ-სგან 1000 ლარის ოდენობით სესხის აღების ფაქტი, რომლის დასაფარადაც იგი ყოველთვიურად 100 ლარს იხდიდა. გარდა ამისა, 2013 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით მას ასევე გააჩნდა დავალიანება სს „ბ. რ-ის“ მიმართ და ჰყავდა ორი არასრულწლოვანი შვილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კ. გ-ი სამივე შვილის რჩენაზე ერთნაირად იყო პასუხისმგებელი, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა მხოლოდ 30 ლარით უნდა შემცირებულიყო და 120 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-მა.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

საქმეზე დადგენილადაა მიჩნეული ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის კ. გ-ს (ამ გადაწყვეტილებით მას ლ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 150 ლარის გადახდა) უკვე ჰყავდა სხვა ქორწინებიდან ორი არასრულწლოვანი შვილი;

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ასევე დადგენილია, რომ დღეისათვის კ. გ-ი მუშაობს „ჰ-ს“ საქართველოს წარმომადგენლობაში გამნაღმველის პოზიციაზე და ხელფასის სახით ყოველთვიურად ხელზე იღებს 433 აშშ დოლარს. ამასთან, ბრიტანეთის ჰუმანიტარული წარმომადგენლობა ჰ. ტ-ის საქართველოს წარმომადგემლობაში მუშაობის შედეგად, 2014 წლის იანვარში კ გ-სათვის დარიცხუომა ხელფასმა შეადგინა 1203.35 ლარი, 2014 წლის თებერვლის მდგომარეობით კი, 1187.48 ლარი;

კონკრეტულ შემთხვევაში, უმთავრეს არგუმენტს, რომლის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საალიმენტო ვალდებულების ოდენობად კანონიერ ძალაში შესული 2013 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული 150 ლარის ნაცვლად 120 ლარი უნდა განსაზღვრულიყო, წარმოადგენდა კ. გ-ის მიერ 2013 წლის 29 აგვისტოს ნაკისრი სასესხო ვალდებულება (ჯამში მთლიანი თანხა – 1000 ლარი, ყოველთვიურად – 100 ლარი) და 2013 წლის 27 აგვისტოს ბანკის მიმართ არსებული დავალიანება. საკითხის ამგვარად შეფასება და გადაწყვეტა არასწორია, კერძოდ, საალიმენტო ვალდებულება კანონის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების ერთ-ერთი სახეა, რომელიც ბავშვის აღზრდისა და განვითარების ინტერსებს ემსახურება. ამიტომ არაკეთილსინდისიერ მხარეს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ბოროტად ისარგებლოს მისთვის მინიჭებული სამოქალაქო უფლებით, სხვათა მოსაჩვენებლად იტვირთოს ისეთი ვალდებულებები, რომლებიც არ წარმოადგენს მისი ნამდვილი ინტერესის საგანს, სინამდვილეში კი შეეცადოს, თავიდან აირიდოს მასზე დაკისრებული საალიმენტო ვალდებულებების შესრულება;

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კ. გ-სათვის დაკისრებული 150 ლარი თავიდანვე და ამჟამადაც ბევრად უფრო ნაკლებ თანხას წარმოადგენდა და წარმოადგენს, ვიდრე ის ოდენობა რომელიც გამომდინარეობს სასამართლო პრაქტიკით დადგენილი წესიდან, კერძოდ, კასატორის შემოსავალი უნდა გაიყოს ოთხზე: სამ შვილზე და თავად კ. გ-ზე და თანხის მეოთხედი უნდა იქნეს გათვალისწინებული სარჩენი პირებისათვის, რაც დადგენილია უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის №ბს-378-367 (კ-13) მიღებული გადაწყვეტილებით. ასეთი მიდგომით გამოიკვეთება, რომ ლ. გ-ი რეალურად უფრო მეტ ალიმენტს უნდა იღებდეს, ვიდრე იღებს. შესაბამისად, კ. გ-ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

კ. გ-ს და მ. ჩ-ს ჰყავთ საერთო შვილი, ... წლის ... აპრილს დაბადებული ლ. ჩ-ი;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით კ. გ-ს მ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის – .... წლის .... აპრილს დაბადებული ლ. ჩ-ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 150 ლარის ოდენობით, 2013 წლის 25 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;

გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის კ. გ-ი მუშაობდა შპს „მ. ა-ზე“ და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 1000 ლარს;

2013 წლის 19 აგვისტოდან კ. გ-ი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან;

დღეისათვის კ. გ-ი მუშაობს „ჰ-ს“ საქართველოს წარმომადგენლობაში გამნაღმველის პოზიციაზე და ხელფასის სახით ყოველთვიურად ხელზე იღებს 433 აშშ დოლარს. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, კ. გ-ი მუშაობს ბრიტანეთის ჰუმანიტარულ ჰ. ტ-ის წარმომადგენლობა საქართველოში და მისი დარიცხული ხელფასი 2014 წლის იანვარში 1203.35 ლარს, ხოლო 2014 წლის თებერვლის მდგომარეობით 1187.48 ლარს შეადგენდა;

კ. გ-ს, ლ. ჩ-ის გარდა, ჰყავს კიდევ ორი არასრულწლოვანი შვილი: ... წლის ....თებერვალს დაბადებული ა. გ-ი და .... წლის .... დეკემბერს დაბადებული ა. გ-ი;

კ. გ-ი ცხოვრობს ქირით ქ.თელავში, ა. გ-ის №34-ში, ქირის ოდენობა თვეში შეადგენს 150 ლარს;

კ. გ-ის მეუღლის, ხ. გ-ის საკუთრებაში ირიცხება ქ.თელავში, ა. გ-ის №26-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, ხოლო შვილის, ა. გ-ის სახელზე – თელავში, სოფელ რ-ში მდებარე 3900კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი;

2013 წლის 20 აგვისტოს, კ. გ-მა კ. კ-სგან აიღო 1000 ლარის ოდენობით სესხი, თანხის დასაფარად იგი ყოველთვიურად იხდის 100 ლარს. 2013 წლის 27 აგისტოს მდგომარეობით მას ასევე გააჩნია დავალიანება სს „ბ. რ-ის“ მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს დაუშვა, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და მატერიალური სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, არასწორად მიიჩნია, რომ ისინი ქმნიდნენ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების წინაპირობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მშობელს რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ; იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

კანონის მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს – ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. აქ ჩნდება კითხვა: რას გულისხმობს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლა? საკასაციო პალატის მოსაზრებით, აქ იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენენ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება და სხვა. შემოსავლების შემცირებისა და კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში შესაძლებელია ადრე განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა შემცირდეს, ხოლო კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში შესაძლებელია გაიზარდოს ალიმენტის ოდენობა.

ზემოხსენებული მუხლის დანაწესი გამომდინარეობს თავად ალიმენტის მიზნიდან, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე და 1214-ე მუხლებით კანონი ადგენს მშობლის ვალდებულებას, იზრუნოს თავის შვილზე, რაც გულისხმობს მისი მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობას. არასრულწლოვნის რჩენისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. შესაბამისად, იმ მშობლის ფინანსური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლამ, რომელიც ალიმენტს იხდის, შესაძლოა განაპირობოს აღნიშნული ალიმენტის ოდენობაში სასამართლოს მიერ ცვლილების შეტანა.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული ალიმენტის შემცირების საფუძვლად დაასახელა მატერიალური მდგომარეობის შეცვლა და ამ მიზნით სარჩელში შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

1. 2013 წლის 19 აგვისტოდან იგი სამსახურის გარეშე დარჩა, რამაც უკიდურესად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩააგდო, შესაბამისად, მისთვის შეუძლებელი გახდა დაკისრებული ოდენობით ალიმენტის გადახდა;

2. 2000 წლიდან კანონიერ ქორწინებაში იმყოფება ხ. გ-თან, რომელთანაც ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და თავადაა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი;

3. იგი ოჯახთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, რაშიც საიჯარო ქირის სახით 150 ლარს იხდის. გარდა ამისა, ალიმენტის გადაუხდელი თანხის დასაფარად მოსარჩელემ ისესხა 1000 ლარი, რომლის დასაბრუნებლად მსესხებელს ყოველთვიურად 100 ლარი უნდა გადაუხადოს. ამასთან, სს „ბ. რ-ში“ მას აღებული აქვს სესხი, 1500 ლარის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ. 1-13).

მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებისა და აქედან გამომდინარე, მისი მატერიალური მდგომარეობის შეცვლის ფაქტთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ თავადვე აღნიშნა, რომ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის არსებითი გაუარესების ფაქტი არ დგინდებოდა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული პირველი ფაქტობრივი გარემოება სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო.

სააპელაციო სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მას კმაყოფაზე ჰყავდა დამატებით ორი არასრულწლოვანი შვილი და გააჩნდა ბანკის ვალი.

კასატორი მიიჩნევს, რომ ალიმენტის შემცირების საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიღო მხედველობაში ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს, ლ. ჩ-ის გარდა, კმაყოფაზე ჰყავდა კიდევ ორი არასრულწლოვანი შვილი. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის ამ მოსაზრებას, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელის იმ არასრულწლოვანი შვილების ინტერესები, რომლებიც მას რეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავდა, კერძოდ, დასახელებული გადაწყვეტილების მიღებისას საქმის განმხილველმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, ქორწინებისა და დაბადების მოწმობებით, რომელთა თანახმადაც, კ. გ-ი 2000 წლის 5 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ხ. გ-თან, მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ... წლის ... თებერვალს დაბადებული ა. გ-ი და ... წლის ... დეკემბერს დაბადებული ა. გ-ი. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლო არასწორად დაეყრდნო მოსარჩელის მიერ მითითებულ მეორე ფაქტობრივ გარემოებას.

როგორც უკვე აღინიშნა, ალიმენტის ოდენობის შემცირების ერთ-ერთ საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გააჩნდა სასესხო დავალიანება ფიზიკური პირისა და ბანკის წინაშე. საკასაციო სასამართლო ამ შემთხვევაშიც იზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მსჯელობა სესხის დაფარვის ხარჯებთან დაკავშირებით ალიმენტის შემცირების საფუძვლად ვერ გამოდგება, რადგან აღნიშნული დროებით მოვლენას წარმოადგენს. ამასთან, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მიერ ახალი ვალდებულებების (მათ შორის სესხის) აღება სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების უპირობო საფუძველი ვერ გახდება. საკასაციო სასამართლოს მოცემული დასკვნა შეესაბამება მსგავსი კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუსგ, 4 მარტი, 2011 წელი, საქმე №ას-1356-1194-2010; სუსგ 24 დეკემბერი, 2012 წელი, საქმე №ას-1299-1226-2012).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება (სსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ხსენებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს აღნიშნული საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით კ. გ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორი (მოგებული მხარე) გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შესაბამისად, მას საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია. აქედან გამომდინარე, არ არსებობს სასამართლო ხარჯის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. კ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე