საქმე №ას-632-599-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ის“ მიმართ №243 და №311 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 14 420.76 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2010 წლის 19 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა №243 ხელშეკრულება, ხოლო 2010 წლის 13 მაისს - №311 ხელშეკრულება. ხელშეკრულებების თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიეწოდებინა ხელშეკრულებების დანართი №1-ით გათვალისწინებული საქონელი. დანართ №1-ში კი, გაიწერა მისაწოდებელი საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი და მიწოდების ვადები. ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, თუმცა იგი არ ასრულებს ამ თანხის ანაზღაურების ვალდებულებას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა იმ საფუძვლით, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები უსაფუძვლოა, ამასთანავე, მიუთითა მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით აპელანტი სადავოდ ხდიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებს ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ხოლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება უნდა გადაესინჯა სამართლებრივი შეფასების ნაწილში, დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, თუ რამდენად სწორად მიიჩნია საქალაქო სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-400 მუხლზე და აღნიშნა შემდეგი:
2010 წლის 19 აპრილს გაფორმებული N243 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკის მიწოდების ვადა ამოიწურა 2010 წლის 13 ივნისსა და 12 ივლისს.
2010 წლის 13 მაისს გაფორმებული N311 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკის მიწოდების ვადა ამოიწურა 2010 წლის 19 ივნისს.
საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებებით დგინდებოდა, რომ მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საქონლის მიუწოდებლობისათვის სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების შესაბამისად, პირგასამტეხლო შეთანხმებული იყო წერილობითი ფორმით.
სასამართლომ მიუთითა ასევე სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე და არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომლის თანახმადაც, ხანდაზმულობის ვადის ათვლა, განსახილველ შემთხვევაში, უნდა დაწყებულიყო არა ხელშეკრულებით ტექნიკის მიწოდებისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან, არამედ მიმწოდებლის მიერ ტექნიკის საბოლოო მიწოდებიდან, ანუ, N243 ხელშეკრულების შემთხვევაში, 2010 წლის 29 ივლისიდან და 2 აგვისტოდან, ხოლო N311 ხელშეკრულების შემთხვევაში - 2010 წლის 22 ივნისს.
სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირგასამტეხლო წარმოადგენს აქცესორულ უფლებას, რომელიც დამოკიდებულია ძირითად უფლებაზე. პირგასამტეხლო, როგორც დამატებითი ვალდებულებითი მოქმედება, შესაძლებელია, წარმოიშვას მხოლოდ ძირითადი, რეალური ვალდებულების საფუძველზე და ძირითადი უფლების არარსებობის შემთხვევაში არ იარსებებს ასევე პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებაც. უფლების განხორციელების ვადა დგება მაშინ, როდესაც უკვე დარღვეულია პირის უფლება და მან იცის ამის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც სს „ს-მა“ დაარღვია N243 და N311 ხელშეკრულების პირობები, აპელანტს წარმოეშვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნის უფლება მიმწოდებლის მიმართ და სწორედ ამ დროიდან დაიწყო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა. სასამართლოს შეფასებით, ძირითადი უფლების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან ერთად ასევე დაიწყო პირგასამტეხლოს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლაც პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე და მასზე ხანდაზმულობის ცალკე ვადა ვერ გავრცელდებოდა.
ასევე არ იქნა გაზიარებული აპელანტის მოსაზრება N243 ხელშეკრულების 13.8 და N311 ხელშეკრულების 15.7 პუნქტებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დარიცხვის ვადის ათვლის წერტილად ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტის განსაზღვრის თაობაზე. ხელშეკრულების 13.8. მუხლის თანახმად, საქონლის მიუწოდებლობისათვის დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხვა წყდებოდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ. 15.7 მუხლის თანახმად კი, საქონლის მიუწოდებლობისათვის დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხვა წყდებოდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ. ხელშეკრულების ამ მუხლების შინაარსის განმარტებისათვის სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ვალდებულების შესრულების ვადა. ვალდებულების შესრულების დროს უკავშირდებოდა მოთხოვნის წარმოშობის მომენტი. მოთხოვნის ვადამოსულობა კი დროის ის მომენტი იყო, როდიდანაც კრედიტორს შეეძლო ვალდებულების შესრულება მოეთხოვა, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადას სულ სხვა სამართლებრივი დატვირთვა გააჩნდა. ასე მაგალითად, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა დაუშვებელი იყო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობდა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძველი ან მხარეთა შეთანხმება. მოცემულ შემთხვევაშიც, ორივე ხელშეკრულების პირობებით, ვალდებულების შესრულებისა და ხელშეკრულების მოქმედების დრო განსხვავებული იყო.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლზე და განმარტა, რომ მხარეებმა, 15.7 და 13.8 პუნქტებით გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს დარიცხვის ბოლო ზღვარი, რაც უკავშირდებოდა ხელშეკრულების ვადის გასვლას, რაც იმას ნიშნავდა, რომ შემსყიდველი არ იყო უფლებამოსილი, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ პერიოდზეც დაერიცხა მისთვის პირგასამტეხლო.
N243 ხელშეკრულების შემთხვევაში აპელანტისთვის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 13 ივნისსა და 12 ივლისს და N311 ხელშეკრულების შემთხვევაში - 2010 წლის 19 ივნისს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2013 წლის 29 ივლისს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა N243 ხელშეკრულების შემთხვევაში ამოიწურა 2013 წლის 13 ივნისსა და 12 ივლისს და N311 ხელშეკრულების შემთხვევაში - 2013 წლის 19 ივნისს, სარჩელი კი შეტანილია 2013 წლის 29 ივლისს, რის გამოც იგი სწორად იქნა მიჩნეული ხანდაზმულად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არ შეიცავს სამართლის იმ ნორმის მითითებას, რომლის საფუძველზეც მხარეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. 2010 წლის 19 აპრილის N243 და 2010 წლის 13 მაისის N311 ხელშეკრულებებით მხარებმა იკისრეს გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის მე-13 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
N243 ხელშეკრულების 13.8 და N311 ხელშეკრულების 15.7 პუნქტებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან, ვინაიდან, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ამ პერიოდის განმავლობაში მოწინააღმდეგე მხარეს ერიცხებოდა პირგასამტეხლო და უკვე დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის თაობაზე არასწორია. ამ თვალსაზრისით სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა N243 და N311 ხელშეკრულებების 13.8 და 15.7 პუნქტების დათქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინებით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე