№ას-640-607-2014 4 დეკემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები _ ა. ბ-ე, თ. მ-ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ჯ. 2012“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. ბ-მ და თ. მ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე შპს „ჯ. 2012-ის“ მიმართ, მოითხოვეს ქ.ბათუმში, ჭ-ის ქ. №10-12-ში, სასტუმრო „მ-ის“ პირველ სართულზე მდებარე 120 კვ.მ-ზე 2012 წლის 12 აპრილს ლ. ბ-ს, დ. ბ-ს, თ. მ-სა და შპს „ჯ. 2012-ს“ შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტა და იჯარით გაცემული ფართის თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელეებისათვის გადაცემა. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს 2013 წლის მაისის, ივნისისა და ივლისის თვის გადაუხდელი საიჯარო ქირის სახით 36000 აშშ დოლარის დაკისრება და საიჯარო ფართით სარგებლობისათვის ყოველთვიურად 12000 აშშ დოლარის დაკისრება 2013 წლის ივლისის თვიდან ფართის გათავისუფლებამდე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ისა და თ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შეწყდა 2012 წლის 12 აპრილს ლ. ბ-ს, დ. ბ-ს, თ. მ-სა და შპს „ჯ .2012-ს“ შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება ქ.ბათუმში, ჭ-ის ქ. №10-12-ში, სასტუმრო „მ-ის“ პირველ სართულზე მდებარე 120 კვ.მ-ზე (ფართი №2) რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში (უძრავი ქონების ს.კ: .......) და ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეებს (მესაკუთრეებს) ა. ბ-სა და თ. მ-ს. შპს „ჯ. 2012-ს“ მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა სოლიდარულად საიჯარო ქირის გადაუხდელი თანხის (2013 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით) – 1166,67 ლარის გადახდა. აგრეთვე მოპასუხეს თ. მ-ისა და ა. ბ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 2013 წლის 10 დეკემბრიდან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დაკავებული ფართის გათავისუფლებამდე ყოველთვიურად 12000 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ. 2012-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ. 2012”-ის სააპელაციო საჩივარზე - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ თანხის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წარმოება შეწყდა. შპს ,,ჯ. 2012”-ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შეწყდა 2012 წლის 12 აპრილს ლ. ბ-ს, დ. ბ-ს, თ. მ-სა და შპს ”ჯ. 2012”ს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება ქ.ბათუმში, ჭ-ის ქ. №10-12-ში, სასტუმრო „მ-ის“ პირველ სართულზე მდებარე 120 კვ.მ-ზე (ფართი №2) რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში (უძრავი ქონების ს.კ: ..........) და ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეებს (მესაკუთრეებს) ა. ბ-სა და თ. მ-ს. შპს ,,ჯ. 2012”-ს დაევალა ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩააბაროს მოსარჩელეებს (მესაკუთრეებს) ა. ბ-ს და თ. მ-ს. ა. ბ-ის და თ. მ-ის წარმომადგენლების შუამდგომლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-მ, თ. მ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ივლისის განჩინებით ა. ბ-ისა და თ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
2014 წლის 20 ნოემბერს ა. ბ-ისა და თ. მ-ის წარმომადგენლებმა მ. ა-მა და თ. ი-მ შუამდგომლობით მომართეს საკასაციო პალატას და მოითხოვეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად სარჩელის გამოხმობა. აგრეთვე, კასატორებმა წარმოადგინეს მოწინააღმდეგე მხარე შპს „ჯ. 2012-ის“ დირექტორ ბ. უ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც იგი თანახმა არის სარჩელის გამოხმობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ისა და თ. მ-ის წარმომადგენლების – მ. ა-ისა და თ. ი-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კასატორი უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით გამოიხმოს სარჩელი, რის შედეგადაც იგი დარჩება განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში კასატორებმა ა. ბ-მ და თ. მ-მა თავისი სარჩელი გამოიხმეს, რასაც დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე შპს „ჯ. 2012-ის“ დირექტორი ბ. უ-ი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ბ-ისა და თ. მ-ის წარმომადგენლების – მ. ა-ისა და თ. ი-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 6000 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ბ-ისა და თ. მ-ის წარმომადგენლების – მ. ა-ისა და თ. ი-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
3. ა. ბ-ისა და თ. მ-ის სარჩელი მოპასუხე შპს „ჯ. 2012-ის“ მიმართ საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის, თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე დარჩეს განუხილვეალად.
4. კასატორებს – ა. ბ-სა (პირადი: №....) და თ. მ-ს (პირადი: №....) დაყბრუნდეთ მ. მ-ის მიერ 2014 წლის 27 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 6000 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური