საქმე №ას-655-622-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ. ტ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ტ-ის მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის - 5 890 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელემ 1999 წელს აუქციონზე შეიძინა „ს-ის“ კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის, „კამაზ-5320“ მარკის ავტომობილი, რომელიც ირიცხებოდა მოპასუხის სახელზე. დ.ტ-ი ვალდებული იყო, მოსარჩელის მოთხოვნისთანავე ავტომობილი ჩაებარებინა გამართული, რის თაობაზეც 2001 წელს მას ჩამოერთვა ხელწერილი პოლიციის მიერ. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ ავტომობილი არ დააბრუნა. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ დ.ტ-მა ავტომობილი ჩააბარა ჯართში და აღებული თანხა მიითვისა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენით მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების 3 წლით აღკვეთა, რომელიც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ავტომობილის საბაზრო ღირებულების - 4 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 6 640 ლარის ანაზღაურება, რომელსაც უნდა გამოკლებოდა 2011 წელს, ძიების დროს ჩარიცხული ჯართის ღირებულება - 750 ლარი და საბოლოოდ მოთხოვნილი თანხის ოდენობა შეადგენდა 5890 ლარს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
ჩადენილი ქმედების გამო მოპასუხის მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი და დ.ტ-ი მიცემულ იქნა პასუხისგებაში, ამავდროულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის - 750 ლარის ანაზღაურება, რაც აღსრულებულია. სარჩელის მოთხოვნა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა. 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენით მიყენებული ზიანის ოდენობა 750 ლარითაა განსაზღვრული, ხოლო სარჩელით მოთხოვნილი თანხები სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებიდან არ გამომდინარეობს, ხოლო განაჩენში მითითებული ოდენობის თანხები სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ საბუღალტრო-სასაქონლო ექსპერტიზის მონაცემებს ემყარება.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აპრილის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენით დ. ტ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 7677/19/17-2010 დასკვნით დ. ტ-ის დანაშაულებრივი ქმედებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა ავტომანქანის ჯართში ჩაბარების შემდეგ შეადგენს - 750 ლარს.
გ. გ-მ აუქციონზე 1999 წელს შეიძინა ამბროლაურის „ს-ის“ კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებები, კერძო სადავო „კამაზ 5320“ მარკის ავტომანქანა.
საქმეში წარმოდგენილი განაჩენის თანახმად, გ. გ-ის მამას, ო. გ-ს შეძენილი სატრანსპორტო საშუალებები მიბარებული ჰქონდა სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის, მათ შორის, დ. ტ-სათვის „კამაზ 5320“ მარკის ავტომანქანა.
დ. ტ-მა, მინდობილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების მიზნით, მანქანა ჩააბარა ჯართში, რომლის, როგორც შავი ლითონის ღირებულება, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, 750 ლარით განისაზღვრა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.
მოსარჩელის განმარტებით, დ. ტ-მა, მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას გ. გ-ს გადაუხადა 750 ლარი.
მოსარჩელეს იმის დასადასტურებლად, რომ სადავო ავტომობილის ღირებულება იყო 4 000 აშშ დოლარი, სასამართლოში არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა.
სააპელაციო პალატამ დადგენილი გარემოებების სამართლებრივი შეფასებით მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობა გამომდინარეობდა დელიქტური ვალდებულებიდან.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ ფაქტების პრეიუდიციული მნიშვნელობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრვი გარემოების შინაარსს (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება ვლინდება გადაწყვეტილების არა სარეზოლუციო, არამედ სამოტივაციო ნაწილისაგან, რომლითაც დგინდება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი ფაქტები და რომლებიც წარმოადგენენ სამოქალაქო სამართლებრივი განხილვის საგანს.
სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ზიანი არის ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების ან კეთილდღეობის ხელყოფა. არასახელშეკრულებო ზიანი (დელიქტი) კი, წარმოიქმნება უშუალოდ სამართალდარღვევიდან. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობათა ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის. ანუ, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისათვის სავალდებულოა სახეზე არსებობდეს მატერიალური ხასიათის დანაშაული, რომელიც გულისხმობს დანაშაულით გამოწვეული შედეგის არსებობას ზიანის სახით. ამასთან ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობისას უნდა არსებობდეს ბრალი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ოდენობის დასადგენად დასაშვები მტკიცებულებაა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, ამასთან, შესაძლებელია, იგი საკმარისი აღმოჩნდეს, თუ განაჩენი შეიცავს შესაბამის გაანგარიშებას, ხოლო, თუ განაჩენი ზოგადად ადგენს ზიანის მიყენების ფაქტს და მასში ოდენობის თაობაზე არ არის მითითებული, ამ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც შედგენილი იქნება უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ და მასში განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის კონკრეტული ოდენობა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მინდობილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა განსაზღვრული იყო 750 ლარით (რაც ეყრდნობოდა დაზარალებულის, ასევე მოწმეების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს, საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს), პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანი პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა. თავად მოსარჩელე მხარის განმარტებით, დ. ტ-მა მას 750 ლარი გადასცა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას, შესაბამისად, ზიანის დამატებით ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე წარდგენილი სარჩელი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და მე-4 მუხლის თანახმად, დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული მოსარჩელის მითითება, რომ მას მოპასუხის ქმედებით მიადგა 5 890 ლარის ოდენობით ზიანი, რადგანაც საქმეში არსებული მტკიცებულებები ამ გარემოებებს არ ადასტურებდა. სასამართლოს განმარტებით, სწორედ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოდგენდა იმის დადასტურება, რომ ავტომანქანის სადავო ღირებულება იყო 4 000 აშშ დოლარი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა აპელანტის მითითებას, რომელიც შეეხებოდა მოპასუხის შესაგებელს. მისი განმარტებით, რაც ასევე გაიმეორა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, ავტომობილი ფაქტობრივად აღარ არსებობდა, აღდგენას არ ექვემდებარებოდა რის გამოც ჩააბარეს ჯართში. რეალურად კი, ავტომობილს მხოლოდ ძრავა ჰქონდა შესაკეთებელი, რაც ასევე დაადასტურა სასამართლომ.
სასამართლოს განმარტებით განაჩენით დგინდებოდა, რომ ქონების შეძენის შემდეგ მოსარჩელის მამას სატრანსპორტო საშუალებები სხვადასხვა პირებისთვის ჰქონდა მიბარებული, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. რეალურად ქონება მიბარებული ჰქონდა გ.ი-ს, რომლის სასამართლოში წარდგენაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო, სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე მოითხოვდა იგი საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენისას სასამართლო დაეყრდნო სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რაც კასატორისათვის სააპელაციო საჩივრის შემდეგ გახდა ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია გამომძიებლის შეკითხვა ავტომობილის საბალანსო და ნარჩენი ღირებულების თაობაზე, უარყოფით შემთხვევაში, მოთხოვნილია, მისი, როგორც შავი ლითონის, ღირებულების განსაზღვრაზე. საბალანსო და ნარჩენი ღირებულების დადგენისათვის უნდა მიემართათ კასატორისათვის, რადგანაც ეს ექსპერტისთვის არ იყო ცნობილი და მან მხოლოდ შავი ლითონის ფასი მიუთითა, მაშინ, როდესაც კასატორმა შეიძინა არა ჯართი, არამედ გამართული ავტომობილი. შესყიდვის შემდეგ მოპასუხე გაფრთხილდა შემძენისათვის ჩაებარებინა ავტომობილი გამართულ მდგომაროებაში, რის თაობაზეც რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო სვანეთის შინაგან საქმეთა განყოფილებამ ჩამოართვა ხელწერილი.
მოპასუხემ სააპელაციო შესაგებელში მიუთითა, რომ, როგორც სარჩელი, ისე სააპელაციო საჩივარი იყო დაუსაბუთებელი, ამ მიზნით წარადგინა მხარემ სააპელაციო სასამართლოში აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმადაც „კამაზ 5320-ის“ საბაზრო ღირებულება 2010 წლის მდგომაროებით 4 500 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობას განსაზღვრავს. ამ მტკიცებულების პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენა ვერ მოხერხდა იმ საფუძვლით, რომ ოდენობის თაობაზე მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაურთო მტკიცებულებები: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის ასლი, მიღება-ჩაბარების აქტისა და ხელწერილის ასლი, აუდიტორული ფირმის სასარგებლოდ თანხის გადახდის ქვითრის ასლი, ანგარიშ-ფაქტურა, მიღება ჩაბარების აქტი, აუდიტორული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, შპს აუდიტორული ფირმა „ა-ის“ შეფასების ანგარიში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გ. გ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
რაც შეეხება გ. გ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე დართულ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს მათ წარმომდგენს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ეს მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული რაც საკასაციო პალატის მიერ მათი საქმეზე დართვაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო დართული მტკიცებულებები: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნუილი ბიუროს დასკვნის ასლი, მიღება-ჩაბარების აქტისა და ხელწერილის ასლი, აუდიტორული ფირმის სასარგებლოდ თანხის გადახდის ქვითრის ასლი, ანგარიშ-ფაქტურა, მიღება ჩაბარების აქტი, აუდიტორული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, შპს აუდიტორული ფირმა „ა-ის“ შეფასების ანგარიში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. გ.გ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნუილი ბიუროს დასკვნის ასლი, მიღება-ჩაბარების აქტისა და ხელწერილის ასლი, აუდიტორული ფირმის სასარგებლოდ თანხის გადახდის ქვითრის ასლი, ანგარიშ-ფაქტურა, მიღება ჩაბარების აქტი, აუდიტორული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, შპს აუდიტორული ფირმა „ა-ის“ შეფასების ანგარიში.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე