Facebook Twitter

№ას-731-699-2014 30 დეკემბერი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა. ტ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ყვარელის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

1. გ. ა-ის სარჩელი მოპასუხეების მ. კ-ის და დ. გ-ის მიმართ, მისი ძროხის დაკარგვის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა;

2. გ. ა-ის სარჩელი მოპასუხე ა. ტ-ის მიმართ დაკმაყოფილდა;

3. მოპასუხე ა. ტ-ს მოსარჩელე გ. ა-ის სასარგებლოდ მისი ძროხის დაკარგვის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 1600 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ტ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინებით ა. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ყვარელის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2013 წლის ზაფხულში, ყვარლის რაიონის სოფ. შ-ის მოსახლეობის ერთ ნაწილს, მათ შორის მოსარჩელე გ. ა-ს და მოპასუხეებს: დ. გ-ს, მ. კ-ს და ა. ტ-ს მათი კუთვნილი მსხვილფეხა პირუტყვი გარეკილი ჰყავდათ ამავე სოფლის მიმდებარე მთაში და ნახირის მოვლას ახდენდნენ მორიგეობით;

ნახირში მორიგეობდა ორი პიროვნება. დ. გ-ს და მ. კ-ს მორიგეობა უწევდათ ერთად, მთ შემდეგ კი მორიგეობდა ა. ტ-ი, რომელიც წინასწარ შეთანხმებით მორიგეობდა ორი ადამიანის ნაცვლად;

2013 წლის 4 სექტემბერს, დღის სამ საათზე დამთავრდა დ. გ-ის და მ. კ-ის მორიგეობა და დადგა ა. ტ-ის რიგი;

ა. ტ-ი მთაში, სადაც საქონელი ინყოფებოდა სამორიგეოდ დროულად არ მისულა, იგი მივიდა საღამოს, როდესაც უკვე ბნელოდა, რის გამოც ვერ შეძლო საქონლის დათვალიერება და იმის გარკვევა, პირუტყვი სრულად იყო თუ არა ადგილზე;

დილით ა. ტ-მა აღმოაჩინა, რომ ადგილზე არ იყო მოსარჩელე გ. ა-ის მეწველი ძროხა, რის შემდეგაც ამ ძროხის პოვნა ვერ მოხერხდა;

სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოება, რომელიც შეეხებოდა დაკარგული ძროხის ღირებულებას, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დაკარგული ძროხის ღირებულებად 1600 ლარი;

პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ფაქტბრივი გარემოების დადგენისას სასამართლომ მოქმედი კანონმდებლობის, მოსარჩელის მითითებისა და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე სწორად მიიჩნია დაკარგული ძროხის ღირებულებად 1600 ლარი. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ამ ოდენობას მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდიდა და მას არ ჰქონდა სასამართლოსათვის წარდგენილი მითითებული გარემოების დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება;

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია საქონლის გადსაბარების დროსთან დაკავშირებით, რომ საქონლის გადაბარების დროისათვის თუ ახალი შემცვლელი ჯგუფი ადგილამდე ვერ მივა, მორიგეობა წინა ჯგუფისათვის გადაბარებულად ითვლება, ვინაიდან წინა მორიგეობის ჯგუფი უპირობოდ ტოვებს საქონელს და ბრუნდება სოფელში; აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე, რომლის თანახმად, სოფელში არსებობდა შეთანხმება და ნახირს ყავდა ბრიგადირი. სადგომი საიდანაც ძროხა დაიკარგა იყო მთაში, რამოდენიმე კილომეტრის მანძილზე, აღნიშნული სადგომიდან სახლში დაბრუნებას ჭირდებოდა რამდენიმე საათი; შეთანხმებით დადგენილი იყო, რომ გადაბარება უნდა მომხდარიყო დღის სამ საათზე, ახალი ჯგუფის ადგილზე მისვლის დაგვიანების შემთხვევაში მორიგეობა გადაბარებულად ითვლებოდა და ძველი ჯგუფი დაბრუნდებოდა სახლში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მოძრავი ნივთის მიბარებას, შესაბამისად, დავა უნდა გადაწყვეტილიყო მხარეთა შორის არსებული იმ ვალდებულებებისა და უფლება-მოვალეობათა გათვალისწინებით, რაც დადგენილი იყო ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნორმებითა და მიბარების ხელშეკრულებით.

პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ა. ტ-ი მოსარჩელის ძროხის სათანადოდ მოვლის (შენახვის) მიზნით ვალდებული იყო დღის სამ საათზე გამოცხადებულიყო სამწყემსოში და მეთვალყურეობა გაეწია საქონლისათვის. დადგენილი იყო, რომ ნაცვლად, აღნიშნული დროისა ტ-ი საქონელთან მივიდა გვიან საღამოს. მისივე განმარტებით, ვერ შეძლო შეემოწმებინა იყო თუ არა საქონელი ადგილზე და ეს მოახერხა მხოლოდ დილას. აღნიშნული კი ნიშნავდა იმას, რომ პირუტყვის მთაში დაახლოებით 20 საათის განმავლობაში უმეთვალყურეოდ დატოვება, მითუმეტეს ღამის საათებში ქმნიდა პირუტყვის დაკარგვის საშიშროებას. პალატის მითითებით, აღნიშნული გარემოება შეეძლო და უნდა გაეთვალისწინებინა ა. ტ-ს, მაგრამ იგი გულგრილად მოეკიდა საქმეს და არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა. ამდენად, სახეზე იყო მის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი გაუფრთხილებლობით, რისთვისაც უნდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა.

პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ საქმის განხილვისას ადგილი ჰქონდა არა მიბარების ხელშეკრულებას, არამედ, სართო საქმიანობას, ანუ ამხანაგობის ხელშეკრულებას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. ტ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან გამომდინარე სწორი იურიდიული კვალიფიკაცია არ მისცა მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას. აპელაციამ კანონის დარღვევით ჩათვალა, რომ სახეზე იყო მიბარების ხელშეკრულება. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მიბარების ხელშეკრულებით შემნახველს არავითარი უფლება არა აქვს მიბარებული ნივთიდან მიიღოს შემოსავალი, მოცემულ შემთხვევაში კი მხარეები ერთობლივად ინაწილებენ შემოსავალს. ასეთი ურთიერთობა კასატორის მითითებით დამახასიათებელია ერთობლივი საქმიანობისთვის. მოსარჩელე და მოპასუხე თავად არიან მესაკუთრეებიც და მენახირეებიც. კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით იურიდიული პირის შეუქმნელად. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სწორედ საერთო მიზნებით განხორციელებული საქმინობა. კასატორის მოსაზრებით სადავო ურთიერთობის არასწორი კვალიფიკაცია არსებითი მნიშვნელობისაა, ვინაიდან, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხს აგებენ ამხანაგობაში მათი წილის პროპორციულად. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობისას კასატორის პასუხისმგელობა უნდა განისაზღვროს მისი წილის შესაბამისად. კასატორის მოსაზრებით პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა დ. გ-ს და მ. კ-ს და არა ა. ტ-ს, მიუხედავად იმისა, რომ მან დააგვიანა მორიგეობის გადაბარება, რადგან, ამხანაგობის თითოეულ მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს ამხანაგობიდან გამომდინარე ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება სხვა მონაწილეთაგან. კასატორი მიუთითებს, რომ პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს მორიგეობის გადაბადების დაგვიანებასა და ზიანს შორის, მაშინ როცა პირდაპირი კავშირი არსებობს დ. გ-ისა და მ. კ-ის მიერ ჩაბარებული პირუტყვის უნებართვოდ და უპასუხისმგებლოდ მიტოვებასა და დამდგარ ზიანს შორის.

კასატორის მითითებით, მხარეები, როგორც მოსარჩელე ისე მოპასუხე პირველ ინსტანციასა და აპელაციაში ყურადღებას ამახვილებდნენ იმ გარემოებაზე, რომ პირუტყვი, სადგომზე მოდის თავისით საღამოს 5-6 საათზე, მხარეები დათვლის გარეშეც ახდენდნენ პირუტყვის გადაბარებას. შესაბამისად, კასატორის მიერ 3 საათზე, ანუ მორიგეობის დროულად გადაბარების შემთხვევაშიც ვერ იქნებოდა მისთვის ცნობილი პირუტყვის რაოდენობის შესახებ (ტ.2, ს.ფ. 70-80).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ა. ტ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ. ტ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი, გადახდის თარიღი – 2014 წლის 18 ივლისი, საგადახდო დავალება №1) 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე