Facebook Twitter

საქმე №ას-760-728-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ. კ-ე, დ. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ტ. ქ-ას, ს. ლ-ის, მ. მ-ის, გ. ლ-ის მიმართ, ქ.თბილისში, უ-ის მე-2 შესახვევის N5-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2012 წლის 23 ივლისს მოსარჩელემ შეიძინა ქ.თბილისში, უ-ის მე-2 შესახვევის N5-ში მდებარე უძრავი ქონება და სრულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური, მოპასუხე სხვადასხვა მიზეზით არ ათავისუფლებს დ.მ-ის მიერ შეძენილ ქონებას და ოჯახთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას სადავო სახლში. მიუხედავად მესაკუთრის მიერ პოლიციისათვის მიმართვისა, უძრავი ქონების გამოთავისუფლება შეუძლებელი გახდა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის თავდაპირველად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, თუმცა მოგვიანებით ნასყიდობა დაიდო თვალთმაქცურად, ქონების გადაფორმება მოხდა ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 ოქტომბრის სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. მ-ის სარჩელი მოპასუხეების: ს. ლ-ის, მ. მ-ის, ტ. ქ-ასა და გ. ლ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, ქ.თბილისში, უ-ის მე-2 შესახვევის №5-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომი (საკადასტრო კოდი .......) გამოთხოვილ იქნა ს. ლ-ის, მ. მ-ის, ტ. ქ-ას, გ. ლ-ის უკანონო მფლობელობიდან და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე დ. მ-ს.

ამავე სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინებით კი, არ დაკმაყოფილდა ს. ლ-ის, მ. მ-ის, ტ. ქ-ასა და გ. ლ-ის საჩივარი 2013 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა . მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მაისის საოქმო განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან სადავო უძრავი ქონება დ. მ-საგან შეიძინა რ. კ-მ და საქმის განხილვის დოისათვის იგი ირიცხებოდა ქონების მესაკუთრედ, დ. მ-ის უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა რ. კ-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინება შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს: ს .ლ-ს, მ. მ-ს, ტ. ქ-ასა და გ. ლ-ს 2013 წლის 16 ოქტომბრის სხდომის თაობაზე სასამართლო უწყება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარდათ.

საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 ოქტომბრის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2013 წლის 16 ოქტომბერს, 13:00 საათზე, რის თაობაზეც ს. ლ-ს, მ. მ-სა და ტ. ქ-ას სასამართლოს დარბაზშივე ეცნობათ და გაფრთხილდნენ გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით, აღნიშნულის თაობაზეც შედგა ხელწერილი. გ. ლ-ს 2013 წლის 16 ოქტომბრის სასამართლო სხდომის თაობაზე 2013 წლის 9 ოქტომბერს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა (სატელეფონო შეტყობინება ჩაბარდა გ. ლ-ის მამას - ს. ლ-ს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტს).

2013 წლის 16 ოქტომბერს, 13:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა საქმის მასალებით არ დგინდებოდა.

მოპასუხეები 2013 წლის 16 ოქტომბერს, 13:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების არსებობის თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსათვის.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით წარდგენილ საჩივარში მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ: ტ. ქ-ას შვილმა - დ. ლ-მა სკოლაში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რის გამოც ვერ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე. საჩივარს მოპასუხეებმა ასევე დაურთეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მიუთითეს საჩივრის ავტორებმა, რის დასადასტურებლადაც სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინეს, რომლის შესაბამისადაც ექსპერტიზის ბიუროს 2013 წლის 18 ოქტომბერს მიმართა ტ. ქ-ამ დ. ლ-ის დაზიანების ხარისხის დასადგენად. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დ. ლ-ს სხეულზე მართლაც აღენიშნებოდა დაზიანებები და მათი ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგებოდა წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს - 2013 წლის 16 ოქტომბერს.

სააპელაციო სასამართლომ ეს დასკვნა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად არ მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად მოითხოვდა ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობის მითითებას პროცესზე მხარის გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში კი, გარდა იმისა, რომ დასკვნით პირდაპირ არ დგინდებოდა 2013 წლის 16 ოქტომბერს დაზიანებების მიყენების ფაქტი, ასევე ყურადსაღები იყო, რომ დ. ლ-ი საერთოდ არ წარმოადგენდა მხარეს განსახილველ საქმეზე, თუმცა, რადგანაც იგი არასრულწლოვანი იყო, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ისეთ გარემოებებზე, როგორიცაა, დ. ლ-სათვის ზიანის მიყენების დრო, იმ პირთა წრე, რომლებიც, აღნიშნული შემთხვევის გამო, სკოლაში მივიდნენ და ა.შ. პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, თუ როდის მიიღო დ. ლ-მა დაზიანება, ასევე არ დასტურდებოდა ოთხივე მოპასუხის პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, კერძოდ, ოთხივე მოპასუხის სკოლაში მისვლის გარდაუვალი აუცილებლობა.

ამდენად, გაზიარებულ იქნა ქვემდგომი სასამართლოს დასკვნა მხარეთა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე.

დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და მოპასუხეთა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, აღნიშნა, რომ დადგენილად მიიჩნეოდა სარჩელში მითითებული შემდეგი გარემოებები:

- ქ.თბილისში, უ-ის მე-2 შესახვევის №5-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის (საკადასტრო კოდი .....) მესაკუთრეს წარმოადგენდა დ. მ-ი (ამჟამად უფლებამონაცვლე რ. კ-ე);

- ქ.თბილისში, უ-ის მე-2 შესახვევის №5-ში მდებარე საცხოვრებელ სადგომს (საკადასტრო კოდი .....) უკანონოდ ფლობენ მოპასუხეები: ს. ლ-ი, მ. მ-ი, ტ. ქ-ა და გ. ლ-ი.

სააპელაციო პალატის შეფასებით, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე და 172-ე მუხლებისა, რის გამოც საქალაქო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა სარჩელი.

სააპელაციო პალატამ, აგრეთვე, მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ამკრძალავ გარემოებებზე, 241-ე მუხლზე და რადგანაც მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა, მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მარიამ მელქუაშვილმა, მოითხოვა მისი, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ საქმე ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად განიხილა, ხოლო გამოუცხადებელმა მხარემ დაადასტურა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც, მხარის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მიიჩნევს დაუშვებლად. ამ თვალსაზრისით სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა სასამართლო სხდომაზე წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის განჩინებით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, მ. მ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

2014 წლის 19 აგვისტოს კასატორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და დამატებით წარმოადგინა მტკიცებულებები 32 (ოცდათორმეტი) ფურცლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ დ. მ-ის მიმართ წარდგენილი პრეტენზიის ნაწილში საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება, ხოლო რ. კ-ის მიმართ წარდგენილი პრეტენზიის ნაწილში - დაუშვებლად იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი სამართლებრივი ნორმებით. დასახელებული ნორმის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოებში საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ზემდგომი წესით საქმის განხილვის წესებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ წინამდებარე დავა დაკავშირებულია უძრავი ქონების მესაკუთრის პრეტენზიასთან, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე.

საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე, სასამართლოს მიმართა რ. კ-მ, წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმადაც ქ.თბილისში, უ-ის მე-2 შესახვევის N5-ში მდებარე უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს მის საკუთრებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, 2014 წლის 6 მაისის საოქმო განჩინებით სააპელაციო პალატამ რ. კ-ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და იგი დაუშვა დ. კ-ის უფლებამონაცვლედ.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ განჩინებაზე მ. მ-ს კერძო საჩივარი არ წარუდგენია, რის გამოც იგი კანონიერ ძალაშია შესული.

ამდენად, მხარეს აღარ შეუძლია, სადავო გახადოს მოცემულ საქმეში დ. მ-ის ახალი მესაკუთრით შეცვლის ფაქტი, ამასთანავე, დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თავდაპირველი მოსარჩელის თანამონაწილედ ჩაბმის აუცილებლობა არ არსებობს, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ დ. მ-სადმი წადგენილი პრეტენზიის ნაწილში წინამდებარე საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

რაც შეეხება რ. კ-ის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

რაც შეეხება მ. მ-ის მიერ 2014 წლის 19 აგვისტოს წარმოდგენილ Nა-2748-14 განცხადებაზე დართულ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს მათ წარმომდგენს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ეს მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული რაც საკასაციო პალატის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 19 აგვისტოს წარმოდგენილ Nა-2748-14 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 32 (ოცდათორმეტი) ფურცლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარზე დ. მ-ის მიმართ წარდგენილი პრეტენზიის ნაწილში შეწყდეს წარმოება, ხოლო რ. კ-ის მიმართ წარდგენილი პრეტენზიის ნაწილში საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. მ. მ-ს დაუბრუნდეს 2014 წლის 19 აგვისტოს Nა-2748-14 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 32 (ოცდათორმეტი) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე