№ას-890-852-2014 30 დეკემბერი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. კ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 2 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოპასუხე კ. კ-ის მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელისაგან ზიანის ანაზღაურება 151345.3 ლარის ოდენობით.
სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 24 აგვისტოს №1-1/1604 ბრძანების საფუძველზე, ელექტრონული აუქციონის ფორმით განხორციელდა ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩაზე განთავსებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების პრივატიზება. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა კ. კ-ი, რომელთანაც 2011 წლის 27 სექტემბერს გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით, საპრივატიზებო ქონების საფასური განისაზღვრა 520000 ლარით, რომელიც შემძენს უნდა გადაეხადა. მყიდველი ვალდებული იყო ასევე 2012 წლის პირველ მაისამდე განეხორციელებინა შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალა და ნარჩენები ტერიტორიიდან გაეტანა. ზემოხსენებული ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოც, რომელიც დაეკისრებოდა მყიდველს ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება უბრუნდება სახელმწიფოს საკუთრებაში, თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს ვალდებულებას და დადგენილ დროში არ წარმოადგენს მისი შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და გაწეული ხარჯები.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ არ შეასრულა შენობა-ნაგებობის დემონტაჟისა და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის ვალდებულება. მიუხედევად იმისა, რომ მოსარჩელემ არაერთხელ გააფრთხილა მოპასუხე ზემოხსენებული ვალდებულების შესრულების თაობაზე, ამ გაფრთხილებებს მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, შესაბამისად, მოსარჩელემ თავისი 24.05.2013 წლის #1/1-315 ბრძანებით შეწყვიტა 27.09.2011 წელს მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულება.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხესთან მოიშალა ხელშეკრულება, ეს უკანასკნელი ვალდებულია სახელმწიფოს დაუბრუნოს გადაცემული ქონება, მაგრამ, ვინაიდან ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს მისთვის გადაცემული ქონების ღირებულება, რაც, ექსპერტის დასკვნის მიხედვით, შეადგენს 151345.3 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას 2011 წლის 27 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1.6 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია, რის გამოც აუქციონის შედეგები გაუქმდა და მოპასუხეს წარმოეშვა პრივატიზებული ქონების ღირებულების უკან დაბრუნების ვალდებულება, შემდეგი გარემოებების გამო:
ზემომითითებული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის შესაბამისად, მყიდველის ძირითად ვალდებულებებს წარმოადგენდა:
1. გადაეხადა საპრივატიზებო საფასური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში (2.1.2 პუნქტი) და
2. 2012 წლის 1 მაისამდე განეხორციელებინა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალების და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა.
უდავო იყო, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან კ. კ-მა არ შეასრულა მხოლოდ დემონტაჟის შედეგად ნარჩენების ტერიტორიიდან სრულად გატანა. მოსარჩელეს მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შესრულება სადავოდ არ გაუხდია.
ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება სახელმწიფო საკუთრებაში ბრუნდება, თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულებას არ შეასრულებს და დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს ამ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და გაწეული დანახარჯები.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული მოცემულობა, რადგან მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობას, არამედ ცალკეული ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რაც მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე არ წარმოშობდა მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას მოპასუხის მხრიდან.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
ხელშეკრულების 2.1.6 პუნქტის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარემ (მყიდველმა) ვალდებულება იკისრა, 2012 წლის 1 მაისამდე განეხორციელებინა შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა. ამავე ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით მოწინააღმდეგე მხარეს უნდა წარმოედგინა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულებით განსაზღვრული საექსპერტო ან/და ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის მიერ შედგენილი დასკვნა. შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა წარმოადგენს ერთ პირობას და მათი ცალ-ცალკე გამოყოფა დაუშვებელია. შესაბამისად, არამართებულია სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო კ. კ-ს არ შეიძლება წარმოეშვას ქონების უკან დაბრუნების ვალდებულება. საგულისხმოა ის გარემოება, მოპასუხეს არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო გადაუხდია.
ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება უბრუნდება სახელმწიფოს საკუთრებაში, თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს ვალდებულებას და დადგენილ დროში არ წარმოადგენს მისი შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და გაწეული ხარჯები. მოცემულ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ამ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება სააგენტოში არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე, რომელშიც მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ. აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციული კატეგორიის დავას განეკუთვნება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია დავის უშუალო მატერიალურსამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში კანონმდებელმა დააკონკრეტა, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტში, ამ ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. ადმინისტრაციული და სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 24 აგვისტოს №1-1/1604 ბრძანების საფუძველზე, ელექტრონული აუქციონის ფორმით განხორციელდა ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩაზე განთავსებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების პრივატიზება. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა კ. კ-ი, რომელთანაც, 2011 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველომ გააფორმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით, საპრივატიზებო ქონების საფასური განისაზღვრა 520000 ლარით, რომელიც შემძენს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. მყიდველი ვალდებული იყო ასევე 2012 წლის პირველ მაისამდე განეხორციელებინა შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალა და ნარჩენები ტერიტორიიდან გაეტანა. ზემოხსენებული ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოც, რომელიც დაეკისრებოდა მყიდველს ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, აუქციონის შედეგები გაუქმდებოდა და ქონება დაუბრუნდებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში, თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებდა ვალდებულებას და დადგენილ დროში არ წარმოადგენდა მისი შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდებოდა გადახდილი საპრივატიზებო საფასური და გაწეული ხარჯები.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დავის განსჯადობის საკითხის გასარკვევად გადამწყვეტია იმის გარკვევა, დადებულია თუ არა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მის უშუალო საჯარო კომპეტენციაში შემავალი ფუნქციის განხორციელების მიზნით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის #77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი სფეროა სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა, ხოლო, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებას და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებას (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული) და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.
საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობა – პრივატიზაცია – სახელმწიფოს განსაკუთრებულ საჯარო უფლებამოსილებას განეკუთვნება. პრივატიზაციის პროცესი არ არის კერძოსამართლებრივი ურთიერთობა და ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვერ გამოვა როგორც კერძო პირი, როგორც ურთიერთობის თანასწორი მონაწილე. შესაბამისად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ბს-827-789-(გ-07).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კ. კ-ს შორის 2011 წლის 27 სექტემბერს დადებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი სფეროა სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა.
კასატორის (მოსარჩელის) განმარტებით, მოპასუხემ არ შეასრულა ზეხსენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელემ თავისი 24.05.2013 წლის #1/1-315 ბრძანებით შეწყვიტა 27.09.2011 წელს მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხესთან მოიშალა ხელშეკრულება, ეს უკანასკნელი ვალდებულია სახელმწიფოს დაუბრუნოს გადაცემული ქონება, მაგრამ, ვინაიდან ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების ღირებულება.
ამდენად, მოცემული სარჩელის დავის საგანია ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული იმ ზიანის ანაზღაურება, რაც მიადგა სახელმწიფოს, შესაბამისად, ამ სარჩელის მიზანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო კომპეტენციაში შემავალი ფუნქციის დაცვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და, შესაბამისად, განსახილველი საქმე წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული დასკვნები მოცემული დავის ადმინისტრაციული კატეგორიის დავად მიჩნევის თაობაზე შესაბამისობაშია მსგავსი კატეგორიის დავების განსჯადობის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის განჩინებები: 15.11.2007წ. საქმე №ბს-827-789-(გ-07), 11.10.2007წ. საქმე №ბს-442-420(გ-07)).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის განხილვისას არ იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად წარმოადგენდა მოცემული საქმე სამოქალაქო სამართალაწარმოების წესით განსახილველ საქმეს და ხომ არ უნდა განეხილა იგი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ანუ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა განსჯად სასამართლოზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გააჩნდა ამ საქმის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, ვინაიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ექვემდებარებოდა განხილვას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით.
ამდენად, საქმის განმხილველმა სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, ხოლო, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს მოცემული დავის განსჯადობის წესების დაცვით იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაცემის საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე