№ას-899-857-2013 5 დეკემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „შ. და კ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „კ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „შ. და კ-ას“ მიმართ შემდეგი მოთხოვნით: შპს „შ. და კ-ას“ დირექტორ ლ. პ-ას დაევალოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს სრულად წარუდგინოს 2010 წლის 2 ივლისიდან 2011 წლის 1 სექტემბრამდე სს „ი. ვ-ის“ მიერ შექმნილი საბუღალტრო-ფინანსური დოკუმენტაცია, მათ შორის, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები - უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით, მიწისა და შენობების საბალანსო ღირებულებების, შენობების პირველადი, ცვეთისა და ნარჩენი ღირებულებების ამსახველი საბუთები, ქონების ცვლილებების დამდგენი დოკუმენტები ბანკიდან, პარტნიორებისაგან მიღებული სესხების, მასზე დარიცხული სარგებლის, სესხების გამოყენების დოკუმენტები, ბრუნვითი უწყისი და აუდიტორული შეფასება ქ.ფოთში, ფ-ის ქ,№3-ში მდებარე 20108 კვ.მ მიწის საბაზრო ღირებულებით შეფასების თაობაზე, შესაბამისად, ექსპერტის მიერ დადგინდეს მითითებულ დროს 20108 კვ.მ მიწის ღირებულებით შემოსავალში აუღებლობის ფაქტით რა ღირებულებით შემცირდა ბალანსი და ამ უძრავი ქონების ჩართვით შედგენილ იქნეს 2010 წლის 2 ივლისისა და 2011 წლის 1 სექტემბრის პერიოდის ბალანსი გაყოფის სიზუსტის დადგენისა და 1 ცალი აქციის წმინდა ღირებულების გადაანგარიშების მიზნით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს სრულად აქვს გადაცემული რეორგანიზაციასთან დაკავშირებული შპს „კ-სათვის“ მიკუთვნებული ქონების შესაბამისი დოკუმენტაცია. მოსარჩელე არც ერთ დოკუმენტს, რომლითაც რეორგანიზაცია ჩატარდა, სადავოდ არ ხდის. რეორგანიზაცია 2010 წლის 1 ივლისიდან 2011 წლის 2 სექტემბრამდე მიმდინარეობდა, ამ დროის განმავლობაში მოსარჩელემ სრულად შეისწავლა და გამოიკვლია გადასაცემი ქონება და შედარების სისწორე.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით შპს „კ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება გაუქმდა, შპს „კ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „შ. და კ-ას“ შპს „კ-სათვის“ 2010 წლის 2 ივლისიდან - 2011 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის სს „ი. ვ-ას“ საბუღალტრო-ფინანსური დოკუმენტაციის გადაცემა დაევალა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2010 წლის 19 ოქტომბერს შედგა სს „ი. ვ-ის“ აქციონერთა რიგგარეშე კრება. კრებამ დაადგინა, 2010 წლის 1 ივლისის მონაცემებით ჩატარდეს სს „ი. ვ-ის“ რეორგანიზაცია. „აქციონერთა პირველ ჯგუფს“ (ი. მ-ს, ფ მ-ს, მ. მ-ს, რ. მ-ს, მ-ა მ-ს, ლ. პ-ას, თ. პ-ს) გადაეცეს 74%, ხოლო „აქციონერთა მეორე ჯგუფს“ (მ. დ-ასა და სხვებს)-26%. კრებაზე დადგინდა, რომ გაყოფით რეორგანიზაციის შედეგად გადაცემული ქონების ბაზაზე, აქციონერთა ორივე ჯგუფის მიერ უზრუნველყოფილი იქნება შპს-ს დაფუძნება და რეგისტრაცია, რომლის უფლებამონაცვლეობაც სს „ი. ვ-ის“ მიმართ განისაზღვრება გაყოფის შედეგად მიღებული აქტივებისა და პასივების ფარგლებში.
2011 წლის 16 აგვისტოს შედგა შეთანხმება სს„ი. ვ-ის“ დირექტორსა და აქციონერთა ორ ჯგუფს შორის რეორგანიზაციის (გაყოფით) საბოლოო ბალანსის მიღების შესახებ. შეთანხმების მე-2 პუნქტში დაფიქსირდა, რომ სს „ი. ვ-ბის“ ორ კომპანიად გაყოფისა და აქტის შედგენის მომენტისათვის აღარ არსებობს უფლებამონაცვლე კომპანიებისათვის გაყოფამდე პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების, დავალიანების ან მისი შესაბამისი ნაწილის შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, ასევე, საგადასახადო უწყების მიერ ასეთის ინიცირებისას, უფლებამონაცვლე კომპანიებს ხელთ ექნებათ დავალიანების არარსებობის დამდგენი საბუთი. მხარეთა მიერ სადავოს არ წარმოადგენს, რომ სს „ი. ვ-ის” გაყოფის, რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობდა 2010 წლის 2 ივლისიდან - 2011 წლის 2 სექტემბრამდე.
სს „ი. ვ-ის“ რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი იურიდიული პირები: შპს „კ-ი“ (აქციონერთა პირველი ჯგუფი) და შპს „შ. და კ-ა“ (აქციონერთა მეორე ჯგუფი) სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2011 წლის 2 სექტემბერს. რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილ შპს „კ-ს“ გადაეცა რეორგანიზებული საწარმოს 26%, ხოლო შპს „შ. და კ-ას“ – 74%. მხარეთა მიერ სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სს „ი. ვ-ის“ რეორგანიზაციის პერიოდში, 2010 წლის 2 ივლისიდან - 2011 წლის 2 სექტემბრამდე, სს „ი. ვ-ბა“ აგრძელებდა სამეწარმეო საქმიანობას. ამ პერიოდის სამეწარმეო საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო დოკუმენტები შპს „შ. და კ-ში“ ინახება. დადგენილია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის დამატებითი გადაწყვეტილებით შპს „კ-ს“ შპს „შ. და კ-ის”“ სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 იანვრის განჩინებაზე შეტანილ საჩივარზე, მოპასუხის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის, გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლების თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის - ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოშობილია ზიანის მიყენების (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 144-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საწარმო შეიძლება გაიყოს, ორ ან ორზე მეტ საწარმოდ და მათ საქმიანობა გააგრძელონ, როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა, საკუთარი სამართლებრივი ფორმით. გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება, ითვალისწინებდეს გაყოფის შედეგად წარმოქმნილ საწარმოში ადრინდელი პარტნიორების წილობრივი მონაწილეობის შეცვლას. გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებული ვალდებულებებისათვის, ხოლო თავდაპირველი საწარმოს უფლებამონაცვლე საწარმო განისაზღვრება გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებით.
ამავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი ხორციელდება ამ სფეროს მარეგულირებელი შესაბამისი კანონით. „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ დებულების მე-9 მუხლის თანახმად, საწარმოს, ორგანიზაციის ხელმძღვანელები ვალდებული არიან, ბუღალტრული დოკუმენტები შეინახონ ექვსი წლის განმავლობაში. ბუღალტრული დოკუმენტების შემდგომი შენახვის ვადები განისაზღვრება დაწესებულებათა ტიპობრივი დოკუმენტების ნუსხისა და დოკუმენტების საუწყებო ნუსხების შესაბამისად. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და 115-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, დაუშვებელია უფლების გამოყენება მატოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია, ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. განსახილველ შემთხვევაში, ირკვევა, რომ სს „ი. ვ-ა“ 2010 წლის 2 ივლისიდან - 2011 წლის 2 სექტემბრამდე რეორგანიზაციის პერიოდში აგრძელებდა სამეწარმეო საქმიანობას. ამდენად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13, მე-144 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ დებულების მე-9 მუხლის საფუძველზე, შპს „კ-ს“ უფლება გააჩნია, ფლობდეს რეორგანიზაციის დასრულებამდე პერიოდის სამეწარმეო საქმიანობის ამსახველ საბუღალტრო დოკუმენტებს, ხოლო შპს „შ. და კ-ა“ ვალდებულია, შპს „კ-ს“ გადასცეს დოკუმენტაცია.
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა განმარტა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის სარჩელით მოთხოვნილი დოკუმენტების გადაცემა შპს „კ-სათვის“ გადაცემის ტოლფასია და მისთვის გადაცემულად ითვლება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შპს „კ-ის“ კუთვნილი საბუღალტრო დოკუმენტების მიღებაზე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებას, წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, შპს „შ. და კ-ას“ არ გააჩნია ვალდებულება, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს წარუდგინოს 02/07/2010-01/09/2011 წლის პერიოდის სს „ი ვ-ას“ საბუღალტრო-ფინანსური დოკუმენტაცია. ვინაიდან, ამ დოკუმენტების მიღებაზე უფლებამოსილს წარმოადგენს შპს „კ-ი“, ხოლო დოკუმენტების მფლობელი შპს „შ. და კ-ა“ უარს აცხადებს მათ გადაცემაზე, სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 160-ე მუხლების შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანია და შპს „შ. და კ-ა“ ვალდებულია, შპს „კ-ს“ და არა ექსპერტიზის ბიუროს სრულად გადასცეს 2010 წლის 2 ივლისიდან - 2011 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის სს „ი. ვ-ის“ საბუღალტრო ფინანსური დოკუმენტაცია. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება, რომ მოსარჩელეს მოთხოვნას არ გააჩნია იურიდიული ინტერესი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, გაზიარებული არ იქნა. პალატამ განმარტა, რომ წარმოდგენილი სარჩელი მიკუთვნებითია და არა აღიარებითი, რაც გამორიცხავს მოწინააღმდეგე მხარის მსჯელობის გაზიარების შესაძლებლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის გამოც, შპს „კ-ის“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და, ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „შ. და კ-ამ“ შემდეგ გარემოებათა გამო: წარმოდგენილი სარჩელის შინაარსისა და სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირების ანალიზი ცხადყოფს, რომ სარჩელის საგანია სს „ი. ვ-ის“ რეორგანიზაციის შედეგად უფლებამონაცვლე საწარმოებს შორის ქონების გაყოფის სისწორის დადგენა ქ.ფოთში, ფ-ის ქ.№2-ში მდებარე მიწის ნაკვეთის გათვალისწინებით, ექსპერტიზის ჩატარების გზით; სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე არ ასრულებს რეორგანიზაციის შედეგად მისთვის გადაცემული უძრავი ქონების შეფასებისა და რეორგანიზაციის პერიოდის გამყოფი ბალანსის შედგენის ვალდებულებას, რის გამოც, აღნიშნული უნდა განხორციელდეს ექსპერტიზის მეშვეობით. სასარჩელო მოთხოვნის შინაარსია, უფლებამონაცვლე საწარმოებს შორის რეორგანიზებული სს-ის ქონების გაყოფის სისწორის დადგენის მიზნით, ექსპერტიზის ჩატარება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო გასცდა რა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოს შპს „შ. და კ-ა“ უარს აცხადებს, გადასცეს შპს „კ-ს“ რეორგანიზაციის პერიოდის საბუღალტრო დოკუმენტაცია. კასატორი უარს აცხადებდა არა დოკუმენტაციის გადაცემაზე, არამედ, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ექსპერტიზის მეშვეობით სს „ი. ვ-ის“ გაყოფის სისწორის დადგენაზე. საქმის მასალები არ შეიცავს რაიმე მტკიცებულებას და ამაზე ვერც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვერ მიუთითებს, სასამართლომ მოპასუხის უარი მოსარჩელისათვის დოკუმენტების გადაცემაზე რომელი მტკიცებულების საფუძველზე დაადგინა. აღნიშნული არ დასტურდება არც სარჩელსა და შესაგებელზე დართული მხარეთა წერილებიდან და არც მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან.
სასამართლომ ყოველგვარი შეფასების მიღმა დატოვა აპელანტის განმარტება, რომ მას შპს „შ. და კ-ამ“ გადასცა რეორგანიზაციის პერიოდის დოკუმენტაცია, მაგრამ აპელანტმა იგი დაიწუნა მასში შეცდომების არსებობის გამო, ასევე, აპელანტს სადავოდ არ გაუხდია შპს „შ. და კ-ის“ წარმომადგენლის განმარტება, რომ შპს „კ-მა“ პრეტენზია გამოთქვა არა ამ დოკუმენტების არასრულობის, არამედ მხოლოდ მათ შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, არასწორად გაიზიარა აპელანტის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტიზისათვის დოკუმენტების გადაცემის მოთხოვნა ნიშნავს ამ დოკუმენტების აპელანტისათვის გადაცემას, ასევე სრულიად დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება იმ ნაწილში, თუ რომელი ნორმის საფუძველზე დაადგინა მან ორი უფლებამონაცვლე საწარმოდან აპელანტის, შპს „კ-ის“ უპირატესობა რეორგანიზაციის პერიოდის დოკუმენტაციის ფლობასთან დაკავშირებით; რატომაა მოპასუხე (რეორგანიზებული საწარმოს 74%-ის მიმღები საწარმო) ვალდებული, გადასცეს რეორგანიზაციის პერიოდის დოკუმენტების დედნები სრულად მოსარჩელეს (რეორგანიზებული საწარმოს 26%-ის მიმღები საწარმო) მაშინ, როდესაც ასლები გადაცემული აქვს; რატომ წარმოადგენს შპს „შ. და კ-ა“ ამ დოკუმენტების არაუფლებამოსილ მფლობელს. სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ გამოუკვლევია, მოსარჩელეს მოპასუხის მხრიდან ამ დოკუმენტების ხელმისაწვდომობასა და მათი ასლების გადაღებაში ხელი შეეშალა თუ არა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „შ. და კ-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომლითაც სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობებზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 160-ე მუხლები.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლთან მიმართებით ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ეს მუხლი ეხება კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნას, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მფლობელს, რომელსაც არ გააჩნდა ფლობის უფლება, მაგრამ ამ ფაქტის მიმართ ის კეთილსინდისიერია, ჩამოერთვა მფლობელობა. ამ შემთხვევაში, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით. აღნიშნული მუხლი იცავს კეთილსინდისიერი მფლობელის უფლებას, ანუ მფლობელის, რომელსაც არ გააჩნდა მფლობელობის კანონიერი (სახელშეკრულებო) საფუძველი. განსახილველი ნორმა მიგვითითებს კეთილსინდისიერი მფლობელისაგან „მფლობელობის ჩამორთმევაზე.“ ამავე გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ „მითითებული ნორმის მიხედვით ახალ მფლობელს (მათ შორის მფლობელობის უკეთესი უფლების მქონე პირს) შეუძლია, ვინდიკაციის და არა თვითნებობის საფუძველზე დაიბრუნოს ნივთი. კეთილსინდისიერი მფლობელი ვერ მოითხოვს მფლობელობის დაბრუნებას უკეთესი უფლების მქონე პირისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უკეთესი უფლების მქონე პირმა ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-524-493-2012 4.10. 2012 წელი).
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლი სადავო ურთიერთობაზე არ ვრცელდება, რადგან შპს „კ-ი” და შპს „შ. და კ-ა“ წარმოადგენენ სს ”ი. ვ-ის” საბუღალტრო-ფინანსური დოკუმენტაციის მართლზომიერ მფლობელებს და ამ დოკუმენტების წვდომასთან გააჩნიათ ერთნაირი უფლებრივი მდგომარეობა და, ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ შპს „კ-ი” სარჩელით არ ითხოვს ამ დოკუმენტების მისთვის მფლობელობაში გადაცემას. ამ უკანასკნელის მიზანს (კანონიერ ინტერესს) წარმოადგენს ინფორმაციის მოპოვება მისი სიზუსტის შემოწმების მიზნით.
აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა: შეუძლია თუ არა შპს „კ-ს“ ამ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის მართებულობის სპეციალური შემოწმება?
ამ კითხვას უნდა გავცეთ დადებითი პასუხი.
საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს შპს „კ-ის“ სასარჩელო მოთხოვნაზე და მოთხოვნის საფუძვლებზე, კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს, შპს „შ. და კ-ას“ დაეკისროს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს სრულად წარუდგინონ სს „ი. ვ-ის“ 02.07.2010 – 01.09.2011 წლების საბუღალტრო - ფინანსური დოკუმენტაცია, მათ შორის, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები - უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით აფასებამდე მიწისა და შენობების საბალნსო ღირებულებების, შენობების პირველადი, ცვეთის ნარჩენი ღირებულების ამსახველი საბუთები, ქონების ცვლილებების დამდგენი დოკუმენტები (ასეთის არსებობის), ბანკიდან და პარტნიორებისაგან მიღებული სესხების, მასზე დარიცხული სარგებლის, სესხის გამოყენების (ხარჯვის დამდგენი დოკუმენტები).
ყველა კონკრეტულ უფლების დაცვას გააჩნია თავისი იურიდიული ინტერესი. შეუძლებელია, უფლების დაცვის პროცესი წარმოვიდგინოთ ამ უფლების დაცვისათვის არსებულ იურიდიული ინტერესის გარეშე. სასამართლო წესით მატერიალურსამართლებრივი უფლების დაცვის ისეთ პროცესუალური საშუალება, როგორიცაა სარჩელი, მოითხოვს იურიდიული ინტერესის შემოწმებას, თუ რამდენად შეძლებს მოსარჩელე, მიაღწიოს ამ მოთხოვნით კანონით გათვალისწინებულ სიკეთეს.
სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისათვის 2010 წლის 2 ივლისიდან 2011 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის სს „ი. ვ-ის” საბუღალტრო-ფინანსური დოკუმენტაციის სრულად გადაცემა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ვლინდება სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბების თავისებურებაში, კერძოდ, მოსარჩელე ითხოვდა ამ საბუთების გადაცემას ექსპერტისათვის, იმისათვის, რომ ექსპერტის მიერ დადგინდეს მითითებულ პერიოდზე 20108 კვ.მ. მიწის ღირებულებით შემოსავალში აუღებლობის ფაქტით რა ღირებულებით შემცირდა ბალანსი და ამ უძრავი ქონების ჩართვით შედგენილ იქნეს 02.07.2010 -01.09.2011 წლების ბალანსი გაყოფის სიზუსტის დადგენისა და 1 ცალი აქციის წმინდა ღირებულების გადაანგარიშების მიზნით, შესაბამისად, მოსარჩელის იურიდიული ინტერესია არა ექსპერტისათვის ამ მასალების გადაცემა ამ უკანასკნელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, არამედ საწარმოსაგან ინფორმაციის მიღება 02.07.2010 -01.09.2011 წლების ბალანსის გაყოფის სიზუსტის დადგენისა და 1 ცალი აქციის წმინდა ღირებულების გადაანგარიშების მიზნით, რაც შეიძლება დადგინდეს სპეციალური შემოწმების გზით.
აღნიშნული მოთხოვნა უკავშირდება არა გამოყოფის შემდეგ საწარმოში არსებული მასალების გაცნობას, არამედ გამოყოფამდე საწარმოს 2010 წლის 2 ივლისიდან 2011 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის სს ”ი. ვ-ის” საბუღალტრო-ფინანსური დოკუმენტაციის გაცნობას. ამ მასალების მათთვის გადაცემის მიზანია ამ მასალებში არსებული ინფორმაციის მართებულობის შემოწმება, რისი უფლებაც გააჩნია საწარმოს პარტნიორს (ინფორმაციის მიღების უფლება).
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სს”ი. ვ-ის” აქციონერები გაიყვნენ ორ ჯგუფად. ”აქციონერთა პირველ ჯგუფს” (ი. მ-ს, ფ. მ-ს, მ. მ-ს, რ. მ-ს, მ-ა მ-ს, ლ. პ-ას, თ. პ-ს) გადაეცეს 74%, ხოლო ”აქციონერთა მეორე ჯგუფს” (მ. დ-ასა და სხვების)-26%, შესაბამისად, სს ”ი. ვ-ის” რეორგანიზაციის შედეგად აქციონერთა პირველ ჯგუფმა დააფუძნა შპს „შ. და კ-ა“, ხოლო აქციონერთა მეორე ჯგუფმა შპს ”კ-ი”, რომლებიც წარმოადგენენ სს ”ი ვ-ის” უფლებამონაცვლეებს გაყოფის შედეგად მიღებული აქტივებისა და პასივების ფარგლებში.
დადგენილია, რომ მხარეთა მიერ სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სს „ი. ვ-ის” რეორგანიზაციის პერიოდში, 2010 წლის 2 ივლისიდან 2011 წლის 2 სექტემბრამდე, სს „ი. ვ-ა” აგრძელებდა სამეწარმეო საქმიანობას. ამ პერიოდის სამეწარმეო საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო დოკუმენტები შპს ”შ. და კ-ში” ინახება (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სს „ი. ვ-ის” უფლებამონაცვლეებს (შპს „კ-სა” და შპს „შ. და კ-ას”) გააჩნიათ სს ”ი. ვ-ის” სამეურნეო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტაციის გაცნობა, შემოწმების თანაბარი უფლებები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად გაყოფილი (ან გამოყოფილი) საწარმოების უფლებამონაცვლეობა გამოიხატება არა მარტო მესამე პირებთან, არამედ ერთმანეთთან მიმართებით.
იმის გათვალისწინებით, რომ სს ”ი. ვ-ის” სადავო პერიოდის სამეწარმეო საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო დოკუმენტები ინახება შპს „შ. და კ-ში”, ამ უკანასკნელს ეკისრება ამ დოკუმენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რომელიც გააჩნდა სს ”ი. ვ-ას” აქციონერების მოთხოვნის საფუძველზე.
აქედან გამომდინარე, შპს „კ-ის“ პარტნიორებს (როგორც სს ”ი. ვ-ის” აქციონერთა 26% ჯგუფს) უფლება აქვთ, გამოითხოვონ მითითებული მასალები მათი სპეციალური შემოწმების მიზნით, კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 32. პუნქტის თანახმად აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ, მოითხოვონ სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ დარღვევები გამოვლინდა.
კონკრეტულ შემთხვევაში, შპს „კ-ის“ მოთხოვნები გამომდინარეობენ სს ”ი. ვ-ის” აქციონერთა 26% ჯგუფის მოთხოვნებიდან, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნის მიზანს არ წარმოადგენდა ამ დოკუმენტაციის მფლობელობაში მიღება, არამედ, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნის მიზანს შეადგენს მათი შემოწმება, საკასაციო პალატა მიაჩნია, რომ შპს „კ-ს“ უნდა მიეცეს 2010 წლის 2 ივლისიდან 2011 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის სს ”ი. ვ-ის” საბუღალტრო-ფინანსური დოკუმენტაციის სპეციალური შემოწმების უფლება.
აღნიშნული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, არ არის აუცილებელი ამ დოკუმენტების შპს „კ-ის“ მფლობელობაში დატოვება. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე არ ითხოვდა მისთვის მგლობელობაში ამ დოკუმენტების გადაცემას მათი შენახვის მიზნით, არამედ მოსარჩელის ინტერესს, როგორც აღინიშნა, წარმოადგენდა მათი შემოწმება, ამიტომ საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ეს დოკუმენტები მოსარჩელეს უნდა გადაეცეს მხოლოდ მათი შემოწმების მიზნით (სარჩელის მიხედვით) და შემდეგ დაუბრუნდეს შპს „შ. და კ-ას“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედვად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „შ. და კ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ.თოდრია
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე