Facebook Twitter

№ას-1002-963-2014 1 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ზ. მ-ა (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ლ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ჭ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. მ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ. ჭ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ 2013 წლის 27 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა, დავალიანების 5125 აშშ დოლარით განსაზღვრა 5625 აშშ დოლარის ნაცვლად.

მოპასუხემ სარჩელი ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. მ-ას ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ 2013 წლის 27 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შეტანილ იქნა ცვლილება და ზ. მ-ას გადასახდელად დაეკისრა 5125 აშშ დოლარი 5625 აშშ დოლარის ნაცვლად.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა აღსრულების ხარჯების შემცირება ძირითადი დავალიანების პროპორციულად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ზ. მ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა იმ სახით, როგორც მოსარჩელის წარმომდგენელი მოითხოვდა. სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. ზ. მ-ას სააპელაციო მოთხოვნა მის სასარჩელო მოთხოვნას სცდება, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

აღნიშნული განჩინება ზ. მ-ას წარმომადგენელმა ლ. კ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სასამართლოს აღსრულების ხარჯები თავად უნდა შეემცირებინა და სააპელაციო მოთხოვნა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს არ სცდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ზ. მ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, იმავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

მოცემულ შემთხვევაში, ზ. მ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ. ჭ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ 2013 წლის 27 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა, დავალიანების 5125 აშშ დოლარით განსაზღვრა 5625 აშშ დოლარის ნაცვლად. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს, რომ სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებული აღსრულების ხარჯების შემცირება მას არ მოუთხოვია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სააპელაციო ინსტანციაში დავის საგნის შეცვლა ან გადიდება არ დაიშვება. ზ. მ-ას სააპელაციო მოთხოვნა კი, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს სცილდებოდა.

გარდა ამისა, თუნდაც გაზიარებულ იქნეს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ სასამართლოს, შეეძლო, თავისი ინიციატივით შეემცირებინა აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

მოცემულ შემთხვევაში, ზ. მ-ა მოითხოვდა აღსრულების ხარჯების შემცირებას ძირითადი დავალიანების პროპორციულად, კერძოდ, 5125 აშშ დოლარის 7%-ის (358,75 აშშ დოლარი) დაკისრებას, ნაცვლად 5625 აშშ დოლარის 7%-ისა (393,75 აშშ დოლარი), შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება განისაზღვრება აღნიშნული თანხების სხვაობით - 35 აშშ დოლარით, რაც უდავოა, რომ 1000 ლარს არ აღემატება და ზ. მ-ას სააპელაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. მ-ას კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. მ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 აგვისტოს განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე